მესხების პრობლემა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე ვერ მოიცდის

საქართველო ოთხ წელიწადზე მეტია, რაც ევროსაბჭოს წევრი გახდა. ჩვენ გვეამაყება, რომ ევროპელები გვქვია. ევროპის ნაწილად გახდომამ კი პასუხისმგებლობებიც დაგვაკისრა, რომელთა შესრულებაც, ალბათ,
ყველაზე დიდი ევროპელობა იქნებოდა. მათ ნაწილს ჩვენ ჯერ ვერ მოვერიეთ. ერთ-ერთ გადაუჭრელ საკითხად კვლავ რჩება მაჰმადიანი მესხების რეპატრიაცია.

ევროსაბჭოს წევრობა ჩვენ ოფიციალურად გვავალდებულებდა ორი წლის წინ დაგვესრულებინა მესხების რეპატრიაციისათვის აუცილებელი კანონმდებლობის შემუშავება, ერთი წლის წინ კი დაგვეწყო მისი განხორციელება. ეს რომ არ გაკეთდა, ჩვენმა მსმენელმა კარგად იცის. მე არ შეეცდება გიპასუხოთ კითხვაზე "რატომ არ გაკეთდა?", არამედ მე და ჩემი რესპონდენტი გესაუბრებით თავად მესხების პრობლემებზე და იმაზე, რომ ოთხი წლის წინ მესხების რეპატრიაციის ვალდებულების აღება საქართველოს ხელისუფლების მხრიდან უფრო უპასუხისმგებლობა იყო, ვიდრე პასუხისმგებლობა, მხოლოდ - პოლიტიკურად აუცილებელი უპასუხისმგებლობა.

ის, რაც ოთხ წელიწადზე მეტ ხანში მოხერხდა, არის კანონპროექტის შემუშავება. კანონპროექტი "საბჭოთა რეჟიმის მიერ საქართველოდან 40-იან წლებში გასახლებული პირების რეპატრიაციის შესახებ" მზად არის და არაერთხელ იყო კიდეც განხილული. არავინ მოელის, რომ ამ კანონპროექტის ფორსირებით დღევანდელ პარლამენტში ვინმე დაინტერესდება. არჩევნები მოახლოვდა და ნათელია, რომ ამ არაპოპულარული საკითხით დაკავება არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ აწყობს.

ნანა სუმბაძე საზოგადოებრივი პოლიტიკის ინსტიტუტის თანადირექტორია. ღია საზოგადოების უნივერსიტეტის სტიპენდიის საშუალებით იგი დღემდე მუშაობს პროექტზე, რომელიც ძირითადად საქართველოში მყოფი მაჰმადიანი მესხების მდგომარეობის შესწავლას ეხებოდა და მიზნად ისახავდა მესხების რეპატრიაციის შესახებ რეკომენდაციების შემუშავებას. ქართველი ექსპერტის კვლევის შედეგებს ჩვენ მომავალშიც დავუბრუნდებით, ახლა კი მინდა ნანა სუმბაძესთან საუბრის ერთი ნაწყვეტი შემოგთავაზოთ, სადაც ის საუბრობს დეტალზე, რაც ფაქტობრივად არის პასუხი შეკითხვაზე, რატომ სურთ მაჰმადიან მესხებს მაინცდამაინც მესხეთში დაბრუნება და იქ კომპაქტურად დასახლება:

[სუმბაძის ხმა]
"აზერბაიჯანში როდესაც ველაპარაკე ამ მესხებს, რომელთა წინაპრებიც წასულები არიან მესხეთის სოფლებიდან 1944 წელს და იმ ხალხს, ვისაც ველაპარაკე, ფაქტიურად არც უნახავთ მესხეთი, მათი მშობლები არიან წამოსულები, და ვეკითხები, ქორწილი რომ გაქვთ, ვის პატიჟებთ-თქო, აღმოჩნდა, რომ ყველამ იცის ყველა, ვინც მისი სოფლიდან არის წამოსული. იცის ვინ არის, შეიძლება, კონტაქტი არ აქვს. თუკი ადამიანი ცხოვრობს აზერბაიჯანში და მისი თანასოფლელი ცხოვრობს ყაზახეთში, ან უზბეკეთში, თუ ის აწყობს ქორწილს, ის უპირველეს ყოვლისა ეძახის თავის თანასოფლელს და მერე შეიძლება მეგობარი დაპატიჟოს, თუ დარჩა ადგილი, ან ამხანაგი, რომელსაც კარგად იცნობს და ამ ადამიანს (თანასოფლელს) კი პირადად არ იცნობს. მაგათ აქვთ ძალიან რთული პრობლემა იდენტიფიკაციის და ისინი იდენტიფიკაციას ახდენენ ადგილთან, საიდანაც არიან წამოსულები. ფაქტიურად ადგილი - მესხეთი და მათი სოფელი წარმოადგენს მათ სახეს, იმას, რასაც ხალხის უმრავლესობისთვის წარმოადგენს ეროვნება. ისინი ვერ ახდენენ ეროვნებასთან იდენტიფიკაციას, არამედ ახდენენ ამ ადგილთან და ამიტომ არის, რომ ასე დაჟინებით მოითხოვენ მესხეთში დაბრუნებას".

საქართველოს მიერ 1998 წელს ევროსაბჭოში გაწევრიანების განაცხადში წერია, რომ წევრობიდან 12 წელიწადში, ანუ დღეიდან უკვე რვა წელიწადში ჩვენ უნდა დავასრულოთ მაჰმადიანი მესხების რეპატრიაციის პროცესი. ისე მოჩანს, რომ ჩვენ ვივალდებულეთ ის, რისი შესრულებაც სრულიად წარმოუდგენლად მიგვაჩნდა მაშინვე, ოთხი წლის წინაც და ეს რომ ასე იყო, შემდგომი მოვლენებიც ადასტურებს. ადასტურებს ისიც, რომ ევროსაბჭოში საქარველოს გაწევრიანების ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი და ამ მოვლენით ერთ-ერთი ყველაზე აღფრთოვანებული პოლიტიკოსი მეორეს მხრივ მაჰმადიანი მესხების რეპატრიაციის წინააღმდეგი იყო. ალბათ, მასაც, როგორც საპირისპირო აზრის მქონეებს, თავისი საფუძვლიანი არგუმენტები აქვთ. თუმცა, საფუძველზე ცოტა მოგვიანებით კიდევ ვისაუბრებთ. ახლა მაინც სჯობს ის ფაქტები გავიხსენოთ, რომელიც სამცხე-ჯავახეთიდან მაჰმადიანი მოსახლეობის გასახლებასა და მათ შემდგომ ბედს უკავშირდება:
1944 წლის 15 ნოემბერს გამთენიისას მესხეთის მოსახლეობა სოფლების ცენტრებში შეყარეს და მათ მაჰმადიანურ ნაწილს უბრძანეს ორ საათში შეეგროვებინათ პირადი ნივთები, სამი დღის საკვები და ჩამსხდარიყვნენ საგანგებოდ გამზადებულ მანქანებში. მაშინ 92307 ადამიანი გაასახლეს. მათი რიცხვი ნელ-ნელა გაიზარდა, რადგან მალე მეორე მსოფლიო ომიდან მესხეთიდან წასული ჯარისკაცებიც დაბრუნდნენ. მაჰმადიან ქართველებს "თურქები" პირველად 1944 წლის ბრძანებულებაში ეწოდა, რისი მიზანიც მათი დეპორტაციის გამართლება იყო. ბრძანებულება საქართველოს ხუთი რეგიონის მაჰმადიანურ მოსახლეობას მოიცავდა: ახალციხეს, ასპინძას, ადიგენს, ახალქალაქს, ბოგდანოვკასა (ახლანდელი ნინოწმინდა) და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას. სამხრეთი საქართველოდან დეპორტაცია 15-18 ნოემბერს მოხდა, აჭარიდან კი 25-26 ნოემბერს. ისინი მატარებლებით უზბეკეთში, ყაზახეთსა და ყირგიზეთში გადაიყვანეს. გზაში 457 ადამიანი დაიღუპა. გადასახლებიდან პირველ წლებში დაიღუპა მათი 7,5%. ამასთან სიკვდილიანობა საქართველოდან გადასახლებულებში თერთმეტნახევარჯერ აღემატებოდა შობადობას. ამის შემდეგ იყო სტალინის ერის დასასრული, იყო საბჭოთა ხელისუფლების რამდენიმე ბრძანებულება და 1989 წელს იყო ფერგანის მოვლენები - უზბეკეთში მესხების წინააღმდეგ გაჩაღებული აგრესიის შედეგად დაიღუპა 116 ადამიანი, დაშავდა ათასზე მეტი, დაიწვა ცხრაასზე მეტი სახლი და ათასობით მესხი ხელმეორედ იძულებული გახდა სხვაგან: რუსეთში, უკრაინაში, ყაზახეთში, აზერბაიჯანში და საქართველოში გადასახლებულიყო. დღეს საქართველოში 1944 წელს დეპორტირებული 643 მესხი ცხოვრობს. მათ ნაწილთან საუბარმა ნანა სუმბაძეს დაანახა, რომ განსხვავებით საქართველოს გარეთ მყოფთაგან, უკეთესი ადაპტაციისთვის ისინი არა კომპაქტურად დასახლებას, არამედ სწორედ საქართველოს მოსახლეობაში შერევას არჩევენ:

[სუმბაძის ხმა]
"ის მესხები, რომლების საქართველოში დაბრუნდნენ, მათ უკვე ეს საფრთხე, რომელიც წარმოსახული ქონდათ, რომელიც ალბათ ამოძრავებთ იმათ, რომლებიც მოითხოვენ, რომ აუცილებლად დავბრუნდეთ მესხეთში - თავის დაკარგვის საფრთხე - მოეხსნათ. ძალიან საინტერესოა, რომ ის ახალგაზრდები, რომლებიც ჩამოვიდნენ აზერბაიჯანიდან და თბილისში ცხოვრობენ, ძალიან ბევრმა თქვა... ნუ ჯერ ყველა მათგანი კარგად ლაპარაკობს ქართულად, თუმცა, არ იცოდნენ ქართული სამი-ოთხი წლის წინ. ისინი ფიქრობენ, რომ ქართველები არიან. ბევრმა მათგანმა მოახდინა იდენტიფიკაცია ქართველობასთან, მათ მოეხსნათ ეს შიში და დაინახეს, რომ ეს მათთვის კომფორტული გარემოა და ეს გარემო მათ არ აწვება და ეს მათ იდენტიფიკაციას არ ემუქრება. ამიტომ მათ დაინახეს, რომ როდესაც ცხოვრობ ქვეყანაში მომგებიანია მისი ნაწილი გახდე, ინტეგრაცია მოახდინო იმ საზოგადოებასთან, რომელშიც ცხოვრობ. ეს არის მიზეზი, რომ ჩამოსული მესხები მიიჩნევენ, რომ მათთვის ჯობია ისინი დასახლდნენ არა კომპაქტურად, არამედ იყვნენ არეული ადგილობრივ მოსახლეობასთან"

დასასრულს, დაპირებისამებრ მაჰმადიანი მესხების რეპატრიაციაზე საქართველოში არსებული პოზიციების ერთი ზოგადი საფუძვლის შესახებ. ფილოსოფოსმა მერაბ მამარდაშვილმა ამის თაობაზე 1990 წელს ბრძანა:

"ჩვენს ისტორიაში, ჩვენს გარშემო - მოსკოვში, თბილისში, პეტერბურგში - არსებობას განაგრძობს ის, რისი მიზეზითაც მოხდა, ვთქვათ, 1937 წელი. ის ფსიქიური ძალები, რომლებმაც ამუშავებისას ოცდაჩვიდმეტი წელი მოახდინეს, ლატენტური სახით დღესაც მუშაობს ჩვენს სულებში. ეს თავს იჩენს, კერძოდ, იმ ფსიქიურ კვანძში, რაც საშუალებას გვაძლევს არ დავინახოთ არა მარტო სიმართლე, არამედ სხვისი ტანჯვაც. ქართველს შეუძლია არ დაინახოს მესხის ტანჯვა და დაარქვას მას "თურქი მესხი" იმიტომ, რომ ორმოცდაოთხში საკუთარი თავის პატივისცემის შესანარჩუნებლად იმით ახსნა საკუთარი გადარჩენა, თითქოს მეზობელი მესხი მართლა დამნაშავე იყო და ამიტომ გაესახლებინოთ. რაკი ასეა, მე შემიძლია რეალურად არ დავინახო, არ შევიგრძნო მათი ტანჯვა და წუხილი, არ შევამჩნიო, რომ ყოველი მათგანი დედაა, მამაა, უბრალოდ ადამიანია, უსახლკაროდაა დარჩენილი და ა.შ. ასე რომ ის ფსიქიური მექანიზმები, რის გამოც ჩვენ, თუმცა თვითონ არ გაგვისახლებია მესხები 1944-ში, მივიღეთ მათი გასახლება, დღესაც არსებობს, როგორც მიზეზი მათი გასახლებისა. რა თქმა უნდა, ასეთი საქციელი არ ჰგავს ძლიერი და მომხიბლავი ქართველი რაინდის ტრადიციულ საქციელს, მაგრამ ჩვენ ახლა ამ მორალისტურ შეფასებებს არ უნდა გავყვეთ, ისინი არაფერს მოგვცემენ. ჩვენი საქმეა მექანიზმები გავიგოთ. თუ მორალის დონეზე დავრჩით, ეთმანეთს დავხოცავთ, რადგან ვიღაც ჩაითვლება ბოროტად, მე კი კარგად, ან პირიქით, ვიღაც იქნება კარგი, მე კი ბოროტი", - ასე განმარტა 1990 წელს მერაბ მამარდაშვილმა ჩვენი დამოკიდებულება მესხების საკითხისადმი.

ჩემი პროგრამის შემდეგ გამოშვებაში, ერთი კვირის შემდეგ, კვლავ დავუბრუნდები მაჰმადიანი მესხების თემას და შევეცდები ვისაუბრო იმაზე, თუ რისი ეშინია საქართველოს მოსახლეობას და რისი ეშინიათ ქართველ პოლიტიკოსებს, როცა საქმე მესხების რეპატრიაციას შეეხება, რა როლს ასრულებენ თავად მესხების ორგანიზაციები ამ პროცესში და საერთოდ, რა შეიძლება მოუტანოს საქართველოს 1944 წელს დეპორტირებულთა დაბრუნებამ და რა მასშტაბი შეიძლება შეიძინოს ამ პროცესმა, თუკი ის მართლაც განხორციელდა.