ქართველი სამხედროები საერთაშორისო ასპარეზზე

წინასწარი ვარაუდების მიუხედავად,
ჯერჯერობით კვლავ გაურკვეველი რჩება, მიიღებს თუ არა ქართული ქვედანაყოფი მონაწილეობას ერაყის სტაბილიზაციის პროცესში, თუმცა საქართველოს სამხედროებს უკვე აქვთ მაღალი ინტენსივობის საერთაშორისო კონფლიქტში მონაწილეობის საკმაოდ მდიდარი გამოცდილება. ყოფილი იუგოსლავიის ტერიტორიაზე, კოსოვოს სამშვიდობო ძალების შემადგენლობაში, მეხუთე წელია მოქმედებს ქართული ოცეული, რომელიც სულ რამდენიმე კვირაში კიდევ ასორმოცი კაცით გაიზრდება.

5 წლის წინ, 1999 წლის 1 ოქტომბერს, პირველი ქართული სამშვიდობო ოცეულის გამგზავრება კოსოვოში ძალიან ფორსირებულად მოხდა. ქვედანაყოფი ერთი თვის განმავლობაში დაკომპლექტდა კოჯორში მდებარე სპეცდანიშნულების ბაზაზე, გაიარა ორკვირიანი სპეციალური შეკრება თურქეთში და იქიდან პირდაპირი რეისით ევროპის ყველაზე "ცხელ წერტილში", კოსოვოში, ჩაფრინდა. თვითმხილველთა შეფასებით, კოსოვო მაშინ ისევე იყო აფორიაქებული, როგორც დღევანდელი ერაყი: მოსახლეობაში გაბნეული იყო დიდძალი იარაღი, დაპარპაშებდნენ მორადიორები, ხდებოდა თავდასხმები პატრულზე და სხვ. აღსანიშნავია, რომ პირველი ქართული სამშვიდობო ქვედანაყოფის ხელმძღვანელობა თავდაცვის სამინისტრომ ახალგაზრდა ოფიცერ გიორგი ქუფარაშვილს ანდო. აი, როგორ იხსენებს ამჟამად უკვე მაიორი გიორგი ქუფარაშვილი კოსოვოში ჩატარებულ პირველ საბრძოლო ამოცანას:

[გიორგი ქუფარაშვილის ხმა] "ეს ძალიან დიდი განგაში და მღელვარება იყო, როდესაც პირველ საბრძოლო დავალებაზე წავიდა ჩვენი ჯგუფი. ფაქტობრივად, ზოგი გამოუცდელი ბიჭი იყო. გვყავდნენ ოფიცრები, რომლებიც მათ ხელმძღვანელობდნენ, გამოცდილები, მაგრამ მაინც პირველი გასვლა იყო და პირველი დავალება. ეს იყო პატრულირება, როდესაც ნაღმები აღმოვაჩინეთ, მაშინ, ერთ-ერთ მთიან რაიონში, დრაგასში. ეს იყო ყველაზე დიდი - ნაღმებს წავაწყდით."[სტილი დაცულია]

თუ პირველი საბრძოლო დავალების დროს დანაღმული ველის აღმოჩენა იმპროვიზებულად მოხდა, მეორე ამოცანა ქართველმა მშვიდობისდამცველებმა თავად დაგეგმეს და, მოულოდნელობის ეფექტს რომ ემუშავა, დავალებაზე ახალი წლის ღამეს გავიდნენ. საქმე შეეხებოდა იარაღის ამოღებას, რაც ყოველთვის დაკავშირებულია სიცოცხლის რისკთან.

[გიორგი ქუფარაშვილის ხმა] "მერე უკვე ახალი წლის ღამეს ჩვენ თვითონ ოპერაცია ჩავატარეთ, იარაღი ამოვიღეთ საკმაოდ დიდი. ნუ, ფაქტობრივად, ახალი წლის ღამეს ჩატარებული ოპერაცია ჩვენი დაგეგმილი იყო, არავინ ჩარეულა ნატოს სამხედრო ძალებიდან. იმხანად დიდი დატაკება იყო, მაგრამ ვერც ერთმა ქვედანაყოფმა ვერ შეძლო იარაღის ამოღება, ჩვენი ბიჭების გარდა. იყოჩაღეს მაშინ."
[კობა ლიკლიკაძის ხმა] "და თუ არ ვცდები, ეგ აღინიშნა კიდეც ნატოს სამხედრო ხელმძღვანელობის მიერ."

[გიორგი ქუფარაშვილის ხმა] "კი, კი, წერილიც იყო ჩამოსული საქართველოში ნატოდან."

კოსოვოში საბრძოლო მორიგეობა, რაც, ძირითადად, პატრულირებასა და საკონტროლო-გამშვები პუნქტების ორგანიზებაში გამოიხატება, სადღეღამისოა. ამიტომ, წესდების მიხედვით, მორიგეობიდან დაბრუნებულ ჯარისკაცებს ერთი დღე ეძლევათ ფიზიკური ძალების აღსადგენად. საბრძოლო საქმიანობისგან თავისუფალ დროს ქართველი სამხედრო ოცეული მუდმივი დისლოკაციის ადგილას, ეთნიკური ქურთებით დასახლებულ მოზრდილ სოფელ მამუშში, თურქი სამხედროების გვერდით ატარებს. გიორგი ქუფარაშვილის თქმით, თურქულ ბატალიონში ინტეგრირებულ ქართველ სამხედროებს, ეთნიკური და რელიგიური თავისებურებების გამო, პირველ ხანებში გაუჭირდათ კონტაქტების დამყარება. მაგრამ დროთა განმავლობაში ყველაფერი კალაპოტში ჩადგა.

[გიორგი ქუფარაშვილის ხმა] "კი, თავიდან იყო პრობლემები: ისინი მუსულმანური რელიგიის წარმომადგენლები არიან, ჩვენ - ქრისტიანები და მაინც სხვანაირი შეხედულებები გვქონდა ერთმანეთზე, მაგრამ რამდენიმე საქმეში ერთად მუშაობის შემდეგ საკმაოდ დავძმობილდით და საკმაოდ კარგი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა."

კოსოვოგამოვლილი ქართული სამშვიდობო ოცეულის ბევრი ოფიცერი და სერჟანტი დღეს მოქმედ სამხედრო სამსახურშია და სწორედ ამ ქვედანაყოფის სამეთაურო შემადგენლობის ბაზაზე მოხდა ფორმირება ე.წ."კომანდოსთა" ბატალიონისა, რომელსაც ბევრი სამხედრო ექსპერტი ერაყის სტაბილიზაციის პროცესში მონაწილეობას უწინასწარმეტყველებს. მაიორ გიორგი ქუფარაშვილისთვის უცნობია, თუ რა საფუძველი აქვს ამგვარ ინფორმაციებს. როგორც ნამდვილი სამხედრო, ქართველ მშვიდობისდამცველთა პირველი მეთაური პროგნოზების კეთებას ერიდება, მაგრამ ერთ რამეში კი ნამდვილად ღრმად არის დარწმუნებული.

[გიორგი ქუფარაშვილის ხმა] "განსხვავებული საკითხი არის ერაყი კოსოვოსგან, მაგრამ ეს ბიჭები - "კომანდოს" ბატალიონი, ასი პროცენტით შემიძლია ვთქვა, რომ თავისუფლად შეასრულებენ მაგ დავალებას."[სტილი დაცულია]

5 წლის განმავლობაში კოსოვოში ქართველ მშვიდობისდამცველთა 7 თაობა გაიზარდა, მაგრამ საქართველოში მათ არ იცნობენ, არ იცნობენ იქ, სადაც ასეთი გამოცდილება ყველაზე მეტად ფასობს - სამაჩაბლოსა და აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში - და სადაც პირველხარისხოვან როლს კვლავაც რუსი სამხედროები ასრულებენ.