ომი ერაყში: სამოქალაქო საზოგადოება ტრადიციული საზოგადოების პირისპირ

ერაყში საომარ მოქმედებებს მრავალი მილიონი ადამიანი აპროტესტებს. მათი პროტესტი ზოგ შემთხვევაში ემთხვევა, ზოგ შემთხვევაში კი უპირისპირდება მათივე ქვეყნების სახელისუფლო პოზიციას.
მაგრამ დემონსტრანტების უმრავლესობა სამოქალაქო საზოგადოების წევრია, რაც უზრუნველყოფს ნებისმიერი მოქალაქის აზრის გამოხატვას, მთავრობის შეხედულების მიუხედავად.

ერაყში კი ტრადიციული საზოგადოებაა, რომელსაც თავისი მკაცრი კანონები აქვს. იქ რიგითი ადამიანის აზრი საზოგადოებრივად ხელმიუწვდომელია.


არავინ უარყოფს, რომ ერაყის მოსახლეობა სადამ ჰუსეინის და მისი თანამოაზრეების მიერ შექმნილ რეჟიმში ცხოვრობს. რეჟიმის არსებობა კი დასაშვებია მხოლოდ ტრადიციული საზოგადოების პირობებში, რადგან სამოქალაქო საზოგადოება მკაცრად აკონტროლებს და იცავს ხელისუფლების გადანაწილების და გაწონასწორების პრინციპს.

რით არის ცუდი ტრადიციული საზოგადოება მისი რიგითი წევრებისთვის? ტერმინით "ტრადიციული საზოგადოება" მეცნიერები აღნიშნავენ საზოგადოების იმგვარ მოწყობას (მითოლოგიური ეპოქიდან კომუნისტური და ბაასისტური რეჟიმების ჩათვლით), როდესაც ყოველი ახალი თაობა უცვლელად იმეორებს წინამავალი თაობის სასიცოცხლო ციკლს. მთავარი, რაც დამახასიათებელია ტრადიციული საზოგადოებისთვის, ეს არის პოლიტიკური, იდეოლოგიური და ეკონომიკური იერარქია, რომლის ზედა საფეხური მთლიანად უპყრია ნომენკლატურას. ხელისუფლების მიზანია არსებული სინამდვილის შელამაზება, მაგრამ, ნებისმიერი მსხვერპლის ფასად, მისი უცვლელად შენარჩუნება. ასეთ საზოგადოებაში ფორმალური ინსტიტუტები და კანონები გაცილებით უმნიშვნელოა, ვიდრე არაფორმალური კავშირები.

საზოგადოების რიგითი წევრისთვის ყველაზე მძიმეა ის რეალობა, რომ თითოეულ ადამიანს თავისი წარმომავლობით წინასწარ აქვს განსაზღვრული სოციალური ფუნქცია, იერარქიის საფეხური. ერაყში მოსახლეობის უდიდეს ნაწილს არ აქვს საშუალება, აირჩიოს პროფესია თავისი სურვილის შესაბამისად. ამიტომ ამ ქვეყანაში ბევრი ეტანება იარაღს, როგორც კარიერის შექმნის მთავარ წყაროს.

სამოქალაქო საზოგადოებაში ყველაფერი პირიქითაა: პროცესები ღია სივრცეში მიმდინარეობს, პიროვნების მომავალს მისი არჩევანი და უნარები განსაზღვრავს, არ არსებობს გადაულახავი იერარქია.

ტრადიციული საზოგადოება, რაკი მიდრეკილია არსებულის შენარჩუნებისკენ, ეწინააღმდეგება ფიგურების ან ტექნოლოგიების შეცვლას. ამიტომაც არის, რომ ათწლეულების განმავლობაში ქვეყანას ერთი და იგივე ადამიანები მართავენ. სამოქალაქო საზოგადოება კი მუდმივად განახლებადია. რაგინდ დიდი მხარდაჭერა ჰქონდეს ქვეყნის პოლიტიკურ ლიდერს, გარკვეული პერიოდის შემდეგ იგი უსათუოდ უნდა შეიცვალოს.

ტრადიციულ საზოგადოებაში იერარქიის თითოეულ საფეხურზე მყოფი ადამიანი პასუხისმგებელია მხოლოდ მათ წინაშე, ვინც მის გვერდით ან ზემოთ იმყოფება. სამოქალაქო საზოგადოებაში კი ხელისუფლება პასუხიმგებელია ხალხის წინაშე და ეს პასუხიმგებლობა ინსტიტუციურად არის დაცული.

როდესაც საუბარია ერაყელი ხალხის გათავისუფლებაზე რეჟიმის მარწუხებიდან, იგულისხმება სწორედ ტრადიციული საზოგადოების ჩანაცვლება სამოქალაქო საზოგადოებით, რაც ხანგრძლივი და მტკივნეული პროცესია. მაგალითად, საქართველოში ეს პროცესი უკვე ათი წელია ლაბირინთშია გახლართული.