ვინ არის ტომი ფრენკსი?

ამერიკელ გენერალ ტომი ფრენკსს, რომელიც ერაყის წინააღმდეგ მიმდინარე სამხედრო ოპერაციას მეთაურობს, ომის დამთავრების შემდეგ, შესაძლოა, უჩვეულო როლის შესრულება მოუხდეს.
პენტაგონის ხელმძღვანელობაში და რიგით ჯარისკაცებში თანაბრად პოპულარულსა და ავტორიტეტიან გენერალს, ბევრი მიმომხილველის ვარაუდით, ომისშემდგომი საოკუპაციო ძალების გაძღოლა შეიძლება დაავალონ. რადიო "თავისუფლების" ვაშინგტონელმა კორესპონდენტმა ენდრიუ ტალიმ მოამზადა ოთხვარსკვლავიანი გენერლის პორტრეტი, რომლის გაცნობა, ვფიქრობთ, ჩვენი მსმენელისთვისაც საინტერესო იქნება.

ტომი ფრენკსი შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების ცენტრალური შტაბის გენერალია. ფრენკსისა და მისი კოლეგების ამოცანაა, იზრუნოს ჩრდილო-აღმოსავლეთი აფრიკიდან ახლო აღმოსავლეთამდე და შუა აზიამდე გადაჭიმულ ტერიტორიაზე ამერიკის უსაფრთხოების ინტერესების დაცვაზე.

და რაკი ავღანეთიც, ასე ვთქვათ, მის ზონაში შედის, 2001-2002 წლებში სწორედ ტომი ფრენკსი ხელმძღვანელობდა თალიბანისა და "ალ-ყაიდის" შეიარაღებული რაზმების წინააღმდეგ ჩატარებულ სამხედრო ოპერაციას. ერაყში ფრენკსი გაცილებით უფრო რთული ამოცანის წინაშე დგას, რადგან სადამ ჰუსეინის რესპუბლიკური გვარდია როგორც რაოდენობრივად, ისე ხარისხობრივად, გაცილებით აღემატება თალიბებისა და ალყაიდელების სამხედრო შენაერთებს.

ტომი ფრენკსი ოკლაჰომის შტატის ერთ პატარა ქალაქში დაიბადა, ბავშვობა და ყრმობა კი მეზობელი ტეხასის შტატის ასევე პატარა ქალაქში - მიდლენდში გაატარა. ეს ის ქალაქია, რომელიც მის წიაღში აღმოჩენილმა ნავთობმა ერთი ხელის დაკვრით გაამდიდრა.

სკოლის დამთავრების შემდეგ ფრენკსმა სწავლა ტეხასის უნივერსიტეტში განაგრძო, მაგრამ მეორე კურსიდან თავისი ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს შეუერთდა და მალე ვიეტნამში აღმოჩნდა. იქ იგი არტილერიის ლეიტენანტის წოდებით იბრძოდა და ომის მანძილზე სამჯერ დაიჭრა.

ომის დამთავრების შემდეგ მან საუნივერსიტეტო განათლების მიღება დაასრულა, დაქორწინდა და ისევ სამხედრო სამსახურს დაუბრუნდა. ფრენკსის აღმასვლა სამხედრო კარიერის კიბეზე ელვისებური გამოდგა: დღეს იგი ოთხვარსკვლავიანი გენერლის წოდებას ატარებს - ამაზე მაღალი წოდება შეერთებული შტატების არმიაში მხოლოდ ხუთვარსკვლავიანი გენერალია - და სათავეში უდგას არმიის სამეთაურო ცენტრს.

მიმომხილველები საგანგებოდ აღნიშნავენ, რომ ფრენკსი არაფრით არ ჰგავს თავის წინამორბედს ნორმან შუორცკოპფს, რომელიც - ალბათ გახსოვთ - სპარსეთის ყურის ომში ამერიკის ჯარის მოქმედებას ხელმძღვანელობდა. ფრენკსი უბრალო ოჯახიდან არის, ხოლო შუორცკოპფი არმიის მაღალი რანგის ოფიცრის შვილია და თავადაც მეტად პრესტიჟული, უესტ პოინტის სამხედრო აკადემიის კურსდამთავრებული გახლავთ.

ბევრ თქვენგანს ეხსომება შუორცკოპფის პრესკონფერენციები და ბრიფინგები 1991 წლის ომის დროს, როცა თავდაჯერებული ამერიკელი გენერალი რიხიანად აუწყებდა პრესის მუშაკებს თავისი ჯარისკაცების წარმატების ამბებს. ტომი ფრენკსი გაცილებით უფრო თავშეკავებული, ზოგიერთის მტკიცებით კი მეტად მორიდებული ადამიანია.

როგორც მისი ნაცნობები ამბობენ, იგი გაცილებით უკეთ გრძნობს თავს წოდებით მასზე დაბალი რანგის ოფიცრებთან, ან სულაც რიგით ჯარისკაცებთან, ვიდრე გენერლებთან და სხვა ხელმძღვანელ სამხედრო პირებთან.

თუმცა, საკუთარი თავისადმი კრიტიკული დამოკიდებულება და ერთგვარი თვითირონიაც კი მის მიმართ ბევრს სიმპათიით განაწყობს. ფრენკსს არასოდეს დაუმალავს არც თავისი უბრალო წარმოშობის ამბავი და არც ის გარემოება, რომ ფართო განათლებითა და ერუდიციით ვერ დაიკვეხნის. ამაში დასარწმუნებლად, საკმარისია მოისმინოთ ერთი ნაწყვეტი ტომი ფრენკსის სიტყვიდან, რომლითაც მან დეკემბერში მიმართა სპარსეთის ყურეში, კერძოდ კატარში განთავსებულ ამერიკელ ჯარისკაცებს:

[ტომი ფრენკსის ხმა] "ნაცნობების უმრავლესობა, ჩემი მეუღლის ჩათვლით, ფიქრობს, ეს კაცი ძალიან იღბლიანი ყოფილა, ამდენს რომ მიაღწიაო. არც ისე დიდი ხნის წინათ ჩემი სკოლის დირექტორი შემხვდა. შემომხედა და იცით, რა მითხრა? ღმერთო, ეს როგორ გამაკვირვეო. მე კი თვალი თვალში გავუყარე და ვუთხარი: აბა, აბა, განა საოცარ ქვეყანაში არ ვცხოვრობთ-მეთქი?"

ასეთი თვითირონია, მიმომხილველთა აზრით, უდავოდ ზრდის გენერლის პოპულარობას ხელქვეითთა შორის, აძლიერებს მის ავტორიტეტს. ამ მოსაზრებას იზიარებს პატრიკ ბაშემი, ვაშინგტონის კატოს ინსტიტუტის სამხედრო საკითხთა მკვლევარი, რომელსაც ჩვენი კორესპონდენტი ენდრიუ ტალი ესაუბრა.

ბაშემი აღნიშნავს, რომ ფრენკსს აშკარად საქმე ურჩევნია სიტყვას. მას არ უყვარს გადაწყვეტილებების ნაჩქარევად მიღება და ამით ზოგჯერ ზემდგომთა უკმაყოფილებასაც კი იწვევს. თუმცა, ამჯერად თავდაცვის მინისტრმა დონალდ რამსფელდმა ანგარიში გაუწია ფრენკსის დაჟინებულ მოთხოვნას, მეტი დრო მიეცათ მისთვის სპარსეთის ყურეში ჯარებისა და სამხედრო ტექნიკის გადასასროლად. კატოს ინსტიტუტის ექსპერტი დარწმუნებულია, რომ დასახულ გეგმას ფრენკსი წარმატებით შეასრულებს.

ბაშემის თქმით, კიდევ უფრო საპასუხისმგებლო ამოცანის შესრულება გენერალს ომის დამთავრების შემდეგ მოუწევს (თუ, რა თქმა უნდა, გამართლდა ვარაუდი, რომ ომისშემდგომი საოკუპაციო ძალების გაძღოლას სწორედ მას დაავალებენ). და, იცის რა, რომ ტომი ფრენკსს არ უყვარს საზოგადოების ყურადღების ცენტრში ყოფნა, პატრიკ ბაშემი ფიქრობს, რომ გენერალი შეეცდება, რაც შეიძლება მალე შეასრულოს დავალება და მერე ერაყის მართვის საქმე თავად ერაყელებს გადაულოცოს.