ორშაბათს საღამოს, როცა საქართველოში უკვე სამშაბათი დღე თენდებოდა, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა პირდაპირი ტელეეთერით მიმართა თანამემამულეებს და ულტიმატუმი წაუყენა ერაყის ლიდერს სადამ ჰუსეინს:
[ჯორჯ ბუშის ხმა] "დამთავრდა სიცრუისა და სისასტიკის რამდენიმე ათეული წელიწადი. ჰუსეინმა და მისმა ვაჟებმა ერაყი 48 საათის განმავლობაში უნდა დატოვონ. მათს უარს მოჰყვება სამხედრო კონფლიქტი, რომლის დაწყების დროს საკუთარი შეხედულებისამებრ შევარჩევთ."
და რაკი თითქმის დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ სადამ ჰუსეინი ვაშინგტონის ულტიმატუმს არ შეასრულებს, არანაკლები დარწმუნებით უნდა ვივარაუდოთ, რომ ომი გარდაუვალია. მოსალოდნელი ომისადმი ევროპელ ლიდერთა დამოკიდებულებაზე ჩვენს გადაცემაში ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებთ. ახლა კი რადიო "თავისუფლების" ქუვეითში მივლინებული თანამშრომლის დახმარებით ვეცდებით გავარკვიოთ, რა საფრთხე შეიძლება ემუქრებოდეს ოპერაციაში მონაწილე ამერიკელ ჯარისკაცებს.
აშშ-ის შეიარაღებული ძალების მოსამსახურეებს ყველაზე მეტად ერაყის მხრიდან ქიმიური ან ბიოლოგიური იერიშის განხორციელების შესაძლებლობა აშფოთებთ. ამას გვიდასტურებს ჩვენი კორესპონდენტი რონ სინოვიციც, რომელიც ამჟამად ქუვეითში, ერაყის საზღვართან იმყოფება და ამერიკელ ჯარისკაცებთან ერთად კარავში ცხოვრობს.
ამიტომ, ბუნებრივია, რომ ამ მასალის მომზადებისას ძირითადად სწორედ რონისგან მიღებულ ინფორმაციას ვეყრდნობოდი. ის ესაუბრა აშშ-ის შეიარაღებული ძალების მესამე ქვეითი დივიზიის მეთაურს გენერალ-მაიორ ბიუფორდ ბლაუნტს:
[ბიუფორდ ბლაუნტის ხმა] "ყველაზე დიდ შეშფოთებას ქიმიური ან ბიოლოგიური იარაღის გამოყენების შესაძლებლობა იწვევს. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, შიშით ღამეებს თეთრად ვათენებდე. ასეთი შეტევისთვის ძალიან კარგად ვართ მომზადებული. აღჭურვილობაც კარგი გვაქვს. ჯარისკაცებმა მშვენივრად იციან, რა როგორ უნდა გამოიყენონ. მაგრამ ასეთი შეტევის საფრთხის წინაშე ისინი აქამდე არასოდეს აღმოჩენილან და ამიტომ, გარკვეულწილად, შეშფოთებული არიან."
ჩვენი კორესპონდენტის შეკითხვას, რამდენად შეიცვლება მისი დივიზიის სამოქმედო გეგმა, თუ სადამ ჰუსეინი ქიმიურ ან ბიოლოგიურ იერიშს წამოიწყებს, ამერიკელმა გენერალმა განაცხადა, რომ ბაღდადში რეჟიმის შეცვლისკენ მიმართული ძალისხმევა უცვლელად გაგრძელდება.
[ბიუფორდ ბლაუნტის ხმა] "ჩვენს მისიას განვაგრძობთ. თუმცა, საპასუხო ქმედების ხარისხი ჩვენს კომპეტენციას სცილდება. თავდასხმას გავუძლებთ. ჩვენ შეგვწევს უნარი, თავი დავიცვათ, გავანეიტრალოთ მომწამლავ ნივთიერებათა მოქმედება და განვაგრძოთ დასახული მისიის შესრულება."
სამხედრო ექსპერტთა ვარაუდით, ერაყს "ალ სამუდის" ტიპის სტრატეგიული რაკეტების გამოუყენებლადაც შეუძლია ამერიკელი ჯარისკაცების წინააღმდეგ ქიმიური ან ბიოლოგიური შეტევის განხორციელება. თუმცა, როგორც მაღალი რანგის ამერიკელი ოფიცრები ამბობენ, საარტილერიო ჭურვებით გასროლილი ბიოლოგიური და ქიმიური აგენტების მოქმედება ისეთი ეფექტიანი ვერ იქნება, როგორიც უფრო მოზრდილი რაკეტების გამოყენების შემთხვევაში იქნებოდა.
მესამე ბრიგადის საბრძოლო შენაერთის მეთაურს, პოლკოვნიკ დენიელ ალინს ეჭვი ეპარება, ერაყმა ქიმიური ან ბიოლოგიური შეტევა წამოიწყოს. თუმცა ჯარისკაცები, ცხადია, მოვლენათა ასეთი განვითარებისთვისაც მზად არიან. საგანგებო ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის გარდა, ყოველი მათგანი მუდამ თან ატარებს აირწინაღს, რომლის გასაკეთებლადაც, აუცილებლობის შემთხვევაში, სულ ცხრა წამი სჭირდება.
ქუვეით-ერაყის საზღვართან მყოფი ჩვენი კორესპონდენტი მოწმე გახდა ეპიზოდისა, როცა ათასამდე ჯარისკაცმა მონაწილეობა მიიღო მოულოდნელად გამოცხადებულ საწვრთნელ განგაშში.
[სირენის ხმა]
იმ მექანიზებული ქვეითი შენაერთის შემადგენლობაში, რომელიც საიერიშოდ ემზადება, შედის დაჯავშნული მოძრავი ქიმიური ლაბორატორია - სახელად "ფოქსი" ("მელა") - რომელიც ჰაერისა და ნიადაგის სინჯებს იღებს. ერთ-ერთი ასეთი ლაბორატორიის ხელმძღვანელია 29 წლის ლეიტენანტი სილვია აპონტი, რომელიც განსაკუთრებულს ვერაფერს ხედავს იმაში, რომ ქალი ჯარისკაცი ფრონტის ხაზთან ასე ახლოს იმყოფება. მისი თქმით, ერაყის მხრიდან ქიმიური ან ბიოლოგიური იერიში უთუოდ შეაფერხებდა ამერიკელ ჯარისკაცთა წინსვლას, განსაკუთრებით უდაბნოში, სადაც წყლის ნაკლებობაა. წყალი კი მოწამლული ტანსაცმლის, აღჭურვილობისა თუ იარაღის გასაწმენდად აუცილებელი საშუალებაა.
როდის არის მოსალოდნელი აშშ-ის შეიარაღებული ძალების იერიში, თუ სადამ ჰუსეინმა ვაშინგტონის ულტიმატუმი არ შეასრულა? ამ შეკითხვით მივმართეთ ჩვენს კორესპონდენტს რონ სინოვიცს, რომელიც, როგორც ზემოთაც აღვნიშნე, ამერიკელ ჯარისკაცებთან ერთად ქუვეით-ერაყის საზღვარზე იმყოფება. მისი პასუხი ასეთი იყო:
[რონ სინოვიცის ხმა] "მართალია, რეპორტიორებს გვეკრძალება შეერთებული შტატების არმიის გეგმებზე საუბარი, დღეს დილით პოლკოვნიკმა დენიელ ალინმა ბრიფინგი მოგვიწყო. მან გვითხრა, რომ უახლოესი 48 საათის განმავლობაში ალბათ დავტოვებთ ახლანდელი განთავსების რაიონს, რომელიც ერაყის სამხრეთი საზღვრის სიახლოვეს მდებარეობს; და დავბანაკდებით იმ ადგილას, საიდანაც, როგორც ჩანს, დაიწყება კიდეც ქვეითი იერიში ერაყის წინააღმდეგ. თუმცა, იმ ბანაკში კარვების გაშლაც კი არ არის ნავარაუდევი. რაც შეეხება ჩვენს ახლანდელ საცხოვრებელს, პოლკოვნიკმა შეგვატყობინა, რომ 48 საათის მანძილზე ეს კარვები უნდა აიშალოს. მაშინ მე ვკითხე, ამაღამ ღია ცის ქვეშ ხომ არ მოგვიწევს ძილი-მეთქი. პოლკოვნიკმა მიპასუხა, პირადად მე ამაღამ ღია ცის ქვეშ ძილს არ ვაპირებ და ეს არც ჟურნალისტებს მოგიწევთ, თუ, ცხადია, ვინმემ ძალით არ აგიშალათ კარავიო. ამ პასუხით დავასკვენი, რომ განთავსების ახლანდელ რაიონს, ეტყობა, ხვალ დავტოვებთ."