კერპების მსხვრევის ჟამი

საქართველოში სტალინი, როგორც "დიდი ბელადი", კარგა ხნის წინ არის გასტუმრებული საიქიოს. მაგრამ სტალინის მიერ შექმნილი მთავარი სტერეოტიპი ჯერ კიდევ ცოცხლობს და ხელს უშლის ჩვენი საზოგადოების განვითარებას.


საქართველოში დაბრუნების შემდეგ ედუარდ შევარდნაძეს არაერთხელ უთქვამს, რომ მისი თანამოაზრეები მისგან "რკინის ხელის" ამოქმედებას მოითხოვდნენ. პრეზიდენტი კი სიამაყით აღნიშნავს ხოლმე, რომ მან შემოთავაზებული ცდუნება უარყო და დემოკრატიის მძიმე აღმართი აირჩია.

ძალაუფლება პოლიტიკის გატარების ბერკეტია. ის, ვინც 1992 წელს და შემდგომ წლებში ედუარდ შევარდნაძისგან "რკინის ხელის" ამოქმედებას ითხოვდა, ცხადია, დღემდე სტალინური პოლიტიკის სტერეოტიპის ტყვეა.

ძალაუფლება სარკისებური მოვლენაა და მას ორი თანაბარი სუბიექტი ჰყავს: ის, ვინც ბრძანებებს გასცემს და ის, ვინც ბრძანებებს აღასრულებს. ამ ორ სუბიექტს შორის დამოკიდებულებაც ორგვარია. პირველის ხატოვანი მაგალითია მეფე - ანტუან დე სენტ-ეკზიუპერის "პატარა უფლისწულის" პერსონაჟი. იგი ამგვარად მსჯელობს: "თუ ჩემს გენერალს ვუბრძანებ, რომ ზღვის თოლიად გადაიქცეს და იგი ბრძანებას ვერ შეასრულებს, დამნაშავე მე ვიქნები და არა - გენერალი. ძალაუფლება გონივრული უნდა იყოს. თუ ჩემს ხალხს ზღვაში ჩახრჩობას ვუბრძანებ, პასუხად რევოლუციას მივიღებ.".

სტალინური ძალაუფლება არ იყო გონივრული, რადგან არ ცნობდა ადამიანს, როგორც უმაღლეს, ან, საერთოდ, რაიმე ღირებულებას. მაგრამ ამგვარ არაჰუმანურ ძალაუფლებას რევოლუცია არ გამოუწვევია და ეს არის სტალინური ძალაუფლების მთავარი თავისებურება.

საქმე ისაა, რომ ბელადის განუყოფელი დიქტატურის პირობებში, რომელსაც თან სდევდა ნომენკლატურის აღზევება, უზარმაზარი ქვეყნის მოსახლეობას მრავალი წლის განმავლობაში კვებავდნენ ილუზიით, რომ მათ ირგვლივ სამართლიანობის ზეიმი სუფევდა. ხალხს სჯეროდა, რომ ბელადი ასკეტურად ცხოვრობდა და, ამ რწმენით, თავადაც მოთმინებით იტანდა გასაჭირს. ამავე რწმენიდან გამომდინარეობდა მეორე, უფრო მნიშვნელოვანი ილუზია: თითოეულ ადამიანს სტალინი საკუთარ მამად და პატრონად მიაჩნდა.

დიქტატურის მექანიზმი სრულად აქვს აღწერილი ერიხ ფრომს წიგნში "თავისუფლებისგან გაქცევა": ადამიანებს ათასგვარი ხერხით შთააგონებენ საკუთარ უძლურებას. ბელადი კი ძლიერია, ყველას მაგივრად ფიქრობს, თითოეულზე ზრუნავს, მეცნიერების ნებისმიერი დარგის საიდუმლოს ფლობს. ბელადი ჩვეულებრივ ადამიანს პასუხისმგებლობისგან ათავისუფლებს. ამიტომ უმრავლესობა თავს კომფორტულად გრძნობს, როცა მის პრობლემას სხვა წყვეტს - ყოვლისშემძლე, ზეკაცი.

სწორედ ასე აღმოჩნდა ბელადის კალთას შეფარებული მთელი ქვეყანა. ხოლო ის ადამიანები, რომლებსაც ჩვევად ჰქონდათ საკუთარი თავით ფიქრი და გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება, საბჭოთა სამშობლოს ნაღებივით მოხადეს. ჯერ კიდევ რევოლუციის პერიოდიდან და საბჭოთა იმპერიის ნგრევამდე, კონსოლიდაციას საფუძვლად დაუდეს ერთი არსებითი ცნება - "ხალხის მტერი". "ხალხის მეგობრებად" და "ხალხის მტრებად" დაყოფა იყო ის მთავარი წყარო, რომელიც ათწლეულების განმავლობაში ასაზრდოებდა საბჭოთა საზოგადოების სოციალურ ენერგიას.

ასე რომ, მილიონობით "ხალხის მეგობარი" ნებაყოფლობით აძლიერებდა ბელადის ძალაუფლებას და, როცა იგი გენერალს უბრძანებდა, ზღვის თოლიად გადაქცეულიყო, ესე იგი უნდა გადაქცეულიყო კიდეც. თუ არადა, სასტიკად დაისჯებოდა - ცხადია, ხალხის სახელით. ეს იყო და არის სტალინური პოლიტიკის არსი: არაგონივრული, განუკითხავი დიქტატურა.

მაშ, რას სთხოვდნენ ედუარდ შევარდნაძეს თავისი და ხალხის მეგობრები? სთხოვდნენ, რომ საკუთარ ხელში მოექცია მთელი ძალაუფლება, ეზრუნა ყველაზე, ეფიქრა ყველას მაგივრად და საკუთარი გენერლები ზღვის თოლიებად გადაექცია. შედეგი კი ის უნდა ყოფილიყო, რომ საქართველოს მოსახლეობას დავიწყებოდა თავისუფლების გემო და შეშინებული, ან, სულაც, კმაყოფილი - ახალი ბელადის კალთას შეფარებოდა. სხვა შედეგი "რკინის ხელს" არსად არასოდეს მოუტანია.

იმის შემდეგ, რაც ედუარდ შევარდნაძემ დემოკრატიის აღმართი აირჩია, ათი წელიწადი გავიდა. ღია სისხლიანი რეპრესიები არ ყოფილა და ადამიანებს არასოდეს უფიქრიათ, რომ მათ ირგვლივ სამართლიანობის ზეიმი სუფევს. სამაგიეროდ, დღეს შევარდნაძის ხელშია თავმოყრილი მთელი ძალაუფლება, აღზევებულია ნომენკლატურა და ჩვეულებრივი ადამიანი სრულიად დაუცველია. ქვეყანა არ ვითარდება, რადგან მკვეთრი გადაწყვეტილებები რისკს შეიცავს; პრეზიდენტი კი სახელმწიფოს მინიმალური რისკით მართავს, რასაც ხალხი მორჩილებით ხვდება და ხელისუფლების შეცვლას მოთმინებით ელოდება.

კერპების მსხვრევის ჟამი ჯერ არ დასრულებულა.