იქნება თუ არა სამხედრო ძალის გამოყენება ერაყის კრიზისიდან გამოსავალი?

იქნება თუ არა სამხედრო ძალის გამოყენება ერაყის კრიზისიდან გამოსავალი? რა იქნება მერე? ეს საკითხი აღელვებს ბევრს ერაყშიც და მის გარეთაც. მათ შორის, ვინც განსაკუთრებით მტკივნეულად აღიქვამს
ერაყის კრიზისთან დაკავშირებულ ყველა სახის გეგმას, ბუნებრივია, ქურთები არიან. მათ ხომ ბოლო 12 წლის მანძილზე ერაყის ჩრდილოეთში შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის სამხედრო თვითმფრინავების მიერ უსაფრთხოების დაცვის ღონისძიებების ფონზე, მაგრამ მაინც შეძლეს დე ფაქტო ავტონომიის შენარჩუნება. სახელმწიფოებრიობა ქურთებისთვის, მათ შორის, საქართველოში მცხოვრები ქურთებისთვისაც, ყველაზე სანუკვარ ოცნებად რჩება. უფრო დაწვრილებით იმაზე, თუ რა აფიქრებთ დღევანდელ ვითარებაში ჩვენს თანამემამულე ქურთებს, ნინო გელაშვილი გესაუბრებათ.

საქართველოში მყოფი ქურთების უმეტესობა იეზიდები არიან. ერაყის ჩრდილოეთში იეზიდები პირიქით - უმცირესობას შეადგენენ. იქ ქურთების უმრავლესობა მუსულმანები არიან.

ქურთი იეზიდების წინაპრები ჩვენს ქვეყანაში 1918-19 წლებში შემოვიდნენ, როცა ოსმალეთის იმპერიაში მათი რელიგიური დევნა დაიწყეს.

ქურთები ყველაზე მრავალრიცხოვანი, სხვადასხვა წყაროების თანახმად, 20-დან 30 მილიონამდე ერია, სახელმწიფოებრიობის გარეშე. ისინი მრავალ ქვეყანაში ცხოვრობენ. მათი მცირე ნაწილი, სავარაუდოდ - 20 ათასი, საქართველოშიც ცხოვრობს. რას ნიშნავს მათთვის ერაყის კრიზისი? ამის შესახებ, უმჯობესია, თავად მათ წარმომადგენელს, თბილისელ აღმოსავლეთმცოდნე ქერიმ ანყოსს მოვუსმინოთ:

[ანყოსის ხმა]
"საქართველოში მცხოვრები ქურთები არიან თავისი კონფესიით იეზიდები. ამ იეზიდების მთავარი სალოცავი, რომელსაც ქვია ლალეში მდებარეობს ჩრდილოეთ ერაყში და დღემდე საქართველოში მცხოვრებ ქურთ იეზიდებს არ აქვთ საშუალება, რომ მივიდნენ თავიანთ სალოცავში, რადგანაც გზები გადაკეტილია. ერაყში მდებარე იეზიდების მთავარის სალოცავი იგივეა, როგორც პალესტინა ქრისტიანებისათვის და მექა მუსულმანებისათვის".

ქერიმ ანყოსს ვთხოვე იეზიდების სალოცავი აეწერა ჩვენი მსმენელისთვის, რადგან მას ის ჩრდილოეთ ერაყის ტერიტორიაზე საკუთარი თვალით უნახავს:

[ანყოსის ხმა] 02:50
"სალოცავი საკულტო შენობაა დიდი. ეს არის ქალაქ დოხუქთან ახლოს, მთებში. ეს არის უძველესი, დაახლოებით ჩვენ წელთაღრიცხვამდე... სახურავი კონუსისებურად არის და იქ იეზიდების მთავარი სალოცავი და იეზიდური კონფესია არის უძველესი რელიგია, ჯერ კიდევ იუდაიზმამდე და ქრისტიანობამდე არსებობდა ეს იეზიდური რელიგია. მზეს, ცეცხლს თაყვანს სცემენ და მონოთეისტები არიან, მაგრამ საკულტო საგნად არის: მზე, მთვარე და ცისკრის ვარსკვლავი."

ქართველ ქურთებს ერაყელი ქურთების უმეტესობისგან რელიგიის გარდა კილოკავი განასხვავებს. საბჭოთა რეჟიმის დროს ძალიან ბევრი ქურთი სტუდენტი მოსკოვში ჩადიოდა სასწავლებლად, საიდანაც ზოგიერთი მათგანი თბილისსაც ეწვეოდა ხოლმე. როგორც ქერიმ ანყოსი აღნიშნავს, თბილისელ და ერაყელ ქურთებს შორის მაშინ საკმაოდ ინტენსიური კონტაქტი იყო. რაც შეეხება ბოლო პერიოდს: 90-იანი წლების დასაწყისში საქართველოში გამოჩნდნენ ქურთი ლტოლვილები ერაყიდან, მხოლოდ ისინი ჩვენს ქვეყანაში არ ჩერდებოდნენ და დასავლეთ ევროპისკენ მიემართებოდნენ. ქერიმ ანყოსი არ გამორიცხავს, რომ საომარი მოქმედებების დაწყების შემთხვევაში ერაყიდან ლტოლვილები კიდევ გამოჩნდნენ საქართველოში. ამასთან ანყოსმა დასძინა:

[ანყოსის ხმა]
"მე პირადად ძალიან განვიცდი როგორ იქნება მომავალში ის ერთადერთი სახელმწიფო, რა სახელმწიფოებრივი წყობილება იქნება და კიდევ ერთხელ ხომ არ, რბილად რომ ვთქვათ, ხომ არ შეაცდენს ამერიკა ქურთებს, რომ გამოვიდნენ სადამ ჰუსეინის წინააღმდეგ და მერე მიატოვოს და სადამ ჰუსეინმა კიდევ შემოაბრუნოს ეს თავისი ქიმიური იარაღი ქურთების წინააღმდეგ და მილიონობით ქურთები გაჟლიტოს, ან გაჩნდნენ კიდევ მილიონობით ქურთი ლტოლვილები."

რა შეიცვლება ერაყში მოვლენების ქურთების ავტონომიის სასიკეთოდ წარმართვის შემთხვევაში ქურთი იეზიდებისთვის საქართველოში? საქართველოს იეზიდთა კავშირის თავმჯდომარემ როსტომ ათაშოვმა მითხრა:

[ათაშოვის ხმა]
"დე ფაქტო არსებობს და დე იური რომ დამტკიცდეს სახელმწიფო - ქურთისტანი, მე იმის მომხრე ვარ, მაგრამ მე თბილისელი ვარ, საქართველოს მოქალაქე. მერწმუნეთ, რომ გინდა ოქროს მთები იყოს, მე თბილისს არ დავტოვებ და არ წავალ და მე მგონი ჩემი აზრი აღიარებს არანაკლებ 99% თბილისელი და საქართველოს მოქალაქეები იეზიდები, ქურთები".

ეს გახლდათ საქართველოს იეზიდთა კავშირის თავლმჯდომარე როსტომ ათაშოვი. მე კი ვიტყვი, რომ ქურთების ორ წარმომადგენელთან საუბარმა დამარწმუნა შემდეგში - მათთვის ერაყში მოვლენების განვითარება ისევე მნიშვნელოვანია და მტკივნეული, როგორც მსოფლიოს ყველა სხვა ქურთისთვის, მიუხედავად იმისა, რომ მათ ვერც კი წარმოუდგენიათ ოდესმე საქართველოს მიტოვება და სხვაგან, თუნდაც ქურთისტანში სამუდამოდ წასვლა.


ერაყის კრიზისთან დაკავშირებით საქართველოში მცხოვრები ქურთების განწყობაზე ნინო გელაშვილი მოგითხრობდათ.