ქართველი ფსიქოლოგები წელს რევაზ ნათაძის
დაბადების ასი წლისთავს აღნიშნავენ. თუმცა დიმიტრი უზნაძის მოწაფის, ცნობილი პედაგოგისა და მეცნიერის, აკადემიკოს რევაზ ნათაძის იუბილეს, ალბათ, ხელოვნების მუშაკებიც, განსაკუთრებით თეატრის მოღვაწეები გამოეხმაურებიან. რევაზ ნათაძე ხომ პირველი იყო, ვინც ფსიქოლოგია კულტურის განუყოფელ ნაწილად გამოაცხადა და ქართული ხელოვნება მეცნიერების იმ დარგს დაუკავშირა, რომელსაც კომუნისტური იდეოლოგია ყოველთვის ეჭვის თვალით უყურებდა. რევაზ ნათაძის დაბადების ასი წლისთვს ეძღვნება ჩვენი დღევანდელი პროგრამა "ოქროს საუკუნე".
1983 წელს თბილისში საბჭოთა ფილმების მორიგი კინოფესტივალი ჩატარდა. საქართველოს ესტუმრნენ არა მარტო ცნობილი კინორეჟისორები, არამედ კინოთეორეტიკოსებიც, რომლებმაც თბილისში ჩამოსვლისთანავე წიგნების მაღაზიებს მიაკითხეს. ძალიან დიდი იყო მოთხოვნილება 70-იანი წლების მიწურულს საქართველოს დედაქალაქში ჩატარებული, არაცნობიერისადმი მიძღვნილი, სიმპოზიუმის მასალებზე, რომელიც სწორედ იმ დროს ოთხ ტომად გამოიცა. მოსკოვში ეს სიმპოზიუმი "ანტისაბჭოთად" მონათლეს და ქართველ ფსიქოლოგებს დაემუქრნენ კიდეც. არადა, სიმპოზიუმის მუშაობაში პრაქტიკულად ყველა ქართველი ფსიქოლოგი მონაწილეობდა. მათ შორის, იმხანად უკვე უხუცესი აკადემიკოსი რევაზ ნათაძე, რომელიც სიცოცხლის ბოლო წუთამდე აგრძელებდა პედაგოგიურ და სამეცნიერო მოღვაწეობას.
თბილისში ჩამოსულ მოსკოველ სტუმრებს ისიც კი გაუკვირდათ, რომ საქართველოს დედაქალაქში იყო ქუჩა, რომელსაც პავლოვის სახელი ერქვა. კინოფესტივალის მასპინძლებმა განვუმარტეთ მათ, რომ ეს იყო არა ფიზიოლოგ ივან პავლოვის, არამედ საბჭოთა კავშირის გმირის, სერჟანტ პავლოვის ქუჩა, თუმცა დავინტერესდით, საბურთალოს რაიონის ამ ქუჩას თუნდაც რომ ივან პოვლოვის სახელი რქმეოდა, რა უნდა ყოფილიყო ამაში გასაკვირი. თურმე იყო... ფიზიოლოგ ივან პავლოვის მოძღვრებას "უძრაობის წლებში", ისევე როგორც სტალინის ეპოქაში, თურმე "მკრეხელობად" მიიჩნევდნენ, ეჭვის თვალით უყურებდნენ იმ მეცნიერებსაც, რომლებიც უწინ პავლოვის მოძღვრების ინტერპრეტატორებად ითვლებოდნენ, მათ შორის, რევაზ ნათაძეს, უნივერსიტეტის ფსიქოლოგია-ფილოსოფიის ფაკულტეტის ერთ-ერთ პირველ ხელმძღვანელს, დიმიტრი უზნაძის მოწაფეს, ადამიანს, რომელმაც ფსიქოლოგიის ინსტიტუტში გენეტიკური ფსიქოლოგიის განყოფილება დააარსა ჯერ კიდევ მაშინ, როცა ჩვენში გენეტიკა ცეცხლით და მახვილით იდევნებოდა - 1942 წელს.
ფსიქოლოგმა შოთა ნადირაშვილმა რევაზ ნათაძეზე საუბრისას, პირველ რიგში, ამ ადამიანის პიროვნული მომხიბვლელობა გაიხსენა:
[შოთა ნადირაშვილის ხმა] "რევაზ ნათაძე გახლდათ ძალიან მომხიბლავი, კომუნიკაბელური, სოციალური ადამიანი... ერთ-ერთი პირველი პოპულარიზატორი დიმიტრი უზნაძის მოძღვრებისა."
კომუნიკაბელურობა ფსიქოლოგის ცხოვრების წესი უნდა იყოს. რევაზ ნათაძეს ეს კარგად ჰქონდა გააზრებული. მისი კოლეგები ამბობენ, რომ ქართველი მეცნიერი განსაკუთრებული ენერგიით გამოირჩეოდა და, რაც მთავარია, ამ ენერგიას, ტემპერამენტს იმ ადამიანებსაც გადასცემდა ხოლმე, რომლებთანაც ურთიერთობა ჰქონდა. შეიძლება ითქვას, იგი იყო "ურთიერთობის ფსიქოლოგი", რომელსაც სწამდა, რომ მხოლოდ სოციუმშია შესაძლებელი ადამიანის პიროვნებად ჩამოყალიბება, მაშინაც კი, როცა სოციუმზე ხელისუფლების დამთრგუნველი ძალა აქტიურად მოქმედებს. შოთა ნადირაშვილის თქმით:
[შოთა ნადირაშვილის ხმა] "სფერო და ინტრესები ძალიან ფართო ჰქონდა მას, მაგრამ მაინც ფოკუსირებული იყო რამდენიმე სპეციფიკურ საკითხზე - ერთ-ერთი მათგანი იყო ბავშვთან ცნების დაბრუნების გენეზისის კვლევა... ანუ კატეგორიზაციის პრობლემა, თუ როგორ ეუფლება ბავშვი კატეგორიზაციას. მან გამოყო კატეგორიის საერთო და სპეციფიკური ნიშნები."
კატეგორიის საერთო და სპეციფიკური ნიშნების ერთმანეთისგან გამოყოფა იმას ნიშნავს სწორედ, რომ რევაზ ნათაძე ადამიანის ინდივიდუალურობას, მის განსაკუთრებულობას აფასებდა და ყოველთვის ერიდებოდა საბჭოთა ფსიქოლოგიისთვის დამახასიათებელ განზოგადებებს. რა თქმა უნდა, მარქსისტულ იდეოლოგიაში მიუღებელ კატეგორიებს იგი ძალზე ფრთხილად აყალიბებდა, მაგრამ ცდილობდა ფსიქოლგია ვულგარულ-პარტიული მეთოდოლოგიისგან გაეთავისუფლებინა და გადაერჩინა თავისი მასწავლებლის, დიმიტრი უზნაძის, მოძღვრება. შოთა ნადირაშვილის თქმით:
[შოთა ნადირაშვილის ხმა] "ადამიანი, როგორც კატეგორია, შეიძლება განვიხილოთ როგორც საერთო ნიშნების მქონე - ორ ფეხზე დადის, კვება, გამრავლება ახასიათებს. სპეციფიკური ნიშნები არის ადამიანის ყურის ბიბილო, ან ღარი ტუჩის თავზე და არის არსებითი ნიშნები, რაც ადამიანს ადამიანად ხდის - ცნობიერების ჩამოყალიბება, მეტყველების უნარი, იარაღის გაკეთება. ამ პრობლემაზე თავიდან მუშაობდა დიმიტრი უზნაძე და შემდგომში რევაზ ნათაძემ ძალიან გააღრმავა."
ადამიანს - ადამიანად, პიროვნებად, პირველ რიგში, შემოქმედების უნარი, თუ შემოქმედების ვნება, ხდის. რევაზ ნათაძის ფსიქოლოგიური მოძღვრება, მისი სახელმძღვანელოები ხედვის ორიგინალურობით, ე.ი. კვლევის ობიექტის მიმართ შემოქმედებითი მიდგომით, გამოირჩევა და ამიტომ ბუნებრივია, რომ ქართველმა მეცნიერმა დიდი ყურადღება დაუთმო არა მარტო თავისი ახალგაზრდა კოლეგების, არამედ მსახიობების, რეჟისორების აღზრდასაც. შოთა ნადირაშვილის თქმით:
[შოთა ნადირაშვილის ხმა] "წარმოსახვის საშუალებებით განწყობის შექმნის თავისებურებანი... ის მუშაობდა თეატრალურ ინსტიტუტში მსახიობებთან და სწორედ შემოქმედებითი პროცესის ახსნა მოახერხა."
რევაზ ნათაძის ნაშრომებს შორის განსაკუთრებით გამოირჩევა გამოკვლევები, სახელწოდებით "სასცენო გარდასახვის ფსიქოლოგიური საფუძვლები" და "სივრცის მიმართულებათა აღქმის პრობლემა". ორივე გამოკვლევა ქართველი მსახიობების, შეიძლება ითქვას, "სივრცეში განთავისუფლებას" ისახავს მიზნად. საბჭოთა სისტემაში აღზრდილ, ე.ი. დათრგუნულ, იდეოლოგიური სტერეოტიპებით დამძიმებულ მსახიობს შანსი ეძლევა იგრძნოს თავისუფლების ნეტარება და ასე უფრო ადვილად მიიღოს სხვისი როლი, ფსიქოლოგების ტერმინოლოგია რომ მოვიშველიოთ, "ეგოსგან" განთავისუფლდეს. შოთა ნადირაშვილის თქმით:
[შოთა ნადირაშვილის ხმა] "მე ერთ-ერთი ბოლო სტუდენტი ვარ რევაზ ნათაძის, როცა უნივერსიტეტში ვსწავლობდი და უამრავი ნაცნობი ჰყავდა მსახიობებს შორის - სულ ხაზს უსვამდა, რომ მსახიობები სტატიკური განწყობის ადამიანები არიან, ცხოვრობენ იმ განწყობით, რომელიც როლიდან არის გამომდინარე და შემდგომ ისეთ სპეციფიკურ განწყობებს ქმნიან სწორედ წარმოსახვით რეალობაში არსებობით, რომელიც მხოლოდ შემოქმედებითი პროცესისთვის იყო დამახასიათებელი."
რა არის წარმოსახვითი რეალობა, თუ არა ადამიანის უნარი წარმოიდგინოს თავი ახალ სივრცეში, ახალ სისტემაში და მერე, თუკი ამის უნარი აქვს, გაიაზროს საკუთარი თავი იმ სივრცეში, სადაც ვერავინ ახერხებს მისი გრძნობების დათრგუნვას? არ არის შემთხვევითი, ალბათ, რომ რევაზ ნათაძემ დიდი ყურადღება დაუთმო ძილისა და სიზმრის ფენომენის კვლევას, ე.ი. ადამიანის არსებობის იმ სფეროს, სადაც იგი თავისი თავის, თავისი ცხოვრების რეჟისორი ხდება. იქ, სადაც პიროვნებას წართმეული აქვს ნება მოიწყოს თავისი ცხოვრება, შექმნას თავისი ცხოვრება, მხოლოდ ძილში თუა შესაძლებელი იგრძნო თავისუფლების გემო. შოთა ნადირაშვილის თქმით:
[შოთა ნადირაშვილის ხმა] "ძალიან საინტერესო გამოკვლევები აქვს მას არაცნობიერის სფეროში. მას ეკუთვნის "ძილი და სიზმარი" - ასეთი წიგნი. განსხვავებით ფროიდისგან, მან განწყობის ფსიქოლოგიაზე დაყრდნობით მოახერხა აეხსნა არაცნობიერის ფენომენი. ძილი და სიზმარი და სიზმარში არსებული პროცესები მან დაუკავშირა ფიქსირებულ განწყობებს, ძირითადად, ისეთ განწყობებს, რომლის მიღწევა ადამიანმა ვერ შეძლო... ასეთი ფიქსირებული განწყობები სპეციფიკურად ვლინდება სიზმარში."
იმ სისტემაში, რომელშიც რევაზ ნათაძეს მოუხდა მოღვაწეობა, ადამიანებს უამრავი ასეთი, შოთა ნადირაშვილს თუ დავესესხებით, "მიუღწეველი განწყობა" ჰქონდა. არ არის გამორიცხული, რომ სისტემის მარწუხებმა თავად რევაზ ნათაძის, როგორც მეცნიერის, მოღვაწეობაზეც იმოქმედა. სხვა დროს, სხვა სისტემაში, შესაძლებელია, მას უფრო მეტი გაეკეთებინა იმასთან შედარებით, რაც საბჭოთა ფსიქოლოგიის ზეწოლის ქვეშ მოახერხა.