ახალი მემარჯვენეების და სოციალისტების ფუნქცია პოლიტიკურ სპექტრში

სოციალისტური პარტიის თავმჯდომარე ვახტანგ რჩეულიშვილი ის პოლიტიკური ფიგურა იყო, რომელიც დიდხანს და დაბეჯითებით ითხოვდა ედუარდ შევარდნაძის გადადგომას მოქალაქეთა კავშირის
თავმჯდომარის პოსტიდან. ამასვე, არანაკლებ აქტიურად, ითხოვდა ახალი მემარჯვენეების ლიდერი – ლევან გაჩეჩილაძე. როდესაც მოქალაქეთა კავშირი დაიშალა და დაუძლურდა, ეს ორი ძალა – ახალი მემარჯვენეებისა და სოციალისტების პარტია – პოლიტიკის ექსპერტთა ყურადღების ცენტრში მოექცა. კონკრეტულად, ინტერესს იწვევდა მათი ფუნქცია ძალთა ახალ განლაგებაში. დღეს ეს პროცესი დასრულებულია.


პარტიის თავმჯდომარის პოსტიდან ედუარდ შევარდნაძის გადადგომის შემდეგ მოსალოდნელი იყო მოვლენების განვითარება ორი სცენარით: ან პრეზიდენტი დარჩებოდა საპარლამენტო უმრავლესობის გარეშე, ან მოქალაქეთა კავშირისგან გამიჯნულ პოლიტიკურ ჯგუფებს რომელიმე სხვა ძალა ჩაენაცვლებოდა და ედუარდ შევარდნაძის დასაყრდენი განახლდებოდა.

მრავალი თვის განმავლობაში პროცესი, თითქოს, პირველი სცენარით მიმდინარეობდა. მაგრამ ყოველთვის რჩებოდა ეჭვი, რომ თუ ძველებს რომელიმე სხვა ძალა მაინც შეცვლიდა, ეს სხვა ძალა ან ვახტანგ რჩეულიშვილის პარტია იქნებოდა, ან ლევან გაჩეჩილაძის პარტია. სწორედ ეს ორი ლიდერი ითხოვდა მოვლენების განვითარებას იმ გზით, რომელიც უსათუოდ გულისხმობდა მოქალაქეთა კავშირის დანაწევრებას.

ედუარდ შევარდნაძე საქმიან ურთიერთობებს ინარჩუნებდა როგორც სოციალისტების ლიდერთან, ასევე ახალი მემარჯვენეების თავმჯდომარესთან. ამიტომ კარგა ხანს ბუნდოვანი რჩებოდა, რომელ ძალას, რომელ პოლიტიკურ ფიგურას და, შესაბამისად, როგორ მიმართულებას აირჩევდა პრეზიდენტი სამომავლო თანამშრომლობისთვის. დღეს შეიძლება ითქვას, რომ ძალთა ახალ განლაგებაში, პრეზიდენტის ახალი გარემოცვის ჩამოყალიბებაში გადამწყვეტი როლი ავთანდილ ჯორბენაძის პოლიტიკურმა ფიგურამ შეასრულა.

სახელმწიფო მინისტრად ჯორბენაძის დანიშვნის შემდეგ ვახტანგ რჩეულიშვილი თანმიმდევრულად დაუახლოვდა პრეზიდენტს, ლევან გაჩეჩილაძე კი, თავის პარტიასთან ერთად, ასევე თანმიმდევრულად დაშორდა მას. სოციალისტების ბედი გარკვეულია: არჩევნებში ისინი სახელისუფლო პარტიასთან ერთად გამოვლენ. ვახტანგ რჩეულიშვილმა ოპოზიციური ნაპირიდან ყოჩაღად ისკუპა სახელისუფლო ნაპირზე. მოუგო თუ არა სოციალისტების ლიდერმა პრეზიდენტის გარემომცველი სივრცე ლევან გაჩეჩილაძესა და დავით გამყრელიძეს? საფიქრებელია, რომ აქ პიროვნებებს შორის დაპირისპირება მეორეხარისხოვანია, მთავარია პრეზიდენტის არჩევანი “კარგად დავიწყებული ძველის” და არა განახლების სასარგებლოდ.

სამომავლოდ განსაკუთრებით საინტერესოა ახალი მემარჯვენეების პოზიცია. პოლიტიკური პროცესის დღევანდელ ეტაპზე “ახლები” არ ამჟღავნებენ სურვილს, რომ ოპოზიციურ ბლოკში გაერთიანდნენ ნაციონალურ მოძრაობასა და მის პარტნიორებთან ერთად. თუ ახალი მემარჯვენეების პარტია არჩევნებში დამოუკიდებელ სუბიექტად მიიღებს მონაწილეობას, ამ გადაწყვეტილებას, სულ მცირე, ერთი სუსტი და ერთიც ძლიერი მხარე ექნება.

საქმე ისაა, რომ გაერთიანებული ოპოზიციის ბლოკი, თუკი იგი შეიქმნება, პროტესტული ხმების დიდ ნაწილს მიიმხრობს. ტრადიციულად, თავისი ამომრჩეველი ჰყავს ლეიბორისტულ პარტიასაც და დემოკრატიული აღორძინების კავშირსაც. ფართო ოპოზიციური სპექტრის პირობებში, ახალ მემარჯვენეებს სერიოზულ კონკურენტებთან მოუხდებათ საარჩევნო შეჭიდება და მათი დამხმარე ამ ბრძოლაში ვერავინ იქნება. მათ დამოუკიდებლად მოუხდებათ არჩევნებზე მოსული ელექტორატის მინიმუმ შვიდი პროცენტის ნდობის მოპოვება. მაშ, რას შესთავაზებს “ახლების” პარტია საქართველოს მოსახლეობას? სწორედ ამ თვალსაზრისით, შეიძლება პარტიის სერიოზულ პერსპექტივაზე ვისაუბროთ.

სავარაუდოა, რომ ერთიანი ოპოზიციური ბლოკი თავის საარჩევნო კამპანიას წარმართავს ნეგატიური პროგრამის ირგვლივ, რომლის არსი იქნება: “საქართველო შევარდნაძის გარეშე”. ეს ვარაუდი ეფუძნება ბლოკის შემადგენლობას. თუ ოპოზიციურ გაერთიანებაში თავს მოიყრიან სხვადასხვა პოლიტიკური გემოვნების ლიდერები, მათი გამაერთიანებელი ფაქტორი სწორედ შევარდნაძის ხელისუფლების დამხობა შეიძლება იყოს, რაც უკვე საჯაროდ ცხადდება კიდეც. ამ ვითარებაში ახალ მემარჯვენეებს უთავისუფლდებათ სივრცე პოზიტიური პროგრამის წარმოსადგენად. ეკლექტური ბლოკისგან გამიჯნული ახალი მამარჯვენეების პარტია მთელ საარჩევნო სპექტრში შეიძლება ერთადერთი ძალა აღმოჩნდეს, რომელიც ქვეყნის მოსახლეობას შესთავაზებს შენებას და არა ნგრევას. ეს უსათუოდ მომგებიანი ფუნქციაა, რომელსაც, ალბათ, ახლები მთელი სისავსით მოირგებენ – რაც ლოგიკური და სწორი იქნება. მაგრამ რამდენად მიიღებს და მიენდობა საზოგადოება “ახლების” პოზიტიურ პროგრამას, მხოლოდ არჩევნებში გამოჩნდება.

ხანგრძლივი პოლიტიკური პროცესის შედეგად, სოციალისტები ედუარდ შევარდნაძის გვერდით აღმოჩნდნენ, ახალი მემაჯვენეები კი – პრეზიდენტის პირისპირ. ახლა უპასუხოდ რჩება ერთი და მთავარი შეკითხვა: ვინ დარჩება მოგებული არჩევნების შემდეგ?!