რა იწვევს შიდაპარტიულ დაპირისპირებას მოქალაქეთა კავშირში

მოქალაქეთა კავშირში წარმოქმნილი ფარული თუ ღია კონფლიქტები ქართული პრესის ერთ-ერთი აქტუალური თემაა. რა ხდება სახელისუფლო პარტიაში სინამდვილეში - საზოგადოებისთვის უცნობია;
მაგრამ შიდაპარტიული დაპირისპირებისთვის რეალური საფუძველი ნამდვილად არსებობს.

მოქალაქეთა კავშირში ამჟამად რამდენიმე მეტ-ნაკლებად ძლიერი პოლიტიკური ფიგურაა: სახელმწიფო მინისტრი ავთანდილ ჯორბენაძე, დედაქალაქის მერი - ვანო ზოდელავა, პრეზიდენტის რწმუნებული ქვემო ქართლში - ლევან მამალაძე და საპარლამენტო თემატური უმრავლესობის არაფორმალური ლიდერი - ვიტალი ხაზარაძე. ამ პიროვნებებს შორის ურთიერთობის პრობლემას ორი საფუძველი აქვს. პირველი ის არის, რომ თითოეული მათგანის კარიერა მეტისმეტად გადაჯაჭვულია პირადად ედუარდ შევარდნაძის ძალაუფლებასთან. ამიტომ საფიქრებელია, რომ, 2005 წლის მოახლოებასთან ერთად, მათი წარმოდგენები საკუთარ მომავალთან დაკავშირებით სულ უფრო ბუნდოვან შინაარსს იძენს. რა დამოუკიდებელი ფუნქცია შეიძლება მოძებნონ პოლიტიკაში ჯორბენაძემ, ზოდელავამ, მამალაძემ ან ხაზარაძემ? მართლაც, ძნელი შეკითხვაა. ცხადია, ეს შეკითხვა მძიმე ფსიქოლოგიური წნეხია თითოეული მათგანისთვის და სერიოზული შფოთის მიზეზიც ხდება.

მეორე პრობლემა ისაა, რომ ზემოთ ჩამოთვლილი პოლიტიკური ფიგურები მეტისმეტად სუსტ პარტიას მიეკუთვნებიან. ბოლო არჩევნებში ამ პარტიამ - მოქალაქეთა კავშირმა - თბილისის მოსახლეობისგან სულ ორ პროცენტამდე მხარდაჭერა მიიღო. შესაბამისად, სამომავლო კარიერის უზრუნველსაყოფად მოქალაქეთა კავშირის ლიდერები საგანგებო ღონისძიებების გატარებაზე ფიქრობენ. არსებულ პირობებში თითოეული მათგანი ფლობს ძალაუფლების ბერკეტებს, მაგრამ არასაკმარისს წარმატებული კარიერის უზრუნველსაყოფად - განსაკუთრებით, შევარდნაძის პრეზიდენტობის შემდგომ პერიოდში. ამიტომ მათ ორი გზა აქვთ: ან გააერთიანონ ძალები და შეთანხმებულად იმოქმედონ საკუთარი მომავლის გადასარჩენად, ან შეეცადონ, რომ ერთმანეთის დასუსტების ხარჯზე გაძლიერდნენ.

ჯერჯერობით მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ მოქალაქეთა კავშირის ლიდერები ერთმანეთს არ ენდობიან. უნდობლობა კი სწორედ ის ფაქტორია, რომელიც თანამშრომლობას გამორიცხავს. ავთანდილ ჯორბენაძე, კარგა ხანია, საჯაროდ დაუპირისპირდა ვანო ზოდელავას. პრესის ვერსიით, სახელმწიფო მინისტრს ბოლო ხანებში სერიოზული კონფლიქტი აქვს ლევან მამალაძესთანაც. იმავდროულად, ლევან მამალაძის საპარლამენტო ფრაქცია არ ცნობს ვიტალი ხაზარაძის ლიდერობას და პირადად მას წვრილმანებშიც არ ემორჩილება. ვიტალი ხაზარაძე კი, თავის მხრივ, ჯორბენაძის გუნდის თავდადებული წევრია.

ამ ამღვრეულ ფონზე, ბევრისთვის მოულოდნელად, გასულ კვირაში პრეზიდენტმა მთავრობის სხდომაზე საჯაროდ განაცხადა: "თქვენ გახსოვთ ბოლო არჩევნები. მაშინ მე ფეხით შემოვიარე მთელი საქართველო. ახლა მოქალაქეთა კავშირს ვეუბნები, ბატონ ავთანდილს: ჩემი იმედი ნუ გაქვთ. ახლა ქვეყანას ფეხით მე ვერ შემოვივლი".

ედუარდ შევარდნაძის ამ მკაფიო განაცხადის შემდეგ, ალბათ, არცთუ დიდი დრო დასჭირდება იმის ამოცნობას, რა გზას აირჩევენ სახელისუფლო პარტიის ობლად დარჩენილი ლიდერები: გაერთიანებას თუ სრულ განხეთქილებას.