ახლა კი ბლიქსის მოხსენებაზე საერთაშორისო

ახლა კი ბლიქსის მოხსენებაზე საერთაშორისო რეაქციის შესახებ: რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იგორ ივანოვმა
ახლა კი ბლიქსის მოხსენებაზე საერთაშორისო რეაქციის შესახებ: რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იგორ ივანოვმა
უშიშროების საბჭოს წევრებს განუცხადა, რომ რუსეთი აუცილებლად მიიჩნევს ერაყში ინსპექციის პროცესის გაგრძელებას და რომ ამ პოზიციას ემხრობა მსოფლიოს სახელმწიფოთა უდიდესი ნაწილი. ბლიქსისა და ელ-ბარადეის გამოსვლის შემდეგ პოზიცია არ შეუცვლიათ არც ერაყის წინააღმდეგ ომის დაწყების სხვა მოწინააღმდეგეებს: საფრანგეთს, ჩინეთსა და გერმანიას. უშიშროების საბჭოზე საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პოზიციას, რომელიც ერაყში ინსპექციის ინტენსიფიკაციას შეეხებოდა, მხარი დაუჭირა სირიის საგარეო საქმეთა მინისტრმაც, რომლის თქმითაც, ერაყში ომის დაწყება მთელი რეგიონის დესტაბილიზაციას გამოიწვევს. უშიშროების საბჭოს სხდომაზე ერაყში საომარი მოქმედების მოწინააღმდეგეთა გამოსვლიდან რამდენიმე საათში ვაშინგტონში გამოძიების ფედერალურ ბიუროში გამოსვლისას ჯორჯ ბუშმა განაცხადა: "სადამ ჰუსეინს აქვს მასობრივი განადგურების იარაღი და ის მას იყენებდა. სადამ ჰუსეინი ატყუებდა და კვლავაც ატყუებს მსოფლიოს. სადამ ჰუსეინი დაკავშირებულია ტერორისტულ ქსელებთან. სადამ ჰუსეინი არის საფრთხე და ამიტომაც მოხდება მისი განიარაღება, ნებისმიერი გზით". ეგვიპტის პრეზიდენტმა ჰოსნი მუბარაქმა კი დღეს არაბულ ლიგის წევრ სახელმწიფოებს სასწრაფოდ ერაყის კრიზისზე სამიტის მოწვევისკენ მოუწოდა. მსგავსი მოწოდებით მიმდინარე კვირის დასაწყისში გამოვიდა კატარიც, რომელიც 57 წევრიანი ორგანიზაციის _ "ისლამური კონფერენციის" თავმჯდომარე გახლავთ.