საქართველოს რკინიგზას სპეციალური გასამხედროებული დაცვა ეყოლება

28 იანვარს სამტრედიის ახლოს მომხდარმა სარკინიგზო ავარიამ, რომლის მიზეზებსაც სამართალდამცველი ორგანოები დღემდე იძიებენ, საქართველოს ხელისუფლება კიდევ ერთხელ დაარწმუნა,
რომ მაგისტრალებისა და სტრატეგიული ხიდების დაცვა საქართველოში ძალზე განყენებულ მცნებას წარმოადგენს. მაგისტრალების უსაფრთხოებაზე საუბრობდა პარასკევს გამართულ პრესკონფერენციაზე რკინიგზის დეპარტამენტის ხელმძღვანელი აკაკი ჩხაიძე, რომელმაც განაცხადა, რომ სარკინიგზო მიმოსვლის უსაფრთხოებას სულ მალე გასამხედროებული დაცვა გააკონტროლებს. თუმცა რკინიგზის შეფს არანაკლებ აშფოთებს მის წინააღმდეგ აგორებული კამპანია, რასაც საქართველოს პრეზიდენტის მიმართ მისი უსაზღვრო ერთგულების საზღაურად მიიჩნევს.

საქართველოს რკინიგზა ქვეყნის ბიუჯეტის ერთ-ერთი მსხვილი დონორია. 2002 წელს რკინიგზის მიერ ბიუჯეტში შეტანილმა თანხამ 55 მილიონ ლარს მიაღწია. მაგრამ გასულმა წელმა ისიც აჩვენა, რომ ტვირთბრუნვის მოცულობის ზრდას, რაც საერთაშორისო პროექტებისა და ახალი მარშრუტების ამოქმედებასთან არის დაკავშირებული, შესაბამისი სარკინიგზო მომსახურება და ტვირთების უსაფრთხოება სჭირდება. გასულ წელს კასპში, ხოლო რამდენიმე დღის წინ სამტრედიის რაიონთან მომხდარმა სარკინიგზო ავარიამ, რომლის დროსაც ნავთობით დატვრითული რამდენიმე ცისტერნა რკინიგზის ხაზიდან გადავარდა და დაიწვა, რკინიგზის ხელმძღვანელობას სერიოზული საფიქრალი გაუჩინა. საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტის თავმჯდომარე აკაკი ჩხაიძე გამოძიების დასრულებამდე თავს იკავებს ამ ფაქტს დივერსია უწოდოს, მაგრამ მაინც ფრთხილად მიანიშნებს გარეშე ზემოქმედების შესაძლებლობაზე.

[აკაკი ჩხაიძის ხმა]"მაგრამ ეგ ხიდი დაუცველია. მატარებელი, რომელიც ამ ხიდზე თითქმის გადასული იყო, მოძრაობდა დაახლოებით 40 კილომეტრ საათი სიჩქარით, რაც დასაშვები არის. მოხდა ასეთი სასწაული - შეიძლება ასე ითქვას, მილიონში ერთი: ჩავარდა ფერმა მთლიანად, რაზეც გადაიარა ამ მატარებელმა. ერთი ვაგონი მთლიანად ჩაიყოლა და ორი ვაგონი იქედან - როგორც მარჯვენა, ისე მარცხენა მხარე -ჩაიყოლა."[სტილი დაცულია]

აღსანიშნავია, რომ ასეთი არასასიამოვნო სასწაული შემთხვევამ ერთხელ უკვე მოუწყო საქართველოს რკინიგზის ხელმძღვანელს, როდესაც მის მიერ აშენებულ "ლოკომოტივის" სტადიონზე საქართველო-რუსეთის ფეხბურთელთა ნაკრების ასპარეზობის დროს შუქი გაითიშა. ამჟამად, შესაძლოა, ქვეყნის ავტორიტეტი ნაკლებად დაზიანდა, - ზარალი, რომლის დაფარვაც სამტრედიასთან მომხდარი ავარიის შემდეგ რკინიგზას მოუწევს, სულ 120 ათას ლარს შეადგენს, - მაგრამ, თუ რკინიგზაზე მიმოსვლის უსაფრთხოება პრიორიტეტული არ გახდა, საბოლოო ზიანი, შესაძლოა, კიდევ უფრო დიდი აღმოჩნდეს. ამიტომ, როგორც ჩვენთან საუბარში აკაკი ჩხაიძემ განაცხადა, იმ თანხებით, რასაც რკინიგზა პოლიციას უხდის, ის დაიქირავებს სპეციალურ სამხედრო ქვედანაყოფს, რომლის შექმნას ქვეყნის ერთიანი საინჟინრო უზრუნველყოფის სისტემაც ითვალისწინებს.

[აკაკი ჩხაიძის ხმა] "დავაყენეთ მაგი საკითხი უკვე გუშინ და ჩევნ გვინდა, ვაენიზირებულ ახრანას ვეძახდით ადრე, სამხედრომ რომ დაიცვას, სპეციალურად გაწვრთნილმა ჯგუფმა, რომელიც ესე იგი მისადაგებული იქნება ტვირთების დაცვაზე." [სტილი დაცულია]

მაგრამ, როგორც გაირკვა, რკინიგზაზე მომხდარ თუ რკინიგზის სახელთან დაკავშირებულ ყველა ინციდენტს აკაკი ჩხაიძე მაინც ედუარდ შევარდნაძის წინააღმდეგ წარმოებული კამპანიის შემადგენელ ნაწილად მიიჩნევს. და ამ უცილობელი ჭეშმარიტების დამტკიცებას ჟურნალისტთა კავშირში პარასკევს გამართული პრესკონფერენციის დიდი ნაწილი დაეთმო.

[აკაკი ჩხაიძის ხმა] "ვადასტურებ, რომ აქ ისე მარტივადაც არ არის საქმე. ყველა ღონეს ხმარობს გარკვეული ძალა, რომ, ესე იგი, რკინიგზა გამოიყვანოს მდგომარეობიდან, შემდეგ გამოაცალოს ქვეყნის პრეზიდენტს, ქვეყანას ასეთი დიდი უწყება, როგორიც რკინიგზა არის და, აქედან გამომდინარე, ძალიან დიდი ბრძოლები მიდის, რომ როგორმე ამ საწადელს მიაღწიონ." [სტილი დაცულია]

ხოლო ის, რაც ვერ თქვა აკაკი ჩხაიძემ, ნათქვამი იყო საქართველოს პრეზიდენტის კონსულტანტის გია ლომაძის მიერ გადაღებულ დოკუმენტურ ფილმში, რომლის ეკრანზე გაშვებისგან სახელმწიფო ტელევიზიამაც კი თავი შეიკავა.