საზოგადოებრივი დოვლათის გადანაწილების ორი პრინციპი

ბოლო წლების განმავლობაში ტენდენციად ყალიბდება ქართული საზოგადოების ორგვარი, ურთიერთსაწინააღმდეგო, შეფასება. ერთი მხრივ, აღიარებულია, რომ ჩვენ ვცხოვრობთ
ღარიბ საზოგადოებაში, რომლის წევრები ხშირად საკვებითაც კი ვერ უზრუნველყოფენ საკუთარ თავს. მეორე მხრივ, ძნელია, ჩვენი საზოგადოება ერთმნიშვნელოვნად შეფასდეს როგორც "ღარიბი": რესტორნები, კაზინოები და სუპერმარკეტები მთელი დატვირთვით მუშაობს, მოსახლეობის დიდი ნაწილი საკუთარი მანქანით ან სამარშრუტო ტაქსით მგზავრობს, მოიხმარს მობილურ ტელეფონს და სხვ... მაშ, როგორია ჩვენი საზოგადოება, მატერიალური უზრუნველყოფის თვალსაზრისით?

ამ შეკითხვის პასუხად მინდა გესაუბროთ საზოგადოებრივი დოვლათის გადანაწილების ორ პრინციპზე.

ცნობილი ფსიქოლოგი და კულტუროლოგი რუთ ბენედიქტი ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში წერდა, რომ არ არის სწორი საზოგადოების შეფასება "სიღარიბის" ან "სიმდიდრის" კრიტერიუმით. სამაგიეროდ, ნებისმიერი საზოგადოება შეიძლება შეფასდეს იმის მიხედვით, თუ როგორ ანაწილებს იგი სახალხო დოვლათს. ძველ დროშიც და თანამედროვე მსოფლიოშიც დოვლათის გადანაწილება ხდება ორი პრინციპით. პირველ შემთხვევაში, მდიდარი ოჯახებიდან დოვლათი მუდმივად შეედინება ღარიბ ოჯახებში; მეორე შემთხვევაში კი, პირიქით, დროის დინებასთან ერთად, მდიდრები კიდევ მეტად მდიდრდებიან, ღარიბები კი სრულიად ღატაკდებიან.

საზოგადოების წევრების მატერიალური გათანაბრების პრინციპი სულაც არ არის დემოკრატიის მონაპოვარი. თავად რუთ ბენედიქტი აღწერს რეზერვაციაში მყოფი ინდიელების ერთ-ერთი ტომის რიტუალს, რომელსაც "მზის ცეკვა" ეწოდება. ეს რიტუალი წელიწადში ერთხელ სრულდება. ამ დღეს ტომის მდიდარი ადამიანები საკუთარ სარჩო-საბადებელს ერთიანად გამოფენენ საზოგადოების წინაშე და საკუთარ ქონებას ღარიბებს და უპოვრებს უნაწილებენ. რიტუალის დასრულების შემდეგ მათ ავლადიდებას ერთი ხელი ტანსაცმელიღა შეადგენს.

ამ ტომში ყველაზე მდიდარ ადამიანად სწორედ იმას მიიჩნევენ, ვინც ყველაზე მეტს გასცემს და, ბოლოს, ყველაზე ღარიბი რჩება. ხოლო ადამიანს, რომელიც საკუთარ პირუტყვსა და ცხენებს გასაცემად არ იმეტებს, არავითარ შემთხვევაში მდიდართა შორის არ მოიხსენიებენ.

ცხადია, რომ ამგვარად მოწყობილ საზოგადოებაში მისი ერთი წევრის წარმატება ყველა დანარჩენის მიერ საკუთარ სიკეთედ და გამარჯვებად აღიქმება. იქ არ არსებობს კონკურენცია და დაპირისპირება ქონების მოპოვების ნიადაგზე. სხვათა შორის, სწორედ ასეთი საზოგადოებაა აღწერილი "ვეფხისტყაოსანში" - საზოგადოება, რომელშიც სიმდიდრე მუდამ გადაედინება მდიდრების ოჯახებიდან ღარიბების ოჯახებში. ამის დასტურად საკმარისია გავიხსენოთ თინათინის გამეფება. სწორედ ამ რიტუალის აღსრულებისას ასწავლის ბრძენი მეფე როსტევანი თავის ასულს: "რასაცა გასცემ, შენია, რას არა - დაკარგულია". თინათინიც, მამის სწავლების მიმდევარი, იმ დღესვე მთლიანად გასცემს თავის სახელზე არსებულ დოვლათს. შედეგად კი, რიტუალის დამსწრე არც ერთი ადამიანი არ რჩება მეფის წყალობის მიღმა.

თანამედროვე ქართულ საზოგადოებაში მატერიალური დოვლათი სულ სხვა პრინციპის მიხედვით ნაწილდება. ადამიანები, რომლებიც საკუთარი დანაზოგით მცირე ბიზნესის წარმოებას აპირებენ, ხშირად ყველაფერს კარგავენ და ღატაკდებიან. სამაგიეროდ, დიდი ბიზნესი სულ უფრო და უფრო მეტად შლის ფრთებს. იმის გამო, რომ პროდუქტი ძვირდება, იზრდება საზოგადოების ის ნაწილი, რომელსაც საკუთარი თავისა და ოჯახის რჩენაც უჭირს, ხოლო საზოგადოების მეორე ნაწილის კეთილღეობა განუხრელად იზრდება. დოვლათის გადანაწილების კლასიკურ მაგალითად უნდა მივიჩნიოთ ანაბრების ისტორია. საბჭოთა კავშირის პერიოდში საშუალო და დაბალი ფენის ოჯახები ბანკებში ინახავდნენ თანხას, რომელსაც ხშირად, პირობითად ან პირდაპირი მნიშვნელობით, "დასამარხ ფულად" მოიხსენიებდნენ. ეს ფული, რომელიც თითო ოჯახისთვის ორ ან სამ ათას მანეთს არ აღემატებოდა, ერთიანად სოლიდურ თანხას შეადგენდა. ასე რომ, შედარებით მცირე თანხა დაკარგა საზოგადოების მრავალმა წევრმა და უდიდესი სიმდიდრე შეიძინა სულ რამდენიმე ადამიანმა. ანაბრების შემთხვევა ყველაზე თვალსაჩინოდ ადასტურებს, რომ ჩვენს საზოგადოებაში დოვლათი ნაწილდება მეორე პრინციპით: მდიდარი კიდევ მეტად მდიდრდება, ხოლო ღარიბი მთლად ღატაკდება.

ასეთ საზოგადოებაში მისი ერთი წევრის წარმატება მეორის წარუმატებლობას ეფუძნება. ერთის გამდიდრება მეორის გაღატაკების ხარჯზე ხდება. მდიდრებსა და ღარიბებს შორის ღრმა უფსკრულია და სულ უფრო მეტ ადამიანს უჩნდება განცდა, რომ მის ირგვლივ უსამართლობა სუფევს, რომ მას ჩაგრავენ და ამცირებენ. ამგვარად მოწყობილი საზოგადოება მუდამ აფეთქების ზღვარზეა და პრინციპულად უუნაროა, შექმნას რაიმე ღირებული.