ბალანსის პოლიტიკის შედეგი

იმ წლების განმავლობაში, რაც ქართული პოლიტიკის ყველაზე გავლენიან ფიგურად ედუარდ შევარდნაძეა მიჩნეული, მთავარ სახელისუფლო ტენდენციად ბალანსის პოლიტიკა სახელდებოდა.
თუმცა ბალანსის მრავალწლიანი პოლიტიკა მაშინ დასრულდა, როდესაც პრეზიდენტის ყოფილმა თანამოაზრეებმა მაღალი თანამდებობები პროტესტის ნიშნად დატოვეს.

რას ელოდა საზოგადოება სხვადასხვა პოლიტიკური მიზნების მქონე ძალთა დაბალანსების პროცესიდან და რა აღმოჩნდა ბალანსის პოლიტიკის შედეგი?

პოლიტიკის ექსპერტი გია ნოდია იყო პირველი, ვინც განმარტა: განვლილი წლების განმავლობაში სახელმწიფო თავის მოქალაქეებს არაპირდაპირ არწმუნებდა, რომ კორუფცია აუცილებელი იყო სტაბილურობის შესანარჩუნებლად; რომ როგორც კი დაიწყებოდა კორუფციასთან ბრძოლა, მაშინვე დაირღვეოდა ძლივს მიღწეული საზგადოებრივი სიმშვიდე და, რაც მთავარია, სამუდამოდ ჩაიშლებოდა საერთაშორისო პროექტები. ეს პოზიცია თავისთავად გულისხმობდა, რომ კორუფცია იყო ერთგვარი ხარკი, რომელიც საზოგადოებას უნდა გაეღო სამომავლო კეთილდღეობის სანაცვლოდ.

შესაბამისად, თუ საზოგადოება მოთმინებით ეკიდებოდა ბალანსის პოლიტიკას და მის შემადგენელ ნაწილს – კორუფციას, სწორედ იმ მოლოდინით, რომ კორუფციის თანაარსებობა რეფორმის ელემენტებთან დროებითი მოვლენა უნდა ყოფილიყო.

წარმოვიდგინოთ კორუფციული პირამიდა: ჩრდილოვანი თანხები უწყვეტად მიედინება ქვემოდან ზემოთ და სულ უფრო სოლიდურად ისხამს ფერ-ხორცს. ამ პირამიდას ხელისუფლებაში ბევრი დამცველი ჰყავდა და ჰყავს. ხელისუფლების ნაწილს წარმოადგენდა გარდაქმნის მომხრეთა ჯგუფიც, რომელიც, თავის მხრივ, კორუფციული პირამიდის დანგრევისთვის მუშაკობდა. საზოგადოება ბალანსის პოლიტიკას სწორედ ამგვარად აღიქვამდა: ხელისუფლება შედგებოდა პრეზიდენტისა და ორი ჯგუფისგან, რომელთაგან ერთი კორუფციული პირამიდის შენარჩუნებისთვის იბრძოდა, მეორე კი თავის კარიერას ამ პირამიდის ნგრევას უკავშირებდა.

რითი შეიძლებოდა დასრულებულიყო ამ ძალების თანაარსებობა? ცხადია, გამარჯვება და ძალაუფლება ან ერთს უნდა დარჩენოდა, ან მეორეს. საზოგადოების ინტერესს ყოველთვის წარმოადგენდა მეტი კეთილდღეობა, რაც მხოლოდ არსებული კორუფციული სისტემის დანგრევით მიიღწევა. ამიტომ ბალანსის პოლიტიკის დასრულებას უკავშირდებოდა მოლოდინი, რომ სტაბილურობის პირობებში გაძლიერებული სახელმწიფო კორუფციულ პირამიდებს შედარებით უმტკივნეულოდ დაანგრევდა.

თუმცა საზოგადოების მოთმინება და ამტანობა ედუარდ შევარდნაძემ სწორედ იმისთვის გამოიყენა, რომ ორ ძალას შორის ბრძოლა კორუფციის პარტიის სასარგებლოდ დაესრულებინა. მთელი საპრეზიდენტო ძალაუფლება მან არსებული სისტემის შენარჩუნებას, გარდაქმნების შეჩერებას მოახმარა. საზოგადოება მწარედ მოტყუებული დარჩა. ახლა უდიდესი ენერგიაა საჭირო იმისათვის, რომ კორუფციის პარტიის ხელში თავმოყრილი ბერკეტები გარდაქმნის მომხრეთა ხელში აღმოჩნდეს. სხვა საქმეა, რამდენად რეალურად მოინდომებენ და შეძლებენ სისტემის გარდაქმნას ის ძალები, რომლებიც საზოგადოებას ჰპირდებიან, რომ კორუფციის დაძლევით შესაძლებელია სიდუხჭირის ერთხელ და სამუდამოდ დაძლევა.