რა ბედი ეწია ქართული შრიფტის ლაბორატორიას

ქართული ბეჭდვითი და კომპიუტერული შრიფტების უმრავლესობა 1960 წლიდან მოქმედი შრიფტების ექსპერიმენტულ ლაბორატორიაში ანტონ დუმბაძის მიერაა შექმნილი. ეს ლაბორატორია დღეს აღარ არსებობს,
რადგან იმ შენობის ახალმა მესაკუთრეებმა, სადაც ლაბორატორია იყო განთავსებული, სასტუმროს გახსნა გადაწყვიტეს. დაუფინანსებელი დარჩა შრიფტის ლაბორატორიის განვითარების პროგრამაც და ახლა შრიფტების უნიკალური ესკიზები და სხვა მასალები საცხოვრებელი სახლის სხვენზე ინახება.

1990-იანი წლებიდან საქართველოში იწყება კომპიუტერული ტექნიკის ფართოდ გავრცელება. კომპიუტერი კი სათანადო ქართული შრიფტის შექმნას მოითხოვდა და იმ განუკითხაობის წლებში შრიფტებიც დილეტანტების მიერ დამზადდა არასტანდარტულად.

კომპიუტერული პროგრამების მეშვეობით, შრიფტების უმრავლესობა ანტონ დუმბაძის ნამუშევრების ასლია. ამჟამად საქართველოში სწორედ ასეთი შრიფტები ჭარბობს. არადა, წლების წინ შრიფტის მეცნიერულ დამუშავებას სერიოზული ყურადღება ეთმობოდა.

ექსპერიმენტულ ლაბორატორიაში შექმნილ ყველა შრიფტის გარნიტურას სახელმწიფო კომისია განიხილავდა. ასეთი კომისია პოლიგრაფისტების, ენათმეცნიერების, ფსიქოლოგების,
კულტურისა და მედიცინის წარმომადგენლებისგან იყო დაკომპლექტებული და მას ანტონ დუმბაძის 50-მდე გარნიტურა აქვს დამტკიცებული. მათ შორისაა: „კოლხეთი", „ლიტერატურული", „დედა ენა", „დუმბაძე" და სხვა მრავალი. გარნიტურა „უნივერსიტეტი" კი აკაკი შანიძესთან მჭიდრო თანამშრომლობითაა შექმნილი. ასევე აღსანიშნავია შრიფტი "ენციკლოპედიური", რომელმაც ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის მოცულობა 30%-ით შეამცირა, ანუ 16 ტომის ნაცვლად, დუმბაძის შრიფტის წყალობით, 11 ტომი დაიბეჭდა. ანტონ დუმბაძეს ეკუთვნის შრიფტი „ილია" და ბიბლიის შრიფტი „ილია მეორე".

1997 წლიდან ანტონ დუმბაძის მიერ დამუშავდა ახალი ქართული ენციკლოპედიის კომპიუტერული შრიფტიც, იმისდა მიუხედავად, რომ შრიფტის ლაბორატორიას არც კომპიუტერი გააჩნდა და ბიუჯეტიდანაც აღარ ფინანსდებოდა. სახელმწიფომ ანტონ დუმბაძის ნამოღვაწარი 1998 წელს მხოლოდ ღირსების ორდენით დააფასა, რომლის მიღებიდან ორი დღის შემდეგ ქართული შრიფტის ხელოვანი ავტო-საგზაო შემთხვევას ემსხვერპლა.

ანტონ დუმბაძის ნამუშევრების განვითარება, ანუ შრიფტების კომპიუტერიზაცია, თემურ დუმბაძემ სცადა და სოროსის ფონდის კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენის პროგრამას პროექტი შესთავაზა, მაგრამ უარი მიიღო. თემურ დუმბაძე ქართული შრიფტის ლაბორატორიის გადარჩენის პროექტს ასე აღწერს:
[თემურ დუმბაძის ხმა] „შეძენილი უნდა ყოფილიყო კომპიუტერული აპარატურა. რომლის მეშვეობითაც მთელი ეს ქართული შრიფტების გარნიტურები იქნებოდა დამუშავებული ციფრულად, შეიქმნებოდა სპეციალური სტანდარტი, გამოიცემოდა კატალოგი და მსურველებს, მწარმოებლებს დაურიგდებოდათ უფასოდ ამ შრიფტების მთელი კოლექცია."

იმავე ფონდმა მხარი დაუჭირა სხვა ორგანიზაციის მიერ მომზადებულ პროექტს, რომელიც ქართული შრიფტების კატალოგის შექმნას ისახავდა მიზნად. თუმცა როგორ უნდა მომზადებულიყო ასეთი კატალოგი, თუკი მასში დუმბაძის ნამუშევრები არ შევიდოდა, ძნელი სათქმელია. სწორედ ამიტომაც დაფინანსებული პროექტის ორგანიზატორებსა და დუმბაძის საქმის გამგრძელებლებს შორის დიდხანს გრძელდებოდა დავა შრიფტების ესკიზების მესაკუთრეობაზე.

ამ შემთხვევაში საავტორო უფლებების დაცვა მოხერხდა, თუმცა ეს ყოველდღიურ საქმიანობაში ჯერჯერობით ვერ ხერხდება. უამრავი გამომცემლობა თუ კომპიუტერული ფირმა,
სახელმწიფო დაწესებულებები თუ მსხვილი ბანკები ისე მოიხმარენ ანტონ დუმბაძის მიერ შექმნილ შრიფტებს, რომ არათუ ავტორის შრომის საზღაურზე, არამედ შრიფტების განვითარებაზეც ნაკლებად ფიქრობენ. ამიტომაა, რომ დუმბაძისეული შრიფტის ლაბორატორიის უნიკალური და ორიგინალური ესკიზები მრავალსართულიანი სახლის სხვენს აფარებს თავს.