თანამედროვე ქართული ნომენკლატურა

ერთ-ერთი მთავარი ნიშანი, რითაც საქართველოს სახელმწიფო უნდა განსხვავდებოდეს საბჭოთა საქართველოსგან, ისაა, რომ მას არ შეიძლება ჰყავდეს ნომენკლატურა – თანამდებობის პირები,
რომლებიც ინიშნებიან და იხსნებიან გავლენიან ადამიანთა ვიწრო წრის რეკომენდაციებით და სარგებლობენ განსაკუთრებული პრივილეგიებით.

დემოკრატიულ ქვეყნებში ძალაუფლება ეკუთვნის ხალხს, არადემოკრატიულ ქვეყნებში კი – ნომენკლატურას. ვინ მართავს საქართველოს?

საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ათ წელიწადზე მეტი გავიდა. რატომ ვერ ხერხდება ქვეყნის მართვა იმგვარად, რომ მოსახლეობამ იგრძნოს დამოუკიდებლობის ხიბლი და, რაც მთავარია, იგრძნოს თავი ქვეყნის პატრონად? დღემდე არსებული და გადაუჭრელი პრობლემების არსი სწორედ ისაა, რომ ქვეყნის მმართველი ფენა წარმოადგენს ნომენკლატურას, არ წარმოადგენს ხალხს და, შესაბამისად, არ არის პასუხისმგებელი ქვეყნის მოსახლეობის მიმართ.

ამა თუ იმ მაღალ თანამდებობაზე კანდიდატი დღემდე გავლენიან ადამიანთა ვიწრო წრეში ირჩევა. ამგვარად შერჩეული თანამდებობის პირები ქმნიან ნომენკლატურას, რომელიც მთლიანად ეუფლება სახელმწიფო ძალაუფლებას და შემდეგ, მოპოვებული ბერკეტების მეშვეობით, საკუთარ კეთილდღეობას უქვემდებარებს ქვეყნის ეკონომიკას. ნომენკლატურა ახორციელებს ქვეყნის პოლიტიკურ მართვას, ეს არის მისი მთავარი ფუნქცია, მიზანი და ბერკეტი. ნომენკლატურისთვის პირველადია ძალაუფლება, საკუთრება კი მხოლოდ მისი ბუნებრივი გაგრძელებაა.

პოლიტიკური კონსერვატიზმი თუ ეკონომიკური რეფორმა? კადრების სტაბილურობა თუ ახალი სახეები? პირადი ერთგულება თუ პროფესიონალიზმი? მეტი სახელმწიფო ჩარევა - ოფიციალური ან არაოფიციალური - თუ საბაზრო ეკონომიკა? ერთი პიროვნების ირგვლივ შემოკრებილი მმართველი ელიტა თუ ხალხის მმართველობა? ამ შეკითხვებზე პასუხი დიდი ხანია გაცემულია: ცხადია, ხელისუფლება ირჩევს ეკონომიკურ რეფორმას, ახალ სახეებს, პროფესიონალიზმს, საბაზრო ეკონომიკას და დემოკრატიას. მაგრამ წლები გადის და ამგვარი არჩევანი ვერბალურ დონეზე რჩება, საქმით კი მხოლოდ ის დასტურდება, რომ ქვეყანას მართავს ნომენკლატურა – პრივილეგირებულთა მცირე ფენა, რომელიც წლიდან წლამდე უცვლელად ინარჩუნებს ძალაუფლებას და, თუ მეტისმეტად გაჭირდა, თანამდებობებს უცვლის ერთმანეთს. ნომენკლატურა საკუთარ მდგომარეობას ნებით არ თმობს და ხელისუფლების წევრიც ვერ ეგუება იმ აზრს, რომ, შესაძლოა, ხვალ კაბინეტი აღარ ჰქონდეს, ან მანქანა არ ემსახურებოდეს.

ქვეყნის მართვა ნომენკლატურის მეშვეობით სრულად განაპირობებს იმ რეალობას, რომ არც ერთ სფეროში რეფორმა არ მიმდინარეობს და განვითარებაც ვერ ხერხდება. შესაძლოა, თანამდებობის პირები დროდადრო კიდეც შეიცვალონ, მაგრამ უცვლელია შიდა განაწესი, რომლითაც მმართველი ელიტა მოქმედებს. ეს შიდა განაწესი კი გულისხმობს ნომენკლატურის ციხე-სიმაგრისა და მისი მასაზრდოებელი კორუფციული პირამიდების შენარჩუნებას ნებისმიერი მისაღები თუ მიუღებელი ხერხით. შედეგად, მმართველ ელიტას საკუთარი თავის დაცვის ინსტინქტი ადუღაბებს ერთმანეთთან და, იმავდროულად, აპირისპირებს ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესებთან.