ანდრო ეული, პრაღა
გასულ კვირაში, როცა საქართველომ ოფიციალურად გამოთქვა ნატოში გაწევრიანების სურვილი, პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ აღიარა, რომ ნატოსკენ მიმავალ გზაზე მის ქვეყანას მრავალი სიძნელის დაძლევა მოუხდება.
ნატოს პრაღის სამიტის გახსნის წინა დღეს, რადიო "თავისუფლებისა" და რადიო "თავისუფალი ევროპის" შტაბ-ბინაში გამოსვლისას, შევარდნაძემ თქვა, რომ საქართველოს, პირველ რიგში, ეკონომიკური მომძლავრება და საკუთარი კონტროლის აღდგენა ესაჭიროება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. თუმცა, ნატოსკენ მიმავალ გზაზე ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემად კორუფცია რჩება.
საანგარიშო მოხსენებაში, რომელიც 28 აგვისტოს გამოაქვეყნა ბერლინში მოქმედმა არასამთავრობო ორგანიზაციამ "ტრანპარენსი ინტერნეშნლმა", რომელსაც კორუფციის ფაქტები გამოაქვს სააშკარაოზე, ნათქვამია, რომ ყველაზე ნაკლებ კორუმპირებულიდან ყველაზე მეტად კორუმპირებული ქვეყნების სიაში, რომელშიც 102 სახელმწიფოა მოხსენიებული, საქართველო, უკრაინასა და ვიეტნამთან ერთად, 85-ე ადგილზეა.
მოხსენებაში ნათქვამია, აგრეთვე, რომ კორუფციამ ფართოდ მოიკიდა ფეხი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში, სადაც გენერლები ჯიბეებს ისქელებენ იმ თანხით, რომელიც სურსათ-სანოვაგით ჯარისკაცების მოსამარაგებლადაა გამიზნული, ხოლო ნესტიანსა და ცივ ყაზარმებში მცხოვრები ჯარისკაცები ლამის შიმშილობამდე არიან მისული.
მიუხედავად იმისა, რომ შევარდნაძემ ორი წლის წინათ ივალდებულა, ბოლო მოუღოს რესპუბლიკის ყველა სფეროში, მათ შორის შეიარაღებულ ძალებში გამეფებულ კორუფციას, საქართველოში ამ მხრივ თითქმის არაფერი შეცვლილა.
როგორც ყოველკვირეულ გაზეთ "კვირის პალიტრის" კორესპონდენტი ირაკლი ალადაშვილი აღნიშნავს, მის არაერთ ცდას, თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებში ფართომასშტაბიანი კორუფციის ფაქტები გამოეაშკარავებინა, არსებითი შედეგი არ მოჰყოლია.
"არაერთხელ გვიცდია, სააშკარაოზე გამოგვეტანა შეიარაღებულ ძალებში ფეხმოკიდებული კორუფცია, მაგრამ ამით არაფერი იცვლება. მე, ჟურნალისტი, უკვე ათი წელია ვწერ კორუფციისა და სხვა პრობლემების შესახებ, მაგრამ ისიც ვიცი: დავწერ თუ არ დავწერ, სულერთია – ამას არავითარი მნიშვნელობა არა აქვსო" – თქვა ირაკლი ალადაშვილმა.
ვითარება საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ისეთი საგანგაშო არ არის, როგორიც მეზობელ აზერაიჯანში, სადაც ინფექციური დაავადებების, უჭმელობის, თვითმკვლელობების, მკაცრი რეჟიმისა და არასათანადო სამედიცინო მომსახურების შედეგად, 1994 წლიდან მოყოლებული, როცა მეზობელ სომხეთთან საზავო შეთანხმება გაფორმდა, 5000 ჯარისკაცი გარდაიცვალა.
მაისში, საქართველოში ერთკვირიანი ვიზიტის დამთავრების შემდეგ, აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მრჩეველმა ოთარ შალიკაშვილმა განაცხადა, რომ ვითარება საქართველოს შეიარაღებულ ძალებში გაცილებით უარესია, ვიდრე ამას რესპუბლიკის მთავრობა აღიარებს.
როგორც ირაკლი ალადაშვილმა ჩვენი რადიოსათვის მოცემულ ინტერვიუში განაცხადა, კორუფციამ უკიდურესად დააკნინა საქართველოს შეიარაღებული ძალების ეფექტიანობა.
"ჩვენ დღეს სერიოზულ პრობლემებს დავუპირისპირდით ბრძოლისუნარიანობის მხრივ, ვინაიდან მთავრობა ყურადღებას არ აქცევდა იმას, თუ რა ხდება ირგვლივ და ჩვენ, ასე ვთქვათ, "მადლიერი" უნდა ვიყოთ იმ რუსი მფრინავებისა, რომლებმაც დაგვბომბეს, ვინაიდან მთავრობა სრულიად მოულოდნელად იმით დაინტერესდა, თუ რა მდგომარეობაშია ჩვენი ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის სისტემაო" – განაცხადა ირაკლი ალადაშვილმა.