ნატოს პრაღის სამიტზე ალიანსში გასაწევრიანებლად მიიწვიეს ყოფილი კომუნისტური ბლოკის შვიდი ქვეყანა

ბიძინა რამიშვილი: ნატოს პრაღის სამიტი, რომელიც დღეს ჩეხეთის დედაქალაქში გაიხსნა, მიმომხილველებმა და თვით პოლიტიკოსებმაც წინასწარვე მონათლეს "ისტორიულად".

ისტორიული კი პრაღის სამიტი უწინარესად იმით გახლავთ, რომ სწორედ დღეს იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც საფუძველს უყრის გაფართოების ყველაზე დიდ ტალღას ჩრდილოატლანტიკური ალიანსის არსებობის 53-ი წლის მანძილზე. ფორუმზე აკრედიტებულ მრავალრიცხოვან ჟურნალისტთა შორის არის ჩვენი რედაქციის თანამშრომელი დავით კაკაბაძე, რომელიც ეს-ეს არის, კონგრესების სასახლიდან დაბრუნდა და ახლა ჩემთან ერთად არის სტუდიაში.

დათო, ყველამ ვიცით, რომ სამიტის დღის წესრიგში ბევრი მნიშვნელოვანია საკითხია, მაგრამ ამ შეხვედრის მთავარი მოვლენა მაინც შვიდი ახალი ქვეყნისთვის გაწევრიანების შესახებ ოფიციალური მოწვევების გადაცემაა. ამიტომ, ვიდრე შენ კონგრესების სასახლეში მომხდარ ამბებზე გვიამბობდე, მინდა რადიომსმენელს შევთავაზო ნატოს გენერალური მდივნის ჯორჯ რობერტსონის განცხადება, რომლითაც მან მსოფლიოს აუწყა ალიანსის გაფართოების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება: [ჯორჯ რობერტსონის ხმა]

ბიძინა რამიშვილი:
მთავარი კითხვა, რომელიც დღეს ყველგან გაისმის, შემდეგია: რას მოუტანს ნატოს შვიდი ახალი წევრის მიღება, თანაც ისეთი წევრებისა, რომლებიც ვერც სამხედრო და ვერც ეკონომიკური თვალსაზრისით, ალიანსს ვერ გააძლიერებენ.

დავით კაკაბაძე:
აბსოლუტურად მართალი ხარ: ახალი წევრები, რომელთა მიღება – ბარემ აქვე ვიტყვი – 2004 წლის შუაშია ნავარაუდევი, ნატოს ვერ გაამდიდრებენ ვერც სამხედრო და ვერც ეკონომიკური თვალსაზრისით. ამ საკითხს სხვა კუთხით უნდა შევხედოთ. ყველაზე უკეთ ნატოს გაფართოების მნიშვნელობაზე სამიტის მასპინძელი ქვეყნის, ჩეხეთის პრეზიდენტმა ვაცლავ ჰაველმა ილაპარაკა. მან თქვა, რომ დღეს მიღებული გადაწყვეტილებით დასრულდა ეპოქა, რომელშიც ქვეყნები ძალდატანებით იყვნენ დაყოფილი გავლენების სფეროებად და რომელშიც ძლიერები სუსტების ჩაგვრას იყვნენ მიჩვეული.

ამ მხრივ მეტად სიმბოლურია, რომ სამიტი სწორედ პრაღაში ტარდება, ქალაქში, რომელსაც ერთმა პოლიტიკოსმა კომუნიზმის წინააღმდეგ მოძრაობის "სიმბოლური დედაქალაქი" უწოდა. პირადად მე ეს ოდნავ გაზვიადებულად მეჩვენება. ასეთივე "დედაქალაქად" შეიძლება დაგვესახელებინა ბუდაპეშტი ან ვარშავა.

ბედის ირონიაა, რომ ნატოს სამიტი მიმდინარეობს შენობაში, რომელიც 80-იანი წლების შუაში მაშინდელი ჩეხოსლოვაკიის სოციალისტური რესპუბლიკის კომუნისტურმა ხელმძღვანელობამ ააშენა. რისთვის ააშენა? კომპარტიის ყრილობების ჩასატარებლად. მაგრამ თავისდასაუბედუროდ (თუმცა, სხვებისთვის ნამდვილად საბედნიეროდ) მხოლოდ ორი ყრილობის ჩატარება მოასწრო. მაგრამ მგონი, თემას გადავუხვიე.

ბიძინა რამიშვილი:
ნატოს გაფართოების მნიშვნელობაზე ვსაუბრობდით. თუ კონკრეტულად ვილაპარაკებთ, რას მოუტანს ნატოს ბულგარეთის ან, ვთქვათ, რუმინეთის მიღება?

დავით კაკაბაძე:
სამხედრო ექსპერტთა უდიდესი ნაწილის აზრით, რუმინეთისა და ბულგარეთის მიღება ალიანსისთვის სტრატეგიული თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი. მათი გაწევრიანებით ნატოს საშუალება ეძლევა, ერთმანეთთან ხმელეთით დააკავშიროს ალიანსის წევრი ცენტრალური ევროპის სახელმწიფოები და თურქეთი, ნატოს ძველი წევრი. გარდა ამისა, ყველა ექსპერტი ერთხმად აღიარებს, რომ ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე ბულგარეთმაც და რუმინეთმაც უზარმაზარი ნახტომი გააკეთეს თავიანთი შეიარაღებული ძალების რეფორმირების მხრივ. მოდერნიზების მხრივ. მაგალითად, ბულგარეთს შეიარაღებული ძალების რიცხობრივი შემადგენლობა შარშანდელი წლის დასაწყისში 80 ათასს აღემატებოდა, 2004 წლისთვის კი ეს რიცხვი თითქმის განახევრდება და 45 ათასამდე შემცირდება. კიდევ უფრო შთამბეჭდავია კომუნიზმის დამხობის შემდეგ მომხდარი ცვლილებები რუმინეთის არმიაში: იყო თითქმის 200 ათასი და გახდა 96 ათასი. მაგრამ მთავარი, რა თქმა უნდა, ეს რიცხვები არ არის. ბოლო წლებში ორივე ქვეყანამ დაამტკიცა, რომ ნატოს საიმედო პარტნიორია. ვგულისხმობ სამშვიდობო ოპერაციებს ყოფილ იუგოსლავიაში, და ამჟამად, ავღანეთში მიმდინარე ანტიტერორისტულ ოპერაციას. ასე რომ, ცოტა ვინმეს თუ ეპარება ეჭვი, რომ წელიწადნახევარში, როცა ნატოში ამ ქვეყნების მიღებაა გათვალისწინებული, ისინი დააკმაყოფილებენ გაწევრიანებისთვის აუცილებელ მოთხოვნებს.

ბიძინა რამიშვილი:
სწორედ ამ მოთხოვნებზე მინდოდა მეკითხა. ხომ არ ნიშნავს ნატოს აღმოსავლეთით გაფართოება იმას, რომ ალიანსის ლიდერებმა შეარბილეს ის მკაცრი მოთხოვნები, რომლებსაც უწინ კანდიდატ ქვეყნებს უყენებენ?

დავით კაკაბაძე:
რა თქმა უნდა, ნიშნავს. გულუბრყვილობა იქნებოდა იმის მტკიცება, რომ ალიანსში შესვლის მსურველ ქვეყნებს ნატო დღესაც ისეთსავე მოთხოვნებს უყენებს, როგორსაც ცივი ომის დროს უყენებდა. რა თქმა უნდა, არა. რომელ სამხედრო გაძლიერებაზე შეიძლება საუბარი, როცა სამხედრო თვალსაზრისით მსოფლიოს უძლიერესი ქვეყნების უდიდესი ნაწილი უკვე არის ნატოს წევრი? ამიტომ დღეს უნდა ვსაუბრობდეთ – და ვსაუბრობთ კიდეც – ნატოს, როგორც სტრუქტურის, გარდაქმნაზე. სხვათა შორის, გენერალურმა მდივანმა ჯორჯ რობერტსონმაც თქვა, რომ პრაღის სამიტი ნატოსთვის გარდაქმნის სამიტია, ერთგვარი გადამწყვეტი მომენტია. ამას, სხვათა შორის, ნატოს წევრი ქვეყნების ლიდერებიც აღნიშნავდნენ. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა კატეგორიულად უარყო ზოგიერთი ექსპერტის მტკიცება, თითქოს ვაშინგტონმა ნატოს მიმართ ინტერესი დაკარგა. ბუშმა თქვა, რომ ნატო შეერთებული შტატებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი კავშირია. რაც შეეხება მის გაფართოებას, იმავე ბუშის თქმით, ამ გადაწყვეტილებამ დაადასტურა, რომ ჩვენ ყველანი ვესწრაფით ევროპას, რომელიც თავისუფალია და რომელშიც მშვიდობა სუფევს.

ბიძინა რამიშვილი:
დათო, შენთან კიდევ ბევრი შეკითხვა მაქვს. მაგრამ მოდი, ახლა ცოტა ხნით შევწყვიტოთ ჩვენი საუბარი და სხვა საკითხებზე გადავიდეთ. აქვე რადიომსმენელს ვეტყვი, რომ დაახლოებით ნახევარ საათში, ჩვენი გადაცემის დასასრულს, დათო და მე განვაგრძობთ ნატოს პრაღის სამიტზე საუბარს.

[იხ. აუდიოვერსია]