ინდივიდუალური და საზოგადოებრივი ფაქტორები პოლიტიკაში

საქართველოს დამოუკიდებლობამ განსაკუთრებული მნიშვნელობა შესძინა პოლიტიკოსების საქმიანობას. საბჭოთა პერიოდში ჩვენი ქვეყანა მოსკოვიდან იმართებოდა, შესაბამისად,
ქართველი პოლიტიკოსები “რეჟიმს” ემსახურებოდნენ და დამოუკიდებელ ფიგურებს არ წარმოადგენდნენ. ბოლო ათწლეულის განმავლობაში კი ქართველმა პოლიტიკოსმა საზოგადოებრივი მნიშვნელობა შეიძინა, თუმცა, სახელისუფლო სცენარი არ შეცვლილა.

ია ანთაძე გესაუბრებათ ინდივიდუალურ და საზოგადოებრივ ფაქტორებზე პოლიტიკაში.

დამოუკიდებელი ქვეყნისთვის, რომელიც განვითარების საფუძვლად დემოკრატიულ ღირებულებებს აღიარებს, მოსახლეობის კეთილდღეობა ერთი უმთავრესი მიზანია. კეთილდღეობა კი ხელისუფლების პასუხისმგებლობით მიიღწევა. ნებისმიერი კანონის, კოდექსის, ხელშეკრულების არსი და სულისკვეთება საზოგადოების ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს. პარლამენტარი ხალხის არჩეულად, მინისტრი კი ხალხის მსახურად, დაქირავებულ მუშაკად უნდა გრძნობდეს თავს. ხელისუფლების და პოლიტიკის ზოგადი მიზნებიც მთლიანად უნდა იყოს ორიენტირებული საზოგადოებრივ ფაქტორზე. ინდივიდუალური ფაქტორი კი –ვინ სად დაინიშნოს ან არ დაინიშნოს, ვის მიენდოს ამა თუ იმ საქმის შესრულება – მხოლოდ საშუალება უნდა იყოს მთავარი მიზნის მისაღწევად. მოკლედ თუ ვიტყვით: საზოგადოებრივი ფაქტორი მიზანია, ინდივიდუალური ფაქტორი კი – ამ მიზნის მისაღწევი საშუალება.

სამწუხაროდ, საქართველოში ყველაფერი ყირამალაა. იმის მიუხედავად, რომ უკვე ათ წელიწადზე მეტია, ქვეყანას ქართველი პოლიტიკოსები მართავენ, მართვის საბჭოთა სტილი არ შეცვლილა. მაშინაც და ახლაც – ინდივიდუალური ფაქტორი იყო და რჩება მიზნად, ხოლო საზოგადოებრივი ფაქტორი – მხოლოდ მიზნის მისაღწევ საშუალებად. კანონების უმრავლესობა იწერება და მტკიცდება სწორედ იმ სახით, რა სახითაც ხელსაყრელია არა საზოგადოებისთვის, არამედ – ინდივიდებისთვის. ბრძანებულებებიც აუცილებლად ინდივიდების ინტერესებს ითვალისწინებს. ესა თუ ის პიროვნება თანამდებობაზე ინიშნება არა იმ მოტივით, თუ რამდენად კარგად მოემსახურება საზოგადოებას, არამედ მხოლოდ ინდივიდების ინტერესების გავლენით. მოკლედ, ინდივიდუალური ფაქტორი რომ არსებითი და წარმმართველია, საკამათოც არ არის. საინტერესო ისაა, რომ დღემდე ხერხება, კომუნისტების მმართველობის ხანის მსგავსად, საზოგადოებრივი ფაქტორი საშუალებად აქციონ ინდივიდების მიზნის მისაღწევად. თურმე, მოქალაქეთა კავშირს ხმა იმისთვის უნდა მივცეთ, რომ სტაბილურობასთან ერთად, კეთილდღეობაშიც ვიცხოვროთ; თურმე, საგადასახადო კოდექსში მეწარმეები და სხვებიც ყველა ცვლილებას ხალხის სასიკეთოდ ლობირებენ; ბასილი მკალავიშვილიც ჩვენთვის იბრძვის მართლმადიდებლობის გადასარჩენად; პარტიებიც უბრალო ადამიანებზე ზრუნავენ; პოლიციაც ჩვენ გვიცავს; პრეზიდენტი ხომ, თავის მთავრობასთან ერთად, ხალხზე ფიქრით ათენებს და აღამებს.

საბჭოთა პერიოდში ინდივიდუალური ფაქტორი რომ მიზანი იყო და ხალხი – მხოლოდ მიზნის მიღწევის საშუალება – სულ მარტივად აიხსნებოდა: პირადი მიზნების განხორციელება ქვეყნის ხარჯზე არაცნობიერად იმპერიასთან ბრძოლად აღიქმებოდა და თავად საზოგადოების მიერ იყო სანქცირებული. დამოუკიდებელ ქვეყანაში კი ძველი სცენარით ცხოვრება, როცა, მრავალი წლის განმავლობაში, ინდივიდუალური ფაქტორი კვლავ მიზნად რჩება, ხალხი კი - საშუალებად – თვითგანადგურების ტოლფასია.