ქართველი მეცნიერები საეკლესიო საგანძურის ეკლესიისთვის გადაცემის შესახებ

სოზარ სუბელიანი, თბილისი რადიო “თავისუფლების” მსმენელისთვის უკვე ცნობილია, რომ 14 ოქტომბერს, სვეტიცხოვლობას, მცხეთაში, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, ხელი უნდა მოეწეროს კონსტიტუციურ შეთანხმებას
საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და საქართველოს პოლიტიკურ ძალთა დიდი ნაწილის პოზიცია მკაფიოდაა ჩამოყალიბებული – ისინი შეთანხმების ხელმოწერას უდიდესი ეროვნული მნიშვნელობის მოვლენად მიიჩნევენ. მეორე მხრივ, საზოგადოების ერთი ნაწილი ამ შეთანხმებას და მის შესაძლო შედეგებს შიშნარევი სიფრთხილით შეჰყურებს და მისგან ზიანს გაცილებით მეტს მოელის, ვიდრე სიკეთეს. მიუხედავად იმისა, რომ შეთანხმება მოცულობითაც მნიშვნელოვნად შემცირდა და თავდაპირველი ტექსტიდან ბევრი საკამათო პუნქტი იქნა ამოღებული, მაინც დარჩა ისეთი ფორმულირებები, რომლებიც დღემდე აზრთა მკვეთრ სხვადასხვაობას იწვევს. კამათი ყველაზე მწვავედ შეთანხმების იმ მუხლებზე მიმდინარეობს, რომლებშიც საეკლესიო საგანძურის ეკლესიისთვის დაბრუნებაზეა საუბარი. თუკი პოლიტიკოსები და სასულიერო პირები საგანძურის ეკლესიისთვის დაბრუნებას ისტორიული სამართლიანობის აღდგენად მიიჩნევენ, ქართველ მეცნიერთა დიდი ნაწილი ამ პოზიციას სრულებით არ იზიარებს და საკუთრების ფორმის შეცვლაში საგანძურის განადგურების საფრთხეს ხედავს.

6 ოქტომბრის გადაცემაში ითქვა, თუ რაოდენ მაღალ შეფასებას აძლევენ საკონსტიტუციო შეთანხმებას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები. ცხუმ-აფხაზეთის მთავარეპისკოპოსის დანიელ დათუაშვილის თქმით, შეთანხმების ხელმოწერა თავისი მნიშვნელობით ქართლის მოქცევის ტოლფარდი მოვლენაა და მასში ღვთის ნებაა გაცხადებული. მთავარეპისკოპოსი დარწმუნებულია, რომ შეთანხმების ხელმოწერა აუცილებლად 14 ოქტომბერს შედგება, რადგან ეს მხოლოდ ხელისუფლების პოლიტიკურ ნებაზე არ არის დამოკიდებული: [მთავარეპისკოპოს დანიელ დათუაშვილის ხმა] “მოხდება თუ არა 14 ოქტომბერს ხელმოწერა? – ჩვენ ღრმად გვწამს, რომ ეს მოხდება. ამის ერთ-ერთი საფუძველი არის ნიშანი ღვთისაგან, რომ სვეტიცხოველში დაიწყო მირონის დენა. ეს იყო მეოთხე საუკუნეში, როდესაც სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა ქრისტიანობა და დღესაც მისი ტოლფასი ფაქტი ხდება და ჩვენ ღრმად გვწამს, რომ უფალი გვანიშნებს, რომ ღმერთისთვის სათნო იყო ჩვენი ეს გადაწყვეტილება და ერი, ჩვენის აზრით, დღეს გამთლიანდა და დღეს აღსდგა თავის თვითმყოფადობაში.” [სტილი დაცულია]

რაც შეეხება პოლიტიკურ ნებას, ერთი მხრივ, არსებობს პრეზიდენტის თანხმობა, რომ შეთანხმებას სწორედ 14 ოქტომბერს მოეწეროს ხელი, მეორე მხრივ კი, პოლიტიკური ძალები, რომელთაც სურთ, ამ მოვლენიდან პოლიტიკური სარგებელი ნახონ, პრეზიდენტს ულტიმატუმს უყენებენ: თუ შეთანხმებას ხელს არ მოაწერს, მისი ხელმოწერისთვის ფართო საზოგადოებრივ კამპანიას წამოვიწყებთო.

პოლიტიკური ძალები ამ შემთხვევაში წაუგებელ თამაშს თამაშობენ: თუ შეთანხმებას ხელი მოეწერება, – და მას, ალბათ, ვეღარაფერი შეაჩერებს, – მათ უკვე დააფიქსირეს თავიანთი ადგილი ამ საერთო მოძრაობის ავანგარდში. ხოლო თუ ხელისმოწერა არ შედგება, ეს პოლიტიკურ ძალებს კარგ საშუალებას მისცემს, მორიგი კამპანია წამოიწყონ მართლმადიდებლურად განწყობილი ამომრჩევლის გულისა და ხმების მოსაპოვებლად.

მიუხედავად მკაფიო პოლიტიკური კონიუნქტურისა, რომელიც დინების აღმა ცურვის შანსს, ფაქტობრივად, არ ტოვებს, ზოგიერთი მეცნიერი მაინც ცდილობს ამის გაკეთებას. მათგან ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ხელოვნების მუზეუმის დირექტორი, პროფესორი ნოდარ ლომოურია: [ნოდარ ლომოურის ხმა] “ჩვენ მივმართეთ სახელმწიფო მინისტრს, ამავე დროს, დღეს მე მივწერე წერილი და დავუტოვე და გადასცემენ, ალბათ, პრეზიდენტს, რომელშიაც ვთხოულობ, რომ არ მოხდეს ხელმოწერა 14 ოქტომბერს, არამედ გადაიდოს და მოხდეს კიდევ უფრო დაბეჯითებით განხილვა მთელი ამ კანონმდებლობისა. ახლა, მე არ ვიცი, თუ ეს მოხდება და თუ, ახლა, პარლამენტმაც მიიღო, რა შეგვიძლია ჩვენ? ყოველ შემთხვევაში, ვეწინააღმდეგებით, ვებრძვით და აბსოლუტურად კატეგორიულად შემიძლია განვაცხადო, რომ მე ეს მიმაჩნია – თუ ეს ამ სახით გავა – ანტიეროვნულ ქმედებად. და ეს, სხვათა შორის, მე ღიად ვუთხარი კათალიკოს-პატრიარქსაც.” [სტილი დაცულია]

ნოდარ ლომოური შედარებით ნაკლებ საფრთხეს ხედავს შეთანხმების იმ მუხლში, რომელიც ეკლესიისთვის მართლმადიდებლური ტაძრების, მონასტრებისა და მათი ნანგრევების გადაცემას ითვალისწინებს, თუმცა, მისი აზრით, ამ შემთხვევაში აუცილებელია სახელმწიფოსთვის კონტროლის უფლების მინიჭება და ამ უფლების მკაცრად განხორციელება, რათა არ განმეორდეს სვეტიცხოვლის უახლოესი წარსულის ისტორია: [ნოდარ ლომოურის ხმა] “ჩვენ ვხედავთ, რომ დღეს არაერთი შემთხვევა არის თვითნებური მოქმედებისა ამ ძველ ეკლესიებში, რომლებიც წარმოადგენენ, ფაქტობრივად, ეროვნული კულტურის ძეგლებს და მათ ამახინჯებენ, როგორც მოხდა, მაგალითად, სვეტიცხოვლის ტაძრის ეზოში, სადაც ყოველგვარი პროექტების, სპეციალისტთა ხელშეწყობისა და მათი დასკვნის გარეშე, აშენება დაიწყეს უზარმაზარი სასახლის, რომელმაც სრულიად გააფუჭა სვეტიცხოვლის გარე ხედი. ასეთი შემთხვევები გვაქვს სხვაგანაც, ამიტომ სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს კონტროლის უფლება.” [სტილი დაცულია]

სამაგიეროდ, ნოდარ ლომოურის აზრით, სრულიად მიუღებელია შეთანხმების მომდევნო მუხლი: [ნოდარ ლომოურის ხმა] “აბსოლუტურად მიუღებლად მიგვაჩნია მეც და მუზეუმების სხვა ხელმძღვანელებსაც ის მუხლი, სადაც სახელმწიფო ეკლესიის საკუთრებად ცნობს სახელმწიფო დაცვის ქვეშ მყოფ მთელ საეკლესიო საგანძურს. ეს ყველაფერი, რაც არის მუზეუმებსა და საცავებში, არის ეროვნული საკუთრება და არა მარტო ეკლესიის საკუთრება.” [სტილი დაცულია]

შეთანხმების თანახმად, ეკლესიის საკუთრებაში გადაცემული საგანძური ორმაგ – ეკლესიისა და სახელმწიფოს – მფლობელობაში რჩება და ორივე მათგანი ერთად შეიმუშავებს ამ საგანძურით სარგებლობის წესებს. ხელნაწერთა ინსტიტუტის დირექტორის, აკადემიკოს ზაზა ალექსიძის აზრით, ორმაგი მფლობელობა საკუთრებაში გადაცემაზე არანაკლებ სახიფათო მოვლენაა: [ზაზა ალექსიძის ხმა] “ორი მფლობელი – ეს ნიშნავს იმას, რომ სულ დაინგრეს ყველაფერი. აქ ორ წესდებაზეც კი არის ლაპარაკი, თუ როგორ უნდა შეიქმნას დამატებითი წესები მუზეუმებსა და საცავებში დაცული საეკლესიო საგანძურით სარგებლობის შესახებ. ესე იგი, ერთი იქნება სახელმწიფო წესები, როგორ ვისარგებლოთ, ვთქვათ, ვეფხისტყაოსნით, და მეორე იქნება საეკლესიო წესი, თუ როგორ უნდა ვისარგებლოთ რომელიმე, ვთქვათ, ჟამისწირვის ტექსტით. ეს, საბოლოო ჯამში, დაანგრევს ერთიან რაღაცა ორგანიზმს ასეთი დაწესებულებებისა. ჩემი აზრით – საერთოდ, ეს არ იქნება სწორი, მაგრამ – ჯობია მაშინ მთლიანად გაიმიჯნოს. მართალია, ჩვენ, ფაქტობრივად, არაფერი დაგვრჩება სახელმწიფო მუზეუმსა და სახელმწიფო საცავებში, მაგრამ ჯობია ცალ-ცალკე მფლობელობაში იყოს, ცალ-ცალკე საკუთრებაში იყოს, ვიდრე ასეთი არეულობა… ასევე იქნება რესტავრაციისა და კონსერვაციის საკითხები, რადგან იმ ხელნაწერს სჭირდება რესტავრაცია, ხომ? კონსერვაცია სჭირდება…” [სტილი დაცულია]

საფრთხეს აძლიერებს ის სულისკვეთება, რომელიც დღევანდელი ეკლესიის წიაღში საკმაოდ ფეხმოკიდებულია, ამ საგანძურთან დამოკიდებულების თვალსაზრისით. შეთანხმების ძველ ვერსიებში ჩაწერილი იყო, რომ უნდა მომხდარიყო ზოგიერთი საეკლესიო სიწმინდის – ხელნაწერისა თუ ხატის – გამოყენება რიტუალური მიზნით განსაკუთრებით მნიშვნელოვანი წირვების დროს. მართალია, ბოლო ვარიანტში ეს მუხლი ამოღებულია, მაგრამ ამგვარი სურვილი ეკლესიის წევრთა შორის, რასაკვირველია, არ გამქრალა, ამ სურვილის აღსრულება კი ამ საგანძურის დაღუპვის ტოლფასია: [ზაზა ალექსიძის ხმა] “მე ვარწმუნებ ყველას, რომ ყველაფერი დაიღუპება. ტყუილად ჰგონია ვინმეს, რომ ანთებული სანთელი, გვერდით მიტანილი, რაც არ უნდა მნიშვნელოვანი და კარგი იყოს ეს სანთელი და ვისი ლოცვა- კურთხევითაც არ უნდა იყოს, ის მაინც დააზიანებს იმას, რასაც ჩვენა ასე ყველანი ვუფრთხილდებით ეკლესიასთან ერთად. ტემპერატურის ცვლილება, ჭვარტლი – ძალიან ბევრი საფრთხე არსებობს. შეიძლება ეს ვიღაცას ჩვენი კაპრიზები ჰგონია, რომ ასეთი გაფრთხილება სჭირდება, მაგრამ, სინამდვილეში, ვიცით ჩვენ, რა ემართება ასეთი ტემპერატურის ცვლილებებით. ის კი არა, როდესაც იმ საცავიდან გამოგვაქვს და სამკითხველო დარბაზში შეგვაქვს, სადაც ასევე საჭირო ტემპერატურას ვქმნით, საცავსა და ბილიოთეკას შორის რომ მანძილი უნდა გაიაროს, უკვე ეს არის მისთვის საფრთხე, უკვე ამას უნდა გაფრთხილება ხოლმე. ამიტომ არის, რომ ჩვენ, მიუხედავად იმისა, რომ საცავსა და ბიბლიოთეკაში მოწესრიგებული გვაქვს ტემპერატურა, ზაფხულში მაინც ვკეტავთ ინსტიტუტს და არ გამოგვაქვს ზაფხულში ხელნაწერები, რომ ეს მანძილიც კი არ გაიაროს ხელნაწერმა.”
[სტილი დაცულია]

დაბოლოს, ქართველი მეცნიერები აცხადებენ, რომ ისინი ენდობიან საქართველოს კათალიკოს-პატრიარქ ილია მეორეს, მაგრამ ვერავინ იტყვის, როგორი ხელმძღვანელობა ეყოლება ეკლესიას მომავალში, რაც სერიოზულად აისახება საგანძურის ბედზეც, მაშინ, როცა სახელმწიფოს მეთაურის ვინაობა მუზეუმებსა თუ საცავებში დაცულ საგანძურზე სერიოზულ გავლენას ვერ მოახდენს.