ვნებათაღელვა მოსკოვში რუს პარლამენტარებთან ქართველი პარლამენტარების შეხვედრის იდეის გარშემო

რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობის დაძაბვამ ურთიერთობა საქართველოს პარლამენტის წევრებს შორისაც გაართულა. რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში საქართველოს საპარლამენტო
დელეგაციის გაგზავნის იდეას ( იდეა, რაღა თქმა უნდა დაძაბულობის განმუხტვას ემსახურება) მოჰყვა კამათი დელეგაციის თავმჯდომარის შერჩევასა და გაგზავნის თარიღთან დაკავშირებით.
მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტში კარგა ხანია არსებობს დელეგაცია, რომელსაც რუსეთის დუმასთან ურთიერთობა ავალია, ელდარ შენგელაიას ხელმძღვანელობით, დეპუტატთა ერთი ნაწილი ითხოვს მოსკოვში საქართველოს დელეგაციას ვახტანგ რჩეულიშვილმა უხელმძღვანელოს. რჩეულიშვილი საკითხის სასწრაფოდ გადაწყვეტისა და მოსკოვში მალე გამგზავრების მომხრეა, სხვები კი ფიქრობენ, რომ რუს დეპუტატებთან მოლაპარაკება შევარდნაძისა და პუტინის შეხვედრის შემდეგ უნდა დაიწყოს. წინააღმდეგობა სერიოზულია. საქართველოს პარლამენტს გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

კამათმა იმის შესახებ, თუ ვისი ხელმძღვანელობით და როდის უნდა გაემგზავროს მოსკოვს საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, პრინციპული ხასიათი შეიძინა და ამაში უჩვეულო არაფერია. საქართველოს პარლამენტართა საგარეო ორიენტაცია სხვადასხვაგვარია. არსებობს პრორუსული, პროდასავლური და ეგრეთწოდებული შუალედური ძალები. შესაბამისად, რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობის მოწესრიგების გზები ყველას თავისებურად წარმოუდგენია. დელეგაციის თავმჯდომარის თაობაზე დავაც აქედან გამომდინარეობს: მან ხომ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში საქართველოს პარლამენტის ერთიანი პოზიცია უნდა წარმოადგინოს, მაშინ, როცა ასეთი პოზიცია არ არსებობს.

როგორც უკვე ვთქვით, აზრი ორ კანდიდატურას შორის იყოფა. პირველი ვიცე-სპიკერი ელდარ შენგელაიაა, რომელსაც რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს წევრებთან ურთიერთობის საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს, რადგან, კარგა ხანია, სპეციალურად ამ ურთიერთობებისთვის შექმნილ დელეგაციას ხელმძღვანელობს. ამ გარემოებიდან გამომდინარე, პარლამენტართა ნაწილისთვის გაუგებარია, რატომ დაიწყო საუბარი სხვა კანდიდატურაზე და რატომ გამოთქვა ვახტან რჩეულიშვილმა პრეტენზია მოსკოვში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელობაზე. დეპუტატთა ამ ნაწილს მიეკუთვნება გიორგი ბარამიძეც. აქვე შევნიშნავ, რომ ის და ელდარ შენგელაია თანაფრაქციელები არიან და პარლამენტში ჟვანიას ფრთას, “გაერთიანებულ დეოკრატებს” წარმოადგენენ.

[გიორგი ბარამიძის ხმა] “მე არ მესმის, რატომ დაისვა საკითხი შეიქმნას სხვა დელეგაცია. თუ ეს განპირობებულია იმით, რომ ერთ-ერთ ჩვენს კოლეგას, ვახტანგ რჩეულიშვილს, გაუჩნდა სურვილი უხელმძღვანელოს ამ დელეგაციას, ეს არ არის საკმარისი. მართლა გაუგებარი და შეურაცხმყოფელი იქნება ყველასთვის, თუ საქართველოს საპარლამენტო დელეგაციას რუსეთში უხელმძღვანელებს პირი, რომელსაც რუსეთთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული არც ერთი დადგენილებისთვის მხარი არ დაუჭერია.”

“გაერთიანებული დემოკრატები” ფიქრობენ, რომ მოსკოვში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ პარლამენტის ბოლოდროინდელი დადგენილებებით უნდა იხელმძღვანელოს, აჩვენოს დიალოგისთვის მზადყოფნა და, იმავდროულად, აგრესორის აგრესიულ მოთხოვნებს პრინციპული წინადადებები შეაგებოს.

რაც შეეხება რჩეულიშვილს, თუ ის იქნება საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი, სოციალისტების ჯვრისებური კონცეფციით იხელმძღვანელებს: რუს კოლეგებთან მოლაპარაკებისას დასავლურ და ჩრდილოურ ვექტორებს ერთმენთს შეუხამებს და ასე შეეცდება იმ გზის გაკვლევას, რომელიც მიზნად ორ მეზობელს შორის მეგობრული და თანასწორუფლებიანი ურთიერთობის აწყობას უნდა ისახავდეს.

[ვახტან რჩეულიშვილის ხმა] “ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ამ დაპირისპირებაში არ არის მარტო პანკისის ხეობა. ეს არის მოსინჯვა რუსეთის მხრიდან, მისი თანამშრომლობა ამერიკასთან და დასავლეთთან იქნება თუ არა მისი ინტერესების შესაბამისი. ამ ჭიდაობაში შეიძლება ძალიან დავზარალდეთ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს არ არის პანკისის ხეობის პრობლემა.” [სტილი დაცულია]

ამ პრობლემის შემსუბუქებისთვის სოციალისტთა ლიდერი საქართველოს, რუსეთის და შეერთებული შტატების პრეზიდენტების პატრონაჟით კონფერენციის გამართვის ინიციატივით გამოდის. ინიციატივა საქართველოში ტერორიზმთან ბრძოლისა და საქართველოს უსაფრთხოების საკითხებზე სერიოზულ მსჯელობას გულისხმობს. და კიდევ, ვახტან რჩეულიშვილი ფიქრობს, რომ საქართველომ რუსეთს უპრობლემოდ უნდა გადასცეს საქართველოში დაკავებული ის ჩეჩენი მებრძოლები, რომელთაც ბრალად ედებათ ტერორიზმთან კავშირი.

ვახტანგ რჩეულიშვილს გული სწყდება, რომ მის კანდიდატურას პარლამენტის ამჟამინდელი ხელმძღვანელობაც დაუპირისპირდა და ამით გადაწყვეტილების მიღება დააბრკოლა. სოციალისტთა ლიდერს მოსკოვში მიეჩქარება, რადგან ფიქრობს, რომ რუს კოლეგებთან მოლაპარაკება არ უნდა გადაიდოს. სხვაგვარად ფიქრობენ სხვები.

არსებობს მოსაზრება, რომლის მიხედვით, ჯობს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში მოლაპარაკებები პრეზიდენტების შეხვედრის შემდეგ დაიწყოს და მას თავად პარლამენტის თავმჯდომარემ უხელმძღვანელოს.მოსკოვში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ჩასვლის დახანების მომხრეა გიორგი ბარამიძეც, რადგან ფიქრობს, რომ რუსი პარლამენტარები არ ავლენენ ქართველ კოლეგებთან დიალოგისთვის მზადყოფნას. ცნობისათვის: პარასკევს თბილისში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის უმნიშვნელოვანესი ღონისძიება იხსნება. მას ჩრდილოატლანტიკური ალიანსის პარტნიორი ქვეყნების სამოცამდე პარლამენტარი დაესწრება. მსჯელობა იქნება კავკასიის რეგიონში ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებზეც. ამ ღონისძიებაზე დასასწრებლად მოწვეულნი იყვენენ რუსი პარლამენტარებიც, მაგრამ მათ საქართველოში ჩამოსვლა არ ისურვეს.