“ პუტინის შეცდომა”, “პუტინმა საქართველოს ომი გამოუცხადა”, “პუტინის ულტიმატუმი” –

თამარ ჩიქოვანი, თბილისი “ პუტინის შეცდომა”, “პუტინმა საქართველოს ომი გამოუცხადა”, “პუტინის ულტიმატუმი” – ქართული გაზეთების პირველ გვერდზე დაბეჭდილი სტატიების ეს სათაურებიც მოწმობს,
რომ 11 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტის განცხადება ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენად იქცა გასული კვირის მოვლენებს შორის. 12 სექტემბრის გაზეთ “რეზონანსის” განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტმა 11 სექტემბერს პირველად თქვა ის, რაზედაც აქამდე ბევრი საუბრობდა. პუტინმა რუსული სპეცსამსახურების დიადი გეგმის გადამწყვეტი ნაწილი გამოააშკარავა. 12 სექტემბრის “დილის გაზეთის” აზრით კი, 11 სექტემბერს საბოლოოდ გაირკვა, რომ რუსეთს “ნაპოლეონის კომპლექსით” დაავადებული პრეზიდენტი ჰყავს. გაზეთი წერს:


“აშკარა ტყუილი და უსინდისო დემაგოგიაა, თითქოს რუსეთს პანკისის პრობლემა ან, თუნდაც, ჩეჩნეთის საკითხი მთლიანობაში ისე აღელვებს, რომ მზად არის, მეზობელ სახელმწიფოსთან ომი დაიწყოს. სინამდვილეში, პანკისიც და თვით ჩეჩნეთიც მხოლოდ საბაბია. რამდენიმე დღის წინათ ეს აღიარა ჩვენი ქვეყნის “დაუძინებელმა მეგობარმა” კონსტანტინ ზატულინმა, რომელიც რუსეთის სამთავრობო გრანტებით შექმნილ “დსთ-ს ინსტიტუტს” ხელმძღვანელობს. კონსტანტინ ზატულინის თქმით, პანკისისა და ჩეჩნეთის პრობლემები მხოლოდ საბაბია, მიზეზთა მიზეზი კი ის არის, რომ საქართველოს არ სურს გაითვალისწინოს რუსეთის გრძელვადიანი გეოპოლიტიკური ინტერესები კავკასიის რეგიონში და ესწრაფვის ევროატლანტიკურ სივრცესთან დაახლოებას.
17 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტი გეგმავს გამგზავრებას ბაქოში, სადაც, თურქეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს საზეიმო ცერემონიალში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადების მშენებლობასთან დაკავშირებით. სწორედ ეს გახლავთ კრემლის ბინადართა გააფთრების ჭეშმარიტი მიზეზი: თუ ნავთობსადენის მშენებლობა დაიწყო, სამხრეთ კავკასიისკენ, შემდეგ კი ცენტრალური აზიისკენ მრავალმილიარდიანი ინვესტიციების ნაკადი დაიძვრება. ეს აშკარად აღიარა კიდეც იმავე ზატულინმა, რომელმაც მოსკოველ გეოპოლიტიკოსთა შეშფოთების ძირითადი მიზეზი გაამხილა: თუ სამხრეთ კავკასიაში დასავლეთმა მოახერხა ინვესტიციების დაბანდება, ეს სახელმწიფოები მოძლიერდებიან და რუსეთზე დამოკიდებულნი აღარ იქნებიან, როგორც ეკონომიკური, ასევე პოლიტიკური თვალსაზრისით. ეს კი რუსულ სახელმწიფოს, არცთუ შორეულ პერსპექტივაში, სერიოზულ პრობლემებს უქადის, სამხრეთ რეგიონების სტაბილურობის თვალსაზრისით. უპირველესად, აქ ჩრდილოეთ კავკასია იგულისხმება.
ამრიგად, პუტინი ცდილობს, არ დააგვიანოს და მანამ დაარტყას ცენტრალური აზია-კავკასია-ევროპის მაგისტრალს, სანამ იგი რეალურად ამოქმედდება. საქართველო კი სამიზნედ შერჩეულია არა იმიტომ, თითქოს ოფიციალური თბილისი არასწორ პოლიტიკას ატარებს, არამედ იმის გამო, რომ საქართველო ყველაზე სუსტია, ანუ აზერბაიჯანთან და ცენტრალური აზიის სახელმწიფოებთან რუსებს შანტაჟი ასე იოლად არ გამოუვათ. საქართველოში კი იმედი აქვთ, მუქარით გავლენ ფონს ან, უკიდურეს შემთხვევაში, მართლა წამოიწყებენ ღია აგრესიას და ამით ჩაშლიან “ევრაზიული დერეფნის” პროგრამას. მაშასადამე, პუტინს სურს, ევრაზიული ჯაჭვი მის ყველაზე სუსტ და უმწეო რგოლში გაწყვიტოს, მით უმეტეს, რომ მოსკოვში შესანიშნავად ხედავენ, რამდენად ინფანტილური პოლიტიკური ისტაბლიშმენტი ჰყავს საქართველოს, რამდენად არამდგრადია ქართული ელიტის დამოკიდებულება იმავე რუსეთის თუ დასავლეთის მიმართ. დასავლური არჩევანი, მართლაც, ჩვენი საზოგადეობის თვისებრივი მოსწრაფება რომ იყოს, პუტინი ასეთი განცხადების გაკეთებას ვერ გაბედავდა, მაგრამ იგი მშვენივრად ხედავს იმასაც, რომ საქართველოში - როგორც საზოგადეობაში, ასევე ძალზე გავლენიან პოლიტიკურ წრეებში -კაპიტულანტური განწყობილებები მძაფრობს.”


13 სექტემბრის გაზეთ “რეზონანსის” განცხადებით, სპეცსამსახურების აგრესიული გეგმა საქართველოში სახელმწიფო გადატრიალებას ითვალისწინებს. გაზეთი წერს, რომ პრეზიდენტ პუტინის რადიკალურმა განცხადებამ და მისმა დაუფარავმა აგრესიამ საქართველოს მისამართით გზა გაუხსნა იმ რუს სამხედროებს და ქართველ ორჯონიკიძეებს, რომელთაც სურთ, საქართველოში მეთერთმეტე არმიას შემოუძღვნენ. როგორც გაირკვა, რუსეთში არა მარტო ფიქრობენ საქართველოში სპეცოპერაციის ჩატარებაზე, არამედ უკვე არსებობს რეალური გეგმა იმისათვის, რომ ეს ოპერაცია დაიწყოს. ამ მზაობას ადასტურებს როგორც რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობა, ასევე რუსეთის სტრატეგიისა და ტექნოლოგიის ანალიზის ცენტრის დირექტორის მოადგილე კონსტანტინ მაკიენკო, რომლის თავხედობა ისე შორს მიდის, რომ აცხადებს: “ყველაზე იაფი და ეფექტური საშუალება იქნებოდა ამ ოპერაციისათვის ერთი გასროლა სნაიპერული შაშხანიდან, რომელიც მოახდენდა ბოევიკების მფარველის, საქართველოს პრეზიდენტ შევარდნაძის ლიკვიდაციას”. გაზეთი “რეზონანსი” წერს:



“ფაქტია, რუსეთი უკვე აღარ მალავს თავის ზრახვებს. ფაქტია ისიც, რომ როცა დამოუკიდებელი საქართველოს ტერიტორიებსა და მისი სიმბოლოს – პრეზიდენტის სიცოცხლის წინააღმდეგ მეზობელი ქვეყნის თანამდებობის პირები განცხადებებს აკეთებენ, შეუძლებელია, საქართველოს ხელისუფლებას ისევ გამოადგეს სირაქლემის პოზაში ყოფნა და განცხადებების კეთება იმის თაობაზე, რომ არსებობს კარგი და ცუდი რუსეთი, რომ პრეზიდენტმა პუტინმა არაფერი იცოდა იმ დაბომბვების შესახებ, რომელიც პანკისის ხეობაში განხორციელდა, რომ რუსეთის ცუდი ნაწილი გვებრძოდა აფხაზეთში, ხოლო კარგი ნაწილი – საქართველოსა და ქართველების სიყვარულში დნებოდა... მართალია, დღეს ბევრს საუბრობენ იმის შესახებ, რომ ქართული საზოგადოება 1991-92 წლების შემდეგ გაიზარდა, მაგრამ საქართველოში მეხუთე კოლონისა და რუსეთის სპეცსამსახურების მზარდი გავლენის არსებობას ვერავინ უარყოფს. ფაქტია ისიც, რომ, ქართველ სახელმწიფო მოხელეთა კორუმპირებულობისა და არაკომპეტენტურობის წყალობით, რაც ხშირად სამშობლოს ღალატს უტოლდება, რუსეთმა საქართველოზე ეკონომიკური ზემოქმედების მძლავრი ბერკეტები ჩაიგდო ხელში. საქართველოს ხელისუფლება უნდა მიხვდეს, რომ რუსეთთან დაწოლის პოლიტიკა მას ვერანაირ სიამოვნებას ვერ მიანიჭებს.
საქართველოს შეუძლია წინააღმდეგობა გაუწიოს აგრესორს, რადგან დღეს არც 1921 წელია და არც 1991. დღეს მთავარია ქართველი ხალხის კონსოლიდაცია და საერთო მტრის წინააღმდეგ ერთიანი პოზიციის ჩამოყალიბება. ორჯონიკიძეები, რომლებმაც იმავე რუსეთის სპეცსამსახურების მეშვეობით ის ჩეჩნები შემოუშვეს თავის დროზე პანკისში, ვინც ქართველი ბიჭების თავებით აფხაზეთში ფეხბურთს თამაშობდა, სამწუხაროდ, ყოველთვის იარსებებენ. და კიდევ – საქართველოს მოსახლეობას ძალიან ბევრი აქვს თავისი ხელისუფლებისთვის სასაყვედურო და სათქმელი, მაგრამ არა დღეს და არა პრეზიდენტ პუტინის მეშვეობით, რომელიც არც თავადაა მოსული ხელისუფლებაში არაკლანური და არაკორუფციული გზით. და კიდევ: დასავლეთი საქართველოს ამ ომში რუსეთის პირისპირ მარტო არ დატოვებს. ეს უნდა გაითვალისწინონ ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც საქართველოს მტრებმა. მართალია, 11 სექტემბერსა და გაეროს გენერალური ასამბლეის შეკრების დღეს პრეზიდენტ პუტინის განცხადებას მსოფლიო თანამეგობრობის გამოხმაურება არ მოჰყოლია, მაგრამ საქართველოში ეჭვი არ ეპარებათ, რომ ამ დღეებში პუტინს თავის ადგილს მიუჩენენ. დღეს საქართველოს მოკავშირეები ჰყავს.”



14 სექტემბრის გაზეთი “24 საათი” პრეზიდენტ პუტინის განცხადების საპასუხო დასავლეთის რეაგირების ქრონიკას აღწერს. პირველი გამოხმაურება იყო აშშ-დან, სადაც კიდევ ერთხელ განაცხადეს, რომ ვაშინგტონი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მის ტერიტორიაზე რუსეთის ნებისმიერი ცალმხრივი სამხედრო ქმედების წინააღმდეგია. გაზეთის ცნობით, ოფიციალური პოზიციის დაფიქსირებას წინ უძღოდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ირაკლი მენაღარიშვილის 15-წუთიანი შეხვედრა აშშ-ის პრეზიდენტ ჯორჯ ბუშ უმცროსთან. აშშ-ის პრეზიდენტმა დადებითად შეაფასა საქართველოს მიერ პანკისის ხეობაში და ტერორიზმთან ბრძოლაში განხორციელებული ძალისხმევა და საქართველოს მხარდაჭერა აღუთქვა. 12 სექტემბერსვე აშშ-ს სახელმწიფო მდივანი კოლინ პაუელი შეხვდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს იგორ ივანოვს, რომელსაც საქართველოს თემასთან დაკავშირებით ესაუბრა. იგივე თემა გახლდათ რუსეთის საგარეო საქმეთა უწყებაში აშშ-ს ელჩის ვიზიტის მიზეზი.
გაზეთი წერს:


“იმ ფაქტით, რომ ჯორჯ ბუშთან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრა წინასწარ არ იყო დაგეგმილი და იგი თავად აშშ-ის პრეზიდენტის ინიციატივით შედგა, აგრეთვე, ვაშინგტონის მიერ 12 სექტემბერს დაფიქსირებული ოფიციალური პოზიციითა და უკვე გადადგმული ნაბიჯებით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ფაქტობრივად, მთელი მსოფლიოს, განსაკუთრებით კი – რუსეთის წინაშე დაადასტურა, რომ საქართველო ამერიკის სტრატეგიული ინტერესების სფეროში მყარადაა მოხვედრილი და რომ ერაყის ოპერაცია არ არის ის ფასი, რომელზეც კავკასია შეიძლება “გაიცვალოს.”
ამერიკის შეერთებული შტატების ეს მხარდაჭერა გახლდათ მთავარი და გადამწყვეტი სიგნალი, რომელიც გავლენას არა მხოლოდ საქართველოს ოფიციალურ პირთა და სტრუქტურათა, არამედ საერთაშორისო ინსტიტუტების ქცევაზეც ახდენს.”