ერთიანი პოლიტიკური პროცესის სხვადასხვა კომპონენტი

შემოდგომიდან ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში დაიწყება უაღრესად საინტერესო პროცესი, რომელიც კომპლექსურად მოიცავს მრავალ საკითხს: პოლიტიკურ ძალებს შორის ურთიერთობას,
სახელისუფლო ლიდერებს შორის კონკურენციას, პრეზიდენტის ნების ასახვას საპარლამენტო არჩევნების შედეგში, ბიუჯეტის დაგეგმვას და შესრულებას, როგორც პოლიტიკურ ამოცანას... საზოგადოებისთვის უცნობია როგორც ერთიანი პროცესის ყველა კომპონენტი, ისე პროცესის განვითარების შინაგანი კანონზომიერება თუ პროცესის გარედან მართვის პროცედურა. ცნობილი მხოლოდ ის არის, რომ 2005 წელს, ან მანამდე, საქართველოს სხვა ხელისუფლება ეყოლება.
გესაუბრებით ერთიანი პოლიტიკური პროცესის სხვადასხვა კომპონენტზე.

ზოგადი სქემის მიხედვით, საქართველოში, უახლოეს სამ წელიწადში, პოლიტიკური პროცესი ორი კალაპოტით შეიძლება წარიმართოს: საკონსტიტუციო ვადების დაცვით ან დარღვევით. პირველი გზა სტაბილურობის გზაა, მეორე – დესტაბილიზაციის. თუ პოლიტიკურმა ძალებმა მართლაც შეძლეს ხალხის ქუჩაში გამოყვანა, ბუნდოვანია, რითი დასრულდება ეს პროცესი. სამოქალაქო დაპირისპირების მართვა შეუძლებელია, თუმცა, წინასწარ უნდა ვივარაუდოთ, რომ სახალხო ამბოხი წარიმართება ედუარდ შევარდნაძის გადადგომის ლოზუნგით და თუკი პოლიტიკური ძალები მიაღწევენ პრეზიდენტის გადადგომას, ისინი საზოგადოებას ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებს შესთავაზებენ. ამ სცენარის გათამაშების შემთხვევაში არჩევნებს ის პოლიტიკური ლიდერი მოიგებს, ვინც მოსახლეობას ედუარდ შევარდნაძის წინააღმდეგ გაუძღვება, – ყველა ნიშნით, ეს იქნება მიხეილ სააკაშვილი.

არსებობს უფრო მშვიდობიანი სცენარი: საკონსტიტუციო ვადების დაცვა. ეს ნიშნავს, რომ პოლიტიკური და სახელისუფლო ლიდერები ძალთა კონცენტრაციას მოახდენენ მომავალი საპარლამენტო არჩევნების მოსაგებად. ამ ამოცანის წარმატებით გადასაჭრელად პოლიტიკურ და სახელისუფლო ლიდერებს, პირველ ეტაპზე, მსგავსი გზა აქვთ გასავლელი: შიდა კონკურენციის მოგება.

სახელისუფლო სივრცეში დღეს ავთანდილ ჯორბენაძეს კონკურენტი არ ჰყავს: იგი გავლენიანი სახელმწიფო მინისტრიცაა და მოქალაქეთა კავშირის თავმჯდომარეც. მაგრამ სახელისუფლო სივრცის განსხვავება პოლიტიკური სივრცისგან სწორედ ისაა, აქ რომ ლიდერები ერმანეთის მიყოლებით ჩნდებიან და არა ერთმანეთის პარალელურად. ამიტომ, თუკი სამომავლო პერსპექტივები სწორედ ავთანდილ ჯორბენაძეს უნდა დაუკავშირდეს და არა ვინმე სხვას, ეს საკითხი უახლოეს თვეებში გაირკვევა. რა სჭირდება სახელმწიფო მინისტრს იმისათვის, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტი მოიპოვოს? პირველ რიგში, იგი უნდა აკონტროლებდეს როგორც სახელმწიფო ფინანსებს, ასევე – ძალოვან უწყებებს. საქართველოში წლების განმავლობაში პრეზიდენტმა ასეთი პრაქტიკა დაამკვიდრა: ერთი-ორი თვის განმავლობაში პრიორიტეტი ენიჭება საბაჟო და საგადასახადო სამსახურებს, მათ მიერ გეგმის შესრულებას, შემდეგი ერთი-ორი თვის განმავლობაში კი პრიორიტეტი ენიჭება ძალოვან უწყებებს და მათ კანონგარეშე ინტერესებს, რაც იწვევს კონტრაბანდის გაზრდას და ბიუჯეტის ჩავარდნას. ძალოვანების განაწყენება არ შეიძლება! – ეს ედუარდ შევარდნაძის სახელისუფლო ტექნოლოგიის ერთი მთავარი პრინციპია. ამ პრინციპის უწყვეტი ქმედების რეჟიმი გვკარნახობს, რომ სულაც არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება პოლიციის ან უშიშროების მინისტრი – რომელიმე ურჩხული თუ რომელიმე მწყერჩიტა.

ამ რეალობაში, პირველი, რაც ავთანდილ ჯორბენაძემ საკუთარი პოზიციის გასამყარებლად ითხოვა, ძალოვანების კონტროლი იყო. სახელმწიფო მინისტრი პრეზიდენტის მხრიდან პრინციპულ წინააღმდეგობას წააწყდა. სხვა ფაქტორებზე რომ არაფერი ვთქვათ, ამ რეალობაში ავთანდილ ჯორბენაძეს აღარ რჩება ბერკეტი, თუნდაც ბიუჯეტის სტაბილურად შესასრულებლად. და, პარალელურად, ჩნდება პრესის ვერსია, რომ შემოდგომაზე პარლამენტს პრეზიდენტი სახელმწიფო მინისტრის პოსტზე ახალ კანდიდატს წარუდგენს – საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის თავმჯდომარეს – გია ჭანტურიას. ეს ვერსია, რეალობის ხარისხის მიუხედავად, უკვე ნიშნავს, რომ სახელისუფლო სივრცეში კონკურენცია გარდუვალი პროცესია. ის, ვინც ხელისუფლების წიაღში ბრძოლას მოიგებს, გავა მეორე ეტაპზე, სადაც თავის სივრცეში გამარჯვებული პოლიტიკური ლიდერი დახვდება.

ამასობაში, რა შეიძლება მოხდეს თავად პოლიტიკურ სივრცეში? აქ ახალი სახეების გამოჩენა თითქმის გამორიცხულია. კონკურენცია წარიმართება იმათ შორის, ვისაც საზოგადოება კარგად იცნობს: დემოკრატიულ ფრონტზე – ზურაბ ჟვანია და მიხეილ სააკაშვილი, ნახევრად დემოკრატიულ ფრონტზე – დავით გამყრელიძე და გოგი თოფაძე, არადემოკრატიულ ფრონტზე – ასლან აბაშიძე და შალვა ნათელაშვილი. მართალია, არჩევნებში მონაწილეობას ყველა პოლიტიკური ძალა მიიღებს, მაგრამ მთავარია, ვინ როგორი ტვირთით და ბარაქით მიაღწევს არჩევნებამდე. საბოლოოდ, ბრძოლა წარიმართება ან ორ პარტიულ ლიდერს შორის, ან ერთ პარტიულ და ერთ სახელისუფლო ლიდერს შორის. დღეს მიმდინარე პროცესი ბუნდოვანებას თითქმის გამორიცხავს. მომავალ შემოდგომაზე მოსახლეობას ზოგადად მაინც ეცოდინება, საქართველოს როგორ მომავალს უჭერს მხარს.