პოლიტიკური მომენტი და პოლიტიკური ლიდერი

პოლიტიკური პროცესი საქართველოში გზაჯვარედინზე აღმოჩნდა. ბოლო ათი წლის განმავლობაში არასოდეს ასე მკაფიოდ არ დაყოფილა ხელისუფლება და პოლიტიკა,
არასოდეს ერთმანეთისგან ასე მკვეთრად არ გამიჯნულა “მამებისა” და “შვილების” ბანაკი. დაბალანსების ხანგრძლივი პოლიტიკაც ახლა დასრულდა და რეალური ბრძოლაც ახლა დაიწყო შევარდნაძის შემდგომი საქართველოს ლიდერობისთვის. პოლიტიკაში აქტიური ქმედების დროა და თითოეული ამბიციური ლიდერი სამომავლო ნაბიჯებს გეგმავს.

ქართული პოლიტიკის დემოკრატიულ ფრონტზე, ზოგიერთი პირობითობის დაცვით, ორ ძლიერ ლიდერზე შეიძლება საუბარი: ზურაბ ჟვანიასა და მიხეილ სააკაშვილზე. მიმდინარე პოლიტიკური მომენტი ორივე მათგანს ინდივიდუალურ ამოცანას უსახავს.

უეჭველია, რომ ზურაბ ჟვანიას სურს ქვეყნის ლიდერობა. იგი ხელისუფლების მშვიდობიანი გზით შეცვლას ემხრობა და, შესაბამისად, ნებისმიერი საკონსტიტუციო წყობის პირობებში, მიზნის მისაღწევად არჩევნებში წარმატება სჭირდება.

მიხეილ სააკაშვილიც, ცხადია, ქვეყნის ლიდერობისთვის იბრძვის, მაგრამ, ჟვანიასგან განსხვავებით, საკონსტიტუციო ცვლილებებს არ ემხრობა და, შესაბამისად, მკაფიოდ შეიძლება ითქვას, რომ სააკაშვილს მაინცდამაინც ქვეყნის პრეზიდენტობა სურს. ამ პოსტის მოსაპოვებლად ნაციონალური მოძრაობის ლიდერი არჩევნებში გამარჯვებას გეგმავს, მაგრამ თუ არჩევნების გზა ხელისუფლების შეცვლისთვის საკმარისი არ აღმოჩნდება, სააკაშვილი არ გამორიცხავს ხალხის აგრესიულ წნეხს ხელისუფლებაზე.

შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილი მიზნის მისაღწევად მოსახლეობის მხარდაჭერას ეყრდნობა. რა იარაღს ფლობს ზურაბ ჟვანია ქვეყნის პირველი ლიდერობისთვის მძიმე ბრძოლაში? წლების განმავლობაში იგი საკონსტიტუციო იერარქიის მეორე საფეხურზე იდგა და პროცესები თვითდინებით რომ განვითარებულიყო, ჟვანია ბუნებრივად გახდებოდა პრეზიდენტის მემკვიდრე. მაგრამ 1998 წლის ზაფხულიდან ნელ-ნელა გაირკვა, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს დიდი ბრძოლების გადატანა მოუხდებოდა პირველი ლიდერის სივრცის მოსაპოვებლად.

მაშინვე, 1998 წლის 7 ივლისს, არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრისას, ჟვანიას არაორაზროვნად მოუწოდეს დაეტოვებინა კორუმპირებული და ხალხის თვლაში ნდობადაკარგული ხელისუფლება. მას შესთავაზეს, რომ საზოგადოების საუკეთესო ნაწილის კონსოლიდაციით, არჩევნების გზით, თავიდან აეღო სახელისუფლო ციხე-სიმაგრე.

შემდგომში პროცესი ისე განვითარდა, რომ დემოკრატიული ძალები კიდევ და კიდევ მოუწოდებდნენ რეფორმატორების გუნდს, გამიჯვნოდნენ პრეზიდენტის ბანაკს და დამოუკიდებლად ეზრუნათ პოლიტიკურ კარიერაზე და ქვეყნის მომავალზე. 2000 წლის 28 მაისს მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიურმა ინსტიტუტმა ჩაატარა დისკუსია თემაზე: “პოლიტიკური პრაგმატიზმი და პოლიტიკური იდეალიზმი”. დისკუსიის მთავარი შეკითხვა სწორედ ის აღმოჩნდა, ავნებდა თუ არგებდა ქვეყანას რეფორმატორების ხანგრძლივი და უნაყოფო მყოფობა ხელისუფლების მაღალ პოსტებზე. ამ შეხვედრაზე ბევრი არგუმენტი დასახელდა როგორც ხელისუფლებაში დარჩენის, ისე ხელისუფლებისგან გამიჯვნის სასარგებლოდ.

ზურაბ ჟვანიამ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტის დატოვების გადაწყვეტილება 2001 წლის პირველ ნოემბერს მიიღო – სახალხო გამოსვლების და უკიდურესი დაძაბულობის ვითარებაში. მაშინ მისი ნაბიჯი საკმაოდ ეფექტური გამოჩნდა. მაგრამ პოლიტიკური მომენტი არ განისაზღვრება ერთი დღით ან ერთი კვირით. 1998 წლის ზაფხულიდან 2001 წლის შემოდგომამდე ჟვანია იდგა არჩევანის წინაშე: დაეტოვებინა თუ არა ხელისუფლება და როგორ მოქცეულიყო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

დღეს, როდესაც ჟვანიას გადადგომიდან თითქმის ერთი წელიწადი სრულდება, მისი არჩევანი შეიძლება შეფასდეს როგორც სპონტანური, მოუმზადებელი.

უნაყოფო და გაუგებარი ბრძოლა მოქალაქეთა კავშირის დაპატრონებისთვის; მიხეილ სააკაშვილთან საერთო ენის ვერგამონახვა და მასთან ფარული ბრძოლა პირველი ლიდერობისთვის; სრულიად ურეიტინგო და უგულშემატკივრო პარტიებთან ალიანსი, – ასე შეიძლება შეფასდეს განვლილი ერთი წლის უარყოფითი შედეგი. დადებითი შედეგია ახალი პარტიის შექმნა, რომელიც, ჯერჯერობით, მხოლოდ პოტენციაში არსებობს, და თბილისის ინტელიგენციის მხარდაჭერა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე.

ძნელი სათქმელია, რომ ჟვანიამ შარშანდელი პოლიტიკური მომენტი უკვე მრავალმხრივ აწონილ-დაწონილი ნაბიჯის გადასადგმელად გამოიყენა. მრავალწლიანი მოწოდების მიუხედავად, ჩანს, ჟვანია სახელისუფლო ნაპირიდან უკან გადმოცურვას და მდინარეში ხელახლა შესვლას არ გეგმავდა; შესაბამისად, მოვლენების ამგვარი განვითარებისთვის მზად არ იყო. ახლა ზურაბ ჟვანია, სხვა ლიდერების მსგავსად, ცაიტნოტშია. ამიტომ, უახლოესი ერთი წლის განმავლობაში ჟვანიას რეიტინგი ან სწრაფად გაიზრდება, ან სწრაფად დაიკლებს. ამავე გზას გაიმეორებს მისი შემდგომი კარიერაც. ხელსაყრელი პოლიტიკური მომენტი კი, ამ ერთ წელიწადში, ალბათ, აღარ განმეორდება.