ფინანსთა სამინისტრომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას დამატებითი 72 ათასი ლარი უნდა გადაურიცხოს

7 აგვისტოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ოფიციალურად დაასრულა თბილისში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგების რევიზიის პირველი ეტაპი,
რომელიც საარჩევნო ოქმების შეჯერება- შედარებასა და სიების გადამოწმებას ითვალისწინებდა-ორშაბათს, 12 აგვისტოს უნდა დაიწყოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპეციალური განკარგულებითა და საოლქო სასამართლოს განაჩენით განპირობებული პროცედურის, ხმების ხელახალი დათვლის მეორე, დასკვნითი ეტაპი, რომელიც ამჯერად უკვე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, ახალი საარჩევნო ოქმის შედგენით უნდა დასრულდეს. შეგახსენებთ, რომ 5 აგვისტოს უზენაესმა სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ეროვნულ-დემოკრატიული და სახალხო პარტიების სარჩელი თბილისის საკრებულოს არჩევნების შედეგების ბათილად ცნობის შესახებ და თბილისის საკრებულოს შედეგების შემაჯამებელი ოქმი გააუქმა.

უზენაესი სასამართლოს ზემოთხსენებული გადაწყვეტილების შემდეგ, შეიძლება ითქვას, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგების გაყალბების საბაბით წამოწყებულ არაჯანსაღ პოლიტიკურ ინტრიგებში ლოგიკის ელემენტარული მარცვალი მაინც გაჩნდა-ანუ ხმების ხელახალი გადათვლა არჩევნების შედეგების რეალურად შეცვლის მიზნით წარიმართება და არა ეგრეთ წოდებული ვერრეალიზებული სიმართლის დადგენის მიზნით, როცა არჩევნების ობიექტური შედეგების საჯაროობის მიუხედავად, საკრებულო ფიქტიური ანუ პირველი შედეგებით უნდა შესდგომოდა მუშაობას. ასე რომ დღეისათვის, უზენაესი სასამართლოს 5 აგვისტოს გადაწყვეტილების შემდეგ, თბილისი ფაქტობრივად 2 ივნისის საღამოს მდგომარეობაში, საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ გაჩენილ ეიფორიაში იმყოფება იმ განსხვავებით, რომ უბნები ანულირებულია და ხმების გადათვლას ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საგანგებოდ შექმნილი ხმის დამთვლელი ჯგუფები შეუდგებიან. ლაპარაკია ხუთ ხუთკაციან ჯგუფზე, რომლებშიც, ხმების გადათვლის წესის შესახებ მიღებული დადგენილების თანახმად, ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2 და აპარატის 3 თანამშრომელი გაერთიანდა. მათ საკმაოდ შრომატევად საქმიანობას გამჭვირვალე ხასიათი უნდა ჰქონდეს.
[ელდარ გოგიაშვილის ხმა]-“მე ვფიქრობ რომ გამორიცხული უნდა იყოს ყველანაირი შეცდომა, რადგან ეს იქნება ღია პროცესი აუცილებლად. ეს ჩაიწერება, აქ დამონტაჟდა კამერები, ვიდეოთვალები, რასაც ჰქვია, პროცესი მთლიანად ჩაიწერება, დისპლეიზე იქნება გამოტანილი, ესწრებიან მეთვალყურეები, ჟურნალისტებიც, რა თქმა უნდა, თქვენც მობრძანდით, შეგიძლიათ, დამკვირვებლები ყველა პარტიიდან, ვინც კი რეგისტრირებულია ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, ანუ ეს ღია პორცესი იქნება აუცილებლად.”
ცენტრალური საარჩევნო კომისიის იურიდიული განყოფილების უფროსი, ელდარ გოგიაშვილი არ გამორიცხავს, რომ ხმების ხელახალმა გადათვლამ, შესაძლოა, პირველისაგან მართლაც განსხვავებული შედეგი მოგვცეს, თუმცა, რა ფასად!- ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გადათვლის პროცედურისთვის გაკეთებული ხარჯთაღრიცხვის მიხედვით, ფინანსთა სამინისტრომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას დამატებითი და ცხადია, გაუთვალისწინებელი 72 ათასი ლარი უნდა გადაურიცხოს. ეს ქართული სინამდვილისთვის არცთუ უმნიშვნელო საბიუჯეტო დეტალი, იქნებ, არაფრად მიაჩნდეთ ხალხისა და სამართლიანობის სახელით მოქიშპე პოლიტიკოსებს, მაგრამ ამ დეტალის დაფიქსირება, რასაკვირველია, ღირს.