დასავლეთის პრესა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში შექმნილი ახალი დაძაბულობის შესახებ

რუსეთ-საქართველოს საზღვრის ჩეჩნეთის მონაკვეთზე შექმნილ დაძაბულობას, მოსკოვისა და თბილისის პარალელურად, დასავლეთშიც ადევნებენ თვალყურს.
იმისთვის, რომ ამაში დავრწმუნდეთ, საკმარისია, თვალი გადავავლოთ თუნდაც 31 ივლისის გაზეთებს. დღეს თქვენს ყურადღებას შევაჩერებთ გერმანულენოვან პრესაში გამოქვეყნებულ ორ სტატიაზე, რომლებშიც საუბარია ბოლო დღეების მოვლენებსა და მათს შესაძლო მიზეზებზე.

“არეულ-დარეული თამაში თბილისსა და მოსკოვს შორის” – ასეა დასათაურებული გერმანიის “ფრანკფურტერ ალგემაინე ცაიტუნგის” 31 ივლისის ნომერში დაბეჭდილი წერილი, რომელსაც ავტორი, გაზეთის მოსკოველი კორესპონდენტი მარკუს ვენერი, ასე იწყებს: “ბომბები, რომლებიც თითქოს არავის ჩამოუგდია; მეომრები, რომლებიც ვითომ არავის უნახავს; ბრძოლები, რომელთა შესახებ მხოლოდ ურთიერთსაწინააღმდეგო ცნობები არსებობს – რუსეთსა და საქართველოს შორის გაჩაღებულმა არეულ-დარეულმა თამაშმა პანკისის ხეობაში მყოფი ჩეჩენი მეამბოხეების გარშემო სამშაბათს ახალი ძალით იფეთქა. მოსკოვი თბილისს იმაში ადანაშაულებს, რომ ის არაფერს აკეთებს ხეობიდან ჩეჩენი მეამბოხეების გასაძევებლად. და რაკი საქართველოს მოქმედების უნარი არ შესწევს, რუსეთს თვითონ უნდა მიეცეს საკუთარ უსაფრთხოებაზე ზრუნვის საშუალება, თუნდაც საქართველოს ტერიტორიაზეო – ასეთია რუსეთის მოთხოვნა, რომელიც თავდაცვის მინისტრმა სერგეი ივანოვმა სამშაბათს კიდევ ერთხელ გაიმეორა და რომელიც ამას წინათ პრეზიდენტმა პუტინმაც გამოთქვა.”

სტატიის ავტორი მკითხველს უყვება საქართველო-რუსეთის ჩეჩნეთის მონაკვეთზე ბოლო დღეებში მომხდარ ამბებს, რომლებიც ჩვენი მსმენელისთვის კარგად არის ცნობილი; ამიტომ მათზე აქ აღარ შევჩერდები.

საინტერესოა, რომ “ფრანკფურტურ ალგემაინეს” კორესპონდენტი, საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით, გამოთქვამს ვარაუდს, რომ საქართველოდან ჩეჩნეთში გადასული მეამბოხეები რუსლან გელაევის რაზმის წევრები უნდა იყვნენ. აქვე მარკუს ვენერი იხსენებს ჩეჩენი საველე მეთაურის ედუარდ შევარდნაძისეულ დახასიათებას: გელაევი ნორმალური კაცია და მასთან ლაპარაკი შეიძლებაო.

“საქართველოს უშიშროების მინისტრმა ვალერი ხაბურძანიამ – განაგრძობს ვენერი – ჩვენს გაზეთთან საუბარში აღიარა, რომ საქართველო, საკუთარი სამხედრო სისუსტის გამო, იძულებულია, პანკისის ხეობაში მყოფ ჩეჩენ მებრძოლებთან მოლაპარაკებები აწარმოოს, რათა ამ გზით მაინც დაატოვებინოს მათ ქვეყნის ტერიტორია. ამდენად, გამორიცხული არ არის, ჩეჩნეთში გელაევის დაბრუნება თბილისის ზეწოლის შედეგი იყოს.”

რაც შეეხება საქართველოს ხელისუფლების კატეგორიულ უარს, პანკისის ხეობაში სამხედრო ოპერაციის ჩატარების ნება დართოს მოსკოვს, მარკუს ვენერი ამას საქართველოში ფართოდ გავრცელებული ანტირუსული განწყობილებით ხსნის. მისი თქმით, შევარდნაძე იძულებულია, ამ განწყობილებას ანგარიში გაუწიოს.

მეორე წერილი, რომელზეც თქვენი ყურადღება გვინდა შევაჩეროთ, შვეიცარიის გაზეთ “ნოიე ციურხერ ცაიტუნგში” გამოქვეყნებული სტატია, უფრო ზუსტად კი – მისი ერთი მონაკვეთი გახლავთ.

წერილის ავტორი ცდილობს გაარკვიოს, ბოლო დღეებში მომხდარი შეტაკებების გარდა, ხომ არ არის რაიმე სხვა მიზეზი, რომელმაც თბილისის მისამართით მოსკოვის განცხადებათა მკვეთრი გამძაფრება გამოიწვია. შვეიცარიელი ჟურნალისტი იხსენებს, რომ მიმდინარე წლის დამდეგს კრემლი ერთხელ უკვე იმუქრებოდა, პანკისში სამხედრო ოპერაციას დავიწყებო. “მაშინ – აღნიშნავს ავტორი – ასეთი ცალმხრივი აქციის საფრთხე გაანელა აშშ-ის განცხადებამ, რომ ვაშინგტონი საქართველოს არმიის ანტიტერორისტული შენაერთების მომზადებასა და აღჭურვას აპირებდა. დღეს ამერიკელი ინსტრუქტორები უკვე საქართველოში იმყოფებიან და, როგორც შეეფერებათ კიდეც, ოპტიმისტურად საუბრობენ პროგრამის მიმდინარეობაზე. მაგრამ არაოფიციალური ქართული წყაროებიდან განსხვავებული შეფასებები გაისმის.”

“ნოიე ციურხერ ცაიტუნგის” კორესპონდენტის თქმით, ნაცვლად 500-სა, ჯერ მხოლოდ ასმა ქართველმა მოხალისემ გამოთქვა პროგრამაში მონაწილეობის სურვილი. იგი იხსენებს კოჯრის ბატალიონის ოფიცრებისა და ზემდეგების გარშემო ამას წინათ ატეხილ სკანდალსაც და დაასკვნის, რომ “წვრთნისა და აღჭურვის” პროგრამა შეფერხებებით მიმდინარეობს.

“ეს გარემოება მოსკოვს არ გამოჰპარვია და – მეამბოხეთა ინფილტრაციის პარალელურად, – შესაძლოა, სწორედ ამან გამოიწვია კრემლის კილოს უეცარი გამკაცრება”, წერს დასასრულს შვეიცარიელი ჟურნალისტი.