საზოგადოებრივი აზრი თავისუფლების ინსტიტუტის დარბევის შესახებ

იმის მიუხედავად, რომ მთელმა საქართველომ ტელეეთერით იხილა თავისუფლების ინსტიტუტის უმოწყალოდ ნაცემი თანამშრომლები, დღემდე საზოგადოება გაღიზიანებას გამოხატავს არა იმდენად დამრბევების,
რამდენადაც - დარბეულების მიმართ. ეს მოვლენა მასობრივი და ნიშანდობლივია; იგი განსჯასა და განმარტებას მოითხოვს.

თავისუფლების ინსტიტუტის საზოგადოებრივი ოპონენტები სამ ჯგუფად შეგვიძლია დავყოთ. პირველი და ყველაზე მრავალრიცხოვანია ის ჯგუფი, რომელიც ლევან რამიშვილს ან გიგა ბოკერიას ხან იეღოველობას, ხან კი სატანისტობას მიაწერს. ეს საზოგადოების ის ფენაა, რომელიც ყველაზე პრიმიტიულ ვერსიებს ენდობა: რაკი რამიშვილი, ბოკერია და ინსტიტუტის სხვა თანამშრომლები მუდმივად იცავენ ბასილი მკალავიშვილის მიერ შეწუხებულ იეღოველებს, გამოდის, რომ თავადაც იეღოველები არიან, ანუ ჭეშმარიტი მართლმადიდებლობის მტრები, ანუ სამშობლოს მოღალატეები. ამიტომაც მათ უცხოეთიდან მსუყედ აფინანსებენ - ასეთია ოპონენტთა პირველი ჯგუფის ლოგიკა.

მეორე ჯგუფი რიცხობრივად მცირეა, მაგრამ აგრესიულობით პირველს არ ჩამოუვარდება. ესენი არიან ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები, რომლებიც თავისუფლების ინსტიტუტს პრივილეგირებულ არასამთავრობო ორგანიზაციად მიიჩნევენ; ორგანიზაციად, რომელიც ადამიანის უფლებების დაცვის პრივატიზაციას ცდილობს. ეს ჯგუფი თავისუფლების ინსტიტუტის უკან პოლიტიკურ პატრონებს ხედავს და თავად ინსტიტუტს პოლიტიკური შეკვეთების შესრულებაში სდებს ბრალს. იმავდროულად, მეორე ჯგუფის წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები ორმაგ სტანდარტს მისდევენ, როდესაც განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენენ თავისუფლების ინსტიტუტის მიმართ, სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებს კი არც იცნობენ.

არსებობს ოპონენტთა მესამე ჯგუფი, რომელსაც არავითარი ინტერესი ან აგრესია თავისუფლების ინსტიტუტის მიმართ არ გააჩნია. ეს არის ინტელიგენტი ქართველებისგან შემდგარი ჯგუფი, რომელსაც, უბრალოდ, აღიზიანებს ლევან რამიშვილის, გიგა ბოკერიას, ზურაბ ჭიაბერაშვილისა თუ დავით ზურაბიშვილის სატელევიზიო გამოსვლები. ამ ჯგუფის მთავარი პრეტენზია თავისუფლების ინსტიტუტის წარმომადგენელთა ზედმეტი სითამამე, მოუზომავი ტონი, ზრდილობის დეფიციტი და აშკარად გამოხატული ცინიზმია.

რატომ გაერთიანდა საზოგადოებრივი აზრი თავისუფლების ინსტიტუტის წინააღმდეგ? სამივე შემთხვევაში, გაღიზიანება და მიუღებლობა გამოიწვია იმ აგრესიამ, რომელსაც ინსტიტუტის წარმომადგენლები იჩენენ ადამიანის უფლებების დაცვისას. და ქვეყანაში, რომელშიც, ჯერჯერობით, ყველაზე მეტი მიმდევარი სწორედ აგრესიულ ლიდერებს ჰყავთ; ქვეყანაში, სადაც საზოგადოებას არ აღიზიანებს არც ბასილ მკალავიშვილის, არც გურამ შარაძის, არც ბადრი ზარანდიას, არც შალვა ნათელაშვილის და არც მიხეილ სააკაშვილის აგრესია, მაინცდამაინც ლევან რამიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის აგრესია აღმოჩნდა მიუღებელი.

იმავდროულად, საზოგადოებას არ უჩნდება შეკითხვა: რა კვებავს თავისუფლების ინსტიტუტის წევრთა მუდმივ აგრესიას? ადამიანის უფლებების დამცველები, როგორც წესი, მკაცრად მისდევენ პრინციპებს. დავუშვათ, დაარბია მკალავიშვილის ჯგუფმა იეღოველთა შეკრება, ხალხი მილახ-მოლახა და დააშინა. თავისუფლების ინსტიტუტი აცხადებს, რომ ეს არ უნდა ხდებოდეს. მკალავიშვილმა მეორედ დაარბია იეღოველები, თავისუფლების ინსტიტუტი ისევ კატეგორიულია. გზადაგზა ჩანს, რომ იეღოველების დაცვა ინსტიტუტს ავტორიტეტს ულახავს საზოგადოების მოზრდილი ჯგუფის თვალში. ამის შემდეგ მკალავიშვილი ისევ არბევს იეღოველებს. როგორ იქცევა თავისუფლების ინსტიტუტი, რომლისთვისაც საკუთარი ავტორიტეტი სულერთი არ არის? ცხადია, ავტორიტეტზე მაღლა აყენებს უფლებადაცვით პრინციპს და კიდევ ერთხელ იცავს დაზარალებულებს. ასე იქმნება აგრესიული ფონი; ასე ეწირება პრინციპების დაცვას ავტორიტეტი საზოგადოების პირველი ჯგუფის თვალში.

მეორე ჯგუფზე სასაუბროც არაფერია: სახელისუფლო წრეს სძულს თავისუფლების ინსტიტუტი, რომელიც მწვავედ უპირისპირდება შევარდნაძეს და კოლექტიურ შევარდნაძეს. შესაბამისად, მეორე ჯგუფი, პირველისგან განსხვავებით, არაგულწრფელია და დაინტერესებულია თავისუფლების ინსტიტუტის, როგორც ქმედითი ოპონენტის, დისკრედიტაციით.

ყველაზე საინტერესოა მესამე ჯგუფი, რადგან იგი განათლებული, განსწავლული და დაუინტერესებელი ადამიანებისგან შედგება. წესით და რიგით, სწორედ ეს ჯგუფი უნდა იყოს თავისუფლების ინსტიტუტის მოკავშირე და თანამოაზრე. მაგრამ არა, ინტელიგენცია პასიურია და სხვისი აქტიურობა, განსაკუთრებით, აგრესიისკენ მიდრეკილი, აღიზიანებს. ამ ჯგუფისთვის მისაღებია გურამ შარაძის ზრდილობა, მაგრამ მიუღებელია ლევან რამიშვილის უზრდელობა; ამ ჯგუფისთვის მისაღებია ჯანსუღ ჩარკვიანის ბილწსიტყვა ენამწარობა, მაგრამ მიუღებელია ზურაბ ჭიაბერაშვილის ზედმეტად თამამი შეფასებები.

თავისუფლების ინსტიტუტის დარბევაზე საზოგადოების რეაქცია დამაფიქრებელია ყველასთვის, ვისაც სურს, რომ მომავალმა თაობამ მაინც თავისუფალ ქვეყანაში იცხოვროს. თუმცა, თავისუფლება საჩუქარი ვერ იქნება, ეს სულის მდომარეობაა, რომელიც ადამიანს, ისევე, როგორც საზოგადოებას - ან აქვს, ან არა აქვს.