ალტერნატივა: უძრაობა ან რევოლუცია

გასული წლის სექტემბერში ჟურნალ "არილში" გამოქვეყნდა ფილოსოფოსისა და პოლიტოლოგის - ზურაბ ჭიაბერაშვილის შემდეგი პროგნოზი: "ყველაზე შემაშფოთებელი ისაა,
რომ ალტერნატივა სწორედ ასეთია: ან ბრეჟნევისდროინდელი "უძრაობის ხანა" (როცა პრეზიდენტი გადაწყვეტილებებს ვერ იღებს), ან მოვლენათა სწრაფი, რევოლუციური განვითარება". დღეს, თითქმის ერთი წლის შემდეგ, ეს პროგნოზი ახდენილი რეალობაა.

სამოქალაქო სექტორის ყველაზე ავტორიტეტული წარმომადგენლები - ლევან ბერძენიშვილი და გია ნოდია - მოვლენების განვითარების შესაძლო სცენარს ერთმანეთისგან განსხვავებულად ხედავენ. ლევან ბერძენიშვილს არაერთ საგაზეთო და სატელევიზიო ინტერვიუში დაუდასტურებია, რომ ედუარდ შევარდნაძე პრეზიდენტის პოსტზე 2005 წლამდე ვერ გაძლებს; რომ მოვლენები მეტისმეტად სწრაფად ვითარდება, რაც დღის წესრიგში დააყენებს ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებს.

სრულიად საპირისპირო თვალსაზრისი გამოაქვეყნა გია ნოდიამ, როდესაც გასული წლის ნოემბრის სახალხო გამოსვლები შეაფასა. მისი აზრით, ქვეყნის სტაბილური განვითარების გარანტი შეიძლება იყოს კონსტიტუციის დაცვა და არა ხალხის ნების აღსრულება. თუ ქვეყნის მოსახლეობამ პრეზიდენტი 2005 წლამდე ვადით აირჩია, ესე იგი, საკონსტიტუციო ვადის გასვლამდე სახელმწიფოს სწორედ იგი უნდა მართავდეს. არ ივარგებს, თუ თავის მიერ არჩეულ პრეზიდენტს ხალხი მიადგება და ეტყვის: აღარ მოგვწონხარ და გადადექიო.

ჩვენს სინამდვილეში პირველი გზა - ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები - მორიგ რევოლუციას ნიშნავს; მეორე გზა კი - საკონსტიტუციო ნორმის აღსრულება და 2005 წლამდე დღევანდელი ხელისუფლების შენარჩუნება - ნიშნავს ქვეყნის ჩაძირვას უძრაობაში.

თუ პრესას გადავფურცლავთ და სატელევიზიო საინფორმაციო საშუალებებსაც თვალყურს მივადევნებთ, ადვილად შევამჩნევთ, რომ დღეს ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემაა პოლიტიკური ჯგუფების ფარული გასამხედროება და მოსალოდნელი დესტაბილიზაცია. მიხეილ სააკაშვილი სწორედ ამ კონტექსტში განიხილავს თემურ ხაჩიშვილისა და გიგა გელაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლებას, აგრეთვე, ლევან მამალაძის მიერ ვეტერანთა ორგანიზაციის იარაღით აღჭურვას. თავის მხრივ, სააკაშვილს შეახსენებენ, რომ სწორედ მან გაწვრთნა რაზმი იუსტიციის მინისტრის პოსტზე ყოფნისას და გადადგომის შემდეგ ეს რაზმი ნაციონალურ მოძრაობაში გაიყოლა. იმავდროულად, სახელდება თვე, ნოემბერი, როდესაც პრეზიდენტის მოწინააღმდეგე პოლიტიკური ძალები სახალხო გამოსვლებს და სერიოზულ დესტაბილიზაციას გეგმავენ.

საბოლოოდ, დაზუსტებით შეიძლება ითქვას, რომ დღეს თითქმის მთელი სპექტრი რევოლუციურ გზაზე საუბრობს და "უძრაობის" აჩრდილი პოლიტიკოსთა წარმოდგენებს არ ამძიმებს. რამდენად საშიშია ვითარება და რა შეიძლება მოხდეს სინამდვილეში - მორიგი რევოლუცია თუ მაინც საკონსტიტუციო წესრიგის აღსრულება, ამას, საბოლოოდ, ქვეყნის მოსახლეობა გადაწყვეტს.