443-ე გამოშვება

წამყვანი: დავით კაკაბაძე, პრაღა 443-ე გამოშვება
დავით კაკაბაძე:
პროგრამის მეორე ნაწილი, როგორც ყოველ პარასკევს, “მეათე სტუდიას” დაეთმობა. ჩვენი ყოველკვირეული რადიოჟურნალის 443-ე გამოშვებაში, პოლიტიკოსებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელთა დახმარებით, ვიმსჯელებთ 10 ივლისს, თავისუფლების ინსტიტუტში მომხდარ ვანდალურ აქტზე; გავიხსენებთ უფრო ადრე მომხდარ რამდენიმე ანალოგიურ ფაქტს; უყურადღებოდ არც პანკისის ხეობის პრობლემატიკას დავტოვებთ, მით უმეტეს, რომ ამ საკითხმა კვლავ შეიძინა აქტუალობა საქართველოში რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის, ვლადიმირ რუშაილოს ვიზიტის შემდეგ; შემოგთავაზებთ მასალას ცნობილ ამერიკელ კინომსახიობზე, ამ რამდენიმე დღის წინათ გარდაცვლილ როდ სტაიგერზე. დღეს “მეათე სტუდიის” სტუმარია მონრეალში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტი და მწერალი პეპი ბოჭორიშვილი. რადიოჟურნალს დავით კაკაბაძე უძღვება.

[მუსიკა]

რას უნდა ველოდეთ საქართველოს საზოგადოებისგან?

დავით კაკაბაძე:
ოთხშაბათს, 10 ივლისს თავისუფლების ინსტიტუტის დარბევის შემდეგ ამ არასამთავრობო ორგანიზაციის ოფისის წინ თავი მოიყარეს პოლიციელებმა, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა და ჟურნალისტებმა. პირველნი და მესამენი თავიანთი პროფესიული მოვალეობის შესასრულებლად იყვნენ მოსულნი, ხოლო საზოგადოებრივი გაერთიანებები - სოლიდარობის გამოსახატად. არ ჩანდნენ მხოლოდ მოქალაქეები, ისინი, ვისაც პროფესიული მოვალეობა ან პროფესიული სოლიდარობა არ აკავშირებდა თავისუფლების ინსტიუტუტის წევრებთან. გრიბოედოვის ქუჩაზე დაახლოებით 20 ადამიანი იყო, ვინც შეაწუხა დარბევამ და იქ თანადგომისთვის მივიდა. იმავე საღამოს სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ პეტრე მამრაძემ გაიხსენა სხვა შემთხვევები, როცა საზოგადოება ასევე ინდიფერენტული იყო ვანდალური აქციების მიმართ და ეს საქართველოში არა მოქალაქის, არამედ ქვეშევრდომის ფსიქოლოგიის არსებობით, საბჭოთა ადამიანის მყარად შემორჩენით ახსნა. რას უნდა ველოდოთ ქართული საზოგადოებისგან: კვლავაც სულერთია დამოკიდებულებას სხვისი რბევისადმი თუ გამოცოცხლებასა და სამოქალაქო გააქტიურებას? დავით პაიჭაძემ ამ კითხვით მიმართა პოლიტიკოსებსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს, რომლებიც ხუთშაბათს შეიკრიბნენ აღშფოთებისა და პროტესტის გამოსათქმელად.

დავით პაიჭაძე:
პასუხები შეიძლება ორ კატეგორიად დაიყოს: ოპტიმისტური და სკეპტიკური. ამასთან, ოპტიმისტურ პროგნოზს ძირითადად პოლიტიკოსები მიმართავდნენ, ხოლო სკეპტიკურს ან პესიმისტურს – მესამე სექტორის წარმომადგენლები. თუმცა, სკეპტიციზმი არ აკლდა დეპუტატ კოტე კემულარიას სიტყვებს [კემულარიას ხმა]: “საზოგადოება, რაღაცნაირად, ერთად უნდა იდგეს, არ უნდა უყურებდეს ამას გულგრილად და არ ერთობოდეს იმით, თუ რას აკეთებს მკალავიშვილი, რა ხდება ქუჩაში და ა.შ. ეს ნამდვილად არ არის გასართობი მოვლენა, ჩვენი საზოგადოება კი ერთობა, თითქოს მას არაფერი ეხება. არადა, უშუალოდ ეხება და ეს უნდა ავუხსნათ საზოგადოებას. ამ ხელისუფლებამ დაკარგა სოციალური ბაზა, ხალხი და ხელისუფლება ერთმანეთს აღარ ენდობიან, შესაბამისად, ხდება კრიმინალიზაცია და შედეგად საზოგადოების წევრებს სახლებში შეუვარდებიან. ამაზე ყველანი უნდა დავფიქრდეთ”.

იყო პირიქითაც: არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა სწორედ რომ იმედიანი დამოკიდებულება გამოხატა საზოგადოებაში სოლიდარობის სამომავლოდ გაღვივების გამო, რადგან საზოგადოება მიხვდება, რომ მისი ფუნდამენტური მიზნებისა თუ სწრაფვების რეალიზება მხოლოდ დემოკრატიის პირობებშია შესაძლებელი. ჭიაბერაშვილს ეხმიანებოდა პარლამენტის წევრი მაია ნადირაძეც [ნადირაძის ხმა]: “მე მაქვს ამის იმედი. ჯერ ერთი, ეს იმედი რომ არ მქონდეს, სიცოცხლე უნდა დავამთავრო და ეს არ მინდა. მთავარია, შეიქმნას საზოგადოებრივი აზრი და არ მოხდეს ჭეშმარიტების მარგინალიზაცია”.

საპირისპირო შინაარსის ეჭვი გამოთქვა იურისტმა დავით უსუფაშვილმა, რომელიც თავის ვარაუდს ასე ასაბუთებს [უსუფაშვილის ხმა]: “საზოგადოება ძალადობას შეგუებულია. ბევრისთვის ძალადობა მიზნის მიღწევის მისაღები ხერხია. უფრო ბევრისთვის ძალადობა, შეიძლება, მიუღებელია, მაგრამ აქტიური პროტესტის გამოხატვას მოერიდება; მით უმეტეს, მაშინ, როცა ამ საზოგადოებაში მთავარი მოძალადეები შეწყალებულნი იქნენ. დაუსჯელობის ფონზე ნაკლებ სავარაუდოა, საზოგადოებამ ღია პროტესტი გამოხატოს ამ ფაქტების გამო”.

სკეპტიკური იყო ფსიქოლოგი გაგა ნიჟარაძე. მას მიაჩნია, რომ ძალადობის სიტყვიერი გმობა ჩვენს საზოგადოებაში პრაქტიკულად უნაყოფო საქმეა [ნიჟარაძის ხმა]: “ცუდის თქმა არ მინდა, მაგრამ... ადამიანის ცემა რომ ცუდი საქმეა, ამას ყველა იტყვის, თუმცა რაღაც ნაწილი იტყვის, ეგრეც მოუხდებათო. ამ ეტაპზე არ მაქვს დიდი იმედი, რომ საზოგადოება გამოთქვამს თავის ნებას, აილაგმოს ასეთი რამ ერთხელ და სამუდამოდ”.

დეპუტატ ვასილ მაღლაფერიძეს კი საინტერესო მოტივი აღმოაჩნდა ოპტიმისტური განწყობის გასამაგრებლად [მაღლაფერიძის ხმა]: “მე მაინც ოპტიმისტურად ვარ განწყობილი: ამ გზას ქვეყანა არ მიიღებს. ეს ხელისუფლება ვერ მოასწრებს ამას იმიტომ, რომ არავითარი ნდობა არა აქვს. ხელისუფლებას ან ძალიან დიდი ნდობა უნდა ჰქონდეს, ან დიდი რეპრესიების საშუალება. სტალინმა დიდი რეპრესიებით მოიპოვა ნდობა. ეს ხელისუფლება ამას ვერ შეძლებს. ვერ მოასწრებენ”.

საზოგადოებისგან ქმედით სოლიდარობას არ მოელის არც გაზეთ “ჯორჯიან თაიმსის” მთავარი რედაქტორი გია იაკობაშვილი, რომელიც საზოგადოებაში ავტორიტეტის მოპოვების, როგორც თავად ამბობს, რადიკალურ გზას ხედავს [იაკობაშვილის ხმა]: “მე, საერთოდ, არ ვთვლი, რომ საზოგადოება არსებობს საქართველოში. აქედან გამომდინარე, არ იქნება სოლიდარობაც. მეტიც, მიმაჩნია, რომ იმას, რაც ხდება, გარკვეული ხნის მანძილზე, იმავე მეთოდებით უნდა ვებრძოლოთ. ისინი ფიქრობენ, რომ ჩვენი იარაღი მხოლოდ დეკლარაციები და გონებაა და ფიზიკური ძალა არ გაგვაჩნია. ამიტომაც, მათ თვალში არავითარი ავტორიტეტი არ გვაქვს. ცოტა ხნით უნდა გადავიდეთ მაგათ მეთოდებზე, უნდა დავნახოთ, რომ ბრძოლა შეგვიძლია ყველანაირად – სიტყვით, კალმით, მუშტით. ამის შემდეგ. შეიძლება, წამოვიდნენ დიალოგზე. აქედან უნდა დაიწყოს საზოგადოების ჩამოყალიბება”.

დავით პაიჭაძე, რადიო “თავისუფლებისთვის”, თბილისი.

[მუსიკა]

საქართველოში ძალადობის ესკალაციის ქრონიკა

დავით კაკაბაძე:
როგორც დავით პაიჭაძის ამ მასალამაც დაგვანახა, თავისუფლების ინსტიტუტის დარბევის საჯარო შეფასება ერთგვაროვანია – პოლიტიკური ორგანიზაციები თუ საზოგადო მოღვაწეები გადაჭრით ჰგმობენ ძალადობის ამ აღმაშფოთებელ ფაქტს. მეორე მხრივ, ნათელია: საზოგადოება უფრო შეურიგებელი რომ ყოფილიყო ძალადობის გამოხატვის არაერთი სხვა შემთხვევის მიმართ, ალბათ, არც თავისუფლების ინსტიტუტის თანამშრომელთა წინააღმდეგ მიმართული ამ სამარცხვინო ფაქტის მომსწრენი გავხდებოდით. თამარ ჩიქოვანი ძალადობის გამოვლენის ზოგიერთ შემთხვევას შეგახსენებთ.

თამარ ჩიქოვანი:

(იხ. აუდიოვერსია)

თამარ ჩიქოვანი, რადიო “თავისუფლებისათვის”, თბილისი.

ექსპერტის მოსაზრებები პანკისის ხეობასთან დაკავშირებით

დავით კაკაბაძე:
ბოლო დროს რუსეთი სულ უფრო დაჟინებით საუბრობს პანკისის ხეობაში ანტიტერორისტული ოპერაციის ჩატარების აუცილებლობაზე. რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივნის, ვლადიმირ რუშაილოს ვიზიტიც ამას მოწმობს. თუმცა, როგორც საქართველოს ოფიციალური პირები, ისე დამოუკიდებელი ექსპერტები აცხადებენ, რომ რუსეთი არ მიიღებს მონაწილეობას სპეცოპერაციაში, რომელიც, შესაძლოა, ჩატარდეს კიდეც პანკისის ხეობაში. პანკისის პრობლემის გარშემო გიორგი კაკაბაძე ესაუბრა ექსპერტს კავკასიის საკითხებში, მამუკა არეშიძეს.

გიორგი კაკაბაძე:
მამუკა არეშიძის თქმით, “ტერორიზმთან ბრძოლის პრობლემა რუსეთს, უპირველესად, საკუთარ ტერიტორიაზე აქვს მოსაგვარებელი.” რაც შეეხება, პანკისის ხეობას, ექსპერტი მიჩნევს, რომ “რუსეთმა რაღაც ფორმატით უნდა მიიღოს მონაწილეობა პრობლემის გადაჭრაში, მაგრამ ეს არ უნდა გულისხმობდეს ამ ქვეყნის უშუალო ჩაბმას სპეცოპერაციაში, ისევე, როგორც ამერიკელთა უშუალო მონაწილეობას”.

“თუ სპეცოპერაცია დაიგეგმება, ის უნდა ჩაატარონ საქართველოს სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლებმა სათანადო მომზადების შემდეგ,” – ამბობს მამუკა არეშიძე, რომელიც, ამასთანავე, არ გამორიცხავს რუსეთისა და ამერიკის კონსულტანტებისა და ანალიტიკური ჯგუფების ჩართვას ამ პროცესში.

რესპონდენტს შევახსენე, რომ, საქართველოს სპეცსამსახურების წარმომადგენელთა განცხადებით, პანკისის ხეობა ნელ-ნელა იცლება ბოევიკებისაგან, რომლებიც, როგორც ჩანს, მალე საერთოდ წავლენ იქიდან.
რატომ ითხოვს ასეთ სიტუაციაში რუსეთი სპეცოპერაციის ჩატარებას პანკისის ხეობაში?

მამუკა არეშიძის თქმით,[არეშიძის ხმა] “რასაკვირველია, ჩვენი სპეცსამსახურების ხელმღვანელთა ინფორმაცია სიმართლეს შეეფერება. ჯერ კიდევ იანვარში გავიდა პირველი 62 კაცი ხეობიდან. მას მერე ეს დინამიკა გრძელდება, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ძალიან რთულია, კონკრეტული ქვეყნის სპეცსამსახურების განცხადებები და ქმედებები დაამთხვიო იმ დინამიკას, რომელიც ამჟამად არის ხეობაში”.

“გარდა ამისა, რუსეთის ხელისუფლებას საკუთარი მიზნები აქვს: პირველ რიგში, ქვეყნის უსაფრთხოება ამოძრავებს და, მეორეც, პრესტიჟი”. ჩემი თანამოსაუბრის აზრით, “მართალია, პანკისის ხეობიდან მომავალი საფრთხე რუსეთისათვის სრულიად უმნიშვნელოა, მაგრამ, ვინაიდან რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებას ვესწრაფვით, დიდი მეზობლის ინტერესები გასათვალისწინებელია”.

[არეშიძის ხმა] “თუმცა, მე ხაზს ვუსვამ - ეს არ ნიშნავს იმას, რომ ოპერაცია აუცილებლად ჩატარდება. შეიძლება იყოს მოსამზადებელი ეტაპი, რომელიც სიტუაციას კიდევ უფრო განმუხტავს იმიტომ, რომ, როცა მოწინააღმდეგე მხარე დაინახავს, რაოდენ სერიოზული ძალები ჯგუფდება მათ წინააღმდეგ, შეიძლება უფრო სწრაფად დატოვონ ხეობა”. [სტილი დაცულია]

ამ ცოტა ხნის წინ რუსეთის პრესაში საუბარი იყო ვერსიაზე, თითქოს ჩეჩენი ბოევიკები საქართველოდან იღებდნენ იარაღს და თურქეთიდან გამოგზავნილი “სტინგერის” ტიპის რაკეტებითაც იყვნენ აღჭურვილები. მამუკა არეშიძის თქმით, არ შეიძლება ამგვარი ინფორმაცია სერიოზულად აღიქმებოდეს. ”ის ჰაერსაწინაღმდეგო იარაღი, რომელიც ჩეჩნეთის არმიას ჰქონდა და დღესაც აქვს, რუსეთის სხვადასხვა ქალაქშია შეძენილი”, - ამბობს ექსპერტი. მაგალითად, არსებობს ზუსტი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ შეიძინეს ჩეჩნებმა იარაღი იაკუტიაში მდებარე შესაბამის ქარხანაში.
რაც შეეხება თურქულ კვალს, მამუკა არეშიძე არ გამორიცხავს, რომ ამ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა იარაღით კონტრაბანდას, რომელსაც თუქეთის ცალკეული მოქალაქეები ეწევიან.

ექსპერტი კავკასიურ საკითხებში დღესაც მიიჩნევს, რომ , ხეობაში არსებული რთული კრიმინალური სიტუაციის გამო, უპირველესად ჩასატარებელია არა ანტიტერორისტული, არამედ ანტიკრიმინალური ოპერაცია. მისი თქმით, “ანტიტერორისტული ოპერაციის ჩატარების შემთხვევაში მთავარი დარტყმა მიმართული იქნება არა მხოლოდ იმ ადამიანების წინააღმდეგ, ვინც ბოევიკად იწოდება, არამედ ჩეჩენი ლტოლვილების წინააღმდეგაც”.

“ამიტომ სპეცოპერაციის ჩატარება გაცილებით მეტ სირთულესთან არის დაკავშირებული”, - ამბობს მამუკა არეშიძე.

“ანტიკრიმინალური ოპერაცია კი შეეხება იმ დაჯგუფებებს, რომლებშიც გაერთიანებულნი არიან როგორც ჩეჩნები, ისე ქართველები და ქისტები. ადგილობრივი მოსახლეობა მეტი გაგებით მოეკიდება ასეთი ოპერაციის ჩატარებას”, - ფიქრობს ექსპერტი.

გიორგი კაკაბაძე, რადიო “თავისუფლებისათვის”, თბილისი.

[მუსიკა]

ინტერვიუ კანადაში მოღვაწე ქართველ მწერალთან ელენე ბოჭორიშვილთან

დავით კაკაბაძე:
ვინც 80-იან წლებში ქართულსა და რუსულ ჟურნალ-გაზეთებს სისტემატურად კითხულობდა, არ შეიძლება, არ ახსოვდეს პეპი ბოჭორიშვილის სახელი; მისი სრულიად გამორჩეული, ნიჭიერად დაწერილი რეპორტაჟები და ინტერვიუები, ნარკვევები და ჩანახატები “მოლოდიოჟ გრუზიიში” თუ “ლელოში”, “მართვესა” თუ “სოვეტსკი სპორტში”. უკვე ათი წელიწადია, პეპი (ოფიციალურად ელენე) ბოჭორიშვილი კანადაში ცხოვრობს და, რაც განსაკუთრებით სასიხარულოა, წარმატებით მოღვაწეობს სამწერლო ასპარეზზე. კანადაში, ფრანგულ ენაზე, გამოვიდა მისი ორი რომანი: “ჟუჟუნა წვიმა” და “ოპერა”, რომელთაგან პირველი სულ ახლახან იტალიურად ითარგმნა და გამოიცა. ჩვენი გადაცემის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე პეპის მონრეალში დავურეკე და ვთხოვე, თავისი თავგადასავლის მოყოლა სულ თავიდან – კანადაში გადაბარგებიდან დაეწყო.

(იხ. აუდიოვერსია)

[მუსიკა]

გარდაიცვალა როდ სტაიგერი

დავით კაკაბაძე:
გასულ კვირაში კინოს სამყარომ ერთ-ერთი უდიდესი მსახიობი დაკარგა. გარდაიცვალა როდ სტაიგერი, რომელმაც მაყურებლებს თავი დაამახსოვრა ბრწყინვალედ შესრულებული სახასიათო როლებით, ცნობილი პიროვნებებისა თუ ბოროტმოქმედთა განსახიერებით. მსმენელებიდან, ალბათ, ბევრს ახსოვს სერგეი ბონდარჩუკის ”ვატერლოო” და მასში ამერიკელი მსახიობის მიერ განსახიერებული ნაპოლეონი ან კიდევ კინოფილმი ”ღამის პაპანაქება”, რომელშიც სტაიგერმა რასისტი შერიფის დაუვიწყარი სახე შექმნა. როდ სტაიგერის ამ და ზოგიერთ სხვა ნამუშევარს მარიამ ჭიაურელი გაიხსენებს. თუმცა, მანამდე ერთ ჩანაწერს მოუსმინეთ:

[როდ სტაიგერის ხმა] ”ვფიქრობ, ადამიანის შემოქმედებითი მუშაობის მიზანია, შექმნას სამყარო, რომლის გაკონტროლებასაც შეძლებს, რომელშიც დაცული იქნება. იმავდროულად, შემოქმედებითი მუშაობა სხვა სამყაროთა კარსაც გიხსნის, სიახლეს გაზიარებს. შემოქმედის ცხოვრება მეტად საინტერესო ცხოვრებაც არის, ვინაიდან თუ ნამდვილი ხელოვანი ხარ, ერთსა და იმავეს ორჯერ არ გააკეთებ. შენი ძალების გამოცდა გიწევს. მთელი ცხოვრება ასე ვიყავი: უკეთ ვმუშაობდი, თუ რთული ამოცანის წინაშე ვიდექი”.

მარიამ ჭიაურელი:
სტაიგერს არაერთხელ უთქვამს, სამსახიობო სასწავლებელში იმიტომ ჩავაბარე, რომ ყველა ლამაზი გოგო იქ დადიოდაო. მაგრამ ახალგაზრდა კაცის გარდასახვის ნიჭმა მალე მიიქცია ყურადღება და ბევრი, მათ შორის, ალბათ, ის ”ლამაზი გოგოებიც”, დაარწმუნა, რომ როდ სტაიგერს პროფესიის შერჩევისას შეცდომა არ დაუშვია.

პირველი დიდი გამოცდა მსახიობმა 1954 წელს ჩააბარა, როცა კინორეჟისორ ელია კაზანის გახმაურებულ ფილმში ”ზღვის ფრონტზე” არ დაიჩრდილა მთავარი როლის შემსრულებლის, დიდებული მარლონ ბრანდოს გვერდით და საუკეთესო ეპიზოდური როლისთვის ოსკარზე ნომინაციაც დაიმსახურა. ამ პრემიაზე სტაიგერი კიდევ ერთხელ წარადგინეს, როცა უკვე გამოცდილმა მსახიობმა 1964 წელს კინოფილმში ”მევახშე” ჰოლოკოსტს გადარჩენილი სოლ ნაზერმენი განასახიერა – სხვათა შორის, სტაიგერი ნაზერმენს სიცოცხლის ბოლომდე მიიჩნევდა თავის საუკეთესო როლად. თუმცა, მისი კარიერის მწვერვალად სხვა ფილმი იქცა: 1967 წელს გადაღებული ”ღამის პაპანაქება”, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ იმ პერიოდის ამერიკულ კინოში ლამის ტაბუდადებულ თემას, რასიზმს, ეხებოდა, 5 ოსკარით დაჯილდოვდა. მათ შორის ოსკარით შერიფ გილესპის როლის შემსრულებელი როდ სტაიგერისათვის.

ფილმი ორი მამაკაცის რთულ ურთიერთობაზე მოგვითხრობს. შავკანიანი გამომძიებელი, ვირჯილ ტიბსი (მას სიდნეი პუატიე განასახიერებს) და თერთკანიანი შერიფი ბილ გილესპი თავდაპირველად ერთმანეთისადმი მტრულად არიან განწყობილი, ორივე ძლიერი პიროვნებაა, ორივე ჯიუტი, და არც ერთს არ სურს დათმობაზე წასვლა. მაგრამ სიმართლის მიკვლევის სურვილი მათ აიძულებს, დაძლიონ უნდობლობა და ერთმანეთის პატივისცემა ისწავლონ.

ყველაზე მეტად როდ სტაიგერს ძალაუფლების ჟინით შეპყრობილთა როლები იზიდავდა. ტელე- თუ კინონაწარმოებებში ის განასახიერებდა ნაპოლეონსა და მუსოლინის, პილატესა და ალ კაპონეს, რომის პაპს, იოანე 23-ეს და რუდოლფ ჰესს. მაგრამ კაცს, რომელმაც თავი ძლიერ პიროვნებათა როლების შესრულებით დაგვამახსოვრა, სინამდვილეში დეპრესიები და საკუთარი შესაძლებობების მიმართ ეჭვი ტანჯავდა. კრიზისის დროს ის წარმატებების მოტრფიალე ჰოლივუდს გაეცლებოდა ხოლმე და აკრიტიკებდა კინოსტუდიებსა და კოლეგებს, რომლებიც მის თვალში, ხელოვნების მაგივრად, ფულის მოხვეჭით იყვნენ დაკავებული.

როდ სტაიგერს ასზე მეტი როლი აქვს შესრულებული, მათ შორის, დიდი ევროპელი რეჟისორების, ფრანჩესკო როზისა და კლოდ შაბროლის ფილმებში. მაგრამ სტაიგერი ვარსკვლავი არასოდეს ყოფილა, ეფექტებს არასოდეს გამოკიდებია. ის როლის სიღრმეში ჩაწვდომას, ხასიათის ამოცნობას ლამობდა და, როგორც წესი, ახერხებდა კიდეც.

ერთხელ შეკითხვას, როგორ სიკვდილს ისურვებდითო, როდ სტაიგერმა ასეთი პასუხი შეაგება: ”არც არანაირს. თუმცა, ჩართული კამერების წინ სიკვდილის წინააღმდეგი არ ვიქნებოდიო”. ეს ხუმრობანარევი ნატვრა დიდ მსახიობს, როგორც მოსალოდნელიც იყო, არ აუსრულდა. 77 წლის სტაიგერი 10 ივლისს, ლოს-ანჯელესის ერთ-ერთ საავადმყოფოში, ოპერაციისშემდგომი გართულებების შედეგად გარდაიცვალა.

დავით კაკაბაძე:
“მეათე სტუდიას” და მასთან ერთად ჩვენს დღევანდელ გადაცემას ვამთავრებთ სიმღერით “In the Heat of the Night” (“ღამის პაპანაქება”) ამავე სახელწოდების კინოფილმიდან, რომელმაც როდ სტაიგერს ოსკარი მოუტანა. სიმღერას კი ლეგენდარული რეი ჩარლზი ასრულებს. ”მეათე სტუდია” პრაღაში მოამზადეს მარიამ ჭიაურელმა და დავით კაკაბაძემ. თბილისის სტუდიაში ხმის ოპერატორის პულტთან იჯდა ლევან გვარამაძე. რადიოჟურნალს დავით კაკაბაძე უძღვებოდა. მომავალ შეხვედრამდე.

[მუსიკა]