დედაქალაქის კულტურული ცხოვრება, როგორც ჩანს,
ნელ-ნელა უახლოვდება "საერთაშორისო სტანდარტებს" - უცხოელები ქართველი მაყურებლის, მსმენელის დაფასებას იწყებენ. საერთაშორისო ორგანიზაციებს, დასავლეთის ქვეყნების საელჩოებს, უფრო სწორად, ამ საელჩოების, ეგრეთ წოდებულ, "კულტურულ ბიუროკრატებს" თბილისში აღარ ჩამოჰყავთ მეორეხარისხოვანი კოლექტივები, მუსიკოსები, მხატვრები, რომელთაც სამშობლოში არავინ იცნობს. "მეტის ღირსნი არცა ხართ!" - ამგვარ ქვეტექსტს ამოიკითხავდა ქართველი ესთეტი ჯერ კიდევ 5- 3 წლის წინ საქართველოში საგასტროლოდ ჩამოსული უცხოელი არტისტების სპექტაკლებში. შეურაცხყოფილად თავს ყველაზე უფრო ბალეტის მოყვარულები გრძნობდნენ. ამ ხნის მანძილზე თბილისში ჩამოიყვანეს არაერთი კოლექტივი, რომელიც გაგვაცნეს როგორც "საბალეტო დასი", თანაც "სახელგანთქმული", ჩვენ კი ვახტანგ ჭაბუკიანის სამშობლოში - ზოგჯერ კი სწორედ იმ სცენაზე, სადაც ჭაბუკიანი ცეკვავდა - ვიხილეთ უმწეო ანსამბლები, რომლებიც, შესაძლოა, პარიზის მეტროში ან თუნდაც ბარსელონის მოედნებზე ცეკვავენ... მაგრამ ეს დრო, ეტყობა, დამთავრდა. ქართველი ესთეტები ჯერ ისე არ გადაგვარებულან, რომ კარგი და ცუდი, ან პროფესიული და დილეტანტური ერთმანეთისგან ვერ გაარჩიონ. ამას როცა მიხვდნენ, უცხოელმა "კულტურულმა ბიუროკრატებმა" პოლიტიკა შეცვალეს - უპირატესობა არა რაოდენობას, არამედ ხარისხს მიანიჭეს; "გასტროლიორების" რიცხვმა იკლო, თბილისში ჩამოსული კოლექტივების დონემ კი აიწია. არ არის გამორიცხული, რომ აქ კონკურენციამაც ითამაშა გარკვეული როლი. თუ, მაგალითად, ნიდერლანდების კულტურის ცენტრი ახერხებს და თბილისში ჩამოჰყავს ისეთი კლასისა და ავტორიტეტის მწერალი, როგორიც არნონ გრუნბერგია, რატომ ვერ უნდა მოახერხონ რაღაც ამის მსგავსი ფრანგებმა ან ამერიკელებმა? ახლა უკვე კვირა არ გავა, თბილისში მართლაც საინტერესო უცხოელი მუსიკოსი ან მწერალი არ ვახილოთ. ასე მოხდა ამ დღეებშიც, როცა საქართველოში ბრიტანეთის საბჭომ დედოფალ ელისაბედის იუბილე "Random dance"- ის ჩამოყვანით აღნიშნა. თბილისელებმა, თუ მეხსიერება არ მღალატობს, პირველად იხილეს, ეგრეთ წოდებული, ვიდეობალეტი - ქორეოგრაფიული ხელოვნების ჟანრი, რომელსაც დღეს სპეციალური ფესტივალებიც კი ეძღვნება. ასეთი ტიპის წარმოდგენებში ქორეოგრაფიის მოყვარულები, როგორც წესი, ვერ ახერხებენ თვალი ადევნონ მოცეკვავის პლასტიკას და თავად დადგმის კულტურას; ვიზუალური ეფექტი მშვენიერი საშუალება ხდება ბანალური ცეკვის შენიღბვისათვის. მაგრამ ბრიტანელმა მოცეკვავეებმა მეტ-ნაკლებად მაინც მოახერხეს ბალანსის დაცვა რეალურ ცეკვასა და ეკრანზე აღბეჭდილ ფერად "ლანდებს" შორის. მართალია, ქორეოგრაფია განსაკუთრებული სიახლით არ გამოირჩეოდა, თბილისელებისთვის ეს წარმოდგენა მაინც საინტერესო ექსპერიმენტი უნდა ყოფილიყო, განსაკუთრებით განათების, სახვითი გადაწყვეტის თვალსაზრისით. ისე კი, მაინც ძნელია "ბალეტი" უწოდო ყველაფერს, რაც ბრიტანელმა მსახიობებმა რუსთაველის თეატრში წარმოადგინეს. ფაქტობრივად, ეს იყო პერფომენსი, რომლის მსგავსი თავისუფლად შეიძლება მოაწყონ თბილისელმა არტისტებმაც. ამისათვის აუცილებელია საქართველოში, სხვათა შორის, ჭაბუკიანის სამშობლოში, ბოლოს და ბოლოს, ჩამოყალიბდეს თანამედროვე ცეკვის სკოლა და საჭიროა ოდნავ უკეთესი ტექნიკა, უკეთესი განათება, რომელსაც თბილისის საბალეტო დასი ნამდვილად იმსახურებს.
პერფომენსებს ჯერჯერობით თბილისში უფრო მეტად მხატვრები და თეატრალები აწყობენ. მაგრამ ამ ადამიანებს, თუნდაც ინგლისში, არავინ ეპატიჟება. უფრო მეტიც, როგორც წესი, ამ წარმოდგენებს ქართული მედიაც უყურადღებოდ ტოვებს ხოლმე.
"ვეფხისტყაოსანი? მანდ ხომ რუსთაველს კითხულობენ მხოლოდ," - მითხრა ჟურნალისტმა, რომელიც ერთ-ერთ ქართულ ტელეარხზე კულტურულ ცხოვრებას აშუქებს, როცა ვურჩიე აუცილებლად ენახა მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობის თეატრში დადგმული წარმოდგენა "ჰეი, ვეფხისტყაოსნებო", რომლის ავტორი და დამდგმელი რეჟისორია მსახიობი ლალი კეკელიძე. ეტყობა, ამ სპექტაკლის - უფრო სწორად, როგორც წარმოდგენის პროგრამაშია ნათქვამი, "ერთმოქმედებიანი პერფომენსის" - სათაურმა, მართლაც, დააბნია თბილისის საზოგადოება: ზოგიერთ თეატრმცოდნესაც კი ეგონა, რომ ლალი კეკელიძის სპექტაკლი "მხატვრული კითხვის საღამოა", რომელიც, როგორც წესი, მთქნარების სურვილს აღძრავს ხოლმე მაყურებელში.
ამ წარმოდგენაში, მართლაც, სულ ლექსებს კითხულობენ. ოღონდ არა რუსთაველის ტექსტს, არამედ ლალი კეკელიძის ლექსებს. "ვეფხისტყაოსანს" კი, თუ არ ვცდები, მხოლოდ ერთხელ ახსენებენ. ისიც "ციტატის სახით"... საერთოდ, ლალი კეკელიძის პოეზია ციტატებით საკმაოდ მდიდარია. თუმცა ციტატა არსად იქცევა უბრალო სამკაულად. ზოგიერთი ციტატა გამოხატავს იმ კულტურულ ფასეულობებს, რომელსაც მოწყვეტილია ჩვენი საზოგადოების ცნობიერება, ზოგიერთი კი, პირიქით, წარმოაჩენს იმ სტერეოტიპებს, იმ შენიღბულ, ფსიქოლოგიურ თუ კულტუროლოგიურ კოდებს, რომელიც ამ ცნობიერების განვითარებას ამუხრუჭებს. წარმოდგენის დასაწყისში, როცა კულისებიდან ავტორი, ლალი კეკელიძე, კითხულობს თავის ლექსს, რომელსაც რეფრენად "ჩემო კარგო ქვეყანავ" გასდევს, ნათელი ხდება, რომ მთელი წარმოდგენა იქნება პასუხი კითხვაზე "ვისია მომავალი, თუკი ასეთია აწმყო?" [ჩართვა. "ჰეი, ვეფხისტყაოსნებო"]
ლალი კეკელიძის პერფომენსით თუ ვიმსჯელებთ, აწმყო "მდედრს" ეკუთვნის. მთელი წარმოდგენის მანძილზე ექვსი ქალბატონი, შეიძლება ითქვას, "უტრიალებს" სცენაზე დადგმულ მამაკაცის საფრთხობელას. ისინი მამაკაცს ძალაუფლებას ართმევენ, შემდეგ კი უმოქმედობაში ადანაშაულებენ. ისინი ელიან მამაკაცს, რომელიც თავადვე აქციეს საფრთხობელად. ერთ ეპიზოდში საფრთხობელას შეერთებული შტატების დროშის ატრიბუტები უჩნდება. "გემუდარები, წამიყვანეო," - სთხოვენ მას ქართველი ქალები [ჩართვა "ჰეი, ვეფხისტყაოსნებო"]
ამ წარმოდგენაზე, სულ რომ არაფერი ხდებოდეს სცენაზე, მაყურებელი, თუკი მას პოეზია უყვარს, მაინც არ მოიწყენდა. ლალი კეკელიძის პოეზია, უბრალოდ, ვერ გადააქცევდა სპექტაკლს "მხატვრული კითხვის საღამოდ" თუნდაც იმიტომ, რომ ეს ლექსები აბსოლუტურად მოკლებულია პათეტიკას, ხოლო როცა დროდადრო ლექსში სენტიმენტალიზმი იმძლავრებს ხოლმე, მსმენელი, უბრალოდ, ვერ ასწრებს გაღიზიანებას, რადგან სენტიმენტალურ პასაჟებს მაშინვე იუმორი, ზოგან კი სარკაზმი მოჰყვება. მაგრამ არც ესაა მთავარი თუმანიშვილელთა წარმოდგენაში, რომელსაც ერთადერთი ნაკლი აქვს - კუსტარულობა, ვიზუალური თვალსაზრისით (სპექტაკლს ეტყობა, რომ "გროშებადაა" გაკეთებული). სიახლე აქ ისაა, რომ ქართულმა კულტურამ, ბოლოს და ბოლოს, დაიწყო გენდერული როლების ურთიერთობის, მათი "ურთიერთმიმართების" პრობლემის გააზრება. "ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში," ბოლოს და ბოლოს, დაიწყო ლაპარაკი ქალის როლზე ქართულ კულტურულ სივრცეში, თანაც იდეალიზაციის გარეშე, გასაოცარი თვითირონიითა და "შავი იუმორით", თანაც სხვადასხვა თაობის ქალბატონთა მშვენიერი შესრულებით, მსახიობებით, რომელთაგანაც მე განსაკუთრებით გამოვყოფდი ლია კაპანაძეს, შეიძლება ითქვას, ქართულ-საბჭოთა კინოში ერთადერთ არტისტს, რომელსაც არ შეეშინდა ყოფილიყო ეროტიკული მერაბ კოკოჩაშვილის "დიდ მწვანე ველში", გამოვყოფდი მზია არაბულს და, რაღა თქმა უნდა, ამ წარმოდგენის ნამდვილ მშვენებას, როგორც გაირკვა, არაპროფესიონალ მსახიობს, რუსუდან სავანელს. მაყურებელს კი ვეტყოდი, ნუ დაგაფრთხობთ ეს ირონიული სათაური "ჰეი, ვეფხისტყაოსნებო" და აუცილებლად ნახეთ ლალი კეკელიძის სპექტაკლი. ბოლოს და ბოლოს, საქართველოშიც კეთდება რაღაც, რაც არაფრით ჩამოუვარდება უცხოელი "კულტურული ბიუროკრატების" მიერ შერჩეულ ღონისძიებებს.