ფინანსთა სამინისტრო საგადასახადო შეღავათების გაუქმებას მოითხოვს

ახლად დანიშნულმა ფინანსთა მინისტრმა მირიან გოგიაშვილმა გასულ კვირას პრეზიდენტს უპატაკა, რომ მაისის თვის სახელმწიფო ბიუჯეტი 101%-ით შეასრულა.
როგორც ჩანს, გოგიაშვილს მიღწეულის დათმობა არ სურს და მის შესანარჩუნებლად ძალ-ღონეს არ იშურებს, თუმცა თავისი წინამორბედისგან 40 მილიონიანი საბიუჯეტო გარღვევა მემკვიდრეობით ერგო და, თუ ეს დეფიციტი არ ამოივსო, წლის ბოლოს ბიუჯეტის სეკვესტრი მაინც გახდება საჭირო.

ახალგაზრდა ფინანსთა მინისტრს კარგად ესმის, რომ მისი მომავალი კარიერა დიდადაა დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ გაამართლებს პრეზიდენტის იმედებს. ანუ ერთხელ თუ მაინც შეძლებს წლების მანძილზე შეუსრულებელი ბიუჯეტის შევსებას, გოგიაშვილს სახელისუფლებო აღმასვლა გარანტირებული ექნება, ხოლო პრეზიდენტ შევარდნაძეს თავისი ხელისუფლების ეფექტურობის კარგი მაგალითი გაუჩნდება. ახალგაზრდა ფინანსთა მინისტრი ამ გამოწვევისთვის მზად არის და ეს იქიდანაც ჩანს, რომ დანიშვნიდან ერთი თვის შემდეგ მან პარლამენტს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანა შესთავაზა.

საგადასახადო კოდექსის ცვლილებათა პროექტის განხილვა საქართველოს პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტში 13 ივნისს მოეწყო. კოდექსის ცვლილებები, ძირითადად, დღემდე არსებული შეღავათების გაუქმებას ითვალისწინებს. კომიტეტის სხდომაზე მირიან გოგიაშვილმა კატეგორიულად - ფაქტობრივად, ულტიმატუმის ფორმით - მოითხოვა წარდგენილი ცვლილებების სასწრაფოდ მიღება.

[გოგიაშვილის ხმა] „მე სხვანაირად გეტყვით: ადმინისტრირება და ყველაფერი არის ჩემზე დამოკიდებული. მე როდესაც ვამბობ, ამას გავაკეთებ-მეთქი, ესე იგი გავაკეთებ. მე მინდა ამისთვის ინსტრუმენტები და მექანიზმები."

ინსტრუმენტები და მექანიზმები გოგიაშვილს ბიუჯეტის 50 მილიონიანი ბაზის ასათვისებლად ესაჭიროება. იგი ფინანსურ გეგმაში გათვალისწინებულია, თუმცა ეს ბაზა ისეთი საგადასახადო შეღავათებით სარგებლობს, რომ მისი ადმინისტრირებით რაიმე შემოსავლის მიღება შეუძლებელია.

მაგალითად ინვალიდთა შეღავათებს დავასახელებ. ინვალიდთა მონაწილეობით შექმნილი საწარმოები მოგების გადასახადისაგან თავისუფლდებიან, რაც ნებისმიერ ბიზნესმენს საშუალებას აძლევს თავის კომპანიაში რამდენიმე ინვალიდი დაასაქმოს და მოგების 20 პროცენტიანი გადასახადი თავადვე აითვისოს.

საერთოდ არ იბეგრება სასტუმროების ბიზნესი. არადა თბილისში უამრავი სასტუმრო გაიხსნა და ისინი კანონის იმ მუხლით სარგებლობენ, რომელიც საცხოვრებელი ფართის გაქირავებას გადასახადებისაგან ათავისუფლებს. სასტუმრო საცხოვრებელი ფართია და სტუმარი კი ამ ფართის დამქირავებელი.

ასევე, არ იბეგრება იმ ქვეყნებიდან განხორციელებული იმპორტი, რომელთანაც საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება აქვს გაფორმებული. ასეთი ქვეყანა სულ რვაა და მათ შორისაა ჩვენი ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორი რუსეთი. მირიან გოგიაშვილი ამ ხელშეკრულებების გაუქმებასაც ითხოვს.

ეკონომიკის ექსპერტი რომან გოცირიძე, რომელიც გოგიაშვილს ბიუჯეტის პარამეტრების არასწორად წარმოდგენის გამო აკრიტიკებს, ამავე დროს, მიესალმება საგადასახადო შეღავათების გაუქმების ნებისმიერ ინიციატივას.

[გოცირიძის ხმა] „ეს შეღავათები უამრავია, დაწყებული ენერგეტიკის სექტორით, დამთავრებული სხვადასხვა საბაჟო ტარიფებითა თუ სხვადასხვა წარმოების დარგების მიმართ, რომელიც, როგორც წესი, ლობირების შედეგი იყო. თუკი ვინმე, აი, ამ შეღავათების მიმართებით დაიწყებს მუშაობას, მე მივესალმები. ყველა შეღავათი გასაუქმებელია. ბიუჯეტში უნდა შემოვიდეს თანხები სრული ოდენობით და შემდეგ ის სექტორი, რომელიც შეღავათს საჭიროებს, უნდა ღებულობდეს მიზნობრივად გამჭვირვალედ ბიუჯეტიდან ფულს."[სტილი დაცულია]

აღსანიშნავია, რომ ყველაზე დიდი შეღავათებით ენერგეტიკის სფერო სარგებლობს, თუმცა ფინანსთა სამინისტროს მისი გაუქმების ინიციატივა არ გამოუჩენია და ყველაზე მომგებიან კომპანიებს სახელმწიფო ბიუჯეტთან ანგარიშსწორების ყველაზე იოლი გზა რჩებათ.

სავარაუდოა, რომ პარლამენტი საგადასახადო კოდექსის ცვლილებებს მიიღებს. შემოდგომისთვის კი მას ახალი საგადასახადო კოდექსის პროექტზე მსჯელობა მოუწევს, რომელიც გადასახადების ლიბერალიზაციას ითვალისწინებს. ცხადია, რომ მის მიმართ მწვავე დამოკიდებულება ექნება გადასახადების გამკაცრების მთავარ ინიციატორს, ფინანსთა სამინისტროს. თუმცა საგადასახადო კოდექსის ახალი კანონის მიღების გარეშე მირიან გოგიაშვილის ამბიციებსაც ნაკლები გასაქანი ექნება, რადგან მოქმედი კოდექსი გადასახადის პატიოსან გადამხდელს ახრჩობს და ჩრდილოვანი ბიზნესისკენ უბიძგებს.