ჩვენს მსმენელს, ცხადია, უფრო მეტად აინტერესებს, როგორ აფასებს “ამნესტი ინტერნეშნლი” ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში საქართველოში შექმნილ ვითარებას.
საქართველოსადმი მიძღვნილი თავის შესავალში ნათქვამია, რომ იქ ხშირად ვრცელდება ცნობები პატიმრების წამებისა და სხვადასხვა სახის შეურაცხყოფის შესახებ. აღირიცხა პატიმართა გარდაცვალების ორი შემთხვევა, რაც, “ამნესტი ინტერნეშნლის” ინფორმაციით, შეიძლება დაკავშირებული იყოს წამებასა და ცემასთან. ანგარიშის შემდგენლები აღნიშნავენ, რომ ხსენებული ბრალდებები ხელისუფლებამ ვერ გამოიძია და, შესაბამისად, არც დამნაშავენი დაუსჯია.
პატიმართა წამების შესახებ გავრცელებული ცნობები, დოკუმენტის თანახმად, ძირითადად სასურველი ჩვენების გამოძალვას უკავშირდებოდა; ხშირად სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლები დაკავებულებსა თუ პატიმრებს საშუალებას არ აძლევდნენ, მიემართათ ვექილებისთვის, დამოუკიდებელი სამედიცინო ექსპერტებისთვის.
ანგარიშში საუბარია პატიმართა გარდაცვალების ორ ფაქტზე, მათგან ერთზე – დაწვრილებით. ეს გახლავთ ოზურგეთის მკიდრის, გია ჩიჩაკუას შემთხვევა. ჩიჩაკუა 2001 წლის იანვარში გარდაიცვალა, დაკავებიდან ექვსი საათის შემდეგ. გავრცელებული ცნობების თანახმად, იგი ხელკეტებით სცემეს ოზურგეთის პოლიციის თანამშრომლებმა. თავად ჩიჩაკუას მეუღლის თქმით, მის ქმართან ოთხი ნასვამი პოლიციელი მივიდა და ქურდობასთან დაკავშირებულ საქმეზე დასაკითხად წაიყვანა. ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში პოლიციის უფროსმა განაცხადა, რომ ჩიჩაკუა მოულოდნელად გარდაიცვალა და მის სხეულზე ძალადობის არავითარი ნიშნები არ აღმოუჩენიათ. იმავე ტელერეპორტაჟში მოყვანილი იყო კიდევ ერთი ოფიციალური პირის ნათქვამი: ჩვენების მიცემის დროს ის უცბად შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალაო. ამ საქმესთან დაკავშირებით დამოუკიდებელი სამედიცინო ექსპერტიზა, როგორც “ამნესტი ინტერნეშნლი” ამტკიცებს, არ ჩატარებულა.
დოკუმენტში ცალკე ქვეთავი ეძღვნება თავდასხმებს რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლებზე: ლუთერანელებზე, იეღოვას მოწმეებზე, ორმოცდაათიანელებზე. ანგარიშის შემდგენელთა თქმით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიიდან განკვეთილი მღვდლის, ბასილ მკალავიშვილის მომხრეთა მიერ მოწყობილი ამ თავდასხმების უმრავლესობაში სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლები, უკეთეს შემთხვევაში, პასიურ მაყურებლებად გვევლინებოდნენ, ხოლო ზოგჯერ თავდამსხმელებს ეხმარებოდნენ კიდეც.
“ამნესტი ინტერნეშნლი” ასევე ცალკე ქვეთავს უთმობს გაეროს ეგიდით მოქმედი ორგანიზაციის “კომიტეტი წამების წინააღმდეგ” ანგარიშს, რომელშიც მიმოხილულია წამების წინააღმდეგ გაეროს მიერ მიღებული კონვენციის განხორციელების მდგომარეობა. ამ ანგარიშის თანახმად, ხელისუფლების უუნარობამ, საფუძვლიანად და მიუკერძოებლად გამოეძია ადამიანთა წამებასთან დაკავშირებული ცნობები, ხელი შეუწყო ქვეყანაში დაუსჯელობის ატმოსფეროს შექმნას. იმავე დოკუმენტში მძაფრად არის გაკრიტიკებული საქართველოს ციხეებში არსებული მდგომარეობა. ამავე დროს, გაეროს კომიტეტი მიესალმება ქვეყნის კანონმდებლობაში შეტანილ ცვლილებებს, რომლებმაც ხელი უნდა შეუწყოს ადამიანის უფლებათა დაცვას. დადებით ცვლილებებს შორის საუბარია პენიტენციალური სისტემის გადასვლაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებიდან იუსტიციის სამინისტროს კომპეტენციაში.
აფხაზეთისადმი მიძღვნილ ქვეთავში მოთხრობილია 2001 წლის ოქტომბერში მომხდარი შეტაკებების შესახებ, რომელთა დროსაც, დოკუმენტის თანახმად, ასამდე ადამიანი დაიღუპა.
დაბოლოს, “ამნესტი ინტერნეშნლი” აღნიშნავს, რომ 2001 წლის მანძილზე პატიმრობაში იმყოფებოდა სინდისის პატიმარი ელგუჯა წელაია, რომელმაც რელიგიური მოსაზრებებით უარი განაცხადა სავალდებულო სამხედრო სამსახურზე. 2001 წელს საქართველოს მოქალაქეებს ალტერნატიული სამოქალაქო სამსახურის გავლის საშუალება არ ჰქონდათ.
“ამნესტი ინტერნეშნლის” ანგარიშის საქართველოსადმი მიძღვნილი თავის სრულ ტექსტს შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგ მისამართზე:
http://web.amnesty.org/web/ar2002.nsf/eur/georgia!Open