პარტიების წინასაარჩევნო ''მესიჯები''

ნებისმიერი სერიოზული პარტია არჩევნების წინ საგულდაგულოდ მუშაობს იმ საყრდენ წინადადებებზე, რომელთა მეშვეობითაც ამომრჩეველს მოკლედ უხასიათებს საკუთარ თავს თუ პოლიტიკურ ოპონენტებს.
შემდეგ ეს წინადადებები, როგორც წესი, გვხვდება საარჩევნო კამპანიის ყველა კომპონენტში: ბუკლეტებში, ლიდერთა საჯარო გამოსვლებსა თუ მათ საგაზეთო ინტერვიუებში. ასეთი მოკლე "შეტყობინებები" ეხმარება ამომრჩეველს, შეიქმნას აზრი ამა თუ იმ პარტიის შესახებ.

პარტიების წინასაარჩევნო "მესიჯები", როგორც წესი, ორგვარი შინაარსისაა: დადებითი და უარყოფითი. დადებითი "მესიჯების" ანუ "შეტყობინებების" მეშვეობით პარტიები ამომრჩეველს საკუთარ მიზნებს აცნობენ, უარყოფითი "მესიჯებით" კი პოლიტიკური ოპონენტების სუსტ მხარეებს წარმოაჩენენ. იმის მიხედვით, თუ რა შინაარსისაა უარყოფითი მესიჯები, ზუსტად შეიძლება განსაზღვრა, თუ ვის მიიჩნევს თავის უშუალო კონკურენტად ესა თუ ის პოლიტიკური ძალა. ხშირად ხდება, რომ რომელიმე ორ პარტიას სხვადასხვა მსოფლხედვის თუ სოციალური ფენის ამომრჩეველი ჰყავს. ამ შემთხვევაში ისინი ერთმანეთს უშუალო კონკურენტებად არ აღიქვამენ და ერთმანეთის ამომრჩევლის გადმობირებას არც ცდილობენ. მაგრამ ზოგჯერ იქმნება რეალობა, როდესაც მთელი საარჩევნო სპექტრი პარტიებად კი არ ნაწილდება, არამედ, ერთიანი ფრონტის ორ ბანაკად იყოფა. ამ შემთხვევაში ფრონტის ორივე მხრეს მდგომი ძალები მოსახლეობას ერთსა და იმავეს უმტკიცებენ: ჩვენი კონკურენტების გამარჯვების შემთხვევაში ქვეყანას "შავი" ძალა დაეპატრონებაო.

ორი ივნისისთვის დანიშნული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები სპექტრის ორ ფრონტად გაყოფას არ გამოიწვევს. ამდენად, სპექტრი გაიშლება და პარტიები ინდივიდუალურად გადაწყვეტენ, ვინ მიიჩნიონ უშუალო კონკურენტად და ვინ - არა. ამის ამოცნობა კი ყველაზე ადვილია სწორედ წინასაარჩევნო "მესიჯების" მეშვეობით. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საინფორმაციო უზრუნველყოფას. დღეისათვის, როდესაც არჩევნებამდე სამი კვირაც აღარ რჩება, ყველაზე უკეთ თავისი წინასაარჩევნო "მესიჯების" დანერგვა მოახერხა სამმა პოლიტიკურმა ძალამ: ახალი მემარჯვენეების პარტიამ, ნაციონალურმა მოძრაობამ და ჟვანიას გუნდმა. მათ გარდა, გამოკვეთილი დადებითი მესიჯი უკვე აქვს ორ პოლიტიკურ პარტიას: სოციალისტებს და მრეწველებს. ერთი მხრივ: "რუსეთი ჩვენი მეზობელია", მეორე მხრივ კი: "მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს", - ეს ორი მოკლე წინადადება საკმაოდ ეფექტურ “მესიჯებად” უნდა მივიჩნიოთ. რუსეთზე ორიენტირებული ამომრჩეველი მხარს ბუნებრივად დაუჭერს რჩეულიშვილის პარტიას; ხოლო ელექტორატის ის ნაწილი, რომელიც წლების განმავლობაში უმუშევარია ან დროებითი შემოსავლებით არსებობს, იმედიან მზერას სწორედ თოფაძის პარტიას მიაპყრობს.

გამოკვეთილი საარჩევნო "მესიჯების" თვალსაზრისით, საკმაოდ რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ ლეიბორისტები. შალვა ნათელაშვილი იძულებული შეიქნა, საკუთარი პარტიის წევრებისთვის ქცევის საგანგებო წესები ჩამოეყალიბებინა. მათ ეკრძალებათ პროტექციონიზმი, ბიზნესის ლობირება, სახლებისა და აგარაკების მშენებლობა, ხელისუფლების წარმომადგენლებთან ნებისმიერი სახის კონტაქტი და ბევრი სხვა რამ. საქართველოში, სადაც ადამიანური ურთიერთობები პარტიულ კონტროლს არ ექვემდებარება, შალვა ნათელაშვილის "თვითდისციპლინა" დანარჩენი პარტიების მხრიდან იუმორისტული ჟანრის ნიმუშად შეფასდა და ირონიის ობიექტად გადაიქცა. იმის შემდეგ, რაც გავრცელდა ხმები, რომ ლეიბორისტულ პარტიას სახელმწიფო კანცელარია მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ აამოქმედებს, ნათელაშვილმა, ჩანს, იძულებითი საპასუხო ნაბიჯი გადადგა: თავის თანაპარტიელებს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად წვეულებაზე დასწრებაც კი აუკრძალა. თანაც, წინა არჩევნების შემდეგ ლეიბორისტული პარტია, ასე ვთქვათ, "შიგნიდან გაიფქცვნა" როგორც თბილისის, ისე სხვა ქალაქების საკრებულოებში. ამიტომ დღეს პარტიის ლიდერი ერთ-ერთ მთავარ “მესიჯს” სწორედ პარტიულ დისციპლინას უკავშირებს. "ლეიბორისტული პარტია დისციპლინით გამოირჩევა და ჩვენი წარმატებების საფუძველიც სწორედ ეს არის", - ამ ფრაზას დაკვირვებული ამომრჩეველი მომავალი ოცი დღის განმავლობაში შალვა ნათელაშვილისგან არაერთხელ მოისმენს.

დადებითი "მესიჯების" თვალსაზრისით, სიახლე არ ჩანს აღორძინების კავშირში. ორი მთავარი შეტყობინება, როგორც ჩანს, ასე ჩამოყალიბდება: (1) "ერთადერთი რეალური ოპოზიცია აღორძინებაა, დანარჩენი პარტიები კი შევარდნაძის ფინანსებით და მისივე პოლიტიკური აზროვნებით იკვებებიან"; (2) "აღმშენებლობით პროცესს, რომელიც აჭარაში მიმდინარეობს, თბილისშიც გადმოვიტანთ". ძნელი სათქმელია, რამდენად ეფექტური აღმოჩნდება ეს "მესიჯები" თბილისელი ამომრჩევლისთვის, თუ მათ უახლოეს დღეებში რაიმე არსებითი არ დაემატა.

უკვე ვთქვით, რომ სამმა პოლიტიკურმა ძალამ სხვებზე უფრო მკაფიოდ გამოკვეთა როგორც საკუთარი მიზნები, ისე უშუალო კონკურენტების სუსტი მხარეები. ლევან გაჩეჩილაძის, მიხეილ სააკაშვილისა და ზურაბ ჟვანიას საარჩევნო "მესიჯების" შესახებ კვირას ვისაუბრებთ.