ქართული საზოგადოების ერთი ნაწილისთვის გაუგებარია, რა საერთო შეიძლება იყოს მიხეილ სააკაშვილსა და შალვა ნათელაშვილს შორის.
მაგრამ საზოგადოების მეორე ნაწილი სწორედ ამ ორ პოლიტიკოსს ენდობა, ოღონდ, ჯერ ბოლომდე არ გადაუწყვეტია, საბოლოოდ რომელ მათგანს დაუჭიროს მხარი.
ია ანთაძე გესაუბრებათ ნაციონალური მოძრაობისა და ლეიბორისტული პარტიის ლიდერების შესახებ.
მიხეილ სააკაშვილისა და შალვა ნათელაშვილის მიმართ დამოკიდებულება საზოგადოებისთვის ჩატარებულ ტესტს ჰგავს. ის ადამიანები, რომლებიც მათ შორის მსგავსებას ვერ ხედავენ და საკუთარ თავს არ ეკითხებიან - რომელი მათგანი გააძლიერონ საკუთარი ხმით - პირობითად რომ ვთქვათ, მოედნის ერთ მხარეს თამაშობენ. მათ პირისპირ დგას მეორე ჯგუფი, საკმაოდ მრავალრიცხოვანი, რომლის არჩევანი ამ ორი პოლიტიკური ფიგურით არის შემოსაზღვრული და სწორედ ამ ორ პოლიტიკოსს შორის მერყეობს. ამიტომ, პირველი ჯგუფის პოზიციიდან, ღირს დაფიქრებად, რა საერთოს შეიძლება ხედავდნენ ადამიანები ამ ორ ლიდერს შორის; ხოლო მეორე ჯგუფის პოზიციიდან სასარგებლოა იმაზე ფიქრი, თუ რითი განსხვავდება ეს ორი პოლიტიკური მოღვაწე ერთმანეთისგან.
დავიწყოთ გამაერთიანებელი ნიშნებით. როდესაც მოქალაქეები ვერ გრძნობენ ხელისუფლების მხრიდან რაიმე ყურადღებას, მათ ბუნებრივად უჩნდებათ ნდობა იმ პოლიტიკოსების მიმართ, რომლებიც სხვებზე მეტს საუბრობენ ჩვეულებრივი ადამიანის პრობლემებზე. ამ თვალსაზრისით, ნათელაშვილი და სააკაშვილი მთელ პოლიტიკურ სპექტრში დანარჩენებისგან განცალკევებით დგანან. გასულ წლებში ლეიბორისტული პარტია იყო ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელიც თანმიმდევრულად საუბრობდა უფასო განათლებასა და სამედიცინო მომსახურებაზე. ნაციონალური მოძრაობა კიდევ უფრო შორს წავიდა და საზოგადოებას, სულაც, წლების განმავლობაში დარღვეული სამართლიანობის აღდგენას ჰპირდება. ხალხზე ზრუნვა, - ეს არის ორივე ლიდერის - როგორც შალვა ნათელაშვილის, ისე მიხეილ სააკაშვილის - საჯარო გამოსვლების მთავარი თემა.
ლეიბორისტული და ნაციონალური პარტიების ლიდერები თითქმის ერთნაირი სტრუქტურით აგებენ რიტორიკას და მათი მეტყველების მანერაც მსგავსია. ორივესთვის დამახასიათებელია სწრაფი, ენერგიული საუბარი და ხმის აწეული ტემბრი. რაც მთავარია, ორივე პოლიტიკოსისთვის ნიშანდობლივია საჯარო გამოსვლის აგება ეგრეთ წოდებულ საყრდენ სიტყვებზე. ციტატა მიხეილ სააკაშვილის ერთი გამოსვლიდან: "სიმართლეა ის, რომ ჯანდაცვის რეფორმით უკმაყოფილოა ყველა პაციენტი; სიმართლეა ის, რომ ჯანდაცვის რეფორმით უკმაყოფილოა ყველა ექიმი; სიმართლეა ის, რომ, რაც დრო გადის, ვითარება სულ მეტად უარესდება; სიმართლეა ის, რომ სულ უფრო მეტი ავადმყოფი რჩება ექიმის გარეშე..." და ა. შ. ამგვარი ლოზუნგური მეტყველება ზუსტად ერთნაირად არის დამახასიათებელი როგორც სააკაშვილისთვის, ისე ნათელაშვილისთვის. ლოზუნგი კი არსებობს არა იმისათვის, რომ ადამიანი დააფიქროს, არამედ იმისათვის, რომ თავი კარგად დაამახსოვროს. ორივე პოლიტიკური ლიდერის მიზანიც ესაა - საკუთარი თავი კარგად დაამახსოვროს იმ ადამიანებს, რომლებსაც განსჯისკენ მიდრეკილება ნაკლებად ახასიათებთ.
ამით მსგავსების თემა იწურება. რაც შეეხება განსხვავებას: ვიდრე პოლიტიკურ მოღვაწეობას შეუდგებოდნენ, თითოეულმა ლიდერმა განსხვავებული გზა გაიარა: შალვა ნათელაშვილმა - საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური აკადემიის ასპირანტურასა და საქართველოს პროკურატურაში; მიხეილ სააკაშვილმა - კიევისა და კოლუმბიის უნივერსიტეტებში, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ინსტიტუტში, ნორვეგიის ადამიანის უფლებათა ინსტიტუტში.
ამ ორი ლიდერის მიერ განვლილი გზა უშუალოდ აისახება მათ მსოფლხედვასა და კომპეტენტურობაზე. 1999 წელს ლეიბორისტების ლიდერმა დიქტატორად გამოაცხადა ცნობილი ჰუმანისტი და ნობელის პრემიის ლაურეატი დესმონ ტუტუ. შალვა ნათელაშვილი ამგვარი ეკზოტიკური შეცდომების დიდოსტატია, რისგანაც მიხეილ სააკაშვილი დაზღვეულია. მთავარი მაინც სხვაა: შალვა ნათელაშვილს თვითმმართველობის არჩევნებში მოპოვებული წარმატება პარტიის დანგრევად დაუჯდა, რადგან ლეიბორისტების ამბიცია აღმოჩნდა უფრო მეტი, ვიდრე მათი შესაძლებლობები. სააკაშვილი, პირიქით, საკუთარი შესაძლებლობების დემონსტრირებას ახდენს და სხვადასხვა პოლიტიკურ ძალას აერთიანებს. ნათელაშვილის პარტია ნელ-ნელა კარგავს შიდა რესურსს, სააკაშვილის პარტია კი რესურსის შემოკრების სტადიაზეა. თბილისის საკრებულოში შალვა ნათელაშვილის თანაპარტიელები ხელისუფლებამ გადაიბირა, რის გამოც ლეიბორისტებმა ვერ შეასრულეს ოპოზიციური ძალის ფუნქცია. მიხეილ სააკაშვილმა კი ნებაყოფლობით დატოვა მინისტრის პოსტი იმისათვის, რომ ოპოზიციური პარტია შეექმნა. ისიც გავიხსენოთ, რომ ბოლო არჩევნები შალვა ნათელაშვილმა წააგო, მიხეილ სააკაშვილმა კი ზედიზედ ორჯერ მოიგო. და მაინც, ამ ფაქტის მიუხედავად, დაბეჯითებით ვერავინ იტყვის, დღეს ნაციონალური მოძრაობა უფრო მეტად პოპულარულია თუ ლეიბორისტული პარტია.