ბათუმის პოლიტიკური ცენტრის პრობლემები

"დილის გაზეთში" 1999 წლის 26 ნოემბერს გამოქვეყნებულ ინტერვიუში ალექსანდრე ჭაჭია ვარაუდობდა, რომ პარლამენტში ბლოკ "საქართველოს აღორძინების" სიით გასულ ლიდერებს ხელისუფლება გადაიბირებდა,
რის შემდეგაც, მისი აზრით, პრინციპულ პოზიციაზე სულ 20-25 დეპუტატი დარჩებოდა. დღეს საარჩევნო ბლოკი "საქართველოს აღორძინება" ოფიციალურად ისევ არსებობს, მაგრამ, ჭაჭიას პროგნოზის თანახმად, ბათუმის პოლიტიკური ცენტრი უკვე დაშლილია.

საკითხავია, რას მოუტანს ასლან აბაშიძეს ამჟამინდელი პრობლემები?

1999 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ასლან აბაშიძის უშუალო გარემოცვაში ერთმანეთს მკვეთრად დაუპირისპირდნენ თბილისური წარმოშობის პოლიტიკური პარტიები და მოსკოველი პოლიტოლოგი ალექსანდრე ჭაჭია.

ერთი მხრივ, ასლან აბაშიძე ბათუმში დაბეჯითებით იზიდავდა სხვადასხვა პოლიტიკურ ძალას: ლეიბორისტებს, სოციალისტებს, ტრადიციონალისტებს, სახალხოელებს, კონსტანტინე გამსახურდიას საზოგადოებას. მეორე მხრივ, აჭარის ლიდერი ჭაჭიასთან დაკავშირებით აცხადებდა (ციტატა "ალიადან"): "მე და ბატონი საშა ძალიან ახლო მეგობრები ვართ და მასთან დაშორებას მე არ ვაპირებ. დაზარალდება ის, ვინც ხელს შეუშლის ამ ურთიერთობას".

სინამდვილეში, პოლიტიკური პარტიები და ალექსანდრე ჭაჭია ერთ სივრცეში დიდხანს ვერ იარსებებდნენ, რადგან მათი მიზნები სრულიად განსხვავებული იყო, ხოლო თავისი მიზნების განხორციელების გარანტად ორივე მხარე ასლან აბაშიძეს მიიჩნევდა. განვლილმა წლებმა დაადასტურა, რომ პარტიების მიზანი იყო პარლამენტში მოხვედრა და პოლიტიკური სიცოცხლის გახანგრძლივება. ხოლო ალექსანდრე ჭაჭიას მიზანი იყო და დღემდე არის ხელისუფლების პოლიტიკური კურსის შეცვლა. ჭაჭიას არასოდეს დაუმალავს, რომ პარტიებს არ ენდობოდა; პოლიტიკოსები კი მის ხსენებას ყოველთვის ერიდებოდნენ და ჟურნალისტების შეკითხვაზე პასუხობდნენ, რომ ჭაჭიას თითქმის არ იცნობენ.

ასე რომ, ასლან აბაშიძე სერიოზული არჩევანის პირისპირ აღმოჩნდა: მას ან პარტიები უნდა შემოეკრიბა და თბილისის პოლიტიკური ცენტრის საპირწონე ბათუმის ცენტრი შეექმნა, ან პარტიებს უნდა დაშორებოდა და, ჭაჭიას რჩევის თანახმად, რეგიონებში აქტიური პიროვნებების გაძლიერებით მოეზიდა ადგილობრივი ელექტორატი.

თუკი ასლან აბაშიძე "აღორძინების" პარტიულ სიაში აქცენტს ცალკეულ პიროვნებებზე გააკეთებდა, ცხადია, თითოეული მათგანი უფრო მეტად მიჯაჭვული აღმოჩნდებოდა პირადად მასზე, ვიდრე რომელიმე პარტიულ ლიდერზ. თანაც, ასლან აბაშიძე წლების განმავლობაში შეინარჩუნებდა გავლენას საქართველოს სხვადასხვა კუთხის მოსახლეობაზე.

აჭარის ლიდერმა საარჩევნო ბლოკი მაინც პარტიებით დააკომპლექტა. მაშინ გაუგებარი იყო, რატომ ენდო აბაშიძე პარტიებს, რომლებმაც პარლამენტში მოხვედრისთანავე დაადასტურეს ჭაჭიას პროგნოზი: მათი მიზანი არც ასლან აბაშიძის ინტერესების ერთგულება ყოფილა და არც ხელისუფლების შეცვლა. აჭარის ლიდერი დღემდე მშვიდად ადევნებს თვალყურს მის მიერ პარლამენტში შეყვანილი პარტიების პოლიტიკურ მიმოხრას. ცხადია, მისთვის თავიდანვე ცნობილი იყო აკაკი ასათიანის მრავალწახნაგა პოლიტიკური ბიოგრაფიაც, ვახტანგ რჩეულიშვილის მუდმივი ლტოლვაც შევარდნაძისადმი და ვახტანგ ბოჭორიშვილის იმპულსური ხასიათიც.

ბუნებრივად ჩნდება შეკითხვა: რატომ არჩია ასლან აბაშიძემ ნაკლებად სანდო პარტიები გაცილებით მეტად სანდო ალექსანდრე ჭაჭიას, თუკი მისი მიზანი უმრავლესობაში მოსვლა და ხელისუფლების შეცვლა იყო? რა მოიგო აჭარის ლიდერმა ბათუმში პარტიების მიზიდვით? ფაქტია, რომ ჭაჭიას გეგმების მიხედვით, ასლან აბაშიძის გავლენა საქართველოს რეგიონებზე უნდა განფენილიყო, რაც მას, როგორც ჩანს, არ აინტერესებდა. აჭარის ლიდერს, პირიქით, სწორედ ის სურდა, რომ რაც შეიძლება მეტი ძალა მიეზიდა ბათუმში და ამ გზით თავისი აჭარული ციტადელი კიდევ მეტად გაემაგრებინა. ასლან აბაშიძეს აინტერესებდა არა გავლენის გავრცელება აჭარის მიღმა, არამედ გავლენის კონცენტრაცია სწორედ აჭარის საზღვრებში. მას აინტერესებდა არა ხელისუფლების შეცვლა, არამედ - თავის დაცვა ცენტრალური ხელისუფლებისგან. დამცველი ფარის ფუნქცია კი "აღორძინების" ბლოკმა ნამდვილად შეასრულა.

თუმცა მომავალი საპარლამენტო არჩევნების წინ ასლან აბაშიძეს ახალი პრობლემები ელის. დაპირისპირების ეპიცენტრმა, კარგა ხანია, დედაქალაქში გადმოინაცვლა და ამ პროცესს, ალბათ, ვეღარაფერი შეაჩერებს: არჩევნების წინ თბილისური პარტიები თბილისურ ცენტრშივე გადანაწილდებიან და ბათუმის ცენტრი სულ უფრო და უფრო მეტად დასუსტდება. ჯერჯერობით აჭარის ლიდერი მოვლენების განვითარებას ელოდება და სამომავლო გეგმებს არ ამხელს. თუმცა ზოგადი ტენდენცია ასეთია: ქვეყნის შიგნით თუ გარეთ განვითარებული მოვლენები ასლან აბაშიძის გავლენას დღითიდღე ასუსტებს.