რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ბირთვული იარაღის შემცირების შესახებ ხელშეკრულების მიღწევის პერსპექტივები

გასულ შაბათს ტელეკომპანია NBC-მ ინტერვიუ ჩამოართვა რუსეთის თავდაცვის მინისტრს სერგეი ივანოვს.
ინტერვიუ, უწინარეს ყოვლისა, იმით იყო საინტერესო, რომ იგი შეერთებული შტატების პრეზიდენტთან და თავდაცვის მინისტრთან ივანოვის შეხვედრების შემდეგ ეწყობოდა და, ამდენად, ამ მოლაპარაკებების შესახებ პირველწყაროდან შეტყობის იმედს იძლეოდა. ვაშინგტონში სერგეი ივანოვის ვიზიტს ჩვენს გადაცემებში ოპერატიულად ვაშუქებდით და მის ცალკეულ დეტალებზე ახლა არ შევჩერდებით. თქვენს ყურადღებას გავამახვილებთ რუსეთის სამხედრო უწყების ერთ განცხადებაზე, რომელმაც ამ დარგის ექსპერტთა ყურადღება მიიპყრო.

ივანოვის ინტერვიუდან ცხადი შეიქნა, რომ რუსეთმა, შესაძლოა, შეარბილოს თავისი პოზიცია ბირთვული იარაღის საკითხში და ნება დართოს შეერთებულ შტატებს, თავისი ბირთვული არსენალის ნაწილი კი არ გაანადგუროს, არამედ შეინახოს.

არადა, ეს საკითხი აქამდე მთავარ შემაფერხებლად ითვლებოდა იმ ხელშეკრულების გზაზე, რომლის შემუშავებაც მხარეებს მოსკოვში პრეზიდენტ ბუშის მოახლოებულ ვიზიტამდე სურთ. დაინტერესებულ მსმენელს ეხსომება, რომ შარშანდელი წლის მიწურულს რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტებმა ივალდებულეს, 6000-დან 1700-2200-მდე შეამცირონ ბირთვული ქობინების რიცხვი.

მაგრამ ამ საკითხთან დაკავშირებული კონკრეტული მოლაპარაკებები დიდად ნაყოფიერი ვერ გამოდგა. ჯერ ერთი იმიტომ, რომ ვაშინგტონს, მოსკოვისგან განსხვავებით, არ სურდა ისეთი ხელშეკრულების გაფორმება, რომელსაც კანონის ძალა ექნებოდა; და მეორეც იმიტომ, რომ კრემლი კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა ვაშინგტონის გეგმას, განადგურების ნაცვლად შეენახა გაუვნებელყოფილი ბირთვული იარაღი.

ბოლო ხანს მხარეებმა პოზიციები შეარბილეს. გასულ თვეში პენტაგონიდან გაისმა ხმები, რომ შეერთებული შტატები მზად არის, კანონის ძალის მქონე ხელშეკრულება გააფორმოს. მოსკოვმა კი, როგორც სერგეი ივანოვის ზემოთ ნახსენები ინტერვიუდანაც გამოჩნდა, უკან დაიხია ვაშინგტონის მიერ ბირთვული იარაღის შენახვის საკითხში. თუმცა, მოსკოველი სამხედრო ექსპერტის პაველ ფელგენჰაუერის აზრით, რუსეთის მხრიდან ეს დათმობად არ უნდა მივიჩნიოთ. რადგან იარაღის შემცირების შესახებ აქამდე გაფორმებული შეთანხმებების შემდეგაც არავის შეუმოწმებია, ანადგურებდა თუ ინახავდა ვაშინგტონი გაუვნებელყოფილ იარაღს. ასე რომ, ამ მხრივ, პრაქტიკულად, არაფერი შეცვლილა.

რაც შეეხება ამერიკელებს, მათი უკან დახევა, კიდევ ერთი მოსკოველი ექსპერტის, ალექსანდრ გოლცის თქმით, მოსკოვ-ვაშინგტონის ურთიერთობაში იმ დათბობას ასახავს, რომელიც ანტიტერორისტული კამპანიის დაწყების შემდეგ შეინიშნება. თუმცა, იმავე გოლცის აზრით, შეერთებულ შტატებს სულაც არ სჭირდება რუსეთთან ბირთვული იარაღის შეკვეცის თაობაზე რაიმე ოფიციალური დოკუმენტის გაფორმება.


[ალექსანდრ გოლცის ხმა] “ამერიკელებისთვის ამ შეთანხმებას წმინდა დეკლარაციული ხასიათი აქვს. მათ ისედაც შეუძლიათ, ბირთვული იარაღი იმ რაოდენობით შეინარჩუნონ, რა რაოდენობითაც მოესურვებათ. ამასთანავე, მათ მშვენივრად იციან, რომ შემდეგი ათწლეულის დასაწყისისთვის რუსეთის ბირთვული პოტენციალი მკვეთრად შემცირდება. თანაც, ყოველგვარი შეთანხმებების გარეშე – მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ჩვენი რაკეტები ელვის სისწრაფით ძველდება, ხოლო მათ შესაცვლელად და ახლების ასაშენებლად ფული არა გვაქვს.”

ფელგენჰაუერისა და გოლცის გარდა რადიო “თავისუფლების” მოსკოველი კორესპონდენტი ფრანჩესკა მერო ესაუბრა სამხედრო ინფორმაციის ცენტრის მოსკოვის ოფისის დირექტორს ივან საფრანჩუკს.

მისი აზრით, მოსკოვი და ვაშინგტონი მიაღწევენ კომპრომისს, რომლის არსი ასეთი იქნება: ვაშინგტონი დათანხმდება, რომ ხელშეკრულებას კანონის ძალა ჰქონდეს და ორივე ქვეყნის მხრიდან რატიფიკაციას დაექვემდებაროს; სანაცვლოდ, რუსეთი გაუვნებელყოფილი ბირთვული იარაღის განადგურებას აღარ მოსთხოვს ვაშინგტონს და მის შენახვასაც დაყაბულდება.

საფრანჩუკი ფიქრობს, რომ ბუშისა და პუტინის შეხვედრამდე ამგვარი შეთანხმების მიღწევა მოესწრება. მაგრამ მისივე თქმით, მაისის ბოლომდე დარჩენილი დრო საკმარისი არ იქნება სერიოზული, შინაარსიანი და ხანგრძლივი ხელშეკრულების გასაფორმებლად.

[ივან საფრანჩუკის ხმა] “ხელშეკრულება, რომელზეც ისინი ახლა მუშაობენ, სიმბოლური უფროა. იგი დიდ სარგებლობას ვერ მოიტანს. მაგრამ, როგორც თავდაცვის მინისტრი ივანოვი მუდამ ხაზგასმით აღნიშნავს, საერთაშორისო თანამეგობრობა რაღაც დოკუმენტს ელის, და სწორედ ეს იქნება “ეს რაღაც დოკუმენტი”. პრაქტიკული თვალსაზრისით ის უსარგებლო იქნება. უბრალოდ, ორივე მხარე იძულებულია, გაითვალისწინოს შეიარაღების კონტროლის მომხრეთა სურვილები როგორც შინ, ისე გარეთ, აგრეთვე, საერთაშორისო თანამეგობრობის მოთხოვნები. და ეს მიზნები მიღწეული იქნება ამ “მსუბუქი” ხელშეკრულების გაფორმებით.”

ივან საფრანჩუკის ამ მოსაზრებას კვერს უკრავს გაზეთ “იზვესტიაში” გამოქვეყნებული წერილი სათაურით: “რატომ სჭირდება რუსეთს ხელშეკრულება, რომელშიც არაფერი დევს?”.