“ლოს ანჯელეს ტაიმსი” პანკისის პრობლემის შესახებ

დღეს გვინდა გაგაცნოთ პანკისის ხეობაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით აშშ-ის ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტიან გამოცემაში, “ლოს ანჯელეს ტაიმსში” გამოქვეყნებული მასალა,
რომელიც გაზეთის სპეციალურმა კორესპონდენტმა რობინ დიქსონმა რედაქციას სოფელ დუისიდან მიაწოდა.

წერილის შესავალი საქმეში ჩაუხედავ ადამიანებზეა გათვლილი და რაკი თქვენ, ძვირფასო რადიომსმენელებო, ასეთთა რიცხვს ვერ მიგაკუთვნებთ, პირდაპირ იმ ნაწილზე გადავალ, რომელიც საქმეში ჩახედულთათვისაც საყურადღებო ინფორმაციას შეიძლება შეიცავდეს.

“ლოს ანჯელეს ტაიმსის” კორესპონდენტის თქმით, ორშაბათს ვაშინგტონის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა აღიარეს, რომ, მართალია, აშფოთებთ საქართველოში ისლამისტი მებრძოლების ყოფნა, მაგრამ ამ ქვეყანასთან სამხედრო თანამშრომლობის მთავარ მიზნად მაინც ზოგადად, რეგიონში სტაბილურობის დამყარება ესახებათ, ანუ აშშ-ის მიზანია, “დაეხმაროს საქართველოს, რათა მან საკუთარი ტერიტორიის უკეთ გაკონტროლება შეძლოს”.

რობინ დიქსონს მოჰყავს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის სიტყვები იმის თაობაზე, რომ ზუსტად არავინ უწყის, რამდენი არაბი მეომარი იმყოფება ამჟამად საქართველოს ტერიტორიაზე. სხვადასხვა ვარაუდით, მათი რაოდენობა ათიდან 200-მდე მერყეობს. თუმცა, როგორც ახმეტის რაიონის უშიშროების სამსახურის თანამშრომელი ემზარ მაჩალიკაშვილი ამბობს, არაბ მეომართა რაოდენობაზე გავრცელებული ცნობები აშკარად გაზვიადებულია.

“შესაძლოა, აქ 10-15 არაბი იმყოფებოდეს, მაგრამ არ არსებობს არავითარი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მათ რაიმე კავშირი ჰქონდეთ “ალ-ყაიდასთანო” – უთქვამს მაჩალიკაშვილს “ლოს ანჯელეს ტაიმსის” კორესპონდენტისთვის და შემდეგ დაუმატებია: “არ ვიცით, ვის ინტერესებს ემსახურება ეს, მაგრამ საფრთხე რომ გაზვიადებულია და, საერთოდ, მთელი სიტუაცია რომ გაბერილია, აშკარააო”.

შემდეგ რობინ დიქსონი მცირე ისტორიულ ექსკურსს გვთავაზობს. იგი აღნიშნავს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველო რუსეთის გავლენისგან თავის დაღწევას ცდილობს. “მაგრამ შეერთებულ შტატებთან მჭიდრო თანამშრომლობისა და ვაშინგტონისგან ბოლო ხუთი წლის მანძილზე მიღებული 900 მილიონი დოლარის დახმარების მიუხედავად, ქვეყანა ერთ ადგილს ტკეპნის, რის მიზეზადაც მთავრობაში, პოლიციასა თუ სამხედრო სფეროში გამეფებული მექრთამეობის კოლოსალური დონე და სხვა დანაშაულებრივი ქმედებებია. ანალიტიკოსები და დასავლელი მრჩევლები ვარაუდობენ, რომ დახმარების უდიდესი წილი მოპარულ იქნა, ხოლო ზოგიერთი კრიტიკოსის მტკიცებით, რომ არა აშშ-ის ანტიტერორისტული კამპანია, გაწბილებული დასავლეთი საქართველოს დახმარებაზე ხელს აიღებდა.”

მექრთამეობის კონკრეტულ მაგალითად რობინ დიქსონს ისევ პანკისის ხეობაში ფეხმოკიდებული პრაქტიკა მოჰყავს, სადაც 100 დოლარად ნებისმიერ საკონტროლო პუნქტზე გაგატარებენო. ქართველი ჟურნალისტები სწორედ ასე იქცევიანო, დასძენს “ლოს ანჯელეს ტაიმსის” კორესპონდენტი.

რაც შეეხება ამერიკელ ჟურნალისტს, მას, როგორც თავად გვამცნობს, პანკისის ხეობაში მოგზაურობისას გვერდიდან არ მოსცილებია ზემოთ უკვე ნახსენები ემზარ მაჩალიკაშვილი.

თავის წერილს რობინ დიქსონი სამხედრო ექსპერტის, ჩვენი რადიოს ხშირი სტუმრის, კახა კაციტაძის სიტყვებით ამთავრებს. კაციტაძის თქმით, პანკისის ხეობაში დღეს არც ტერორიზმის გავრცელების დიდი საფრთხე არსებობს და იქ დიდი რაოდენობით არც ისლამისტი ფუნდამენტალისტები იმყოფებიან. მაგრამ თუ ამ რაიონის გასაკონტროლებლად შესაბამისი ნაბიჯები ახლავე არ გადაიდგა, პრობლემები მომავალში იჩენს თავსო – ასეთია კახა კაციტაძის მოსაზრება.

მე კი შეგახსენებთ, რომ ჩვენი საუბრის თემა იყო გაზეთ “ლოს ანჯელეს ტაიმსის” 19 მარტის ნომერში გამოქვეყნებული სტატია პანკისის ხეობაში შექმნილი ვითარების შესახებ. სტატიის ავტორი გახლავთ რობინ დიქსონი.