დასავლეთის დღევანდელ გაზეთებში თბილის-ვაშინგტონის სამხედრო თანამშრომლობისადმი მიძღვნილი სტატიებიდან ამოვარჩიეთ “უოლ სტრიტ ჯორნალში” გამოქვეყნებული კომენტარი,
რომლის სათაურია: “ამერიკა ისევ მხსნელად გვევლინება”. სტატიის ავტორია ვაშინგტონის “ჯეიმსთაუნის ფონდის” თანამშრომელი, ვლადიმირ სოკორი.
თავს არ შეგაწყენთ ყველასთვის კარგად ცნობილ მოვლენებზე საუბრით და მხოლოდ იმ მონაკვეთებზე შევაჩერებ თქვენს ყურადღებას, რომლებშიც წერილის ავტორი ვითარების ანალიზს გვთავაზობს. ვლადიმირ სოკორის აზრით, გადაწყვეტილება საქართველოში ამერიკელ სამხედროთა ჩასვლის შესახებ ამ ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ქვაკუთხედად შეიძლება იქცეს.
“ეხმარება რა საქართველოს სტაბილურობის დამყარებაში, – აღნიშნავს ავტორი – შეერთებული შტატები იცავს ევროპის სასიცოცხლო სატრანზიტო ინტერესებსა და ცენტრალური აზიისკენ მიმავალ გზას. ევროპის ზღურბლზე მდებარე საქართველო, ქვეყანა, რომელიც კასპიის ნავთობისა და გაზის დასავლეთისკენ მიმავალი ყველა მარშრუტის უმნიშვნელოვანეს ელემენტს წარმოადგენს, არაერთი შიდა თუ გარე საფრთხის წინაშე დგას. საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი რუსეთის ჯარის გარდა, გასათვალისწინებელია ის პოტენციურად ფეთქებადი ტალღებიც, რომელიც ქვეყანას მეზობელ ჩეჩნეთში მიმდინარე ომიდან ეხლება.”
აქ ვლადიმირ სოკორი პანკისის ხეობაში შექმნილი ვითარების აღწერას იწყებს და, ბუნებრივია, საქართველოს მიმართ რუსეთის პრეტენზიებსაც ეხება. “ჯეიმსთაუნის ფონდის” ექსპერტი აღნიშნავს, რომ რუსეთი სრულიად დაუსაბუთებლად ადანაშაულებდა საქართველოს, ამტკიცებდა რა, თითქოს თბილისი თვალს ხუჭავდა პანკისის ხეობაში ჩეჩენი და უცხოელი ტერორისტების მოღვაწეობაზე, ითმენდა ტერორისტული ბაზების არსებობას. ავტორის თქმით, მოსკოვის საიდუმლო სამსახურები მასმედიას სისტემატურად ამარაგებდნენ მასალებით, რომლებსაც უნდა გაემყარებინათ საზოგადოების რწმენა, თითქოს პანკისი “ალ ყაიდისა” და თალიბანის მეომართა თავშესაფარი ყოფილიყო. “ყოველივე ეს, – წერს ვლადიმირ სოკორი – მიზნად ისახავდა, ეიძულებინა საქართველო, უარი ეთქვა დასავლურ ორიენტაციაზე ან, თუ ეს არ გამოუვიდოდა, მოეპოვებინა “კარტ ბლანში” და საქართველო სამხედრო გზით დაემორჩილებინა.”
მოკლედ, საქართველოს პრეზიდენტს შველა სჭირდებოდაო, დასძენს ამერიკელი ექსპერტი, და ვაშინგტონმა თბილისს მფარველი ხელი გადააფარა. სოკორის თქმით, მოსკოვმა, რომელიც გაუთავებლად ტერორიზმის საფრთხეზე საუბრობდა, დიდად ვერც გააპროტესტა ამ ტერორიზმის აღმოსაფხვრელად გამიზნული ოპერაცია. აქ სტატიის ავტორს მოჰყავს მოსკოვის ეროვნული უშიშროებისა და სტრატეგიული კვლევის ინსტიტუტის თანამშრომლის, სერნეი კაზიანოვის შემდეგი მოსაზრება: “მოსკოვი საკუთარი განცხადებების ტყვედ იქცა. წარამარა გავიძახდით, ჩეჩენი მეამბოხეები “ალ ყაიდის” ტერორისტებისგან არ განსხვავდებიან და მათ ბოლო უნდა მოეღოთო. გვეგონა, შეერთებული შტატები თვალს დახუჭავდა და საშუალებას მოგვცემდა, მოსაზღვრე საქართველოში ეს საქმე თავადვე მოგვეგვარებინა. ამის ნაცვლად შეერთებულ შტატებს თვითონ გავუღეთ კარი. უკვე მერამდენედ, ამერიკელებმა ჩვენივე იარაღით დაგვამარცხეს.”
თავისი წერილის ბოლოს ვლადიმირ სოკორი პასიურობისთვის საყვედურობს ევროპას და ამბობს, რომ ის აშშ-ზე მეტად უნდა იყოს დაინტერესებული საქართველოში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის დამყარებით.