საერთაშორისო მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილებამ, შეიძლება ბელგიის სასამართლოს სხვა საქმეების დახურვაც გამოიწვიოს

ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა გასულ კვირაში გაეროს საერთაშორისო მართლმსაჯულების სასამართლომ დაადგინა, რომ ბელგიის სასამართლომ უნდა გააუქმოს კონგოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის აბდულაე იეროდია ნდომბასის დაპატიმრების ორდერი,
ვინაიდან ადამიანის უფლებათა დარღვევები, რომელშიც მას ადანაშაულებენ, ჩადენილ იქნა იმ პერიოდში, როცა მას დიპლომატიური იმუნიტეტი იცავდა. ნდომბასის ბრალი ედება, რომ მას ერია ხელი ათასობით ტუტსის მკვლელობაში კონგოში, 1998 წელს.

ბელგიის კანონმდებლობით, ადამიანის უფლებათა სერიოზული დარღვევები შეიძლება გაირჩეს ბელგიის სასამართლოში, იმ შემთხვევაშიც კი, თუ უფლებათა ხელყოფა საზღვარგარეთ მოხდა.

მოსამრთლეების თქმით, გადაწყვეტილება არ ნიშნავს, რომ მაღალი რანგის პოლიტიკოსებს არ ეხება მართლმსაჯულება. ისინი შეიძლება გაასამართლონ მათ საკუთარ ქვეყნებში ან საერთაშორისო ტრიბუნალმა, მსგავსად ჰააგის ტრიბუნალისა იუგოსლავიისთვის.

თუმცა გადაწყვეტილება მხოლოდ ერთ შემთხვევაზე ლაპარაკობს, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ის იქონიებს გავლენას სხვა ცნობილი პოლიტიკოსების მიმართ ბელგიაში აღძრულ საქმეებზე.

ყველაზე გახმაურებულია ისრაელის პრემიერ-მინისტრის არიელ შარონის წინააღმდეგ აღძრული საქმე. მას გენოციდსა და ომის დანაშაულს აბრალებენ. პალესტინელთა ჯგუფი შეეცადა ბელგიის სადაო კანონის გამოყენებას შარონის წინააღმდეგ, მისი როლისთვის 1982 წელს ლიბანში ლტოლვითა ბანაკში მომხდარ ხოცვა-ჟლეტაში. მაშინ ქრისტიანი ლიბანელები შევარდნენ პალესტინელ ლტოლვითა ბანაკში. შარონს, რომელიც იმ დროს ისრაელის თავდაცვის მინისტრი იყო, ხოლო ისრაელი ლიბანის წინააღმდეგ ომობდა, ადანაშაულებენ იმაში, რომ ის არ შეეცადა ამ ხოცვა-ჟლეტის თავიდან აცილებას.

ბელგიის სასამართლოს ჯერ არ გადაუწყვეტია, გაასმართლებენ თუ არა შარონს ბელგიის კანონის შესაბამისად. გადაწყვეტილებას ელიან მომავალ თვეში, მაგრამ საგარეო საქმეთა სამინისტროს იურიდიული მრჩევლის იან დევანდერის აზრით, საქმეს გააუქმებენ.

ბელგიაში ამავე კანონის თანახმად, კიდევ რამდენიმე დღევანდელი თუ ყოფილი ხელმძღვანელის საქმის გამოძიება ტარდება, მათ შორის აღსანიშნავია: კუბის ლიდერი ფიდელ კასტრო, პალესტინელთა ლიდერი იასირ არაფატი და ერაყის დიქტატორი სადამ ჰუსეინი.

პარასკევს ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კმაყოფილება გამოთქვა საერთაშორისო მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილების გამო. მაგრამ სამართალდამცავი ორგანიზაცია "ჰიტუმან რაიტს უოჩის" წარმოადგენელმა უილდერ ტეილორმა თქვა, რომ შარონის სიხარული ნაადრევია. მისი აზრით, გამოძიება და სამხილის შეგროვდება გაგრძელდება.

საერთაშორისო მართლმსაჯულების სასამართლო ირწმუნება, რომ თუ მაღალი რანგის სამთავრობო პირებს არ შეეძლებათ საზღვარგარეთ მოგზრაურობა სასამართლოს შიშით, ეს ავნებს საერთაშორისო დიპლომატიას. მაგრამ, როგორც აღნიშნავს საერთაშორისო სამართლის ექსპერტი ავრილ მაკ-დონალდი, რა არის ცუდი იმაში, რომ ოფიციალურ პირებს არ ექნეს მართლმსაჯულებისგან თავის დაღწევის საშუალება, მით უმეტეს როცა ლაპარაკია სერიოზულ დანაშაულზე.