ევროსაბჭო რუსეთს ჩეჩნეთში ადამიანის უფლებების დაცვისაკენ მოუწოდებს

ერთმა წელმა განვლო მას შემდეგ, რაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთს ხმის უფლება დაუბრუნა იმ იმედით, რომ მოსკოვი ჩეჩნეთში ვითარებას გამოასწორებდა.
მაგრამ ორიოდე დღის წინ ასამბლეის სხდომაზე თავიდან ვერ აიცილეს დასკვნა, რომ ადამიანის უფლებათა დასაცავად ჩეჩნეთში ბევრი არაფერი გაკეთებულა. ასევე ძნელი წარმოსადგენია, დიდი ცვლილებები მოჰყვეს ასამბლეის ამჟამინდელ მოთხოვნას რეგიონში მუდმივ წარმომადგენელთა განთავსების შესახებ. ყოველ შემთხვევაში, ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციები გაცილებით უფრო მკვეთრ ზომებს ემხრობიან.

ასამბლეამ, მართალია, გაკიცხა რუსეთი ჩეჩნეთში ადამიანის უფლებათა ხელყოფისა და სამხედრო ძალის განუკითხავად გამოყენებისათვის, მაგრამ დასასრულს მიიღო რეზოლუცია, რომელიც კატეგორიულობით ნამდვილად არ გამოირჩევა. დოკუმენტი მოიცავს მოწოდებას კონფლიქტის მოსაგვარებლად პოლიტიკური ძალისხმევისაკენ და მოწოდებას მოსკოვისა და ევროკავშირის მიერ მუდმივი სამეთვალყურეო საბჭოს დაარსებისაკენ. როგორც ჩვენი რადიოს რუსულ რედაქციასთან ინტერვიუში აღნიშნა ასამბლეის წევრმა, ადამიანის უფლებათა ცნობილმა რუსმა დამცველმა, სერგეი კოვალიოვმა: [კოვალიოვის ხმა] ”რეზოლუცია ყველაფერს შეიცავს კრიტიკის გარდა. მასში არაფერი მიუთითებს ადამიანის უფლებათა დასაცავად ეფექტიანი ზომებზე”.

სერგეი კოვალიოვის ეს სიტყვები ეხმიანება მოსკოვში განთავსებული ცნობილი ორგანიზაცია ”მემორიალის” მიერ უფრო ადრე გაკეთებულ განცხადებებს. კერძოდ ”მემორიალს” ჩეჩნეთის საკითხის მოგვარებაში ევროპის საბჭოს იმედი არა აქვს, ვინაიდან ეს ორგანიზაცია, ჩვეულებრივ ”გაურბის რუსეთთან კონფლიქტს”.

მაგრამ ასამბლეის მონაწილეები მაინც იძულებული იყვნენ, კრიტიკულად შეეფასებინათ რუსეთის მოქმედება. თვით ბრიტანელმა ფრენკ ჯადმა, რომელიც შარშან რუსეთისთვის ხმის უფლების დაბრუნების ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მომხრე იყო, ასეთი სიტყვები წარმოთქვა. (აქვე ვიტყვი, რომ ლორდი ფრენკ ჯადი ასამბლეის პოლიტიკურ საკითხთა კომიტეტის საანგარიშო მოხსენებით გამოვიდა). [ჯადის ხმა]: ”რა შეიძლება ითქვას ზოგად ვითარებაზე ჩეჩნეთში? სიამოვნებით გამოვიდოდი უფრო პოზიტიური ანგარიშით. ადამიანის უფლებათა სფეროში წინსვლა თითქმის არ შეიმჩნევა.”

ფრენკ ჯადი მაინც არ მიემხრო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების განახლებას. მისი თქმით, ასეთი გადაწყვეტილება გამართლებული იქნებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანა არ აღიარებდა ადამიანის უფლებათა სფეროში არსებულ პრობლემებს და უარს იტყოდა მათ მოგვარებაში ევროპის საბჭოს დახმარებაზე. ჯადის ამ განცხადებას მძაფრი გამოხმაურება მოჰყვა ასამბლეის იმ წევრებისაგან, რომლებსაც ეჭვი ეპარებათ, რომ მოსკოვს მართლაც სურს ჩეჩნეთში ადამიანის უფლებათა დარღვევის აღკვეთა. მოისმინეთ სერგეი კოვალიოვის კომენტარი: [კოვალიოვის ხმა] ”პრობლემა ის არის, რომ ჩვენებმა ისწავლეს ”ევროპულად” ლაპარაკი. წინათ დიდი პროტესტით ხვდებოდნენ რუსეთის ყოველ კრიტიკას. ახლა კი თავდაცვის სისტემა შეცვალეს. ახლა ამბობენ: კი, მართალი ბრძანდებით. არის პრობლემები, მაგრამ ნახეთ, რა აქტიურად ვაგვარებთ ამ საკითხს!”

კრემლი მართლაც ირწმუნება, რომ საგრძნობლად გააუმჯობესა ვითარება ჩეჩნეთში ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ. არადა, ავტორიტეტიანი ორგანიზაცია ”ჰიუმან რაიტს უოჩის” ამას წინათ გამოსულ საანგარიშო მოხსენებაში აღნიშნულია, რომ რუსეთის ჯარები განვლილი თვეების მანძილზეც ატარებდნენ ე.წ. წმენდის ოპერაციებს, თვითნებურად აპატიმრებდნენ მშვიდობიან მოსახლეებს, რომ გავრცელებული იყო დაკავებულთა წამების, სამოქალაქო პირთა გატაცებისა და მკვლელობის შემთხვევები.