როგორ ავიწროებს გოლიათი რუსეთი ჯუჯა საქართველოს - გერმანიის გაზეთი “ველტი” რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე

“როგორ ავიწროებს გოლიათი რუსეთი ჯუჯა საქართველოს” – ასეთი სათაურით გერმანიის გაზეთი “ველტი” 22 იანვრის ნომერში აქვეყნებს ალექსანდერ რარის წერილს,
რომელიც – როგორც სათაურითაც მიხვდებოდით – ორი მეზობელი ქვეყნის წინააღმდეგობებით აღსავსე ურთიერთობას ეხება.

მიუხედავად იმისა, რომ წერილში ჩვენი მსმენელისთვის კარგად ცნობილ მოვლენებზე და საქართველო-რუსეთის ურთიერთპრეტენზიებზეა საუბარი, საჭიროდ ჩავთვალეთ, სტატიის შინაარსი ნაწილობრივ მაინც გაგაცნოთ. მით უმეტეს, რომ ავტორი რამდენიმე საკუთარ დასკვნასაც გვთავაზობს.

მაგალითად, იგი წერილის დასაწყისშივე აღნიშნავს, რომ კავკასიის რეგიონში თანდათან მწიფდება კონფლიქტი, რომელმაც უშუალო გავლენა შეიძლება მოახდინოს ევროპის უსაფრთხოებაზე. ალექსანდერ რარი იქვე დასძენს, რომ რუსეთისა და საქართველოს დაპირისპირების განმუხტვა დასავლეთის ჩაურევლად, როგორც ჩანს, ვერ მოხერხდება.

შემდეგ გერმანელი ჟურნალისტი ზოგადად აღწერს საქართველო-რუსეთის ურთიერთობათა სადღეისო მდგომარეობას, ჩამოთვლის პრეტენზიებს, რომლებსაც თბილისი და მოსკოვი ერთმანეთის მიმართ გამოთქვამენ. ურთიერთპრეტენზიების სიას მოკლე არ ეთქმის: რუსეთის მიერ აფხაზი სეპარატისტების მხარდაჭერა და ჩეჩენი მეამბოხეებისადმი საქართველოს თანადგომა; რუსეთის მიერ საქართველოდან სამხედრო ბაზების გატანის გაჭიანურება და თბილისის სწრაფვა, ქვეყნიდან გააძევოს რუსეთის სამშვიდობო ძალები და ა.შ.

ეხება რა მოსკოვის დამოკიდებულებას ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივისადმი, ალექსანდერ რარი წერს: “რუსეთისთვის, რომელიც მალე იძულებული შეიქნება, თავის დასავლეთ საზღვრებამდე ნატოს გაფართოება გადახარშოს, ჩრდილოატლანტიკური კავშირის გავრცელება დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სამხრეთამდე კოშმარული სიზმარივითაა. ამიტომ არის, რომ ბევრს საუბრობენ შევარდნაძისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის პირად ურთიერთანტიპათიაზე. ამ უკანასკნელს ყოფილი საბჭოთა საგარეო საქმეთა მინისტრისთვის საბჭოთა კავშირის დაშლა ვერ უპატიებია.”

სტატიის ავტორის აზრით, ორი ქვეყნის კონფლიქტში სიმართლე “სადღაც შუაში” უნდა ვეძიოთ. ამ მოსაზრების დასტურად ალექსანდერ რარს მოჰყავს გაეროს საგანგებო წარგზავნილის, საქართველოში ლამის სკანდალურ ფიგურად ქცეული დიტერ ბოდენის ვარაუდი იმის თაობაზე, რომ აფხაზეთიდან რუსეთის სამშვიდობო ძალების გაყვანას ძალადობის ესკალაცია მოჰყვება.

“ნატოს სახელმწიფოები იქ დღეს ვერაფერს მოიმოქმედებენ, - წერს ავტორი. – მათი სამხედრო პოტენციალი ბალკანეთსა და ავღანეთზეა მიჯაჭვული. მოსკოვი კი მართლაც იყენებს სეპარატისტულ კონფლიქტებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, რათა საქართველოს დასავლეთისკენ მეტისმეტად გადახრის საშუალება არ მისცეს.”

“ველტის” მიმომხილველის თქმით, ეჭვს არც ის იწვევს, რომ ჩრდილოეთი საქართველოს მთიანეთს, უმთავრესად პანკისის ხეობას, ჩეჩენი მეამბოხეები და არაბი ტერორისტები აფარებენ თავს, ხოლო საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს მათთან ბრძოლის უნარი არ შესწევთ.

“ევროპის კავშირის სწორმა განზრახვამ, 90-იანი წლების შუაში “ტრასეკასა” და “ინოგეიტის” პროექტების განხორციელებით ხელი შეეწყო სამხრეთი კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობისთვის, ნაყოფი ჯერჯერობით ვერ გამოიღო. პუტინმა მოახერხა, ევროპის კავშირის ქვეყნებიდან ინვესტორები ისევ რუსეთისკენ მიეზიდა. არადა, კავკასიის ეკონომიკისთვის და ამ რეგიონში მშვიდობის უზრუნველყოფისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია ევროპის ხანგრძლივი პოლიტიკური მონაწილეობა” – ამ დასკვნით ამთავრებს ალექსანდერ რარი თავის სტატიას სათაურით “როგორ ავიწროებს გოლიათი რუსეთი ჯუჯა საქართველოს”, რომელიც გაზეთ “ველტის” 22 იანვრის ნომერში დაიბეჭდა.