ყოველკვირეული პროგრამა

2001 წლის უკანასკნელი “კულტურული კვირა” გაუგებრობით დაიწყო
– საქართველოს პრეზიდენტმა სახელმწიფო და რუსთაველის პრემიები გადასცა არა წლევანდელ, არამედ 2000 წლის ლაურეატებს. 2000 წლის რუსთაველის პრემია გადაეცათ რევაზ გაბრიაძეს, მხატვარ კოკა იგნატოვს, პოეტ ლია სტურუას, ნანი ბრეგვაძეს და ვახტანგ ტაბლიაშვილს –ქართული კულტურის წინაშე გაწეული ღვაწლისათვის. 2000 წლის სახელმწიფო პრემიები კი გადაეცათ უხუცეს პოეტს, მარი აბრამიშვილს, მომღერალ ნოდარ ანდღულაძეს, ნუკრი კაპანაძის, ეკა მამალაძისა და თამარ ჭოხონელიძის ვოკალურ ტრიოს, გარდაცვლილ მხატვარს, ესმა ონიანს, რეჟისორ სანდრო მრევლიშვილს, კინორეჟისორსა და ოპერატორს, ირაკლი ონოფრიშვილს, პუბლიცისტ თეიმურაზ კომახიძეს წიგნისთვის “აჭარა, წარსულის გადასახედიდან”, ჟურნალისტ ლამარა კიკილაშვილს, რადიოპროგრამისთვის “სახსოვარი” და პოეტ დავით მჭედლურს წიგნისთვის “ეროვნული იდეის ძიებაში”. დაჯილდოების ცერემონიალზე საქართველოს პრეზიდენტთან არსებული ლიტერატურის, ხელოვნებისა და არქიტექტურის სახელმწიფო პრემიების კომიტეტის თავმჯდომარემ, პოეტმა მურმან ლებანიძემ აღნიშნა: “დღეს კომიტეტს, ცოტა არ იყოს, დაგვიანებული შეხვედრა აქვს რუსთაველის და საქართველოს სახელმწიფო პრემიების შარშანდელ, 2000 წლის ლაურეატებთან, რაც ერთის მხრივ, გამოწვეულია ლაურეატთა ასე ერთად თავმოყრის სიძნელით და, მეორე მხრივ, ოცდამეერთე საუკუნის ამ პირველი, დაწყევლილი წლის აბსურდული პერიპეტიებით, როგორც ჩვენთვის პირადად, ასე ქვეყნისა და მით უფრო ბატონი პრეზიდენტისთვის, რომელმაც ჩვენი მერყევი სახელმწიფოებრიობა, საწყენად ნურავის დარჩება, ლამის მარტომ გადაარჩინა და დღეს მაინც მოახერხა თავის რჩეულ შემოქმედ ხალხთან, თავის ლაურეატებთან შეხვედრა, და რომელიც თანადგომის ღირსია ჩვენგან და არა მარტო ჩვენგან”.

მურმან ლებანიძის ამ გამოსვლაში სიტყვები “თავის რჩეულ ხალხთან”, “თავის ლაურეატებთან” ნამდვილად არ შეიძლება მივაკუთვნოთ ე.წ. “ფსიქოლოგიურ წამოცდენას”. სახელმწიფო პრემიების თავმჯდომარემ თქვა ის, რასაც ფიქრობდა – ჩვენში ლიტერატურის, ხელოვნებისა და არქიტექტურის პრემიას, რომელსაც უწინ “სტალინის სახელობის”, შემდეგ კი “სახელმწიფო პრემია” ეწოდა, სწორედ ედუარდ შევარდნაძის გემოვნება განსაზღვრავს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, კომიტეტის წევრები დარწმუნებულები არიან, რომ “სახელმწიფო” თავად ედუარდ შევარდნაძეა... და, როგორც ვხედავთ, არც მალავენ ამას, როცა ამბობენ, რომ პრეზიდენტმა “დაწყევლილ წელს” ლამის “მარტომ გადაარჩინა სახელმწიფო”. გაუგებარია მხოლოდ, თუ 2001 წელს კომიტეტის წევრები “დაწყევლილად” მიიჩნევენ, რატომ გადასცეს პრემიები 2000 წლის ლაურეატებს მაინც და მაინც “დაწყევლილი წლის” მიწურულს და რა ქნას იმ ხალხმა, ვინც სახელმწიფო პრემიაზე “დაწყევლილ წელს” მიღწეული შემოქმედებითი წარმატებებისთვის არის წარდგენილნი?

ერთ-ერთი მათგანი, ოთარ მეღვინეთუხუცესი, ამჯერად უკვე წლევანდელი სახელმწიფო პრემიის ლაურეატი გახდა კრეონის როლის შესრულებისთვის მარჯანიშვილის თეატრის სპექტაკლში “ანტიგონე”. სწორედ იმ დროს, როცა საქართველოს პრეზიდენტი კანცელარიაში შარშანდელ რჩეულებს აჯილდოვებდა, მეღვინეთუხუცესი მოსკოვიდან დაბრუნდა რუსეთის მთავარი თეატრალური პრიზით, “ჩეხოვის თოლიით” ხელში. წელს ეს პრემია, რომელსაც 12 ნომინაცია აქვს, მეღვინეთუხუცესის გარდა რობერტ სტურუამაც მიიღო თეატრალურ ხელოვნებაში გაწეული ღვაწლისათვის. როგორც ოთარ მეღვინეთუხუცესმა ბრძანა, [მეღვინეთუხუცესის ხმა] “რობიკო სტურუამ და მე მივიღეთ სხვადასხვა ნომინაციაში ეს პრემია, თორმეტი პრემია იყო სულ და მარტო ამ ორ კაცზე ადგა მთელი დარბაზი. თავიანთებს არ წამოუდგნენ ფეხზე”.

რუსული პრემიით მეღვინეთ-უხუცესისა და სტურუას დაჯილდოვება სრულიად კანონზომიერ პროცესს ასახავს თანამედროვე ქართულ კულტურაში. ახლა უკვე არა მარტო ქართველი მუსიკოსები, არა მარტო მომღერლები და მოცეკვავეები ახერხებენ რუსეთის “კულტურულ ბაზარზე” დამკვიდრებას, არამედ მსახიობებიც კი სწავლობენ ქართული აქცენტის გარეშე მეტყველებას და მოსკოვის თეატრებს იპყრობენ. და მაინც, ქართველ შემოქმედთა ემიგრაცია რუსეთში ყველაზე მეტად ოპერისა და ბალეტის სფეროში აისახება. 25 დეკემბერს სახელმწიფო კანცელარიაში, “დაწყევლილ წელიწადად” მოხსენიებულ ამ 2001 წელს ხელისუფლებამ ვერ მოახერხა ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის 150 წლისთავის აღნიშვნა. მთავრობის მიერ მიტოვებულმა საქართველოს მთავარმა თეატრმა მხოლოდ და მხოლოდ ძველი ბალეტის, “კოპელიას” ახალი დადგმის განხორციელება შეძლო, ისიც საფრანგეთის საელჩოს დახმარებით. არ ვიცი, რას იტყოდნენ წარმოდგენის ავტორები, “გრანდ ოპერის” ყოფილი ვარსკვლავი ჟან გიზრიქსი, მისი მეუღლე ვილფრიდ პიოლე, კეინ ვიუნგი – ჰიპ-ჰოპის ოსტატი და სპექტაკლის მხატვარი იზაბელ ბარტელი, რას იტყოდნენ ისინი საფრანგეთში დაბრუნების შემდეგ, წარმატებული იყო თუ არა “კოპელიას” პრემიერა. თუ საპრემიერო სპექტაკლზე მაყურებლის ოვაციებით ვიმსჯელებთ - წარმატებული იყო, მაგრამ თუ ქართულ პრესას გადავხედავთ და ბალეტის სპეციალისტებს მოვუსმენთ, ფრანგების მიერ აღდგენილი “კოპელია” აშკარად ჩავარდა. შესაძლოა, ფრანგული ბალეტის ოსტატებმა სამშობლოში თქვან, თბილისში ასეთი ტიპის ქორეოგრაფიას მიჩვეულნი არ არიანო, შესაძლოა გაიხსენონ ლეო დელიბის ბალეტის დადგმის ისტორია საქართველოში, გაიხსენონ, რომ თბილისში “კოპელია” პირველად 1903 წელს დაიდგა, დაახლოებით ოცი წლის წინ გოგი ალექსიძემ სწორედ ეს დადგმა, მარიუს პეტიპას ქორეოგრაფია აღადგინა. ვილფრიდ პიოლე კი ეყრდნობა საფრანგეთში უფრო პოპულარულ სენ-ლეონის ვარიანტს, რომელიც თანამედროვე და კლასიკური ცეკვის სინთეზს ითვალისწინებს, და არ არის გადატვირთული ტექნიკურად რთული ვარიაციებით. წესით და რიგით “კოპელიას” ეს გამარტივებული დადგმა, რომელშიც აქცენტი არა იმდენად სოლისტებზე, რამდენადაც უფრო რეჟისორულ გადაწყვეტასა და დეკორაციაზეა გაკეთებული, კარგად უნდა “მორგებოდა” ჩვენს საბალეტო დასს, რომელსაც, მოგეხსენებათ, სოლისტებთან დაკავშირებით პრობლემები აქვს. მაგრამ წარმოდგენის ავტორებმა ვერ გაითვალისწინეს, რომ ქართული პუბლიკა ამდენ პანტომიმას მიჩვეული არ არის, და, რაც მთავარია, დაავიწყდათ, რომ, სამწუხაროდ, ჩვენი ოპერის თეატრის ორკესტრი – პარიზის “გრანდ ოპერის” ორკესტრი არ არის.
[მუსიკა. “კოპელია”]

წარმოდგენილ მუსიკალურ ფრაგმენტში დელიბის საკმაოდ მარტივ, მაგრამ ლამაზ მუსიკას ჩვენი ორკესტრი არ ასრულებს. “კოპელია” ოპერის თეატრის ორკესტრმა სულ სხვანაირად შეასრულა – მუსიკოსები ცდილობდნენ აეწყოთ რიტმი მოცეკვავეებისთვის, მოცეკვავეები კი თითქოს მუსიკას საერთოდ არ უსმენდნენ და უფრო იმაზე ფიქრობდნენ, რომ ერთმანეთს შეთავსებულიყვნენ. ჰიპ-ჰოპისა და ჩარდაშის ჩართვამ კლასიკურ ბალეტში საერთოდ აურ-დაურია ყველაფერი. სტილის მთლიანობა დაარღვია წარმოდგენაში სეზარ პუნის “მარკიტანტი ქალის” ჩართვამაც. ეს სპექტაკლი ჩაფიქრებული იყო, როგორც პრელუდია რომანტიკული “კოპელიასთვის”. მაგრამ რომანტიკული ქორეოგრაფიული ზღაპარი არ შედგა. რუსულ ბალეტს შეჩვეული ქართული პუბლიკისთვის, და, რაც მთავარია მოცეკვავეებისთვის, ფრანგების ექსპერიმენტი გაუგებარი დარჩა.
რაც შეეხება თავად ქართულ პუბლიკას. კულტურაში შექმნილი უმძიმესი მდგომარეობის მიუხედავად ჩვენი საზოგადოება “წყალს ჯერ ისე არ წაუღია”, რომ ქება-დიდება არ მოაკლოს სპექტაკლს მხოლოდ იმიტომ, რომ ფრანგების დადგმულია. მიუხედავად იმისა, რომ ქართველ შემოქმედთა ერთი ნაწილი ისევ ამტკიცებს, რომ ამ ხალხს სახელმწიფოებრიობა მხოლოდ ედუარდ შევარდნაძემ გადაურჩინა, ახალი წლის უკანასკნელმა კულტურულმა კვირამ დაამტკიცა, რომ სილამაზისა და ნიჭის შეგრძნება ქართველებს არ დაუკარგავთ და თუ სახელმწიფოებრიობის გადარჩენაზეა ლაპარაკი, შესაძლოა, ამ მხრივ, კულტურამაც ითამაშოს გარკვეული როლი. ოვაციები, რომელიც ხალხმა ლიანა ისაკაძეს მოუწყო ამ მუსიკოსის საიუბილეო კონცერტებზე, იმის მანიშნებელია სწორედ, რომ გასული წელი, შესაძლებელია, საქართველოს ხელისუფლებისთვის იყო “დაწყევლილი”, მაგრამ არა ნიჭიერი შემოქმედებისთვის, რომლებმაც ის მაინც იციან, რომ ცრურწმენა ყველანაირ განვითარებას აფერხებს.