ზოგი რამ საშობაო ადათებსა და ჩვეულებებზე

მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გავრცელებულ ზოგიერთ საშობაო ადათსა და ჩვეულებაზე, რომელთა სათავეები ხშირად წინაქრისტიანულ ეპოქაში უნდა ვეძებოთ.
ცხადია, ქრისტეშობასთან დაკავშირებული მრავალი ადათ-წესი ღვთის ძის, იესო ქრისტეს დაბადებას უკავშირდება.

[მუსიკა. ჰენდელი]

არაერთი სხვა ტრადიცია ქრისტეშობასთან მხოლოდ შემთხვევის წყალობით თუა დაკავშირებული. მაგალითად, ბევრ ქვეყანაში, განსაკუთრებით სოფლად, შობის წინა დღეებში მიღებულია კუნძის დაწვა. მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ ეს ტრადიცია სათავეს წარმართულ ეპოქაში იღებს, როცა ჩრდილოეთ ევროპაში კოცონის გარშემო საცეკვაო დღესასწაულებს აწყობდნენ.

საშობაოდ ერთმანეთის დასაჩუქრების ტრადიცია სამი მოგვის ამბავს უკავშირდება. გადმოცემის თანახმად, ქრისტეს დაბადების შემდეგ ბეთლემში სამი მოგვი ჩავიდა და ახალშობილს საჩუქრები ჩაუტანა. მაგრამ თუ ამ ლეგენდას მკაცრად მივუდგებით, შეიძლება ვერც დავამტკიცოთ, რომ იესო ქრისტე მართლაც 25 დეკემბერს დაიბადა.

საერთოდ, არაერთ ტრადიციას ადამიანი დღეს ისე მისდევს, რომ მის შინაარსს არც კი აცნობიერებს. მაგალითად, საშობაო სიმღერა, რომელიც შეერთებულ შტატებში შეიქმნა და დღეს მთელს მსოფლიოში მეტად პოპულარულია, სრულიად მოკლებულია რელიგიურ შინაარსს და ზამთარსა და თოვლს უფრო უმღერის, ვიდრე ქრისტეშობის დღესასწაულს.


[მუსიკა. White Christmas]

ან თუნდაც სახელგანთქმული სანტა კლაუსის ამბავი ავიღოთ. მსოფლიოს მილიონობით ბავშვის ამ საყვარელი ფიგურის პროტოტიპად სხვადასხვა ისტორიულსა თუ მითოლოგიურ პერსონაჟს მიიჩნევენ. ჩრდილოეთის ხალხები დარწმუნებული არიან, რომ კეთილი სანტა კლაუსის წინამორბედი მათი ღმერთი ოდინია. გაზეთ “ინტერნეშნლ ჰერალდ ტრიბიუნის” 21 დეკემბრის ნომერში დაბეჭდილ სტატიას თუ დავუჯერებთ, სანტა კლაუსის კვალი თურქეთის ხმელთაშუაზღვისპირა ქალაქ დემრეში უნდა ვეძებოთ. იქ მეოთხე საუკუნეში მოღვაწეობდა სიკეთითა და კეთილი საქმეებით სახელგანთქმული ეპისკოპოსი ნიკოლოზი, რომელიც მოგვიანებით წმინდანად შერაცხეს.

რამდენი განსხვავებული მოსაზრებაც უნდა არსებობდეს სანტა კლაუსის სადაურობის შესახებ, ერთი რამ საკამათო არ არის: ის, რომ სანტა კლაუსს დღეს საბავშვო წიგნებისა თუ რეკლემების გამფორმებლები თეთრწვერა, ჩასუქებულ, გულკეთილ მოხუცად ხატავენ, მე-19 საუკუნეში მოღვაწე ამერიკელი პროფესორის, კლემენტ მურის დამსახურება გახლავთ.

თუ თანამედროვეები მურს უწინარესად ებრაული ლექსიკონის ორტომეულის შემდგენლად იცნობდნენ, ისტორიაში ეს მეცნიერი დარჩება, როგორც საბავშვო პოემის, “წმიდა ნიკოლოზის სტუმრობის” ავტორი. 1822 წელს გამოსული ეს პოემა უმალ იქცა ამერიკელი ბავშვების საყვარელ წიგნად, ხოლო მისი გმირი: თეთრწვერა, კეთილი მოხუცი – დღევანდელი სანტა კლაუსის წინამორბედად.

არის კიდევ ერთი ნაწარმოები, რომელიც მილიონობით ქრისტიანისთვის შობის დღესასწაულის სიმბოლოს წარმოადგენს და აქცენტს ამ დღესასწაულის სულიერ მხარეზე აკეთებს. ეს გახლავთ მუსიკალური ნაწარმოები, რომელიც ავსტრიის ერთ პატარა სოფელში, კათოლიკე მღვდელმა და ადგილობრივი ეკლესიის კანტორმა შექმნეს:

[მუსიკა. Stille Nacht, Heilige Nacht]