ზეპარტიული ნაციონალური მოძრაობის პრობლემები.

მიხეილ სააკაშვილმა ზეპარტიული ნაციონალური მოძრაობის შესახებ საუბარი დაიწყო იუსტიციის მინისტრის პოსტიდან გადადგომამდე ცოტა ხნით ადრე.
ამ ჩანაფიქრის საჯაროდ გამოცხადება უკვე ნიშნავდა შეურიგებელ ომში ჩართვას ქვეყნის პრეზიდენტთან.

მიხეილ სააკაშვილის მაღალი რეიტინგის მიუხედავად, მოძრაობის ოფიციალური დაფუძნება ვერა და ვერ ხერხდება. დამფუძნებელი ყრილობის მოწვევა რამდენჯერმე გადაიდო, თუმცა, მიზეზები არ გამოცხადებულა.

ბევრმა მსმენელმა, ალბათ, არც იცის, რომ ზეპარტიული ნაციონალური მოძრაობის იდეა მიხეილ სააკაშვილს არ ეკუთვნის.

დაახლოებით ერთი წელია, რაც ასეთი სახალხო მოძრაობის აუცილებლობაზე ლამის ყველა საგაზეთო ინტერვიუში მიუთითებს პოლიტოლოგი, ამჟამად პოლიტიკური მოძრაობა "ერთობის" თანათავმჯდომარე ალექსანდრე ჭაჭია.

10 დეკემბერის "დილის გაზეთში" ჭაჭია იხსენებს, რომ, მსგავსი იდეების გამო, შევარდნაძის გუნდის ახალგაზრდა ფრთა მას "ფაშისტს", "რუსეთის აგენტსა" და "მეგრელ სეპარატისტს" ეძახდა. ციტატა: "მე მეხუმრებიან, რომ სააკაშვილი-ჟვანიას ბოლოდროინდელი გამოსვლები ჩემი საგაზეთო წერილებიდან არის ამოღებული. ზეპარტიული მოძრაობა, რომელიც ერს გადაარჩენს - ჩემი იდეაა. მაგრამ მე ვგულისხმობდი, რომ ერი ამათგან უნდა გადაგვერჩინა და ესენი ვისგან იცავენ ქვეყანას, გაუგებარია."

ჭაჭია მართლაც თვეების განმავლობაში იმეორებდა, რომ ხელისუფლების მიმართ ხალხის უკმაყოფილება უკვე იმ ზღვარს აღწევს, როცა შესაძლებელია და აუცილებელიცაა მათი თავმოყრა და ხელისუფლებასთან დაპირისპირება. ერთხელ, "ღამის კურიერის" პირდაპირ ეთერში, ჭაჭიამ ფუნქციებიც გადაანაწილა: ასლან აბაშიძე, ავად თუ კარგად, პარლამენტს უვლის და მე პარლამენტის გარეთ დარჩენილი საზოგადოება უნდა შემოვიკირიბოო.

თუმცა, სააკაშვილისა და ჭაჭიას ინიციატივებს შორის ერთი არსებითი სხვაობაა: ჭაჭია არ ცნობს და არ ენდობა პოლიტიკურ პარტიებს, ამიტომ, იგი თავისი მოძრაობის საყრდენად ხელისუფლებით უკმაყოფილო რიგით ადამიანებს მიიჩნევს, ამიტომაც ჰქვია მის მოძრაობას ზეპარტიული. მიხეილ სააკაშვილი კი, პირველ ეტაპზე, სწორედ პარტიების შემოკრებას ცდილობს ზეპარტიულ, უფრო ზუსტად, მრავალპარტიულ მოძრაობაში.

რა შეიძლება იყოს ნაციონალური მოძრაობის რეალური მიზანი? საზოგადოებრივი აზრის გააქტიურებისთვის ბესო ჯუღელის და ზვიად ძიძიგურის თანამოაზრეობა სააკაშვილს ნაკლებად გამოადგება. სწორედ გასულ კვირაში თენგიზ სიგუამ აღნიშნა, რომ სააკაშვილმა პარტიებთან კი არ უნდა იმუშაოს, არამედ - ხალხთან. ფაქტობრივად, ეს ჭაჭიას გზაა.

მაგრამ რა სურს მიხეილ სააკაშვილს? ამ კითხვის პასუხად, გავიხსენოთ 1992 წლის საპარლამენტო არჩევნები, - პირველი არჩევნები შევარდნაძის საქართველოში დაბრუნების შემდეგ.

მაშინ იმგვარი საარჩევნო სისტემა შეირჩა, რომელმაც პარლამენტისკენ გზა ოცდაექვს პარტიას გაუხსნა. რატომ დასჭირდა ედუარდ შევარდნაძეს მეტ-ნაკლებად ცნობილი ყველა პოლიტიკური ლიდერის თავმოყრა პარლამენტში?

პასუხი ასეთია: რაკიღა შევარდნაძე ახალი სახელმწიფოს დამფუძნებელი მამის როლს იღებდა საკუთარ თავზე, მას სურდა, ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, პირველ რიგში კი, ახალი კონსტიტუცია - პოლიტიკური კონსენსუსის შედეგი ყოფილიყო.

იმის მიუხედავად, რომ 1992 წლის მოწვევის პარლამენტი პარტიებს შორის ბრძოლის არენად გადაიქცა, მან თავისი მოვალეობა პირნათლად შეასრულა: საყოველთაო შეთანხმების საფუძველზე მიიღო ახალი კონსტიტუცია.

საფიქრებელია, რომ მიხეილ სააკაშვილის ამჟამინდელი ჩანაფიქრი დიდწილად ჰგავს შევარდნაძის მაშინდელ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას. სააკაშვილს მცირერიცხოვანი პარტიების შემოკრება სჭირდება არა იმისთვის, რომ ხალხი მოიზიდოს ან ამ პარტიების რეიტინგი გაზარდოს. მას სურს, თავიდან დაიწყოს სახელმწიფოს მშენებლობა და დაიწყოს იმით, რითიც შევარდნაძემ დაიწყო 1992 წელს: თავი მოუყაროს მაქსიმალურად ბევრ პარტიას და პოლიტიკურ გადაწვეტილებებს საფუძვლად დაუდოს ამ პარტიებს შორის შეთანხმება. ეს, ისევ და ისევ, დამფუძნებელი მამის ამბიციაა. ზეპარტიული ნაციონალური მოძრაობის სააკაშვილისეული ვარიანტი, ფაქტობრივად, ნიშნავს სახელმწიფოს შენების დაწყებას სულ თავიდან, ნულოვანი ათვლის წერტილიდან.

მაგრამ გასათვალისწინებელია ერთი ფაქტორი: 1992 წელს პარტიათა ლიდერები საზოგადოების თვალში მეტ-ნაკლებად ერთნაირი ავტორიტეტით სარგებლობდენ. მომდევნო წლების განმავლობაში კი პარტიები არათანაბრად განვითარდნენ. ასე რომ, მრავალრიცხოვან პარტიათა ლიდერებმა, შესაძლოა, საერთოდ არ ისურვონ მცირერიცხოვან პარტიებთან პარიტეტული წესით თანამშრომლობა. მაგალითად, შესაძლოა, გოგი თოფაძემ სამართლიანად არ მიიჩნიოს, თუკი მისი ხმა ბესო ჯუღელის ან ზვიად ძიძიგურის ხმას გაუთანაბრდება. არ არის გამორიცხული, ამავე მიზეზით ნაციონალური მოძრაობის მიღმა აღმოჩნდეს მოქალაქეთა კავშირიც.

ასე რომ, მიხეილ სააკაშვილის მაღალი რეიტინგი, - რაც ეჭვს არ იწვევს, - ჯერ კიდევ არ არის საკმარისი მრავალსეგმენტიანი ნაციონალური მოძრაობის წარმატებისთვის. პრობლემა ისაა, რომ პოლიტიკურ სპექტრს მიხეილ სააკაშვილის წინადადებები, შესაძლოა, ნაკლებად იზიდავს; საზოგადოება კი ენერგიული ლიდერისგან ახალ, ენერგიურ ნაბიჯებს ელის.