ავღანეთის ეკონომიკის სავალალო მდგომარეობა

ავღანეთის ეკონომიკა სავალალო მდგომარეობაშია. გაუთავებელმა კონფლიქტებმა და ომებმა, ფაქტობრივად, ის მცირედიც გაანადგურა, რაც ავღანეთს საბჭოთა ოკუპაციის წლებამდე ჰქონდა. მაგრამ იქაურ ბიზნესმენთა ნაწილს გამომგონებლობისა და მოქმედების უნარი არც დღევანდელ, უმძიმეს პირობებში დაუკარგავს, რასაც ჩვენი კორესპონდენტის, ჩარლზ რეკნაგელის მასალაც ადასტურებს.

ქაბულიდან მოწოდებულ რეპორტაჟში იგი აღწერს ქალაქის მთავარ სამრეწველო რაიონს, რომელიც ჩრდილოეთ გარეუბანში მდებარეობს და რომელსაც დღეს სახელწოდების მეტი თითქმის აღარაფერი შემორჩა.

ავტორის თქმით, უწინ აქ ასამდე სხვადასხვა ზომისა თუ პროფილის ფაბრიკა-ქარხანა მოქმედებდა, დღეს კი, ავად თუ კარგად, ხუთად-ხუთიღა მუშაობს. ერთ-ერთი მათგანია სინთეტიკური ფეხსაცმლის ფაბრიკა, რომლის ნაწარმი მხოლოდ იმით თუა აღსანიშნავი, რომ ამშვენებს იშვიათი წარწერა: “დამზადებულია ავღანეთში”.

ფაბრიკის დირექტორს, გან აღას, 40-მდე ახალგაზრდა ბიჭი ჰყავს დასაქმებული. საწარმო მთლიანად ეგრეთ წოდებულ “რისაიკლინგის”, ანუ ხელახლა გადამუშავების პრინციპით მოქმედებს და ნედლეულად ქაბულის ნაგავსაყრელებზე შეგროვილი პლასტმასისა თუ სხვა სინთეტიკური მასალისგან დამზადებულ ნივთებს იყენებს. საინტერესოა, რომ მამაკაცისა და ქალის მოდელები ერთმანეთისგან არ განსხვავდება.

დირექტორი სიამაყით აღნიშნავს, რომ მისი საწარმო დღეში დაახლოებით ათას წყვილ ფეხსაცმელს უშვებს. მისივე თქმით, ფაბრიკის მუშაობაში მთავარი პრობლემა ნედლეულის მოპოვებაა. თალიბანის მმართველობის დროს არანაკლებ სერიოზული პრობლემა იყო ქვეყნის საერთაშორისო იზოლაცია. თუმცა, როგორც გან აღა დასძენს, ამ იზოლაციას ქვეყანა ძალიან ნელა აღწევს თავს.

[გან აღას ხმა] “ნედლეულის მოპოვება უკიდურესად გვიჭირს, რადგან მასალა, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ, ძირითადად ტაივანში, საუდის არაბეთსა და ტაილანდში მზადდება; ამ ქვეყნებს კი პირდაპირ ვერ ვუკავშირდებით. იძულებული ვართ, მასალა, პაკისტანის გავლით მივიღოთ.”

ამასთანავე, ფეხსაცმლის ფაბრიკის დირექტორი კმაყოფილებით აღნიშნავს, რომ ადგილობრივი ფულადი ერთეულის, ავღანის, ნაწილობრივ გამყარებასთან ერთად მისი საწარმო თანდათან რენტაბელური ხდება.

კიდევ ერთი საწარმო, რომელიც ქაბულის სამრეწველო რაიონში დღემდე მოქმედებს, ჭიშკრების სახელოსნოა. ჩვენი კორესპონდენტი ესაუბრა მის მფლობელს, ბაშირ აჰმად ამირზადას, რომელიც 14 მამაკაცს ასაქმებს.

[ამირზადას ხმა] “ჩვენს დამზადებულ ჭიშკრებს ძირითადად სოფლის მოსახლეობა ყიდულობს. კონტეინერებს ვაჭრებისგან ვიძენთ, შემდეგ ვჭრით მათ და ჭიშკრებს ვამზადებთ.”

საერთოდ, ლითონების გადამუშავება ავღანეთში პოპულარული ბიზნესია. ამირზადას თქმით, ეს საქმე ორი მიმართულებით ვითარდება: მსუბუქ ლითონებს ადგილობრივი ბაზრისთვის გადაამუშავებენ, ხოლო მძიმე ლითონებს (როგორიც არის, მაგალითად, მწყობრიდან გამოსული ტანკების ან ჯავშანმანქანების ნაწილები) კონტრაბანდული გზით, პაკისტანში ეზიდებიან.

სახელოსნოს მფლობელი იმ დღეზე ოცნებობს, როცა მას თავისი საწარმოსთვის ჯართის იმპორტირება შეეძლება. თუმცა, თვითონვე დასძენს, რომ ლოდინი, როგორც ჩანს, კარგა ხანს მოუხდება.