“ჯორჯიან მანგანეზი” ალყაში - ხელისუფლება გარემოსა და ხალხის წინააღმდეგ

ჭიათურა, წლებია, „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ მადნის მოპოვებით გამოწვეულ მასშტაბურ ეკოლოგიურ ზიანს ვერ უმკლავდება, სახელმწიფო კი მოსახლეობის ინტერესების დაცვის სახელით უმსხვილესი კომპანიის მართვიდან უცხოელ ინვესტორებს აძევებს და მის მართვას სპეციალურ მმართველს აბარებს.

ამ გამოძიებაში რადიო თავისუფლება აღწერს, როგორ მოიპოვა “ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებულმა ჯგუფმა გავლენა საქართველოს უმსხვილეს კომპანიაზე და რა სქემით შოულობენ „ოცნების“ მხარდამჭერები მანგანეზის ბიზნესში ათეულობით მილიონს.

Your browser doesn’t support HTML5

მადანის მოპოვება ღია კარიერული წესით, ჭიათურის მუნიციპალიტეტი

ჭიათურის გადაუჭრელი ეკოლოგიური პრობლემები - “მასშტაბები გაზრდილია”

მე-4 წელი დაიწყო, რაც ქვეყნის უმსხვილეს კერძო კომპანია “ჯორჯიან მანგანეზს” , რომელსაც მრავალმილიონიანი შემოსავალი აქვს, სახელმწიფო მართავს მის მიერ დანიშნული სპეციალური მმართველის ხელით.

2017 წლის მაისში გარემოსთვის, დაახლოებით, 416 მილიონი ლარის მოცულობის ზიანის მიყენებისთვის “ჯორჯიან მანგანეზის” უცხოელ მფლობელებსა და დირექტორს ქართულმა სასამართლომ საწარმოს მართვის უფლება ჩამოართვა და სპეციალურ მმართველს, ნიკოლოზ ჩიქოვანს, გადასცა.

ნიკოლოზ ჩიქოვანის ამოცანა იყო, რაც შეიძლება სწრაფად ისე გადაეწყო “ჯორჯიან მანგანეზის” საწარმოო პროცესი, რომ კომპანიას აღარ დაებინძურებინა ნიადაგი, ჰაერი და წყლის რესურსები.

რადიო თავისუფლებამ ჭიათურის 5 სოფელში “ჯორჯიან მანგანეზის” კარიერები 2020 წლის ნოემბერში გადაიღო. ამ კადრებში ჩანს, რომ ყველა ის პრობლემა, - ნიადაგის დეგრადირება, ნაყოფიერი ფენის, ხეების, ბუჩქების განადგურება - რისი გადაჭრაც 3 წლის წინ სახელმწიფომ ნიკოლოზ ჩიქოვანს დაავალა, არ მოგვარებულა.

ნიადაგის განადგურებული საფარი სოფელ რგანში, ჭიათურის მუნიციპალიტეტი

“ეს კადრები ადასტურებს, რომ „მანგანეზი“ ისევე მოიპოვებს მადანს, როგორც 2017 წლამდე. ახლა მასშტაბები კიდევ უფრო გაზრდილიც ჩანს”, - გვითხრა ორგანიზაცია “მწვანე ალტერნატივის” ხელმძღვანელმა, ნინო გუჯარაიძემ, რომელსაც „ჯორჯიან-მანგანეზის“ კარიერების ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა ვაჩვენეთ.

„მწვანე ალტერნატივა“, 20 წელია, გარემოს დაცვით საკითხებზე მუშაობს. მათ ანგარიშებში, წლებია, “ჯორჯიან მანგანეზის” მიერ გამოწვეულ ეკოლოგიურ პრობლემებზეა საუბარი.

“ „მანგანეზმა“ არ აღკვეთა მდინარე ყვირილას დაბინძურება, არ მოაწყო ახალი შლამსაცავი. მართალია, გახსნა ახალი ქარხანა, მაგრამ არ დახურა ძველი ქარხნები, რომელთა მუშაობა სახიფათოა გარემოსთვის”, - აზუსტებს ორგანიზაციის ხელმძღვანელი.

“მწვანე ალტერნატივამ “ ჭიათურის ეკოლოგიური პრობლემები აღწერა ბოლო საველე გასვლის ანგარიშშიც, რომელიც 2019 წლის ოქტომბერში გამოქვეყნდა.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ კომპანია ჭიათურაში მადნის მოსაპოვებლად კვლავ წესების დარღვევით ხსნის კარიერებს; არ ინახავს ნიადაგის ნაყოფიერ ფენას, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ ეკოსისტემა ისევ აღადგინოს, კარიერებს იმდენად ახლოს ხსნის საცხოვრებელ სახლებთან, რომ ხელოვნური ხრამები საფრთხეს უქმნის ადგილობრივ მოსახლეობას.

კიდევ ერთი კვლევა ჭიათურის ეკოლოგიური მდგომარეობის შესახებ 2020 წლის აპრილში მოამზადა არასამთავრობო ორგანიზაცია “ჭიათურელთა კავშირმა,” რომელიც, თითქმის 10 წელია, ჭიათურის სოციალურ და ეკოლოგიურ პრობლემებს შეისწავლის.

კვლევაში ნიადაგზე მანგანეზის მოპოვების გავლენაა შეფასებული. „მანგანეზში“ სპეციალური მმართველის შესვლიდან თითქმის 3 წლის შემდეგ მომზადებულ ანალიზში წერია, რომ „ჯორჯიან მანგანეზი“ და მისი ლიცენზიის ფარგლებში მომუშავე ათეულობით კოოპერატორი მადნის ღია კარიერული წესით მოპოვების მასშტაბს ზრდიან და გარემოს მნიშვნელოვან ზიანს აყენებენ.

"მოპოვება საგრძნობლად ცვლის ლანდშაფტს და გავლენას ახდენს ბიომრავალფეროვნებაზე, იცვლება სოციალური გარემო. კარიერული წესით მადნის მოპოვების შედეგად განადგურდა ზეგნისა და ხეობის ფერდობების სტრუქტურები, გაიჩეხა ტყეები“, - აღნიშნულია კვლევაში.

ამონარიდი "ჭიათურელთა კავშირის" კვლევიდან

ამავე დოკუმენტში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფრაგმენტია, საიდანაც ჩანს, რომ ნიადაგი დაბინძურებულია არა მხოლოდ კომბინატების მიმდებარედ, არამედ სხვაგანაც. ეს მონაცემები ძველი, რამდენიმე წლის წინანდელია, თუმცა კვლევაში უფრო ახალი მონაცემები არ დევს.

“სინჯებში აღმოჩენილია კადმიუმი, დარიშხანი, კობალტი, სპილენძი, თუთია, მანგანუმი, რკინა, ნიკელი, ალუმინი, კალიუმის (K40) და ტყვიის (Pb212) იზოტოპები, რომელთა კონცენტრაციები რამდენიმე ათეულჯერ აღემატება ნიადაგში დადგენილ ნორმას”.

იქვე წერია, რომ მადნის მოპოვების შემდეგ მიტოვებული ღია კარიერებიდან საშიში ნივთიერებები მტვერთან ერთად ჰაერში, იქიდან კი სასმელ წყალში ხვდება. მანგანუმისა და სხვა მძიმე ლითონების ოქსიდები ატმოსფერულ ჰაერს ერევა მტვრის სახით, ნალექებთან ერთად ხვდება ნიადაგში, ნიადაგიდან - მიწისქვეშა წყლებში (კარსტული წყლები, რომლებიც მუნიციპალიტეტის მოსახლეობის უდიდეს ნაწილს სასმელი წყლით ამარაგებს) და მდინარეებში, რომლის მეშვეობით გადადის მცენარეებში, ცხოველებისა და თევზების ორგანიზმებში, რაც ბიომრავალფეროვნებას უქმნის საფრთხეს...ნადგურდება მცენარეული საფარი, იცვლება ნიადაგის სტრუქტურა, რასაც მივყავართ ნიადაგის ეროზიისა და გაუდაბნოებისაკენ”, - ნათქვამია კვლევაში.

“ჯორჯიან მანგანეზის” მუშაობით გამოწვეულ ეკოლოგიურ პრობლემებზე რადიო თავისუფლებას ესაუბრა ჭიათურელი აქტივისტი, ორგანიზაცია „მმართველობის მონიტორინგის ცენტრის“ იმერეთის ბიუროს ხელმძღვანელი, ნოდარ ჩაჩანიძე:

“ჭიათურის მუნიციპალიტეტი დღეს რეალურად არის ეკოლოგიური კატასტროფის ზონა. ჭიათურის სოფლების, დაახლოებით, 20%-ში მანგანუმის მადანს დღეს „ჯორჯიან მანგანეზი“ და მისი კონტრაქტორი კომპანიები მოიპოვებენ. წიაღისეულის ნაწილის მოპოვება უკვე ღია კარიერული წესით, ყველანაირი სტანდარტის დარღვევით ხდება”, - ამბობს იგი.

მადნის მოპოვება ღია კარიერული წესით, ჭიათურის მუნიციპალიტეტი

, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იყო მდინარე ყვირილის დაბინძურების მრავალწლიანი პრობლემის მოგვარება.

რადიო თავისუფლების მიერ მოძიებული გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტის (გზშ-ს) მიხედვით, რომელიც 2016 წელს “ჯორჯიან მანგანეზის” დაკვეთით მომზადდა, მადნის გადამამუშავებელი ფაბრიკებიდან წარმოქმნილი ნარჩენი წყალი, რომელიც სალექარებიდან გაწმენდის გარეშე ჩაედინება მდინარე ყვირილაში, შეიცავს მანგანუმის ნაერთებს, კვარცს, თიხებს და აბინძურებს მდინარეს.

კიდევ ერთი, უფრო ძველი, დოკუმენტის მიხედვით, მანგანუმის გადამუშავების შედეგად ყვირილაში წელიწადში ნახევარი მილიონი ტონა ჭუჭყიანი წყალი იღვრებოდა.

ამ წყლების დიდი ნაწილი დღესაც ყვირილაში ჩაედინება. სპეციალურმა მმართველმა 2020 წლის ზაფხულში ადგილობრივი ტელევიზიის ეთერში თქვა, რომ მისი ოცნება “სუფთა ყვირილაში ახალგაზრდებთან ერთად ნავით სეირნობაა” და მდინარის დაბინძურების შეჩერების გეგმაც აქვს.

რა გეგმა აქვს სპეციალურ მმართველს რეალურად


რადიო თავისუფლებამ მოიპოვა დოკუმენტები, სადაც ნიკოლოზ ჩიქოვანი იმ ვალდებულების გაუქმებას სთხოვდა სასამართლოს, რომელიც თავად წარადგინა, როგორც ყვირილის დაცვის გარანტია.

2017 წლის ივნისში, სპეციალურ მმართველად დანიშვნიდან ერთ თვეში, ნიკოლოზ ჩიქოვანმა გარემოს დაცვის სამინისტროს და სასამართლოს 14-პუნქტიანი გეგმა წარუდგინა. მე-7 პუნქტში ის იღებდა ვალდებულებას, აეშენებინა მდინარე ყვირილის დამცავი ჯებირი და წყალამრიდი არხები, რაც დაიცავდა მდინარეს მის სიახლოვეს მოწყობილი მანგანუმის სანაყარედან დაბინძურებისგან. სპეციალურ მმართველს ეს ვალდებულება 2018 წლის 1 იანვრამდე უნდა შეესრულებინა. ვალდებულების შესრულების ვადის ამოწურვამდე 2 დღით ადრე, 2017 წლის 29 დეკემბერს, მმართველი მიმართავს მოსამართლეს და ამ ვალდებულების გაუქმებას სთხოვს. ჩიქოვანი მოტივად კომპანიის კომერციულ ინტერესს ასახელებდა. არადა, კომპანიაში მისი დანიშვნის მთავარი მოტივი ეკოლოგიური პრობლემების მოგვარება, პირველ რიგში კი, ყვირილის გადარჩენა იყო. მოსამართლემ ვალდებულების გაუქმებაზე უარი უთხრა, თუმცა მის შესასრულებლად დამატებით 6 თვე მისცა. მოგვიანებით „მანგანეზმა“ ყვირილის დამცავი ჯებირი და არხები მოაწყო, თუმცა მანგანეზის ნარეცხი წყლის დიდი ნაწილი ისევ ყვირილაში ხვდება. მდინარის დაბინძურებას არ უარყოფს თავად ნიკოლოზ ჩიქოვანი. მან რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ პრობლემის გადაჭრის გზებზე დღესაც მუშაობს.

2017 წლის ივნისში ახლად დანიშნული ნიკოლოზ ჩიქოვანი ტვ პირველის ეთერში ამბობდა, რომ ეკოლოგიური პრობლემების, დაახლოებით, 80 %-ს 2020 წლის მაისამდე მოაგვარებდა. ჩიქოვანს ვკითხეთ, რატომ არ აშენდა ახალი შლამსაცავი, რატომ იღვრება ნარეცხი წყლები ისევ ყვირილაში, რა მოცულობის ფართზეა რეკულტივაცია (დაზიანებული ნიადაგის აღდგენა) ჩასატარებელი. გვიპასუხა, რომ ეკოლოგიური პრობლემები 130 წლის განმავლობაში გროვდებოდა და მათი დიდი ნაწილის გადაჭრას კიდევ ორ წელიწადში შეძლებს.

ნიკოლოზ ჩიქოვანი: ჩამოვიტანეთ და ავამუშავეთ ახალი გადამამუშავებელი ქარხანა, აღვწერეთ მთელი ტერიტორია, ელექტრონული რუკა შევადგინეთ, დავგეგმეთ, რომ „ჯორჯიან მანგანეზი“ გააკეთებდა ყოველ წელს 50 ჰექტარის რეკულტივაციას, 50 ჰექტარს გააკეთებენ ქვეკონტრაქტორები. გასულ 3 წელში გავაკეთეთ 150 ჰექტარი, აქედან 27 ჰექტარის ბიოლოგიური რეკულტივაცია. გასაკეთებელი ბევრად მეტია, მაგრამ კონფიდენციალურობის ხელშეკრულებაზე მაქვს ხელი მოწერილი და ზუსტ ციფრს ვერ გეტყვით.

რადიო თავისუფლება : რამდენი პროცენტით შეამცირეთ ყვირილაში ნარჩენების ჩაღვრა?

ნიკოლოზ ჩიქოვანი: კონკრეტული ციფრის თქმა გამიჭირდება, სუფთა ყვირილა ეს არ არის ცისფერი ან ვარდისფერი ოცნება, ორი წლის შემდეგ ჩვენ, იმედია, კვლავ შევხვდებით და გაჩვენებთ შედეგებს.

2016 წელს შედგენილი გზშ-ს დოკუმენტის მიხედვით, ახალი ქარხნის გახსნას რამდენიმე ძველი გადამამუშავებელი ფაბრიკის დახურვა უნდა მოყოლოდა, თუმცა ეს ასე არ მოხდა. “ჩვენ არ შევაჩერეთ ქარხნები, ვამუშავებთ ძველ ქარხნებს, ამ ქარხნებით და ამ ტექნოლოგიით აღარ მუშაობს არავინ მსოფლიოში, თუმცა არც ერთი ქარხანა არ გაგვიჩერებია. რადგან მანგანეზის მოპოვების გეგმა მქონდა შესასრულებელი”, უთხრა ნიკოლოზ ჩიქოვანმა რადიო თავისუფლებას. ზშ-ს მიხედვით, ამ ქარხნების მუშაობა გარემოს მნიშვნელოვნად აზიანებს.

“ნიკოლოზ ჩიქოვანი ამბობს, რომ „აქვს გეგმა“ და ხდება „ნიადაგის რეკულტივაცია“. რეალურად კი ეს ყველაფერი საკმაოდ შორს არის სიმართლისგან. ცოტა ხნის წინ სახელმწიფო მმართველს სასამართლომ კიდევ სამი წლით გაუხანგრძლივა უფლებამოსილების ვადა, რათა შეასრულოს ის გეგმა, რისი შესრულების მონიტორინგიც რეალურად არ მიმდინარეობს. სპეციალური მმართველის უფლებამოსილების გაგრძელებამდე ხელისუფლებას არ უმსჯელია იმაზე, თუ როგორ შესრულდა ის 14- პუნქტიანი გეგმა, რომლითაც ნიკოლოზ ჩიქოვანი დაინიშნა 2017 წელს,” - ეუბნება რადიო თავისუფლებას ადგილობრივი აქტივისტი ნოდარ ჩაჩანიძე.

ჩაჩანიძეს მოჰყავს კონკრეტული მაგალითები: “ უმეტეს შემთხვევაში ნიკოლოზ ჩიქოვანი თავს იწონებს მხოლოდ ტექნიკური რეკულტივაციით, ანუ გადათხრილი ადგილის ტრაქტორების მიერ მოსწორებით. რეალურად კი „ჯორჯიან მანგანეზს“ და მის კონტრაქტორებს აქვთ დამუშავებული ტერიტორიების ბიოლოგიური რეკულტივაციის ვალდებულება, ანუ ნიადაგის ნაყოფიერი ფენის - ჰუმუსის - დაბრუნება იმ მიწებზე, სადაც უკვე დაასრულეს მოპოვებითი სამუშაოები. ასეთი რეკულტივაცია კი ან საერთოდ არ ხორციელდება, ან მხოლოდ ძალიან მცირე ტერიტორიებზე”.
რადიო თავისუფლებასთან ნიკოლოზ ჩიქოვანი ამბობს, რომ მან 27 ჰექტარის ბიოლოგიური რეკულტივაცია მოახდინა, არ აკონკრეტებს რა ტერიტორიაა, ჯამში, დაზიანებული, ამბობს, რომ კიდევ რამდენიმე ასეული ჰექტარია აღსადგენი.

ისტორია - სპეციალური მმართველის დანიშვნა თუ ექსპროპრიაცია

ოფიციალურად 2017 წლის 11 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ კერძო კომპანია “ჯორჯიან მანგანეზში” სახელმწიფო სპეციალური მმართველი ეკოლოგიური პრობლემების მოსაგვარებლად დანიშნა. არერთმა ორგანიზაციამ მაშინვე გამოთქვა ვარაუდი, რომ ეს ნაბიჯი მრავალმილიონიანი ბიზნესის გადანაწილებას უკავშირდებოდა.

როდესაც კერძო კომპანია არ ასრულებს ლიცენზიით განსაზღვრულ პირობებს, აზიანებს გარემოს, არ ასრულებს სახელმწიფო ინსტიტუტების მითითებებს, სახელმწიფოს უფლება აქვს კერძო კომპანიაში სპეციალური მმართველი დანიშნოს. სპეციალურმა მმართველმა განსაზღვრულ ვადაში კომპანიის ხარჯით უნდა გამოასწოროს პრობლემები, გარემოსთვის მიყენებული ზიანი, რის შემდეგაც ის კომპანიის მართვის სადავეებს ისევ მფლობელებს დაუბრუნებს და კომპანიას დატოვებს.

კანონი 2005 წლიდან მოქმედებს, თუმცა ეს ნორმა მხოლოდ “ჯორჯიან მანგანეზის” მიმართ გამოიყენეს.
„მანგანეზში“ სპეციალური მმართველის დანიშვნა გარემოს დაცვის სამინისტრომ 2017 წლის 10 მაისს მოითხოვა.

სასამართლოში წარდგენილ სამინისტროს შუამდგომლობაში ეწერა, რომ „მანგანეზმა“ მადნის მოპოვებით გარემოს კოლოსალური ეკოლოგიური ზიანი მიაყენა და ამის გამოსწორების ერთადერთი გზა კომპანიაში სახელმწიფო მმართველის დანიშვნა იყო.

მოსამართლე ნინო ბუაჩიძემ სამინისტროს 1200-გვერდიანი შუამდგომლობა და მასში მოყვანილი მრავალი ფაქტი 24 საათში შეისწავლა და 32-გვერდიანი გადაწყვეტილებაც დაწერა.

მან საკითხი კომპანიისთვის შეტყობინების გარეშე, დაუსწრებლად განიხილა და გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღასრულა. რამდენიმე დღეში „ჯორჯიან მანგანეზი“ სახელმწიფო მმართველმა 3 წლით გადაიბარა.

სასამართლომ სახელმწიფოს წარმომადგენელს კომპანიაში აბსოლუტური უფლებამოსილება მიანიჭა, სპეციალურ მმართველს “ჯორჯიან მანგანეზის” მართვის სადავე გადასცა და მას უფლება მისცა ერთპიროვნულად შეესრულებინა ყველა ის ფუნქცია, რომლებიც მანამდე კერძო კომპანიის დირექტორთა საბჭოს და დამფუძნებლებს ჰქონდათ გადანაწილებული.

„ჯორჯიან მანგანეზის“ მფლობელი კომპანია საპროტესტო განცხადებაში წერდა, რომ საქართველოს სახელმწიფო უწყებებებმა და სასამართლომ უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებებით უცხოელების კუთვნილი ბიზნესი ჩაიგდეს ხელში. განცხადებაში ნახსენები იყო ტერმინი „ექსპროპრიაცია“, რაც სახელმწიფოს მიერ კერძო საკუთრების იძულებით ჩამორთმევას ნიშნავს. განცხადებაში ასევე ეწერა, რომ ქართულმა სახელმწიფო ინსტიტუტებმა “რეგულაციების ბოროტად გამოყენებით” ასეულობით მილიონი დოლარის ჯარიმა დააკისრეს კომპანიას. ინვესტორები გამოთქვამდნენ ეჭვს, რომ, ახლად დანიშნული მმართველის ვინაობიდან (ნიკოლოზ ჩიქოვანი) გამომდინარე, ეს ყველაფერი „მანგანეზის“ 4%-ის ქართველი მფლობელების გავლენას უკავშირდებოდა.

„ჯორჯიან მანგანეზის“ მფლობელი კომპანიის საპროტესტო განცხადების ფრაგმენტი


“ჯორჯიან მანგანეზის” მფლობელები წერდნენ, რომ სპეციალური მმართველის დანიშვნით საფრთხე შეექმნა აშშ-ისთვის მანგანუმის მიწოდებას იმ ფონზე, როცა აშშ-ში მანგანუმის შიდა მარაგი არ არსებობს და საქართველოდან წლის განმავლობაში მიწოდებულ 200 ათას ტონა პროდუქციას ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს.

სპეციალური მმართველის დანიშვნას ვაშინგტონშიც გამოეხმაურნენ. 2017 წლის ივნისში გამართულ ღონისძიებაზე, რომელშიც საქართველოს მთავრობის წევრებიც მონაწილეობდნენ, USAID-ის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, თომას მელიამ, ქართულ მხარეს უთხრა, როგორც ჩანს, ამერიკული კომპანიის კუთვნილი “ჯორჯიან მანგანეზის” ფაქტობრივი ექსპროპრიაცია ქართული სასამართლოს გაუმჭვირვალე და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებით მოხდაო.

2017 წლის 4 ივლისს სამართლებრივი შეფასება გამოაქვეყნა ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ”. განცხადებაში წერია, რომ სასამართლოს მიერ სპეციალური მმართველის დანიშვნა “დაუსაბუთებელია და ზღუდავს „ჯორჯიან მანგანეზის“ სამართლიანი სასამართლოს უფლებას”. ორგანიზაციამ გააკრიტიკა სასამართლოს გადაწყვეტილების ის ნაწილი, რომლითაც სპეციალურ მმართველს კერძო კომპანიის მართვის აქამდე უპრეცედენტო, აბსოლუტური, ერთპიროვნული უფლებამოსილება მიენიჭა და ეჭვი გამოთქვა, რომ ამ ქმედებით სახელმწიფომ უცხოელი მფლობელები კომპანიის მართვას ჩამოაშორა.

„ჯორჯიან მანგანეზს“ დღემდე სახელმწიფოს მიერ დანიშნული სპეციალური მმართველი ნიკოლოზ ჩიქოვანი მართავს. კომპანიის მართვას ჩამოაშორეს უკრაინელი დირექტორი. დირექტორთა საბჭოს წევრების უმრავლესობამ კომპანია დატოვა.

ვინ არის სპეციალური მმართველი, ნიკოლოზ ჩიქოვანი?

“ჯორჯიან მანგანეზში” სახელმწიფოს მიერ მმართველად დანიშნული ნიკოლოზ ჩიქოვანი, კომპანიის 4 %-ის მფლობელი ქართული ჯგუფის ლიდერ გიორგი კაპანაძესთან, იმავე “რიჟასთან”, დაკავშირებული პიროვნებაა. ჩიქოვანი 2003-2006 წლებში ზესტაფონის ფეროს დირექტორი იყო. იმ დროს ფეროს სწორედ გიორგი კაპანაძე და მისი მეგობარი და დიდი ხნის ბიზნესპარტნიორი ილია კოკაია განაგებდნენ. გიორგი კაპანაძესთან მეგობრობა ნიკოლოზ ჩიქოვანმა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუშიც დაადასტურა.

ნიკოლოზ ჩიქოვანი,"ჯორჯიან მანგანეზის" სპეციალური სახელმწიფო მმართველი

2018 წლის ივნისში ორგანიზაცია “მწვანე ალტერნატივამ” გამოაქვეყნა კვლევა, სადაც ნიკოლოზ ჩიქოვანის სპეციალურ მმართველად დანიშვნის დეტალებზეა საუბარი. ამ ანგარიშის მიხედვით, ჩიქოვანი გარემოს დაცვის სამინისტრომ ობიექტური, გამჭვირვალე კრიტერიუმების გარეშე შეარჩია. „მწვანე ალტერნატივა“ ეჭვს გამოთქვამდა, რომ ის დაინიშნა „მანგანეზით“ დაინტერესებული გავლენიანი ქართული ბიზნესჯგუფისა და სახელმწიფო მოხელეების ელიტური კორუფციის შედეგად.

ნიკოლოზ ჩიქოვანის მმართველად შერჩევის შესახებ არაერთ სატელევიზიო ეთერში ჰკითხეს გარემოს დაცვის მინისტრის მაშინდელ მოადგილეს, მაია ბითაძეს. დღეს ბითაძე “ქართული ოცნების” სიით პარლამენტის დეპუტატი და გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე გახდა. ბითაძე არ უარყოფდა, რომ ჩიქოვანი შეირჩა კონკურსის, კანდიდატების ღია შეჯიბრების გარეშე და მის მთავარ ღირსებად ზესტაფონის ფეროში მისი მუშაობის გამოცდილებას ასახელებდა. „მანგანეზზე“ ინტერვიუსგან დღეს მაია ბითაძე თავს იკავებს.

რა გამოცდილება აქვს ჩიქოვანს?

საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, ის 2003-2006 წლებში იყო ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის (ეს ქარხანა დღეს „ჯორჯიან მანგანეზის“ კუთვნილებაა) დირექტორი.

მისი დირექტორობის პერიოდში ფინანსურმა პოლიციამ ქარხანა ბიუჯეტისთვის 100 მილიონ ლარზე მეტის დამალვაში დაადანაშაულა. ნიკოლოზ ჩიქოვანმა მაშინ თავს ქვეყნის გარეთ გაქცევით უშველა. დღეს ჩიქოვანი ამბობს, რომ წინა ხელისუფლებამ მისი დევნა დაუსაბუთებელი ბრალდებით მოახდინა, თუმცა ადასტურებს, რომ მის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმებით დასრულდა.

“მწვანე ალტერნატივა” ამბობს, რომ ჩიქოვანის 12 წლის წინანდელი გამოცდილება ვერ შეფასდება უპირატესობად და მის დანიშვნას „მანგანეზის“ წილების გადანაწილებისთვის ბრძოლის ნაწილად მიიჩნევს.

ვინ ხეირობს სპეციალური მმართველით - “ქართული ოცნების” კვალი

სპეციალისტებისა და ჭიათურელი აქტივისტების ინფორმაციით, „ჯორჯიან მანგანეზი“ კვლავ მნიშვნელოვნად აზიანებს გარემოს, ინვესტორი კომპანიისთვის მართვის უფლების ჩამორთმევამ, სავარაუდოდ, შეუფასებელი ზიანი მიაყენა ქართული სახელმწიფოს იმიჯს. მაშ, ვინ მოიგო ამ გადაწვეტილებით?

ჩვენ უკვე ვახსენეთ გავლენიანი ქართული ბიზნესჯგუფი, რომლსაც კავშირი აქვს მმართველ პარტიასთან და რომლის არაფორმალურ ლიდერად და იდეოლოგად ბიზნესმენი გიორგი კაპანაძე, იგივე “რიჟა”, ითვლება.

გიორგი კაპანაძემ რამდენჯერმე ღიადაც დააფიქსირა თავისი, როგორც აქციონერის, ინტერესი „მანგანეზის“ მიმართ, თუმცა ჩვენ მიერ შეკრებილი ფაქტები მეტყველებს, რომ ამ ბიზნესში გარდა გიორგი კაპანაძისა, “ქართული ოცნების” წევრის, ახლად არჩეული პარლამენტის დეპუტატის, ლექსო დალაქიშვილის, კავშირები იკვეთება.

კავშირების უკეთ დასანახად მივყვეთ დეტალებს.

„მანგანეზის“ საქმეებში ჩახედული ადამიანები კომპანიაში სპეციალური მმართველის დანიშვნის ორ ინტერესს ასახელებენ:

1. პოლიტიკური გავლენა - ვინც აკონტროლებს „მანგანეზს“, ის იგებს რეგიონში არჩევნებს.

2. ფინანსური სარგებელი - მადნის მოპოვებით მილიონების შოვნაა შესაძლებელი.

ფინანსური სარგებელი და მადნის მოპოვების სქემა

საბადოები, სადაც მადანს მოიპოვებენ ლიცენზიით, სრულად “ჯორჯიან მანგანეზს” ეკუთვნის. მათ ორი - მაღაროსა და ღია კარიერული - წესით ითვისებენ.

კარიერული წესით მოპოვება უფრო მასშტაბურია და მასში „მანგანეზს“ ათეულობით წვრილი კომპანია, ე.წ. კოოპერატორები ყავს ჩართული. კოოპერატორები „მანგანეზის“ სალიცენზიო ტერიტორიაზე მძიმე ტექნიკით თხრიან ნიადაგს, აგროვებენ მადანს და ეს მადანი, საბოლოოდ, „ჯორჯიან მანგანეზში“ მიდის. კომპანია წიაღისეულს ამუშავებს და ექსპორტზე გააქვს.
წვრილ კოოპერატორებსა და „ჯორჯიან მანგანეზს“ შორის არსებობს შუამავალი რგოლი, რომელიც კოოპერატორების მუშაობას წარმართავს- იბარებს მათგან მადანს, რეცხავს და შემდეგ თავად მიაქვს „მანგანეზში“. ეს შუამავალი რგოლი ერთგვარი მონოპოლისტია, მისი გვერდის ავლით ჭიათურიდან ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნამდე მადანი ვერ მივა.

2017 წლამდე ასეთი 3 შუამავალი კომპანია იყო. 2017 წლის ზაფხულიდან, ნიკოლოზ ჩიქოვანის დანიშვნიდან მალევე, ახალი შუამავალი გაჩნდა - შპს “მანგანუმ ლოჯისტიკი”. სწორედ ეს ფირმაა ახლა მონოპოლისტი.

კოოპერატორებმა რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ახალი შუამავალი, “მანგანუმ ლოჯისტიკი”, მათ 1 ტონა მადანში 70-დან 100 დოლარამდე უხდის (ფასი დამოკიდებულია მადნის ხარისხზე). კონფიდენციალობის დაცვის გარანტიით ისინი გვიყვებიან, რომ მათი პირობები 2017 წლიდან გაუარესდა: “ახალი პირობებით საშუამავლოს რჩება სოლიდური მოგება, უფრო მეტი ვიდრე ადრე”, - უთხრა რადიო თავისუფლებას ერთ-ერთმა მათგანმა.

როგორ შოულობს “მანგანუმ ლოჯისტიკი” მილიონებს

2018 წლის ფინანსური დოკუმენტაციით, “მანგანუმ ლოჯისტიკს” მწირი ტექნიკური ბაზა ჰქონდა. მიუხედავად ამისა, მხოლოდ 2018 წელს „ჯორჯიან მანგანეზთან“ გაფორმებული კონტრაქტის ფარგლებში 91 მილიონი ლარის ღირებულების მანგანეზი მოიპოვა, გარეცხა და ზესტაფონში ჩაიტანა, რაშიც თითქმის 12 მილიონი ლარის (11 854 274) მოგება ნახა.

"მანგანუმ ლოჯისტიკის" 2018 წლის ფინანსური ანგარიში

შუამავალი კომპანია “მანგანუმ ლოჯისტიკი” ნიკოლოზ ჩიქოვანის დანიშვნამდე 10 დღით ადრე, 2017 წლის 1 მაისს, რუსთაველმა ბიზნესმენმა ნოდარ მიქაბერიძემ დააფუძნა, რომელიც “ქართული ოცნების” ოფიციალური შემომწირველია. მან, ჯამში, „ოცნებას“ და სალომე ზურაბიშვილს საარჩევნოდ (2018-2020 წლებში) 170 ათასი ლარი შესწირა.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ნოდარ მიქაბერიძე, მეტსახელად ბაშკირა, პარლამენტში „ქართული ოცნების“ დეპუტატის, ლექსო დალაქიშვილის, მეგობარია. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში დალაქიშვილს პარტიამ რუსთავისა და ქვემო ქართლის ამომრჩეველი “ჩააბარა” და ხმების მოპოვებაში მას აქტიურად ეხმარებოდა ბაშკირა. მისი ძმა, ზურაბ მიქაბერიძე, რუსთავის მე-16 საუბნო კომისიის თავმჯდომარეც იყო.

დღეს უკვე მმართველი პარტიის დეპუტატი, ლექსო დალაქიშვილი, ფინანსური პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანია. ჯერ ქვემო ქართლის განყოფილებაში მუშაობდა, მოგვიანებით საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე გახდა. წყაროს ინფორმაციით, ის დღეს ქვემო ქართლში განსაკუთრებული გავლენებით სარგებლობს.

ლექსო დალაქიშვილი ჭიათურაში 2019 წელს გამოჩნდა, „ჯორჯიან მანგანეზში“ სახელმწიფო მმართველის დანიშვნის შემდეგ. მან დაგვიდასტურა, რომ ნიკოლოზ ჩიქოვანის კონსულტანტი იყო შიდა უსაფრთხოებისა და ეკოლოგიის საკითხებში. დალაქიშვილმა ისიც დაგვიდასტურა, რომ შუამავალი კომპანიის დირექტორი, ნოდარ მიქაბერიძე, მისი მეგობარი და “ქართული ოცნების” მხარდამჭერია, თუმცა დეპუტატი, რომელსაც პარლამენტში ვესაუბრეთ, უარყოფს, რომ მანგანუმის ბიზნესში ნოდარ მიქაბერიძის ხელით „ქართული ოცნების“ ინტერესებს იცავს.

გიორგი მგელაძე: ბატონო ლექსო, იცნობთ თუ არა ნოდარ მიქაბერიძეს?

ალექსანდრე დალაქიშვილი: ნოდარ მიქაბერიძეს ვიცნობ როგორც რუსთაველს, ვმეგობრობ მასთან, ვიცნობ კარგად...მე ვიყავი ჩართული რუსთავში საარჩევნო შტაბის მუშაობაში. ნოდარ მიქაბერიძე, რომ გითხრათ, სულ იქ იყო და აქტიურად იყო ჩართული, ასე არ იყო, მაგრამ კი, ვადასტურებ, მხარდაჭერას უცხადებდა, კი, ბატონო.
გიორგი მგელაძე: რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ნიკოლოზ ჩიქოვანი ამ ბიზნესში წარმოადგენს „რიჟას“, ნოდარ მიქაბერიძე კი - თქვენ და “ქართულ ოცნებას”. ამას ადასტურებთ?

ლექსანდრე დალაქიშვილი: არ ვადასტურებ. გიორგი კაპანაძე არის აქციონერი, მეტს ვერაფერს ვერ დავადასტურებ.

ასე უპასუხა რადიო თავისუფლების შეკითხვებს ლექსო დალაქიშვილმა, რომელიც მე-10 მოწვევის პარლამენტში გარემოს დაცვისა და დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტების წევრია. სწორედ ეს კომიტეტები კურატორობს დარგს, რომელშიც „ჯორჯიან მანგანეზი“ ოპერირებს.

როგორ და რატომ შეარჩიეს შუამავლად “მანგანუმ ლოჯისტიკი”? - ამ კითხვას ნიკოლოზ ჩიქოვანი ასე პასუხობს. “რა მნიშვნელობა აქვს. შეიძლება ლექსო დალაქიშვილმა რეკომენდაცია გაუწია მიქაბერიძეს”, ამბობს ჩიქოვანი.

ნოდარ მიქაბერიძე ამბობს, რომ ჭიათურაში სპეციალურ მმართველამდე მუშაობდა, რამდენიმე კომპანიაში ლოჯისტიკას კურირებდა. დაგვისახელა კომპანია „მნ ლოჯისტიკი“, რომელიც 2016 წელსაა დაფუძნებული. მიქაბერიძე ადასტურებს, რომ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია, თუმცა უარყოფს პარლამენტარ ლექსო დალაქიშვილთან მეგობრობას. ამბობს, რომ მას, როგორც რუსთაველს, იცნობს.

რადიო თავისუფლებას კოოპერატორები ეუბნებიან, რომ ნოდარ მიქაბერიძე და “მანგანუმ ლოჯისტიკი” სამუშაო არეალს აფართოებს და წვრილი მომპოვებელი კომპანიების, კოოპერატორების წილებს ყიდულობს.. კოოპერატორები შიშობენ, რომ „ჯორჯიან ლოჯისტიკს“ მადნის მოპოვების მონოპოლისტობა და წვრილი კოოპერატორების მიერთება, ან მოპოვებიდან მათი ჩამოცილება აქვს განზრახული.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, “მანგანუმ ლოჯისტიკი” და თავად ნოდარ მიქაბერიძე, მართლაც, ფლობენ სხვადასხვა კომპანიებში წილებს, რომლებიც ასევე მანგანუმის მოპოვება-გარეცხვასთანაა დაკავშირებული. ამ კომპანიებიდან მიღებული შემოსავლების შესახებ ინფორმაცია ჩვენთვის მიუწვდომელი აღმოჩნდა. მიქაბერიძე ამბობს, რომ რამდენიმე საწარმო ჭიათურაში იყიდა, აამუშავა და ხალხი დაასაქმა.

„ოცნების“ დამფინანსებლები „ჯორჯიან მანგანეზიდან“

„ჯორჯიან მანგანეზის“ მენეჯმენტს “ქართულ ოცნებასთან” ფარული კავშირების გარდა ღიად აკავშირებს პოლიტიკაც. „მანგანეზში“ სპეციალური მმართველის დანიშვნის შემდეგ კომპანიის მენეჯმენტის წევრებმა, კომპანიასთან დაკავშირებულმა პირებმა “ქართულ ოცნებას” და მის პოლიტიკურ პარტნიორებს ნახევარი მილიონი ლარი შესწირეს.

ამ თანხის ნაწილი სალომე ზურაბიშვილის, ნაწილი კი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დაიხარჯა. შემომწირველებს შორისაა: ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის დირექტორი ვასილ გველესიანი, „მანგანეზის“ ეკოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი ირაკლი ნოზაძე, „მანგანეზის“ ადვოკატი გიორგი ყავლაშვილი და სხვები. “თავიანთი სიმპათიებით და პირადი გადაწყვეტილებით შესწირეს, ვისაც უნდოდათ, იმ პარტიას”, ამბობს ნიკოლოზ ჩიქოვანი.

„ჯორჯიან მანგანეზი“ კონტროლს მიღმა

თუ 2017 წლის მაისამდე „ჯორჯიან მანგანეზს“ გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები წელიწადში რამდენჯერმე ამოწმებდნენ, სპეციალური მმართველის დანიშვნის შემდეგ ასე აღარ ხდება. მაკონტროლებლები კომპანიას, ფაქტობრივად, ჩამოშორდნენ.

რადიო თავისუფლებისთვის გარემოს დაცვის სამინისტროსგან ინფორმაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ იურისტებმა გამოითხოვეს. ოფიციალურ პასუხში ვკითხულობთ, რომ 2017 წლის მაისის შემდეგ „ჯორჯიან მანგანეზი“ არც ერთხელ არ შემოწმებულა.

2019 წლის ნოემბერში „მწვანე ალტერნატივამ“ გარემოს დაცვის სამინისტროს და წიაღის ეროვნულ სააგენტოს გაუგზავნა დოკუმენტაცია, სადაც დასტურდება, რომ კომპანია კარიერების დამუშავებისას გარემოს ისევ აზიანებს, თუმცა, მათი ინფორმაციით, საკითხი არავის შეუსწავლია.

2020 წლის ზაფხულში “მმართველობის მონიტორინგის ცენტრის” იმერეთის ბიუროს გარემოს დაცვის სამინისტრომ მისწერა, რომ ბოლო სამ წელიწადში კომპანია სულ 950 ლარით დააჯარიმეს, რაც შეუდარებლად, რამდენიმე ასეულ ათასჯერ, პატარა თანხაა, ვიდრე წინა წლებში დაკისრებული ჯარიმა.

“ჩიქოვანის დანიშვნის შემდეგ გარემოსთვის მიყენებული ზიანი კვლავ იზრდება, ოღონდ განსხვავება ისაა, რომ კომპანიას სახელმწიფო აღარ აკონტროლებს და უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში მხოლოდ მიზერული, სიმბოლური თანხებით აჯარიმებს”, - უთხრა რადიო თავისუფლებას ნოდარ ჩაჩანიძემ.

იმავე ორგანიზაციას არ უპასუხეს შემოსავლების სამსახურიდან, რომელსაც უნდა ეთქვა, 2017 წლის მაისის შემდეგ რამდენჯერ შემოწმდა “ჯორჯიან მანგანეზის” საფინანსო დოკუმენტაცია. სპეციალური მმართველის დანიშვნამდე შემოსავლების სამსახურმა „მანგანეზი“ ასეულობით მილიონი ლარით დააჯარიმა.

“შეიძლება ითქვას, რომ მთავრობამ საერთოდ დაივიწყა თავისი საზედამხედველო და მაკონტროლებელი ფუნქცია და, ამავდროულად, ის სრულად აკონტროლებს კომპანიის ირგვლივ მიმდინარე პროცესებს. ამ ყველაფრის გასააზრებლად მხოლოდ ის ფაქტიც საკმარისია, რომ 2017 წლის მაისიდან - მას შემდეგ, რაც „ჯორჯიან მანგანეზში“ სახელმწიფომ სპეციალური მმართველი დანიშნა - გარემოსდაცვითი დეპარტამენტის მიერ კომპანიის საქმიანობის შემოწმება აღარ ხორციელდება... 2017 წლამდე აბსოლუტურად საპირისპირო სურათი გვქონდა. სახელმწიფო კომპანიას ამოწმებდა და გარემოსთვის მიყენებული ზიანის გამო არაერთხელ დააჯარიმა სოლიდური თანხებით”, - აზუსტებს ნოდარ ჩაჩანიძე.

უწყება, რომელმაც, ჩვენი ინფორმაციით, 2017 წლის მაისის შემდეგ „ჯორჯიან მანგანეზი“ შეამოწმა, შრომის ინსპექციაა. მათ მიერ თიაისთვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, ინსპექციამ „მანგანეზის“ სულ მცირე 6 ობიექტი, მათ შორის რამდენიმე მაღარო და მადნის გამამდიდრებელი ქარხანა შეამოწმა. ინსპექციამ ყველა ობიექტზე მნიშვნელოვანი დარღვევები დააფიქსირა, მათ შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონის რამდენიმე მუხლის დარღვევა. ხარვეზების ათეულობით პუნქტის გამოსასწორებლად მხოლოდ გაფრთხილება და რამდენიმეთვიანი ვადა მისცეს.

შრომის ინსპექციის მიერ 2018 წელს შედგენილი მითითება

შრომის ინსპექციამ „მანგანეზი“ განმეორებით 2019 წელს შეამოწმა. აღმოჩნდა, რომ „მანგანეზმა“ ხარვეზები არ გამოასწორა. შრომის ინსპექციამ კომპანიას სანქცია დააკისრა, თუმცა მისი სახე და მოცულობა დამალა.


“განმეორებითი შემოწმების შემდგომ საწარმოში იგივე დარღვევები დაფიქსირდა. ჩვენთვის უცნობია, რა სანქცია გამოიყენა უწყებამ „მანგანეზის“ მიმართ, ვინაიდან მოწოდებულ ინფორმაციაში დაგვიშტრიხა სანქცია. საკონსტიტუციო სასამართლოს კონკრეტული გადაწყვეტილების შემდგომ შრომის ინსპექციის საქმიანობა სრულიად საჯაროა, ასევე საჯაროა მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და გამოყენებული სანქციები. გაუგებარია, რატომ დაგვიმალეს სანქცია, მით უფრო, რომ ყველა სხვა წინა შემთხვევაში, როცა აფრთხილებდნენ, ოქმები დაუშტრიხავად მოგვეწოდა”, - უთხრა რადიო თავისუფლებას თიაის იურისტმა მაგდა ჯიმშელეიშვილმა.

ნიკოლოზ ჩიქოვანი რადიო თავისუფლებასთან ამბობს, რომ არაფერი შეცვლილა, კომპანიას ისევ ამოწმებენ. ადასტურებს, რომ შრომის ინსპექციამ სანქცია დააკისრა, თუმცა ამბობს, რომ მისი მმართველობისას კომპანია ყველაფერს ეკოლოგიური და სხვა წესების დაცვით აკეთებს.

“ჯორჯიან მანგანეზი” ალყაში

რა ხდებოდა, მანამ, ვიდრე სახელმწიფო ინვესტორების კუთვნილ კომპანიაში თავის წარმომადგენელს, ნიკოლოზ ჩიქოვანს, დანიშნავდა.
2017 წელს სპეციალური მმართველის დანიშვნა სახელმწიფოს მიერ 2012 წლიდან დაწყებული პროცესის ლოგიკური დასასრულია. რამდენიმე წყარო, რომელიც კომპანიის უცხოელ მფლობელებთან თანამშრომლობდა, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ კომპანიის მართვის ხელში ჩასაგდებად ბრძოლა დაიწყო „მანგანეზის“ აქციების მცირე წილის მფლობელმა გიორგი კაპანაძემ, იმავე რიჟამ.

  • 2014-2016 წლებში „ჯორჯიან მანგანეზი“ სახელმწიფო მაკონტროლებლების განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მოექცა.
  • 2014 წლის ივნისში გიორგი კაპანაძე გიგი უგულავას საქმის ოქროს მოწმე ხდება, მისი მეშვეობით აღმოჩნდა თბილისის ყოფილი მერი ციხეში. არაერთი წყარო ამბობს, რომ ამის შემდეგ რიჟა განსაკუთრებით დაუახლოვდა „ქართულ ოცნებას: და მისი გავლენაც გაიზარდა.
  • 2012 წლიდან, ყოველწლიური შემოწმებების შედეგად, გარემოს დაცვის სამინისტრო კომპანიას სოლიდურ ჯარიმებს აკისრებს.
  • 2016 წელს მთავარი პროკურატურა გარემოსთვის მიყენებული ზიანისთვის კომპანიას და მის უკრაინელ დირექტორს სისხლის სამართლის ბრალდებას წარუდგენს და საქმეს სასამართლოში გზავნის.
  • 2016 წელს „ჯორჯიან მანგანეზს“ შემოსავლების სამსახური ამოწმებს. ჯარიმა - 200 მილიონი ლარი. იმავე წელს ქუთაისის საქალაქო სასამართლო ჯარიმას კანონიერად ჩათვლის.
  • 2016 წელს გარემოს დაცვის სამინისტრო კომპანიას გარემოსთვის 300 მილიონ ლარზე მეტი ზიანის მიყენებას ედავება.
  • 2016 წელს კომპანიის საქმიანობით კონტრდაზვერვის სამსახური დაინტერესდა და კონკრეტული გამოძიება დაიწყო კომპანიის მიერ სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ კანონის დარღვევის შესაძლო ფაქტზე.

რამდენიმე წყარო რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ კომპანიის უკრაინელ დირექტორს, ვოლოდიმირ ლოზინსკის, შეუთვალეს, რომ უკრაინიდან მორიგ ჯერზე ჩამოსვლის შემთხვევაში დააპატიმრებდნენ.

2016 წლის ზაფხულისთვის “ჯორჯიან მანგანეზი” უკვე მაკონტროლებლების ალყაში იყო, თუმცა გარემოს დაცვის მინისტრთან შეთანხმება მოხდა. მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა გამოსცა ბრძანება, რომლითაც „ჯორჯიან მანგანეზს“ 2017 წლის ბოლომდე აქვს ვადა პრობლემების გამოსასწორებლად.

თუმცა სამინისტრო თავისივე მიცემული ვადის ამოწურვას არ ელოდება და შეთანხმებიდან რამდენიმე თვეში საწარმოს 416 მილიონი ლარის ზიანის მიყენებაში სდებს ბრალს და კერძო კომპანიაში სახელმწიფო მმართველი შეჰყავს.

ამ მომენტისთვის სახელმწიფო კომპანიას, ჯამში, ნახევარ მილიარდ ლარზე მეტს ედავება. ეს უპრეცედენტო მოცულობის თანხაა, რომელიც კი ოდესმე ერთი კომპანიისთვის დაუკისრებიათ საქართველოში.

რა ბედი ეწია დაკისრებულ ასეულობით მილიონს

ნიკოლოზ ჩიქოვანმა „ჯორჯიან მანგანეზი“, დაახლოებით, 614 მილიონი ლარის სანქციით ჩაიბარა. იმ დროს კომპანიის წინააღმდეგ რამდენიმე სისხლის სამართლის გამოძიება მიმდინარეობდა. რადიო თავისუფლებას რამდენიმე წყარო არწმუნებს, რომ “ქართულ ოცნებასთან” კავშირების გამოყენებით ნიკოლოზ ჩიქოვანის უკან მდგომმა ქართველი ბიზნესმენების ჯგუფმა „ჯორჯიან მანგანეზისთვის“ ასეულობით მილიონი ლარის დიდი ნაწილის ჩამოწერასა და გაუქმებას მიაღწია.

  • რა ბედი ეწია 2015 წელს შემოსავლების სამსახურის მიერ დაკისრებულ 200 მილიონი ლარის ოდენობას ჯარიმას?

ამ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური არ გასცემს, თუმცა ჩვენ მოვიპოვეთ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც „მანგანეზს“ შემოსავლების სამსახურის ჯარიმა გაუუქმდა და სამსახურს ახალი აქტის გამოცემა დაევალა. ჩვენი ინფორმაციით, ახალ აქტში ჯარიმა 7 მილიონზე ჩამოვიდა.

სასამართლომ ეს გადაწყვეტილება 2017 წლის 27 ივნისს, „მანგანეზში“ ჩიქოვანის დანიშვნიდან ერთ თვეში, მიიღო. ამ სასამართლო კოლეგიის თავმჯდომარე გოჩა აბუსერიძე მას შემდეგ დააწინაურეს, თბილისის საქალაქო საამართლოში გადმოიყვანეს. აბუსერიძის კოლეგიამ გადაწყვეტილებაში დაწერა, რომ „მანგანეზისთვის“ 2016 წელს (სპეციალური მმართველის დანიშვნამდე) ჯარიმის დაკისრების სასამართლო გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი იყო, მაშინ მოსამართლემ სრულფასოვნად არ შეისწავლა ამ ჯარიმის საკითხი.

საინტერესო ფაქტია, რომ დღეისთვის დაწინაურებულია უკვე დაუსაბუთებლად მიჩნეული სასამართლო გადაწყვეტილების ავტორი, მოსამართლე თემურ გოგოხიაც, სწორედ მან მიიღო 2016 წელს ახლა უკვე დაუსაბუთებლობის მოტივით გაუქმებული გადაწყვეტილება „მანგანეზის“ დაჯარიმების შესახებ.

თემურ გოგოხია მნიშვნელოვნად დაწინაურდა - ქუთაისიდან თბილისში გადმოიყვანეს, მოსამართლედ უვადოდ დანიშნეს და ერთ-ერთი ყველაზე დიდი სასამართლო კოლეგია ჩააბარეს. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, თემურ გოგოხია ე.წ. სასამართლოს კლანის წევრია - ის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის, რევაზ ნადარაიას, ქვისლია. წყარო რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ მან 2016 წელს „მანგანეზს“ უპრეცედენტოდ დიდი ჯარიმა ხელისუფლების დაკვეთით, კლანის დავალებით დააკისრა. წყარო გვეუბნება, რომ ამ საქმეში მონაწილე მოსამართლეებს დავალებების შესრულება დაუფასდათ. მოსამართლე თემურ გოგოხიამ ამ თემაზე საუბარი არ ისურვა, მას რადიო თავისუფლება თანაშემწის მეშვეობით დაუკავშირდა.
საგადასახადო დავალიანებასთან დაკავშირებით კიდევ ერთი საინტერესო დეტალი: 2015 წელს ასეულმილიონიანი ჯარიმა „მანგანეზს“ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტმა დააკისრა, დეპარტამენტს მაშინ ბაქარ დევდარიანი ხელმძღვანელობდა. დევდარიანი დღეს „მანგანეზისთვის“ მუშაობს, კომპანიას საგადასახადო კონსულტაციას უწევს. “მანგანეზში“ ნიკოლოზ ჩიქოვანის დანიშვნიდან მალევე დევდარიანმა საგადასახადო დატოვა და „მანგანეზისთვის“ დაიწყო მუშაობა. „მანგანეზთან“ თანამშრომლობას დევდარიანიც ადასტურებს და ნიკოლოზ ჩიქოვანიც. ბაქარ დევდარიანი რადიო თავისუფლებას ლექსო დალაქიშვილთან მეგობრობასაც უდასტურებს. დევდარიანი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია, მან საარჩევნოდ „ოცნებას“ და სალომე ზურაბიშვილს, ჯამში, 50 ათასი ლარი შესწირა.

  • რა ბედი ეწია გარემოს დაზიანებისთვის დაკისრებულ 416 მილიონს, რის გამოც კომპანიაში ჩიქოვანი დანიშნა?

გარემოს დაცვის სამინისტროს ეს ინფორმაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ მოსთხოვა: “მათ პირდაპირ მოგვწერეს, რომ მსგავს ინფორმაციას სამინისტრო არ ფლობს. გაუგებარია სამინისტროს პოზიცია, რომელმაც თავად მიმართა სასამართლოს სპეციალური მმართველის დანიშვნის თაობაზე და იყო მხარე ზემოაღნიშნულ პროცესში, დაიანგარიშა კონკრეტული ზიანი, თუმცა, საბოლოოდ, არ იცის, რა ბედი ეწია 416 მილიონ ლარზე მეტი ზიანის ოდენობას. აღნიშნული ზიანის შესახებ ინფორმაცია არ აქვს არც წიაღის ეროვნულ სააგენტოს. უნდა ვივარაუდოთ, რომ გარემოსთვის 416 მილიონ ლარზე მეტი მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა სახელმწიფოს „მანგანეზის“ მიმართ არ განუხორციელებია” , - უთხრა რადიო თავისუფლებას “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” იურისტმა, მაგდა ჯიმშელეიშვილმა. 416 მილიონის ბედი გარემოს დაცვის სამინისტროსთან რადიო თავიოსუფლემაც იკითხა. გვიპასუხეს, რომ ინფორმაციას არ ფლობენ.

  • რა ბედი ეწიაჯორჯიან მანგანეზის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეს, რომელიც უკვე სასამართლოში იხილებოდა?

რადიო თავისუფლებამ მოიპოვა მტკიცებულება, რომ ჩიქოვანის კომპანიაში შესვლის შემდეგ გამართულ სასამართლო პროცესში პროკურორიც შეიცვალა და „მანგანეზის“ ადვოკატიც. პროცესზე იურისტად გიორგი ყავლაშვილი გამოცხადდა, რომელიც, წლებია, “რიჟას”, გიორგი კაპანაძის, ადვოკატია.

იმ დროს სასამართლო განხილვა ბრალდების მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპზე იყო, თუმცა რამდენჯერმე გადაიდო. ეს სასამართლო განხილვა პირდაპირ იყო დაკავშირებული დაკისრებული 416 მილიონის ზიანის ბედთან. სახელმწიფო დაწესებულებები მალავენ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ დასრულდა „მანგანეზის“ წინააღმდეგ მიმდინარე დავები. სახალხო დამცველის ოფისში გვითხრეს, რომ განახლებული ინფორმაცია პროკურატურიდან და სასამართლოდან არც ომბუდსმენს აქვს.
პროკურატურამ არც თიაის მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც ორგანიზაციამ რადიო თავისუფლებისთვის გამოითხოვა.

რადიო თავისუფლებამ მოიპოვა დოკუმენტი, რომელშიც ნიკოლოზ ჩიქოვანი წერს, რომ სამხარაულის სახელობის სახელმწიფო ექსპერტიზის ბიუროს სპეციალისტების მეშვეობით ხელახლა გადაითვალა გარემოსთვის მიყენებული ზიანი და შემცირდა, რის შემდეგაც პროკურატურასთან მიაღწიეს შეთანხმებას განრიდების გაფორმების შესახებ.

განრიდება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას ნიშნავს, ამის ერთპიროვნული უფლება პროკურორს აქვს. დოკუმენტი 2018 წლის 24 ივნისით თარიღდება.

კანონით, პროკურატურას მიმდინარე საქმე სასამართლოდან უკან უნდა გაეთხოვა და მიყენებული ზიანის ნაწილობრივ ანაზღაურების სანაცვლოდ განრიდება უნდა გაეფორმებინა. კანონით, პროკურატურას შეეძლო კონსულტაცია დაზარალებულთან - ამ შემთხვევაში გარემოს დაცვის სამინისტროსთან - გაევლო, თუმცა ეს სავალდებულო არ იყო. პროკურატურასთან შეთანხმებით რამდენად შემცირდა 416 მლნ ლარი და რამდენი გადაიხადა „მანგანეზმა“ უცნობია. რამდენიმე წყარო რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ნახევარმილიარდიანი სანქციის ნაცვლად „ჯორჯიან მანგანეზმა“ ბიუჯეტში, დაახლოებით, 25 მლნ ლარი გადაიხადა.

ამას არ ადასტურებს „მანგანეზის“ მმართველი, ნიკოლოზ ჩიქოვანი. ის არ ასახელებს ციფრს, თუ რამდენი გადაიხადა კომპანიამ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაკისრებული ასეულობით მილიონის ჩამოწერის სანაცვლოდ. არ გვეუბნება, რა ბედი ეწია სისხლის სამართლის საქმეებს. ამბობს, რომ ეს ინფორმაცია კონფიდენციალურია.

როგორ გახდა ჩიქოვანი სპეციალური მმართველი კიდევ 3 წლით

როდესაც 2017 წლის მაისში ნიკოლოზ ჩიქოვანი „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალურ მმართველად დანიშნეს, მას 3 წელი მისცეს იმისთვის, რომ პრობლემები გამოესწორებინა. ამ ვადის გასვლის შემდეგ კერძო კომპანიის მართვა ბუნებრივ წესს უნდა დაბრუნებოდა.

3-წლიანი ვადა 2020 წლის 9 მაისს იწურებოდა, თუმცა ორი დღით ადრე, 7 მაისს, ნიკოლოზ ჩიქოვანმა წერილი გაუგზავნა გარემოს დაცვის მინისტრს და წიაღის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელს. ჩიქოვანი წერდა, რომ ობიექტური გარემოებების გამო ამ ვადაში გარკვეული სამუშაოები ვერ მოასწრო და კიდევ 3 წლით მოითხოვა ვადის გაგრძელება.

ყოველგვარი შემოწმებისა და სახელმწიფო ინსპექტირების გარეშე, იმავე დღეს მინისტრმა და სააგენტოს ხელმძღვანელმა სასამართლოს იდენტური ტექსტით მიმართეს.

სასამართლომ დამატებითი ქმედებების გარეშე მომდევნო დღეს, 2020 წლის 8 მაისს, ნიკოლოზ ჩიქოვანს „მანგანეზის“ მმართველობის უფლება 2023 წლის მაისამდე გაუგრძელა.

ჩიქოვანმა ახალი, 14-პუნქტიანი გეგმა წარადგინა, რომლის შესწავლაც და ძველ გეგმასთან შედარება რადიო თავისუფლებამ „მწვანე ალტერნატივას“ სთხოვა.

“ახალ სამოქმედო გეგმაში გაწერილი ყველა ქმედება იყო ძველი გეგმით შესასრულებელი პირობა, რომელიც არ შესრულდა, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, მეტიც - შესრულებულად ჩაითვალა მმართველის მიერ. გაუგებარია, რომელი პრობლემა იყო ახლად აღმოჩენილი გარემოსდაცვითი მმართველისთვის და, მით უმეტეს, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და წიაღის ეროვნული სააგენტოსათვის, რომლის მოგვარებისთვისაც საჭირო იყო სპეციალური მართვის რეჟიმის კიდევ 3 წლით გაგრძელება. სახელმწიფო უწყებები სიტყვაზე ენდნენ სპეციალურ მმართველს და შემოწმების გარეშე დასთანხმდენ ვადის გაგრძელებას, უთხრა რადიო თავისუფლებას „მწვანე ალტერნატივის“ ხელმძღვანელმა, ნინო გუჯარაიძემ

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, „მანგანეზის“ მფლობელი კომპანია 2019 წელს დატოვეს ამერიკელმა მეწილეებმა, ახლა წილების თითქმის 95 %-ზე უკრაინელ იგორ კალამოისკის აქვს კონტროლი, კომპანიის მართვაზე კი - “ქართული ოცნების” გავლენის ქვეშ მყოფ ქართულ ჯგუფს.

რადიო თავისუფლებამ კითხვები გაუგზავნა „მანგანეზის“ მფლობელ უცხოურ კომპანიას. „ჯორჯიან ემერიქან ელოიზს“ ვკითხეთ, როგორ დასრულდა მათი პრობლემები ქართულ მხარესთან და როგორ აგრძელებენ საქართველოში მუშაობას. კომპანიამ ჩვენს შეკითხვებს არ უპასუხა.
„ ჯორჯიან მანგანეზს“ 2023 წლამდე ისევ ბიზნესმენ გიორგი კაპანაძის მეგობარი სპეციალური მმართველი მართავს. მოახერხა თუ არა მან “ქართულ ოცნებასთან” მეგობრობით „ჯორჯიან მანგანეზზე“ სრული გავლენის მოპოვება და სანქციების ჩამოწერა? გიორგი კაპანაძე რადიო თავისუფლების ამ კითხვებზე არ პასუხობს.

სურათი კი ასე ლაგდება: ეკოლოგიური პრობლემების გამოსწორების საბაბით, სახელმწიფო ინსტიტუტების დახმარებით უმსხვილესი კომპანიის მრავალმილიონინი ბიზნესი, რომელიც ქვეყნის ბუნებრივი რესურსებით მდიდრდება, ხელისუფლების მხარდამჭერი ბიზნესმენების ხელშია.

„ჯორჯიან მანგანეზის“ შესახებ

  • უდიდესი მადანმომპოვებელი კომპანია საქართველოში
  • 6000-მდე დასაქმებული ადამიანი
  • წიაღის მოპოვების 40-წლიანი ლიცენზია 16 ათას ჰექტარზე - იმერეთში, ჭიათურის და საჩხერის მუნიციპალიტეტში
  • მანგანუმს მოიპოვებს 2006 წლიდან, აწარმოებს ფეროშენადნობებს : სილიკომანგანუმს, ფერომანგანუმს, ფეროსილიციუმს და სხვ.
  • აერთიანებს ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანას, ჭიათურის სამთოგამამდიდრებელ კომბინატს, ვარციხე ჰესს, ზესტაფონში მდებარე კლინიკა ფერომედს.
  • მადანს მოიპოვებს მაღაროებსა და ღია კარიერებში
  • გადამუშავებული პროდუქტი ექსპორტზე გააქვს ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში, რუსეთში. აშშ-სთვის ამ პროდუქტს სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან სამხედრო წარმოებაში იყენებს.
  • უმსხვილესი ექსპორტიორი. მისი წილი ექსპორტში, დაახლოებით, 10 %-ია, რაც წლიურად 100 მილიონ დოლარზე მეტია.

„ჯორჯიან მანგანეზს“ დღეს “ჯორჯიან ემერიქან ელოიზი”, ლუქსემბურგის საგრაფოში დაფუძნებული კომპანია, ფლობს, მთავარი ოფისით აშშ-ში, ფლორიდის შტატში.

რადიო თავისუფლების მიერ მოპოვებული ინფორმაციით, კომპანიის საკონტროლო პაკეტს ფლობს უკრაინელი მილიარდერი იგორ კალომოისკი, რომელიც უკრაინის დღევანდელი პრეზიდენტის მხარდამჭერად და მთავარ დამფინანსებლად მიიჩნევა. კომპანიის, დაახლოებით, 4 % კი ქართულ ჯგუფს ეკუთვნის, რომელთა შორისაც “ქართულ ოცნებასთან” დაახლოებული ბიზნესმენი, გიორგი კაპანაძე, იგივე რიჟა, სახელდება.