2019 წელს ლარმა ახალი რეკორდი დაამყარა გაუფასურების კუთხით. აი, როგორი იყო 2019 წელს სამი ძირითადი მაჩვენებელი, რაც თითოეული მოქალაქის ჯიბეზე პირდაპირ აისახება.
ლარი რეკორდულად გაუფასურდა
2019 წლის 22 ნოემბერს, ეროვნული ბანკის მონაცემებით, 1 დოლარი თითქმის სამი ლარი ღირდა (ოფიციალური კურსი - 2.9781), დინამიკაში კი ლარის კურსის ცვალებადობა ასე გამოიყურებოდა:
30 ივლისს მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ ლარის გაუფასურების მიზეზი პოლიტიკური ვნებათაღელვით დატვირთული ზაფხული გახდა, რომელმაც ტურიზმის სექტორში წლის პირველ ნახევარში არსებული პროგნოზები ვერ გაამართლა.
ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით ყველაზე დასამახსოვრებელი იყო ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, ნიკოლოზ ალავიძის, განცხადება - ის, რაც ლარის კურსს სჭირს, გარდატეხის ასაკში მყოფი მოზარდის თავისუფლებას ჰგავსო:
"ლარი არის თავისუფალი, ასე ვთქვათ, თინეიჯერი, რომელსაც თვითონ არეგულირებს ბაზარი დამოუკიდებლად”.
NDI-ს ივლისის კვლევამ აჩვენა, რომ რაც უფრო მეტად უფასურდებოდა ლარი ბოლო წლებში, მით უფრო მაღალი იყო ქვეყანაში იმის განცდა, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდებოდა.
ტურისტების რიცხვი გაიზარდა
ლარის კურსი მერყეობდა, თუმცა ტურისტების რაოდენობა წლის განმავლობაში მატულობდა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გასული წლის საბოლოო შედეგებს 2020 წლის იანვარში გამოაქვეყნებს, თუმცა მანამდე საერთო სურათს 11 თვის მონაცემებიც ცხადყოფს.
2019 წელს 9 300 000 საერთაშორისო ვიზიტორი შემოვიდა საქართველოში. ეს 7,1 %-ით მეტია, 2018 წელთან შედარებით. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წინასწარი მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-ნოემბერში შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში 3 051 424 548 აშშ დოლარს შეადგენს. ეს 35,4 მლ. აშშ დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
ზრდაზე გავლენა ვერ მოახდინა ვერც უარყოფითმა პოლიტიკურმა მოვლენებმა. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, 21 ივნისს ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის თანახმადაც, 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში რუსეთის მოქალაქეების გადაყვანა აეკრძალათ.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის გვერდზე გამოქვეყნებულ კვარტალურ მონაცემებში ჩანს, რომ რუსეთის მოქალაქეები პირველ, მეორე და მესამე კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორების სიის სათავეში რჩებოდნენ, შარშანდელის მსგავსად.
პროდუქტები გაძვირდა
2019 წლის განმავლობაში სურსათზე ფასები ნელ-ნელა იზრდებოდა. ლარის გაუფასურება ფასების ზრდის ერთ-ერთი, მაგრამ არა ერთადერთი, მიზეზი იყო. მაგალითად თამბაქოს გაძვირება აქციზის ზრდას უკავშირდებოდა, პურის ფასის ზრდის მიზეზი კი დღემდე ვერ დაადგინა კონკურენციის სააგენტომ.
რადიო თავისუფლება 2018 წლიდან ამოწმებს სურსათის მაღაზიებში 6 დასახელების პროდუქტის ფასს. აღმოჩნდა, რომ 2019 წლის მაისიდან 2019 წლის დეკემბრამდე მათი უმრავლესობის ფასმა მოიმატა.
პური, ზეთი, კარაქი, 1 კგ ყველი, 1 კგ შაქარი, 1 კგ კარტოფილი სურსათის მაღაზიაში 20018 წელს მოქალაქეს 16,45 ლარი დაუჯდებოდა, 2019 წლის მაისში -19,25, ხოლო 2019 წლის ბოლოს - 21,10.
ფასების ზრდის ფონზე კი სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა საარსებო მინიმუმი განაახლა. ის საშუალო მომხარებელზე 170 ლარი და 80 თეთრით განისაზღვრა.
იმის გამოსარკვევად, თუ რამდენად საკმარისია საარსებო მინიმუმი ერთი თვე თავის გასატანად, რადიო თავისუფლებამ წლის ბოლოს ექსპერიმენტი ჩაატარა.