შესაწირი პარტიას

პარტიების შემომწირველთა პალიტრა ყოველი არჩევნების წინ ფართოა: პოლიტიკოსები, ბიზნესმენები, მეტ-ნაკლებად ცნობილი ადამიანები, რიგითი მოქალაქეები.

  • ვინ არის მოქმედ პარლამენტართაგან გულუხვი და ვინ ეხმარება სასურველ საპრეზიდენტო კანდიდატს ფინანსურად გაძლიერებაში?
  • რა ქონებას ფლობენ შემომწირველი პარლამენტარები და რას საქმიანობენ პარლამენტის მიღმა?

მოკლე რეზიუმე

  • სალომე ზურაბიშვილს სოლიდური თანხა შესწირა საკუთარმა თავმა და სამმა სხვა პარლამენტარმა.
  • ერთიან ნაციონალურ მოძრაობას 6-დან მხოლოდ ერთმა პარლამენტმა შესწირა თანხა;
  • ევროპული საქართველოს 21 პარლამენტარიდან 10 პარტიის შემომწირველიც არის.
  • სალომე ზურაბიშვილის 3 შემომწირველი პარლამენტარიდან 2 წარსულში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის შემომწირველიც იყო, მათგან ერთს სისხლის სამართლის დანაშაულში ედებოდა ბრალი;
  • ევროპული საქართველოს წევრი 10 პარლამენტარი დაახლოებით იმდენს წირავს არჩევნების წინ, რამდენსაც ოცნების წევრი ერთი პარლამენტარი;

უფრო დეტალურად

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ვებ-საიტზე, სადაც საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე კანდიდატები მათი შემოწირულობების შესახებ ანთავსებენ ინფორმაციას, მონაცემები 10 ოქტომბრის შემდეგ არ განახლებულა. ამ დროისთვის შემოწირულობა პარტიის/კანდიდატის სასარგებლოდ გაკეთებული აქვს 15 პარლამენტარს. *

ყველაზე მეტი შემოწირულობა მიღებული აქვს სალომე ზურაბიშვილს, რომელსაც სულ ოთხმა პარლამენტარმა შესწირა ფული, შემდეგ ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, რომელსაც მოქმედი პარლამენტარებიდან მხოლოდ ერთი შემომწირველი ჰყავს და ევროპულ საქართველოს, 10 შემომწირველი პარლამენტარით.

სალომე ზურაბიშვილის შემომწირველი პარლამენტარები

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის შემომწირველი პარლამენტარები

ევროპული საქართველოს შემომწირველი პარლამენტარები

ქართული ოცნების მხარდაჭერილ კანდიდატს ფულს მმართველი პარტიის წევრი კანდიდატები წირავენ. ივლიანე წულაია, გოჩა ენუქიძე და იოსებ მაკრახიძე არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” 2017 წლის ანგარიშის მიხედვით, რომელიც პარლამენტარების ბიზნესთან კავშირებს და არადეკლარირებულ ქონებას შეეხებოდა, ყველაზე მაღალშემოსავლიანი პარლამენტარების ათეულში არიან.

იოსებ მაკრახიძე

სალომე ზურაბიშვილს 50 000 ლარი შესწირა გორის მაჟორიტარმა დეპუტატმა იოსებ მაკრახიძემ. მან ამდენივე თანხა შესწირა 2016 წელს “ქართულ ოცნებას”, 2012 წელს კი “ერთიანი ნაციონალურ მოძრაობას” დაეხმარა 25 000 ლარით. ერთი წლით ადრე “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას 100 000 ლარი მისმა კომპანია “იბოლიამაც” შესწირა.

იოსებ მაკრახიძე, გარდა იმისა, რომ შპს იბოლიას ხელმძღვანელია, ინტერესი კიდევ ორ კომპანიაში აქვს: შპს რიკოთი და შპს მათა.

“იბოლიას” ჯამში 81,435,295 ლარის სახელმწიფო ტენდერები აქვს მოგებული, რომელთაგან 4 მილიონზე მეტის ღირებულების ტენდერებში, ჯამში 66 გამარტივებული შესყიდვებით არის გამარჯვებული. ამ კომპანიის ძირითადი კონკურენტები არიან საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, გორის მუნიციპალიტეტის მერია, გამგეობა, გორის სერვისჯგუფი.

ამ კომპანიიდან 2018 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით პარლამენტარმა ერთი წლის განმავლობაში 228 363,34 ლარის შემოსავალი მიიღო.

მანამ, სანამ პარლამენტარი გახდებოდა, იოსებ მაკრახიძემ 2012 წლის სექტემბერში, 2013 წლის ოქტომბერ-ნოემბერსა და 2014 წლის მარტში უკანონოდ მიითვისა 79 450 ლარი, რის გამოც მას ბრალი წაუყენეს თაღლითობაში, სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლებასა და მნიშვნელოვანი ზიანის გამოწვევაში. სასამართლომ მაკრახიძეს 10 ათასი ლარის გირაო შეუფარდა.

ამ ამბიდან 2 წლის შემდეგ, ამნისტიის შესახებ კანონების გამოყენებით მაკარიძის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდა და ერთ კვირაში, მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა იგი მმართველი გუნდის სახელით გორში მაჟორიტარობის კანდიდატად წარადგინა.

ივლიანე წულაია

საქართველოს პარლამენტის წევრი, არქი დეველოპმენტის და სხვა ათობით კომპანიის პარტნიორი ივლიანე წულაია. ამ დეპუტატის 2016 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით ირკვევა, რომ მას როგორც თავის, ასევე სხვა კომპანიებზე 10 მილიონამდე ლარი აქვს გასესხებული. ივლიანე წულაიას 2016-17 წლებში ქართული ოცნებისთვის 110 000 ლარი აქვს შეწირული.

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს 2017 წლის ანგარიშის თანახმად პარლამენტარი ივლიანე წულაია ყველაზე მეტ, ჯამში 31 კომპანიაში ფლობდა ბიზნეს აქტივებს.

პარლამენტარის 2018 წლის დეკლარაციიდან ირკვევა, უყვარს ძვირადღირებული საათები. ივლიანე წულაიას საჩუქრად აქვს მიღებული Rolex-ისა და Hublot-ის საათები, რომელთა ღირებულება 10 000 ლარად არის შეფასებული.

გოჩა ენუქიძე

60 000 ლარი გადაურიცხა სალომე ზურაბიშვილს გოჩა ენუქიძემ, რომელმაც ამდენივე თანხა 2012 წელს ერთიან ნაციონალურ მოძრაობას ჩაურიცხა, 2016-2017 წლებში კი ქართულ ოცნებას 105 000 ლარი შესწირა. დეპუტატი შპს ჯორჯიან ალკონტრეიდის”, შპს “იბერკომპანი ირაოს”, შპს “იბერკომპანის”, შპს “გალაქსი ინვესტის”, “იბერ 777”-ის და სხვა ათზე მეტი კომპანიის პარტნიორია.

გოჩა ენუქიძის კომპანია იბერკომპანიამ ქართული ოცნებისთვის თანხის შეწირვიდან მოკლე ვადაში უპირობო აუქციონში გაიმარჯვა და სოფელ ძეგვში მდებარე 5775 კვ.მ მიწის ნაკვეთი იყიდა, რომლის საწყისი ფასი 116 000 ლარს შეადგენდა, ბიჯის ოდენობა კი 2000 ლარს. “იბერკომპანი” მონაწილეობას იღებდა სახელმწიფო შესყიდვებშიც.

პარლამენტარის სარფიანად ვაჭრობის უნარს ადასტურებს მის მიერ 2018 წელს შევსებული დეკლარაცია, რომლის მიხედვითაც გოჩა ენუქიძე ფლობს უძრავ ქონებას ამბროლაურში, ბაკურიანში, თბილისსა და საგურამოში, მათ შორის ნაწილს ისე, რომ მათში გადახდილი თანხა დეკლარაციის მიხედვით 0 ლარია. ასეთია მაგალითად 2015 წელს შეძენილი აგარაკი ბაკურიანში, რომელიც ისე გახდა მისი, რომ არც მემკვიდრეობით მიუღია, არც საჩუქრად და არც რაიმე საფასურის სანაცვლოდ.

გოჩა ენუქიძე მანქანებიდან უპირატესობას პორშეს მარკის ავტომობილებს ანიჭებს - მის მფლობელობაშია Porshe Cayenne GTS;

ნიკანორ მელია

ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან IX მოწვევის პარლამენტში სულ 6 წევრია. მათგან საპრეზიდენტო არჩევნის წინა პერიოდში პარტიის დასახმარებლად თანხა მხოლოდ ნიკანორ მელიას აქვს გადარიცხული. 30 000 ლარი 5 სექტემბერს არის გადარიცხული. ეს მისი პირველი გადარიცხული თანხაა, წინა წლებში პარტიისთვის შეწირულობა არ იძებნება.

ნიკანორ მელია ამჟამად სამეწარმეო საქმიანობაში ჩართული არ არის, თუმცა წარსულში ის თბილისი განვითარების ფონდისა და 2002 წლის 25 აპრილს თბილისში მომხდარი მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო სპეციალური ფონდის გამგეობის წევრი იყო.

10 პარლამენტარი "ევროპული საქართველოდან"

ევროპული საქართველოს წევრი 21 პარლამენტარიდან თითქმის ნახევარმა საპრეზიდენტო არჩევნების წინ თავი ვალდებულად ჩათვალა, პარტიის ანგარიშზე თანხა ჩაერიცხა, თუმცა შედარებით მოკრძალებული რაოდენობით. საკუთარი პარტიის დამფინანსებლები ევროპული საქართველოდან პარტიას საშუალოდ 5 000 ლარს სწირავენ.

ინფორმაციის განახლება:

17 ოქტომბერს აუდიტის სამსახურის მონაცემთა ბაზაში გამოჩნდნენ ახალი შემომწირველები, რომლებმაც პარტიებს თანხები 10 ოქტომბრიდან 15 ოქტომბრამდე შესწირეს. ამ ინფორმაციის გათვალისწინებით, ერთით გაიზარდა სალომე ზურაბიშვილის შემომწირველ პარლამენტართა რაოდენობა.

ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს 60 000 ლარი შესწირა პარლამენტარმა ირაკლი ხახუბიამ, რომელიც 2012 წელს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობას" სწირავდა თანხებს.