საპრეზიდენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა ნახევარზე ნაკლები მივიდა. მათგან ნახევარზე მეტმა ხმა ოპოზიციის კანდიდატების სასარგებლოდ მისცა.
რატომ დაკარგა ხალხის ნდობა მმართველმა პარტიამ?
მოქალაქეების 5 ძირითადი პრეტენზია:
უსამართლობის განცდა: სასამართლო და საგამოძიებო ინსტიტუტებისადმი უნდობლობა
არჩევნებამდე ორი დღით ადრე ზაზა სარალიძის დაჭერამ, 2 კვირით ადრე სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან მირზა სუბელიანის ფარული ჩანაწერების “გამოჟონვამ” და “ომეგას” საქმემ, რომელიც აჩენდა ეჭვს, რომ ყოფილი მაღალჩინოსნები შესაძლოა დანაშაულებრივ ქმედებებში ყოფილიყვნენ ჩართულნი, გააჩინა განცდა, რომ ქვეყანაში სამართლის პოვნა რთულია. ამ განწყობებს ხელი შეუწყო საგამოძიებო სამსახურების პოზიციამ და ხელისუფლების მაღალი პირების განცხადებებმა.
“ქართული ოცნების” თავმჯდომარე არჩევნების შემდეგაც არ საუბრობს გახმაურებული საქმეების სამართლიანი და დროული გამოძიების აუცილებლობაზე. არჩევნების წინ მიცემულ ინტერვიუებში კი ბიძინა ივანიშვილი ღიად ლოიალურია ყოფილი მთავარი პროკურორის მიმართ. ფარცხალაძის გასამართლება აუდიტის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის ცემის ფაქტზე, წელიწად-ნახევრის დაგვიანებით, და 5 000 ლარის გირაოს შეფარდებით მიუთითებს იმაზე, რომ კომპრომისი, რომელზე წასვლაც მმართველ ძალას შეუძლია, უმნიშვნელოა.
სიღარიბე, მყიფე ეროვნული ვალუტა და მზარდი ფასები
გაეროს ბავშვთა ფონდის მონაცემებით, 2017 წელს მოსახლეობის 14.5 %, ბავშვების 18.2 % და პენსიონერების 10.1 % ვერ ახერხებს თავი დააღწიოს სიღარიბეს. 2013 წლიდან 2017 წლამდე კი მკვეთრად არის გაზრდილი სიღარიბის მაჩვენებელი.
სიღარიბის ზრდის მიზეზი ეკონომიკური ზრდის შენელებული ტემპი და გაზრდილი სამომხმარებლო ფასებია.
მას შემდეგ რაც “ქართულმა ოცნებამ” ქვეყნის მართვა ჩაიბარა, ეროვნული ვალუტის რყევები მალევე დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ ლარის გაუფასურება წლებია გრძელდება, ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირები მხოლოდ ოპტიმისტურ შეფასებებსა და დაპირებებს სჯერდებიან.
2018 წლის 6 ნოემბერს ეროვნული ბანკის დადგენილი კურსით 1 დოლარი 2,75 ლარი ღირდა, 1 ევრო - 3,14 ლარი.
2012 წლის 1 ოქტომბერს, როდესაც საპარლამენტო არჩევნებში ქართულმა ოცნებამ გაიმარჯვა, ეროვნული ბანკის დადგენილი კურსით, 1 დოლარის ყიდვა 1,66 ლარი ჯდებოდა, 1 ევროსი კი - 2,14 ლარი.
ელიტარული კორუფცია, მდიდარი ჩინოვნიკები და იაფი პოლიტიკის მაღალი ფასი
სიღარიბის, უმუშევრობის და სოციალური პრობლემების ფონზე უკმაყოფილებას იწვევს ძვირად შესანახი სახელმწიფო აპარატი. ამ უკმაყოფილების პასუხად, 2018 წლის დასაწყისში პარლამენტმა მიიღო კანონპროექტი, რომელიც მიზნად ისახავდა საჯარო სექტორში პრემიებისა და დანამატების საკითხის დარეგულირებას, თუმცა აღმოჩნდა, რომ ის თანხა, რომელსაც ადრე თანამდებობის პირები პრემია-დანამატების სახით იღებდნენ, ახლა ხელფასებად ერიცხებათ.
2018 წელს პრემიერის ცვლილების თანმდევი პროცესი მცირე მთავრობის კონცეფციის შემუშავება იყო, რომელიც ქვეყანას უფრო იაფი უნდა დაჯდომოდა, მაგრამ მთავრობის ადმინისტრაციის შენახვა 2019 წელს იგივე დაგვიჯდება, რაც 2018 წელს -15 800 000 ლარი;
მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკოსებს ფინანსურად უზრუნველი ცხოვრება უნდა ჰქონდეთ, მაინც გამოწვევად რჩება კორუფცია და განსაკუთრებით ელიტური კორუფცია.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) 2017 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლის განმავლობაში გამოძიება დაიწყო 62 შემთხვევაზე, ხოლო სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში 41 საქმეზე მიეცა 61 პირი. ანგარიშიდან იკვეთება, რომ სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემული პირების დიდი ნაწილი ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებში მუშაობდნენ და არ იკავებდნენ მაღალ თანამდებობებს. ანგარიშის მიხედვით, გამოძიება არ წარმართულა ცენტრალური ხელისუფლების არცერთი მაღალი თანამდებობის პირის წინააღმდეგ.
სუსტი მმართველობა, ხელისუფლების მაღალი უუნარობა
იმაზე, რომ მაღალი თანამდებობის პირებს ლეგიტიმაციას ბიძინა ივანიშვილი აძლევს, მიუთითებს როგორც პრემიერ კვირიკაშვილის გადაყენებისას გაკეთებული განცხადება, ასევე ახალი პრემიერის კანდიდატურა, რომელიც საზოგადოებრივი აზრის კვლევების მიხედვით იმ დროს ყველაზე ნაკლებად ცნობილი პოლიტიკოსი იყო.
"აღარ ჰქონდა ნდობა, არც პარლამენტში და არც მთავრობაში. ეს გახდა სწორედ მიზეზი მისი გადადგომის და არა ის, რომ ერთმა კაცმა და ივანიშვილმა დაიჟინა. შედეგი თავად კვირიკაშვილმაც დაინახა, მას აღარ დარჩა სხვა არჩევანი, ის უნდა წასულიყო და წავიდა კიდეც", - ბიძინა ივანიშვილი, 25 ივლისი.
მოქალაქეებს სახელმწიფო ინსტიტუციების სიმყიფის განცდა გაუჩინა არჩევნების შემდეგ “ქართული ოცნების” წევრების განცხადებებმაც მოსალოდნელ დესტაბილიზაციასა და არეულობაზე. ნებისმიერ სამართლებრივად ძლიერ ქვეყანაში მმართველი ძალა არის სიმშვიდის გარანტი, რომელიც ახერხებს აღკვეთოს ანტისახელმწიფოებრივი პროვოკაციები.
კრიტიკის, განსხვავებული აზრის მიუღებლობა და დევნის მცდელობები
მმართველი ძალას უჭირს შეცდომების აღიარება, რეალობისთვის თვალის გასწორება და მოსახლეობის გულის მოგებას პოპულისტური დაპირებებით ცდილობს.
ცუდია ყველა, ვინც ხედავს და ლაპარაკობს არასწორ პოლიტიკაზე: მედია, არასამთავრობო ორგანიზაციები, ოპონენტები და კრიტიკულად განწყობილი მოქალაქეები.
რა გამოსავალს ხედავს ქართული ოცნება შექმნილი კრიზისიდან?
Your browser doesn’t support HTML5