„ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატები ქვემო ქართლიდან

„ქართული ოცნების“  მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენა. 20 ივლისი

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ქვემო ქართლიდან მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატები იქნებიან ნინო ლაცაბიძე, ზაურ დარგალი და გოგი მეშველიანი.

ნინო ლაცაბიძე

ნინო ლაცაბიძე, თბილისის საკრებულოს ისნის მაჟორიტარი წევრი, საარჩევნო ბლოკ „ქართული ოცნებიდან“ კენჭს იყრის მე-12 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, რომელიც მოიცავს რუსთავის მუნიციპალიტეტსა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის 10 სოფელს. ნინო ლაცაბიძე „ქართული ოცნებიდან“ თბილისის საკრებულოში არჩევამდე, 2016 -2017 წლებში, მუშაობდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის საორგანიზაციო სამსახურის უფროსად, მანამდე - ამავე სამსახურის უფროსის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლად. 2009-2013 წლებში მუშაობდა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის მოქალაქეთა მომსახურების ცენტრის მთავარ სპეციალისტად, მანამდე - ცენტრის კონსულტანტად. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საჯარო მმართველობისა და ბიზნესის მიმართულების დოქტორანტია. ჰყავს ოთხი შვილი.

ზაურ დარგალი

მარნეულის ჯერ კიდევ მოქმედი მერი, ზაურ დარგალი​, კენჭს იყრის მე-13 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, რომელიც მოიცავს მარნეულის მუნიციპალიტეტს მთლიანად და გარდაბნის მუნიციპალიტეტს, 10 სოფლის გამოკლებით. „ქართული ოცნების“ მიერ კანდიდატად წარდგენილმა ზაურ დარგალმა მარნეულის მუნიციპალიტეტის მერობისთვის ს ბრძოლაში 2019 წლის რიგგარეშე არჩევნების დროს გაიმარჯვა. მანამდე, 2017 წლიდან, ზაურ დარგალს ეკავა ქვემო ქართლის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის თანამდებობა. 2014-2017 წლებში იყო შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის წარმომადგენელი ქვემო ქართლის რეგიონში. ზაურ დარგალი, ინგლისური ენის სპეციალისტი, 2013 წელს მუშაობდა კოალიცია „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელად, აქტიურად მონაწილეობდა 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მარნეულის საოლქო შტაბის საქმიანობაში, 2011-2013 წლებში კი იყო მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის კოორდინატორის მოადგილე, შემდეგ - კოორდინატორი.

გოგი მეშველიანი

გოგი მეშველიანი, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს კენჭს იყრიდა „ქართული ოცნების“ საარჩევნო ბლოკიდან, ამჟამად კენჭს იყრის მე-14 საარჩევნო ოლქში, რომელიც მოიცავს ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მუნიციპალიტეტებს. გოგი მეშველიანი 2014-2016 წლებში იყო ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელი. 2005-2014 წლებში მუშაობდა გაეროს ლტოლვილთა საქმეების უმაღლესი კომისარიატისა და საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ერთობლივი ინსპექციის კოორდინატორად. 2001-2003 წლებში ეკავა საქართველოს შემოსავლების სამინისტროს მარნეულის ზონალური საგადასახადო ინსპექციის უფროსის თანამდებობა. ხოლო 1997-2001 წლებში მუშაობდა სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციის უფროსად.